
მარნეულელთა „ძახილი!“ წარსულიდან - აწმყოსა და მომავლისათვის
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მარინე (მაკა) ვასაძე
მარნეულელთა „ძახილი!“ წარსულიდან - აწმყოსა და მომავლისათვის
საქართველოსა თუ ზოგადად მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც მასობრივმა ყოველგვარი პიროვნული წალეკა, მსოფლხედველობა, არჩევანი, ღირსება, პატიოსნება და სხვა ნიველირებულია; როდესაც, მომხვეჭელობა, მარტივად რომ ვთქვათ - ფული! - დღეს ყველაფრის განმსაზღვრელია; როდესაც სახელმწიფოთა სათავეებში, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, უვიცი, აზროვნების უნარს მოკლებული „ვაჭრუკანები“ მოდიან; როდესაც აშშ-ს ე. წ. „დემოკრატიის შუქურას“ სათავეებთან ისეთი პიროვნება დგას, რომლის ცხოვრებისეული მიზანი ტრილიონერობაა (მილიარდები არ ჰყოფნის); როდესაც დედამიწის მოსახლეობა რეალურად დადგა ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების წინაშე, მესამე მსოფლიო ომი კი დაწყებულია (უბრალოდ ზოგიერთი ამას ვერ აცნობიერებს); როდესაც ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა რუსეთის იმპერიის მარწუხებში შებრუნების რეალური საფრთხის წინაშეა; როდესაც მინიმუმ 2 წელია, შენი ქვეყნის მმართველი წრეების შიდა თუ გარე პოლიტიკური კურსი ამას უწყობს ხელს და საქართველოს მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს, დგას ქუჩაში, აწყობს საპროტესტო აქციებს, მსვლელობებს, მიტინგებს და ა. შ.; როდესაც პროტესტის გამო, იჭერენ, ციხეში „აგდებენ“ შეთითხნილი საქმეებით შენი ქვეყნის ახალგაზრდობას, როდესაც შენს ქვეყანაში უღირსი მამრები ქალებს შეურაცხყოფენ, მორალურად თუ ფიზიკურად უსწორდებიან, როდესაც შენს ქვეყანაში ჟურნალისტი ქალი თავისი საქმიანობის გამო ციხეში გამოკეტეს, რომელმაც თითქმის 40 დღე იშიმშილა; როდესაც, ხალხის მიერ მედროშედ წოდებული - თემურ ქათამაძე ციხეში ისევ შიმშილობს; როდესაც ...
და, როდესაც, ამ ვითარებაში, ახალგაზრდა სცენოგრაფი, ქორეოგრაფი და რეჟისორი გწერს, ხვალ მარნეულის კულტურის სახლში ჩემს მიერ დადგმული, მიხეილ ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი პერფორმანსი იმართება თუ შეძლებთ წამოსვლასო, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი. დავთანხმდი, ვინაიდან ტატო გელიაშვილს, ვიცნობ, როგორც ნიჭიერ, შრომისმოყვარე, მოაზროვნე და მიზანსწრაფულ ახალგაზრდას. დამაინტერესა იმ ფაქტმა, რომ დადგმა მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფიის გარკვეულ ეტაპს ასახავს, კერძოდ კი, როდესაც მწერალი ბოლშევიკ სადისტთა მიერ ნაწამები, საბჭოეთის ჯოჯოხეთურ დილეგში ჩაგდებული ბოლო დღეებს ითვლიდა. თანაც გავიგე, რომ ტექსტი პერფორმანსისთვის, ჩემს ყოფილ სტუდენტს, ელენე შალუტაშვილს დაუწერია.
მარნეულის კულტურის სახლში, პროფესიონალურად გაკეთებული, ემოციური მუხტის მქონე, ინტერაქციული, პერფორმატიული დადგმა ვნახე, რომელსაც რეჟისორმა - „ძახილი!“ - უწოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, ორი თუ სამი წლის წინ, ალექს ჩიღვინაძის „მარინა რევიას“ მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რომელსაც რამდენიმე პრემია და ჯილდო აქვს მიღებული, სწორედ მარნეულის კულტურის სახლში განხორციელდა. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა ხვიჩია იყო, ხოლო ტატო გელიაშვილს სცენოგრაფია ეკუთვნოდა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ პროფესიონალი და მოყვარული (ადგილობრივი მოსახლეობიდან) მსახიობები. მათ შორის: მარი ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ქეთი აბაშიძე და ზურა ხაფთანი.
„ძახილი!“ - წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის გადაძახილია. ეს გახლავთ შემოქმედებითი გუნდის მიერ შექმნილი თეატრალიზებული თხრობა ადამიანურ ღირსებაზე, სამშობლოსათვის თავდადებაზე, გმირობაზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ნათლისა და ბნელის მარადიულ დაპირისპირებაზე. „ძახილი!“ წინაპრების არ დავიწყების, წარსულის გადააზრების მაგალითზე აწმყოს შეფასება/გაანალიზების და მომავლის განჭვრეტის მცდელობაა.
ელენე შალუტაშვილის ტექსტი თანამედროვე პოსტდრამატული ხერხებითაა შექმნილი. რეჟისორმა და ავტორმა, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების ბოლო დღეების თხრობისას, სათეატრო ტექსტი დაწერეს, ალბათ, იმის თქმაც შეიძლება, რომ მათი ერთობლივი ნამუშევარი ადამიანის პიროვნული თვისებების ერთგვარი მანიფესტია - მწერლის, შემოქმედის მაგალითზე შექმნილი. „ძახილი!“ მთლიანად იპყრობს პერფორმანსზე მისული მაყურებლის გონებასა და გულს. რეჟისურა, განათება, პლასტიკა, მუსიკა თუ ხმაურები ჰარმონიული მთლიანობით ჩაგითრევს, ფიქრებს აგიმღვრევს, ცხარე ცრემლით აგატირებს.
რეჟისორმა ცნობილი სენტენცია „ცხოვრება თეატრია“ ერთობ ორიგინალურად გამოიყენა და მოგვაწოდა. პერფორმანსი შენობაში შესვლისას უკვე დაწყებულია. ნახევრად ჩაბნელებულ ფოიეში, ძლივს მიიკვლევ გზას, თვალი ნელ-ნელა ეჩვევა სიბნელეს და საგნების გარჩევას იწყებ. აქა-იქ განლაგებულ მოგრძო სარკეებს ამჩნევ, რომელშიაც შენთან ერთად, მერხებთან წყვილ-წყვილად მსხდარი, გაშეშებული ბავშვები აირეკლებიან, გოგონები და ბიჭუნები, მერე, დაფასთან გაშეშებულ მასწავლებელ ქალსაც დაინახავ, რომელსაც ხელში მიხეილ ჯავახიშვილის პორტრეტიანი წიგნი უჭირავს (როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი „კალამი გოლგოთაზე“). ნელ-ნელა დაფაზე წარწერის წაკითხვასაც შეძლებ: „შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთადერთი წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს. მიხეილ ჯავახიშვილი“. ეს ეპიზოდი გრძელდება მანამდე, სანამ პერფორმანსზე დამსწრები ყველა ადამიანი არ შეიკრიბება. აქვე მინდა აღვნიშნო მონაწილე ბავშვების (ბარბარე შუბითიძე, ცოტნე გურგენიშვილი, ლაშა რობაქიძე, ალისა აბასოვა, დავით აბდელანი, დავით მაკარიანი, ანიტა ლევანიძე, ტასო დუდუჩავა, ლაშა გოცირიძე, ნათია ლებანიძე, დავით ჭკადუა) მონდომება და რეჟისორის მიერ დაკისრებული ამოცანის ზედმიწევნითი შესრულების გასაოცარი უნარი, 10 წუთის განმავლობაში ერთ გაყინულ პოზაში გაუნძრევლად ჯდომა, ზრდასრულ ასაკში მყოფ მსახიობსაც კი გაუჭირდება, არათუ მოზარდს. შემდგომ სცენებშიც ბავშვები სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ და ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს.
მაყურებელს დარბაზში შესვლას სთხოვენ და სათამაშო ფიცარნაგზე, სცენაზე განათავსებენ, ქმედება კი მაყურებელთა დარბაზში მიმდინარეობს. თუმცა, ტატო გელიაშვილმა და ხმის რეჟისორმა შალვა ბუზალაძემ ხმოვანი რიგის მეშვეობით, ერთმანეთზე „დადებული“ ხმებით, ხმაურებით, მუსიკით, ასევე განათებით (განათების მხატვარი შოთა კიპაროიძე) ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომ მაყურებელი მთლიანად გარშემორტყმულია პერფორმატიული ქმედებით. სცენასა და დარბაზს შორის (ავანსცენაზე) სამი სამიზნეა განთავსებული, მაყურებელთა დარბაზის სავარძლებზე პიჯაკებია გადაფენილი. სცენა და დარბაზი ნახევარტონებითაა განათებული, ერთ-ერთი პერსონაჟი-მთხრობელი სარკეში არეკლილი სინათლის სხივს სცენაზე, საკუთარი ადგილის/სკამის ძიებაში მყოფ მაყურებელს რიგრიგობით მიუშვერს ხოლმე. რეჟისორისა და განათების მხატვრის მიერ გამოყენებულ ამ ხერხს, შეიძლება ორგვარი დატვირთვა მივანიჭოთ, ტექნიკური და აზრობრივი. ტექნიკური - სინათლის სხივით „დაბრმავებულმა“ მაყურებელმა დარბაზში მსახიობ/პერსონაჟთა შემოსვლა-განლაგება არ უნდა დაინახოს. აზრობრივი - ავანსცენაზე მდგარი სამიზნეების გავლით მაყურებლამდე მოსული სხივი, შეიძლება აღიქვა, როგორც შენკენ მოშვერილი იარაღი, ან, როგორც წარსულსა და აწმყოს შორის ამონათებული წამიერი კავშირი.
თათია თათარაშვილის, ზურა ხაფთანის, მარიამ ჭოხონელიძის, ქეთევან აბაშიძის - უსახელო პერსონაჟები ქმედითად გადმოსცემენ მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეებს. ემოციურად საზარელი ამბის გაჟღერებისას, თავად მსახიობების ხმის, თითქოს გაყინულ ტემბრში, მიმიკაში, ჟესტიკულაციასა თუ პლასტიკაში ემოციები არ სჭარბობს. ისინი მონაცვლეობით აჟღერებენ ჯავახიშვილის და ბოლშევიკთა „დილეგში“ მასთან ერთად მყოფი ადამიანების დღიურებიდან ნაწყვეტებს. ისინი თითქოს წარსულიდან აწმყოსა და მომავლის ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს მოგვმართავენ, გვახსენებენ საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს. „საბჭოთა ხელისუფლების მოსვლა ბევრ ადამიანს გაუხარდა. - განსაკუთრებით მათ, ვისაც სხვისი ცუდი უხაროდა, ხოლო კარგი სწყინდა. - გულუბრყვილო ხალხმა უკეთესი მომავლის დაიჯერა. - სიტყვა ,,თანასწორობით“ თავისი სულიერი მისია დამალა. მისია, რომელსაც ოქროში ,,ჩაფუფუნება“ წარმოადგენდა. - ერის სიღარიბემ ბევრი ადამიანი დააბრმავა. - გაამწარა. - სახე დააკარგვინა. - მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხალხი გალიაში გამოსაკეტად გაემზადა. - იმედით, რომ გალია ოქროსი იქნებოდა. - ასე ჰპირდებოდნენ. - ატყუებდნენ. - ჯერ გალიაში ჯდომა ისწავლეთ. - გალიას ნელ-ნელა ,,გავაოქროვებთო“. - ბოლშევიზმი ,,მოდაში“ შემოვიდა. - სამოქალაქო ღირსებად და პასუხისმგებლობად იქცა. - არ იქნებოდი ბოლშევიკი? - შე საზოგადოების მტერო! - ასე მოგაძახებდნენ. - და მოგაფურთხებდნენ“.
მსახიობ/პერსონაჟთა მიერ რიგრიგობით გაჟღერებულ „ამბავს“ თან სდევს, მათი და მოზარდ/მოსწავლეთა პლასტიკურად გადაწყვეტილი ქმედებები. ტატო გელიაშვილის სარეჟისორო ჩანაფიქრით, დადგმა/პერფორმანსი აგებული და შეკრულია, თვითმხილველთა ე. წ. „დღიურებიდან“ ამოკრებილი ნაწყვეტებით, რომლებიც მიხეილ ჯავახიშვილისა და მისი თანასაკნელების ბოლო გაუსაძლისი დღეებს, საქართველოს გასაბჭოების, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ ტრაგიკულ ისტორიას გადმოსცემს. უფრო სწორად, ეს ისტორია არ არის, ეს ქვეყნისა და ხალხის უზურპაციის, მოტყუების, დაშინების, ჩაგვრის, განადგურების ამბავია, რომელიც ხდებოდა წარსულში, ხდება აწმყოში და გაფრთხილებაა, რომ თუ წინააღმდეგობას არ გავუწევთ მოხდება მომავალში. ჩვენი შვილები, შვილიშვილები ისევ და ისევ ამ საზარელი რეალობის წინაშე იდგებიან. ამავდროულად, ეს არის დიქტატურისა და მასობრივი შემგუებლობის პირობებში, ერთეულთა მიერ პიროვნული თვისებების შენარჩუნების, შეუგუებლობის, გმირული წინააღმდეგობის ამბავი.
ნახევრად ამონათებულ დარბაზში, წითელ სავარძლებზე, რაც მეტაფორულად სისხლიანი რეჟიმის გამომსახველია, პიჯაკებია მიფენილი. თითოეული პიჯაკი იმ ადამიანი/პიროვნების სიმბოლოა, რომლებიც სწორედ ამ სისხლიანმა რეჟიმმა შეიწირა. მსახიობი/პერსონაჟები მოქმედების განვითარებისას, ხან ერთ პიჯაკში გაუყრიან ხელს, ხან მეორეში. „დღიურებიდან“ გაჟღერებული ნაწყვეტები მაყურებელს ყოველი მხრიდან ესმის. დარბაზიდან მსახიობი/პერსონაჟები კითხულობენ-მოგვითხრობენ, უკანა მხრიდან, ნახევარტონებით გაჟღერებული, ექოს მსგავსი, ჩანაწერი გესმის. მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილი წარმოსახვაში მოკლულ/დაღუპულ დას და დედას ესაუბრება თავის ფიქრებში: „სოფიო! სოფიო... ჩემო პატარა დაიკო. რა ლამაზი ხარ! დედა რატომ ვერ ხედავ, რომ ჩამოვედი. შენ კი ბრაზობდი: წავა და აღარასოდეს დაბრუნდებაო. აქ ვარ, თქვენთვის წამითაც არ მიღალატია. რა ლამაზები ხართ... ყვავილებივით ლამაზი... და სუფთა... გცივათ?! ჩემო ყაყაჩოსავით მშვენიერებო... მენატრებოდით და ახლა რომ გხედავთ, უფრო მენატრებით... ჩემი ყაყაჩოები... ჩემი დამჭკნარი და გამხმარი ყაყაჩოები... თქვენ რაღას გერჩოდნენ? ვეღარ იხარებთ და მეც ვიღა მაცოცხლებს გაზაფხულამდე, რომ თქვენი გულ-მკერდიდან ამოხეთქილ ყვავილობას მაინც ვხედავდე...“.
მთელი ქმედების განმავლობაში, მოვლენათა რიგი ისეა აგებული, რომ მაყურებელს ერთი წამით მოდუნების საშუალება არ ეძლევა. გამჭოლი მოქმედება ერთ, მთავარ მიზანს წარმოაჩენს - მიხეილ ჯავახიშვილის მაგალითზე, ძალადობას, დიქტატურას, იმპერიალიზმს, უზურპაციას, სიცრუეს, ადამიანურ შიშს, მორჩილებას, მონობას, დაუპირისპიროს ადამიანის გამორჩეული პიროვნული თვისებები - გმირობა, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ღირსება. ადამიანს, რომელიც ძალადობას, დიქტატურას არ ემორჩილება მსხვერპლი არ შეიძლება უწოდო, შეიძლება ის ფიზიკურად გაანადგურო, მაგრამ სულიერად ვერ გატეხო - ისინი მუდამ გმირებად დარჩებიან. მსხვერპლი კი პიროვნულობა დაკარგული, შიშისგან დამონებული, მორჩილი, დანებებული, შეგუებული, დამცირებული ადამიანია, რომელიც უპიროვნო მასად იქცევა.
შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნი პერფორმატიული „ძახილი!“ - მომავლის დასაცავად აწმყოში მცხოვრებთა გაფრთხილებაა.
ფინალში, ემოციებითა და ფიქრებით აღვსილ, ფოიეში გამოსულ მაყურებელს გასასვლელთან ერთმანეთზე მიყრილი სასკოლო მერხების და სკამების გორაკი ხვდება, რომელზედაც წითელი მიხაკებია მიმოფანტული. ჩემში ამ სანახაობამ ახლად მიწამიყრილი საფლავის ასოციაცია აღძრა და პერფორმანსის ამგვარად დასრულება, კიდევ ერთ გაფრთხილებად აღვიქვი.