top of page

მარინა თბილელის სილამაზე, სილაღე და თავისუფლება

124556657_874366860035310_82886270260823
131361602_386688739259929_13983399851482
124277513_3220742734697239_4420026285239
124291142_370036707769423_70700996464111
123507942_375195413533961_73615686237685
124321087_645657062793506_20435014682360
124285533_681991285854347_21724385933055
124550801_1068765380250647_5118191315418
124414058_3883874665031056_9813201124563
124269552_1234900800223929_3334247134412
124768257_1470972979763033_5963651297803

მარინა თბილელის სილამაზე, სილაღე და თავისუფლება

ლელა ოჩიაური

წელს მარინა თბილელის - თეატრისა და კინოს მსახიობის - საიუბილეო წელია. როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ, 100 წელი „შეუსრულდებოდა“. 2002-ში გარდაიცვალა, 81 წლის. დრო გავიდა. კიდევ მეტი დრო გავიდა მისი, ბოლოს შესრულებული როლების შემდეგაც, მაგრამ არტისტს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამშვენებდა ეკრანსა თუ სცენას, კვლავ იცნობენ და იციან როლები, რომლებსაც საოცარი ელვარებითა და გამორჩეული ინდივიდუალობით ქმნიდა. ამ ხელოვანის სახელი იციან მათაც, ვისაც მხოლოდ სპექტაკლების ჩანაწერები აქვთ ნანახი და მათაც, ვისთვისაც ეს სახელი - მარინა თბილელი - ცხოვრების ნაწილი იყო, ვისთვისაც იგი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების დიდ ეპოქას უკავშირდება, მასთან იგივდება.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარეგნობით იქცევდა ყურადღებას. სილამაზით, აღნაგობით, ელეგანტურობით, მოხდენილობით. არასტანდარტული იერითა და ღირსეული თავდაჭერით. ამბობენ, რომ შეუმჩნეველი არსად რჩებოდა. ჰქონდა მაგიური აურა და მაგნეტიზმი. მაგრამ მთავარი მაინც იწყებოდა შემდეგ, როდესაც საქმე განსახიერებულ როლებზე მიდგებოდა და მშვენიერი ქალი ადგილს დიდ მსახიობს „უთმობდა“. აქ სრულად იშლებოდა ზღვარი ეკრანის ჩარჩოს, სცენის ბარიერსა და  სინამდვილეს შორის. ახალი რეალობა იწყებოდა. დაუჯერებელი და ერთმანეთთან „შეუთავსებელი“ შრეებით შედგენილი. რადიკალურად განსხვავებული და ამასთან, ერთიანი და  მოცულობითი.

ყველა, ვინ იცნობდა, ამბობს, რომ ეს იყო ჭკვიანი, გონიერი, მხიარული, ხალისიანი, ენერგიული, იმედიანი და ნათელი პიროვნება. რომელსაც ჰქონდა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანური თვისება - მადლიერების გრძნობა და სიცოცხლის სიყვარული.

იმასაც ყვებიან, რომ მარინა თბილელი იყო უკონფლიქტო, კეთილგანწყობილი, ინტრიგებისგან შორს მდგომი, პროფესიისა და ოჯახის ერთგული და ამ ორი პოსტულატით მცხოვრები ქალი, რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვარდათ, ყველგან და ყოველთვის. ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც.    

ჩვენთვის კი, ვინც მას პირადად არა, მაგრამ კარგად ვიცნობთ, როგორც მსახიობს, მარინა თბილელი იყო უპირობოდ ლამაზი ქალი, მაგრამ  სრულიად „სხვადასხვაგვარი“ ადამიანი, რომლის მიმართაც გრძნობები და დამოკიდებულება შესრულებული როლების მიხედვით „გვეცვლებოდა“. ის  იყო - ხან მზაკვარი, ფუქსავატი  ქალი და შესაბამისად, ანტიპატიის გამომწვევი; ხან ამბიციური და პრეტენზიული დედა, მაგრამ, გასაგები მოტივაციითა და  მიზნებით; ხან ქედმაღლი არისტოკრატი - ხან მოღალატე, ხან ერთგული, ქვეყნისა თუ საზოგადოების, რომელსაც წარმოადგენდა;  ხან სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის, სხვადასხვა ბედის  დედოფალი, რომლებიც შესაბამის ემოციებს აღძრავდნენ; ხან იყო რევოლუციურად განწყობილი მუშა, რომლისაც გვესმოდა, როგორც ადამიანის; ხან იყო უბედური დედა-დედოფალი და ხან მოუსვენარი,  ენერგიული, სახასიათო თვისებებით შემკული გლეხის ქალი, რომელიც სიცოცხლის ძალას გვმატებდა.

ამ როლების შემსრულებელი  ხან გვიყვარდა და ხან არა, ხან თანავუგრძნობდით და ხან მისი მარცხი გვახარებდა. და სწორედ ეს იყო მარინა თბილელის უდიდესი სამსახიობო და პიროვნული ძალა, რომლითაც მთლიანად იმორჩილებდა მაყურებელს და განსახიერებული გმირების თვისებებს პიროვნულ თვისებებად აღაქმევინებდა.

ეს მრავალპლანიანი არტისტი, ყოველთვის, ნებისმიერ როლში, ზუსტად მოძებნილი ხერხებითა და მეთოდებით ქმნიდა ამა თუ იმ პერსონაჟს და იმდენად დამაჯერებლად, ბუნებრივად და უშუალოდ აგებდა თითოეულ სახეს, რომ „არჩევანს“ აღარ  ტოვებდა.

ამგვარი მაგია იმ დიდ თანავარსკვლვედშიც კი იშვიათი იყო, რომელიც მაშინ არსებობდა ქართულ სამსახიობო სფეროში. და რომლის არცთუ უკანასკნელ საფეხურზე მარინა თბილელი იდგა.  შეუზღუდავი დიაპაზონისა და რადიკალურად განსხვავებული უნარების, ამპლუის, სპეციფიკის არტისტი, ჩარჩოების გარეშე, ხშირად, დაუჯერებლად.

წარმატებული და ცნობილი  კარიერის დასაწისშივე, ძალიან ახალგაზრდა  გახდა და თითქოს არაფერს უნდა შეეშალა ხელი, ასევე გაეგრძელებინა. მაგრამ ისტორიას, ისევე, როგორც ადამიანის ბედსა თუ ბედისწერას არ აქვს თურმეობითი კილო და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. მარინა თბილელს, არაერთი სხვა საბჭოთა მოქალაქისა თუ ზოგადად, არტისტის მსგავსად,  ცხოვრებშიც  და შემოქმედებაშიც ბევრი წინააღმდეგობა და უსიამოვნება შეხვდა, ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწია და ბევრი როლიც „შეუსრულებელი“ დარჩა. რომ არაფერი ვთქვა, რუსთაველის თეატრიდან გაშვებაზე;  სოხუმის თეატრში, მართალია, წარმატებულ, მაგრამ მაინც იძულებით წასვლაზე;  შემდეგ, საქმიანობის მარჯანიშვილის თეატრში დაწყებასა და იქ გატარებულ, ასევე არანაკლებ წარმატებულ სეზონებზე, აქ შესრულებულ, ერთი-მეორეზე მნიშვნელოვან როლებზე და დიდი ხნის განშორების შემდეგ, კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნებაზე.

დაბრუნებაზე მაშინ, როდესაც იქ ყველაფერი უკვე შეცვლილი იყო. ეს უკვე აღარ იყო ის თეატრი, რომელიც წლების წინ, ახალგაზრდამ დატოვა. დაბრუნებაზე რობერტ სტურუას თეატრში და დიდი გამოცდილების, უკვე ჩამოყალიბებული სამსახიობო თვისებებისა და სტილის მორიგ  და აბსოლუტურად საპირისპირო გარდასახვაზე.   

ამ შეხვედრით,  ვფიქრობ, ორივეს - მარინა თბილელსაც და რობერტ სტურუასაც გაუმართლა. გაუმართლა რუსთაველისა და ზოგადად, ქართულ თეატრსაც. ასე რომ არ მომხდარიყო, მაშინ არ იქნებოდა ნათელა აბაშვილი - დიდი ელვარებითა და ოსტატობის მაღალი კლასით შესრულებული სახე და რაც მთავარია, არ იქნებოდა იორკის მთავრის მეუღლე - სამსახიობო ხელოვნების იმ დონეზე შექმნილი როლი, რომლის ანალოგიც ალბათ ძალიან ცოტა მოიძებნება. არც „კავკასიური  ცარცის წრე“ და არც „რიჩარდ III“,  გენიალურობის მიუხედავად, ასეთი არ იქნებოდა.  

ისევე, ალბათ, „ისეთი“  არ იქნებოდა, რამდენიმე წლით ადრე, მარჯანიშვილის თეატრში დადგმული, ვასო გოძიაშვილის „ძველი ვოდევილები“ (ალბათ ერთ-ერთი   ყველაზე პოპულარული სპექტაკლი  60-70-იანი წლების საქართველოში), რომელშიც დიდი მსახიობების ანსამბლი მონაწილეობდა. მარინა თბილელის კეკელა ხუხლიაშვილი, ნოველაში „ძველ სასამართლოში“, ვასო გოძიაშვილსა და გიორგი ტატიშვილთან ერთად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასის ნიმუშად ავიღოთ. უწყვეტი ფოიერვერკი, რომელსაც ეს მსახიობები აფრქვევდნენ, სწორედ კეკელას პერსონაჟზე, მის ამბავზე იყო აწყობილი, მის გარშემო ტრიალებდა.

მარინა თბილელი - დაწყებული უტრირებული გრიმიდან, ჩაცმულობიდან, მხრებში მოხრილი სხეულიდან,  ყოველი ნაბიჯიდან, ჟესტიდან, ინტონაციიდან, წარმოთქმული ტექსტის სისხარტითა და მეტყველების სპეციფიკური მანერით, იმპროვიზაციის თავისუფლებითა  და ლაღად  ქმნიდა უბირი ქალის მეტად კოლორიტულ, კომედიურ, გროტესკულ სახეს. მისი ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ხშირად, მათთვისაც კი, ვისაც „ვოდევილები“ რამდენჯერმე ჰქონდა ნანახი. (ასეთი კი ბევრი იყო). მსახიობი ფაქტობრივად  არ მეორდებოდა და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ შტრიხებს უმატებდა, ისედაც მრავალფეროვანი ნიუანსებით აწყობილ, ამ განუმეორებელ სახეს.    

  

განუმეორებლად და დაუვიწყარად თვლიდნენ და თვლიან ის ადამიანები (პროფესიონალები თუ თეატრის მოყვარული მაყურებელი) მარინა თბილელის, სხვადასხვა თეატრში, სხვადასხვა დროს შექმნილ სახეებს. ესენია  -  თეკლა ბატონიშვილი („კრწანისის გმირები“), ფლორელა („ცეკვის მასწავლებელი“), ლარისა („უმზითვო“), მარია ანტონოვნა („რევიზორი“), კეკელა („ძველი ვოდევილები“), დარეჯანი („კაცია-ადამიანი?!"), ნათელა („კავკასიური ცარცის წრე“), მილენინა („დასაწყისი“), იორკის მთავრის მეუღლე („რიჩარდ III“ და სხვა), რომლებზეც ბევრს საუბრობდნენ, ხშირად აღნიშნავდნენ მათ მხატვრულ ხარისხსა და მასშტაბს და მსახიობის შესაძლებლობების მრავალგანზომილებიანობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. დახვეწილ მანერას, ნიუანსების გამოყენებას, გააზრებასა და ადამიანის, საზოგადოების ბუნებისა და თვისებების გამომხატველი სიღრმისეული ნიშნების უხვად გამოყენების ოსტატობას.

იგივე ითქმის კინოზეც. თუმცა,  ფილმებში გადაღება საკმაოდ გვიან დაიწყო, 50-იანი წლების შუახნებიდან და კინემატოგრაფში არცთუ დიდხანს და ინტენსიურად დაკავდა. (მისი უმთავრესი სიყვარული და საქმე მაინც თეატრი იყო). იმის მიუხედავად, რომ 50-იან წლებში საბჭოთა კინემატოგრაფში, არსებობდა აუცილებელი სტანდარტები და დოგმები, რომლებიც რეჟისორებსაც ზღუდავდა და მსახიობებსაც, მარინა თბილელი აქაც ახერხებდა და წარმატებითაც, ისეთი ცოცხალი და ცხოვრებისეული პერსონაჟების შექმნას, რომლებიც თავისუფლები იყვნენ სიყალბისგან, პათეტიკისგან, ჩარჩოებისგან და გარკვეული კატეგორიის ადამიანების სახე-ტიპაჟებად, სიმბოლოდ  წარმოდგებოდნენ.

ბუბუსია („აბეზარა“, ფატმანი („ბაში-აჩუკი“, მართა („ქალის ტვირთი“), ანა („თხუნელა“), ალისა („თოჯინები იცინიან“), თაშნაური („ჩირიკი და ჩიკოტელა“),  სკოლის დირექტორი („როცა აყვავდა ნუში“), ერევნის კინოსტუდიაში: როზალია („პატიოსნებისათვის“), გოჰარი („დედის გული"), ზარუი („თორმეტი თანამგზავრი“) და სხვა და სხვა - იმის მიუხედავად, რომ ეს არ იყო მთავარი როლები, არასდროს რჩებოდნენ მაყურებლის ყურადღების გარეშე და ინტერესის მიღმა. ეს სახეები იწვევენ პოზიციას, დამოკიდებულებასა და მსახიობის შესაძლებლობების განსხვავებულ ასპექტებზე მიუთითებენ.

იმ წელს, როდესაც მარინა თბილელმა რობერტ სტურუას „კავკასიურ ცარცის წრეში“ ითამაშა და როდესაც დაიწო რუსთაველის თეატრისა და რობერტ სტურუას მსოფლიო ორბიტაზე მრავალწლიანი ტრიალი, როდესაც ნათელა აბაშვილი კავკასიური ცარცის წრის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდა და ბრძოლას ამ წრის გარშემო, სწორედ იგი ჩაუდგა სათავეში, როდესაც ეს ელეგანტური, დახვეწილი და წარმოსადეგი ქალი, სიცბიერითა და სილამაზით აბრმავებდა მაყურებელს სხვადასხვა ქვეყანაში, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მთავარი როლი თეატრში ჯერ კიდევ წინ ელოდა და რომ ეს როლი,  დღესაც, მრავალი წლის გავლის შემდეგ, ქართულ სცენაზე, სხვადასხვა მსახიობის განსახიერებული სახეებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ დარჩებოდა.

როდესაც სცენაზე შემოდიოდა და ნელ-ნელა წინ მოიწევდა, ჯოხზე დაყრდნობილი, დავრდომილი, აცახცახებული სხეულით, გაუბედავი ნაბიჯებითა და ფაქტობრივად სიგიჟის ზღვრამდე მისული მოხუცი დედოფალი, რომელსაც ერთი შვილი მოუკლეს და იმ წუთას შეიტყო მეორის სიკვდილი  - დარბაზში სამარისებული სიჩუმე ისადგურებდა და მოქმედებაც სრულიად ახალ რეალობაში გადადიოდა.

ეს სახე, ეს ხელებგაშლილი, რიჩარდის ბედისწერად გამოცხადებული შაოსანი ქალი,  საოცარი მახვილებით სიტყვებზე, ათრთოლებული, გატეხილი ხმით, ძლივს, გაჭირვებით წარმოთქმული რამდენიმე ფრაზით, სულ რამდენიმე წინადადებით, რომელშიც დედოფალი თითქოს ახლა აცნობიერებს თავსდატეხილი ტრაგედიის მთელ სიმძიმეს, იქცა ყველა სასოწარკვეთილი,  ცხოვრებისული ტვირთის სიმძიმისგან განადგურებული ყველა იმ დედის მეტაფორად, რომელსაც შვილი მოუკლეს.

არავის შეუძლია ასე შეაფასოს და ამ ინტონაციებით წარმოთქვას - „გინახავთ დედა, ჩემსავით უბედური?! ჩემო შვილებო, ედვარდ და კლარენს!..“  ასეთი რამ არც მანამდე და არც შემდგომ არ გვინახავს!   

124536249_478557673117830_92035397388011
124576619_307407743577178_25983899152085
124554312_403270677711879_49111105122101
124317953_1123610514721345_1048147889893
124552355_380845613114534_47632709729366
124549737_706052620344533_20738902298224
bottom of page