მცოცავი ოკუპაციის თეატრალური ვერდიქტი...
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნერონ აბულაძე
მცოცავი ოკუპაციის თეატრალური ვერდიქტი...
მე ვარ ქართველი და ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ამ სლოგანს ხშირად ვიმეორებთ ადგილობრივ თუ სხვადასხვა, საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებზე, სიმპოზიუმებსა და ფესტივალებზე ყოფნის დროს. ასეთი ფორმით ვცდილობთ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ოკუპაციის შედეგად შექმნილი რთული ვითარების მიმართ. საბჭოთა საქართველო, ტოტალური კომუნისტური სისტემის რღვევა, ბნელი 90-იანი წლები, სამოქალაქო ომი, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ბოლოს, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გამანადგურებელი შედეგები უარყოფითად აისახა დამოუკიდებელი საქართველოს სოციალური - პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მცოცავი ოკუპაცია კი თითოეული ქართველის აუტანელ ყოველდღიურობად იქცა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე რთულმა, ტრაგიკულმა პროცესებმა მრავალმხრივი მხატვრული ასახვა პოვა თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედებაში. შეიქმნა მხატვრული ფილმებისა და თეატრალური ინტერპრეტაციების უწყვეტი ჯაჭვი... ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში „ - ასე ჰქვია მწერლისა და დრამატურგის თამრი ფხაკაძის მცირე მოთხრობას, რომელიც ავტორმა 2004 წელს დაწერა, თუმცა მოგვიანებით 2008 წლის ომის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა თავისსავე ნაწარმოებს, გარკვეული შესწორებები შეიტანა და ახალი რედაქციით წარმოგვიდგინა. ,,მოთხრობა 2004 წელს დავწერე იმ სახით, რომლითაც არაერთხელ დაიბეჭდა და პოპულარობაც მოიპოვა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იგი თითქოს დაუსრულებელი მეჩვენა. ამიტომ თხრობა გავაგრძელე. ახლა იგი უფრო მეტი სიმძაფრითა და ტკივილითაა შევსებული, თუმცა შევეცადე არც ის იმედი დამეკლო, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანში ცოცხლობს“ - აღნიშნავს მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნაწარმოებმა გამოცემისთანავე მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, მოგვიანებით კი თეატრისა და კინო რეჟისორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ბესო სოლომონაშვილის მიერ აღნიშნული ნაწარმოების საფუძველზე გადაღებულმა ფილმმა ეროვნული კონო ცენტრის კონკურსში გაიმარჯვა. ასევე მოთხრობის - ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ საფუძველზე რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა განახორციელა სპექტაკლი, რომლის პრემიერაც მესხეთის - (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შედგა. ზედმიწევნით ქართული სპექტაკლი - ასე შეიძლება ვუწოდოთ სადადგმო ჯგუფის შემოქმედებით შედეგს, რომელიც ავტორისეულ იდეას კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით, ტკივილითა და იმედით გამოხატავს.
ლიტერატურულ პირველწყაროში ამბავს მთავარი გმირი რობიზონი პირველ პირში მოგვითხრობს. მოქმედებაც ძირითადად მის ირგვლივ ვითარდება. რობიზონი და თავისი ძმა ზალიკო დედაქალაქში ცხოვრობენ. ძმებს ლამაზი დედა ჰყავდათ, დიდი ცისფერი თვალებით, მაგრამ ერთ დღეს მშობლებმა ერთმანეთს ჩაკიდეს ხელი და მარადისობის გზას დაადგნენ...ასე აღმოჩნდნენ ძმები დედაქალაქში, რუსი ბაბულიას ბინაში. ვიდრე რობიზონი უმაღლესი განათლების მიღებას ესწრაფოდა, ზალიკოს დრო არ დაუკარგავს, დურბინდით უთვალთვალებდა მოპირდაპირე კორპუსის ლამაზმანებს და ერთ დღესაც ცოლი შეირთო, დურბინდი კი ძმას გადაულოცა. რობიზონი მამა პაპისეულ კარ მიდამოში აპირებს გადაბარგებას. ძმის ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს ზალიკოს, რადგან მათო მამაპაპეული კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, სადაც ომი მძვინვარებს. რობიზონი თავისას არ იშლის და ერთ მშვენიერ დღეს საჭირო სასოფლო - სამეურნეო იარაღებით აღჭურვილი დაადგა მშობლიური კარ მიდამოსკენ მიმავალ გზას. ამასობაში ზალიკო ამერიკაში წავიდა მეუღლესთან ერთად, იმ მიზეზით, რომ მძიმე დაავადება ჰქონდა და სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა. სოფლად ჩასული რობიზონი მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა. თავის მამაპაპეულში მეზობელი ოლეგა ფუსფუსებდა და არც საუკუნოვანი კაკლის ხე აღარ იდგა ეზოში. აღმოჩნდა, რომ ძმისგან დამოუკიდებლად ზალიკომ მამაპაპეული მეზობელს მიყიდა. ამასობაში ბაბულია გარდაიცვალა და ბინა მემკვიდრეობით რობიზონს დაუტოვა, რომელმაც არ დაიშალა თავისი და სოფლად მიგდებულ მდელოზე ბოსტანი გააშენა. კონფლიქტის ზონაში ვითარება დღითი დღე იძაბებოდა, ბოლოს რობიზონის სოფელსაც მოადგნენ ოკუპანტები და არაერთი მეზობლის სიცოცხლე შეიწირეს, მშობლიური მამაპაპეული კი შტაბად გადააქციეს. აღარ იყო სანგარში ჯდომის დრო, რობიზონს მამაპაპეული უნდა დაეცვა, ასეც მოიქცა, თუმცა მტრის დაუნდობელმა ტყვიამ მისი სიცოცხლეც შეიწირა.
რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობს მესხეთის თეატრთან. მის მიერ განხორციელებული სპექტაკლებმა არაერთი ჯილდო მოუტანა თეატრს, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთოდაც, გიორგი შალუტაშვილი რეგიონული თეატრების აქტიური გულშემატკივარია, ზუსტად საზღვრავს კონკრეტული რეგიონის სპეციფიკას, მაყურებელთა ესთეტიკურ მოთხოვნილებებს და სადადგმოდაც შესაბამის დრამატურგიას მიმართავს. ასევე რეჟისორი ეროვნული მწერლობის, ქართული კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა.
თამრი ფხაკაძის ლიტერატურული საფუძვლის სცენური ადაპტაციისას ინსცენირების ავტორი მამუკა ცერცვაძე ავტორის ერთგულად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სცენურ ვერსიაში გარკვეული ცვლილებები შეაქვს. პროზაული ტექსტის ქმედით, დიალოგებად გარდაქმნის პროცესში ვხვდებით დამატებით ტექსტებს, თუმცა სპექტაკლი იდეურ - თემატური თვალსაზრისით სრულყოფილად ასახავს ავტორის ემოციებსა და სათქმელს. მამუკა ცერცვაძე ასევე უცვლელად ტოვებს კუთხურ დიალექტს, ქართლისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ კილო - კავს, რაც თითოეული პერსონაჟის გრძნობათა ბუნებას მაქსიმალური ინდივიდუალობით გამოხატავს. სპექტაკლი რობიზონის - (კონსტანტინე კახიშვილი) მესანგრე თანასოფლელთან შეხვედრით იწყება. სოფლის მოსახლეობა მამაპაპეულს იცავს მოახლოებული მტრისგან. კონსტანტინე კახიშვილის რობიზონი საწყის სცენებში ცოდნას დაწაფებული, უწყინარი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მოქმედების განვითარებისას პატრიოტიზმის, დაუმორჩილებლობის, თავისუფლებისთვის მებრძოლ, მაღალზნეობრივი იდეალების მატარებელ ტრაგიკულ პერსონაჟად გადაიქცევა. მსახიობი თანმიმდევრულად მიყვება მოვლენებს და ქმნის ქვეყნისათვის თავდადებული გმირის მხატვრულად დამაჯერებელ ხასიათს.
რობიზონისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟის, ზალიკოს როლს ირგებს მსახიობი მანუჩარ გოგოლაური, რომელიც ბოჰემური ცხოვრების მოტრფიალე, ტიპიური ქართველის სახეს ქმნის. მანუჩარ გოგოლაურის ზალიკოს ნაკლებად ადარდებს კონფლიქტის ზონა, ზედმეტი ძალისხმევის გაწევას ურჩევნია მეუღლის სახლში ზესიძედ მივიდეს და დარჩენილი დროც ყოველდღიურ სიამტკბილობას მიუძღვნას. ზალიკოსგან განსხვავებით მომხვეჭელობაზე, საკარმიდამო ნაკვეთის საზღვრების გაფართოებაზეა ორიენტირებული ანდრია ვაჭრიძის ოლეგა. მსახიობი ბოლო წლებში არაერთხელ აღმოჩნდა თეატრალური კრიტიკის ყურედღების ცენტრში და დამსახურებული ჯილდოებიც მიიღო. მთლიანობაში სამსახიობო ანსამბლი (რობიზონი - კონსტანტინე კახიშვილი, ზალიკო - მანუჩარ გოგოლაური, ბაბულია - მარინა ბერიძე, მანანა - ჯუნა თუმანიშვილი, ოლეგა - ანდრია ვაჭრიძე, უჩა მაიორი - ლექსო ჩემია, ოლეგას მეუღლე - ლიაკო გოგიძე, ზაურა - ნიკოლოზ გოგიძე, მუხო - ბაქარ ალავიძე; მასიურ სცენებში - ანა ხუბუტია, თომა ჩემია, ანანო ჩადუნელი, დემეტრე სუდაძე, გიორგი ქევხიშვილი) სრულად ითავისებს რეჟისორის კონცეფციას, მსახიობები ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულ მხატვრულ სახეებს ქმნიან. სპექტაკლის მხატვრული გაფორმება ლელა ფერაძეს ეკუთვნის, რომელიც ორგანულად ერწყმის ნაწარმოების სიუჟეტს. აგურით ნაშენი კედლის ფრაგმენტები საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის, მუდმივი შენებისა და ნგრევის სიმბოლურ გამოხატულებად შეიძლება აღვიქვათ. სცენაზე განთავსებული ორღობის ჭიშკრით, ურმის თვალითა და სხვა ბუტაფორიული დეტალებით იქმნება ტრადიციული ქართული სოფლის მიკრო სამყარო. სცენის მოძრაობისას კი დეკორაციის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილება განსაზღვრავს მოქმედების ადგილს.
ია საკანდელიძის მუსიკალური გაფორმება სხვადასხვა მელოდიურ ფრაგმენტებს აერთიანებს, სადაც ძირითადი და დამხმარე მუსიკალური თემების ერთობლიობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სპექტაკლში ემოციური ატმოსფეროს შექმნას. ქართული თეატრი ისტორიულად ყოველთვის უშიშრად ხვდებოდა თავისი დროის სატკივარს და მტკივნეულად რეაგირებდა არსებულ პრობლემებზე.
სპექტაკლის - ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ნახვისას ვრწმუნდებით, რომ დღესაც იგივე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის დამახასიათებელი პრობლემების წინაშე ვდგავართ. სამწუხაროდ არც XXI საუკუნეში არ შეცვლილა არაფერი, ისევ დაუცველი და სხვათა მიერ კონტროლირებადი საზღვრები...და ბოლოს, წარმოდგენის ფინალური სცენა ტრაგიზმთან ერთად იმ იმედს გამოხატავს, რა იმედითაც ოდითგანვე ვაგრძელებდით ცხოვრებას, მიუხედავად ძნელბედობისა, მაინც ვრგავდით კაკლის ხეებს, ჭრიდნენ, მაგრამ ნოყიერ ნიადაგში მიმალული ფესვები საუკუნეების განმავლობაში ტანს იყრიდნენ, იკვირტებოდნენ, ყვავდებოდნენ და ნაყოფს გვაძლევდნენ...
ფაქტია, რომ სპექტაკლმაც ლიტერატურული პირველწყაროს ბედი გაიზიარა. წარმოდგენა აგვისტოს ომის შემდეგ მალევე დაიდგა და მცოცავი ოკუპაციის პირისპირ ყოველწლიურად ხდება მისი განახლება, დროის შესაბამისად გარკვეული კორექტივების შეტანა... რიგი მიზეზების გამო იცვლებიან შემსრულებლებიც თუმცა იდეა იგივე რჩება, იდეა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საქართველოს ხვალინდელი დღე.