top of page

ბეკეტის აბსურდული უსასრულობა

maguy_marin_6.jpg

თემო დვალი

 

MAY B - ბეკეტის აბსურდული უსასრულობა

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ უკვე 22-ე წელია ქართველ მაყურებელს შესანიშნავ სპექტაკლებს სთავაზობს და ნამდვილ თეატრალურ საჩუქარს ჩუქნის, უცხოელი რეჟისორების შედევრების სახით.

ეს წელი ფრანგი ქორეოგრაფის, მაგი მარენის სპექტაკლმა „MAY B” გახსნა. დადგმა სემუელ ბეკეტის პიესების მოტივებზეა აგებული და ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მთლიანად ქორეოგრაფიას ეთმობა, რომელიც შუბერტის მუსიკით არის გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მთლიანად ბეკეტის ნაწარმოებებზეა დამყარებული,რეჟისორმა ირლანდიელი დრამატურგის პიესებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრაზა გამოიყენა,პიესიდან „თამაშის დასასრული“ – „დასრულდა. ამოიწურა. თითქმის დამთავრდა. უნდა დასრულებულიყო“

ასევე მინიმალურია სპექტაკლის მხატვრობა, მხოლოდ შავი კედლები და იატაკი, რომელსაც მალევე ათეთრებენ მსახიობები, რომლებიც ისე მოძრაობენ, როგორც ერთი მექანიზმი, თითქოს ისინი ერთი ადამიანის ათი სხვადასხვა ნაწილი არიან.

 

მსახიობები გვაჩვენებენ ადამიანის ცხოვრებისეულ რუტინას,რომელსაც ყველა ცდილობს გაექცეს, მაგრამ გაქცვა ძალიან რთულია,სურვილი კი ძალიან დიდი.

მეორე ნაწილი პირველისგან ძალიან განსხვებულია, აქ უკვე კონკრეტულ პერსონაჟებს ვხვდებით, ბნელ სიცარიელედან შემოდის პოცო,რომელსაც მძიმე ჩემოდნების თრევით დაღლილი ლაკი შემოჰყავს,მალევე ჩნდებიან სხვა პერსონაჟები ბეკეტის პიესებიდან „პირველი სიყვარული“ და „თამაშის დასასრული“ და მაყურებელიც მაშინვე ეფლობა ბეკეტის სამყაროში,სადაც ყველაფერი აბსურდულია, სადაც არ არსებობს დრო,სადაც უსასრულობაც კი არა რეალურია,უსასრულობა,რომელიც შინაგანად ტანჯავს ადამიანებს.რეჟისორი არაჩვეულებრივად გადმოსცემს ამ აბსურდულ უსასრულობას,როდესაც მთელი მეორე ნაწილის განმავლობაში მაყურებელს მხოლოდ სიარულს ანახებს.პერსონაჟები სადღაც მიდიან, მაგრამ არ იციან სად და არც ის იციან რატომ, ან საერთოდ მიდიან რო? ყველა მათგანს ხელში ჩემოდანი უჭირავს, თითქოს ყველაში ცხოვრობს ლაკი და არავინ იცის,როდის დაარღვევს ეს ლაკი დუმილს.

აღსანიშნავია ისიც,რომ რეჟისორმა მუსიკით კიდევ უფრო დაამძიმა უსასრულობის განცდა,რადგან მის მიერ შერჩეულ გევინ ბრაიერსის მუსიკაში,რომელიც ოც წუთზე მეტ ხანს გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთ წინადადებაა, რომელსაც გაუჩერებლად ღიღინებს მომღერალი და გიჩნდება გრძნობა,რომ ეს ღიღინი აღარასოდეს დასრულდება.

სპექტაკლის დასასრულს სცენაზე მხოლოდ ერთი პერსონაჟი რჩება, რომელსაც ხელში ჩემოდანი უჭირავს და სადღაც წასვლა უნდა,მაგრამ ვერსადაც ვერ მიდის და ერთ ადგილას არის გაჩერებული,როგორც ესტრაგონი და ვლადიმირი,როგორც ყველა პერსონაჟი ბეკეტის აბსურდულ სამყაროში, რადგან წასვლა შეუძლებელია, როცა არ გაქვს გზა,დრო და მიზანი, რადგან შენ ნაცრისფერი მასის ნაწილი ხარ და ამ ნაწილს ვერასდროს  დააღწევ თავს.

bottom of page