მდიდრული სპექტაკლი სენაკის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
მდიდრული სპექტაკლი სენაკის თეატრში
აკაკი ხორავას სახელობის დრამატულმა თეატრმა სენაკელ (და არა მხოლოდ) პატარებს, მოზარდებსა და უფროსი თაობის მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის „მაკნატუნა“ დადგა (თარგმანი ნატო სლეპაკოვა). ფარდა რომ გაიხსნა, კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ წარმოდგენას რომელიმე ევროპული თეატრის საოპერო თეატრში არ ვუცქერდი. მაყურებელმა ნახა ე.წ. „დედაქალაქური“ სპექტაკლი, არც მეტი არც ნაკლები, სენაკის თეატრის სცენაზე.
სენაკის თეატრი, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ წყალობით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა გააჩნია, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი თეატრი იყო, რაც ხელს უშლიდა შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებასაც. გასულ წელს, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ, თეატრის ბიუჯეტი გაიზარდა, რამაც სენაკის თეატრის გუნდს საშუალება მისცა შემოქმედებითი პროცესის დაწყების. დედაქალაქის და თუნდაც რეგიონების თეატრებისგან განსხვავებით, შედარებით მცირე ბიუჯეტით, სენაკის თეატრმა მიმდინარე სეზონზე (2022-2023 ) შეძლო არა მხოლოდ კრიტიკოსების, სათეატრო საზოგადოების გაოცება, არამედ სენაკელების თეატრისკენ შემობრუნება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ვახტანგ ნიკოლავას სენაკის თეატრში დადგმული „მაკნატუნა“ საბავშვო-საშობაო წარმოდგენებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. პირველი, რაც მაყურებელს თვალში ხვდება, ეს არის გამორჩეული, დახვეწილი სცენოგრაფია, ფერადოვანი და ავთენტური კოსტიუმები, მსახიობთა მიერ შექმნილი მხატვრული სახეები, ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ ცნობილი თემები და კომპოზიტორ კოტე მალანიას დაწერილი სიმღერები (სიმღერების ტექსტის ავტორები: კოტე მალანია, ნატო სლეპაკოვა), რომელიც ორგანულად ჟღერს წარმოდგენაში.
„მაკნატუნას“ ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავაა, რომელმაც ცნობილი ზღაპარი გაასცენურა ისე, რომ ზღაპრის სიუჟეტი დარჩა უცვლელი და მარტივი კონსტრუქციის, რომელსაც პერსონაჟები ხან ტექსტუალურად, ხანაც ქმედებით გვიამბობენ. რეჟისორმა თანაბრად იმუშავა პროფესიონალებთან და არაპროფესიონალ მსახიობებთან, სენაკის თეატრთან არსებული საბავშვო-საყმაწვილო სტუდიის აღსაზრდელებთან, რომლებიც ტოლს არ უდებენ პროფესიონალებს და ღირსეულ პარტნიორობას უწევენ მათ.
გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა და სცენოგრაფმა ალექსანდრე სლოვინსკიმ ზღაპრის ეპოქის ავთენტური სცენოგრაფია შექმნა, რომელიც ორგანულად ერწყმის თავად სენაკის თეატრის დარბაზის არქიტექტურულ სტილს (მხატვარ-შემსრულებლები - ემილ გეგენავა, მალხაზ კორთხონჯია). სცენის ფონი უსასრულო სივრცეს ქმნის, რომელიც განათების საშუალებით (შუქის მხატვარი - ლაშა ჟვანია) მუდმივად იცვლება და სხვადასხვა ასოციაციებს აღძრავს. სცენის სიღრმეშივეა განთავსებული მონუმენტური თეთრი, ოქროთი გაწყობილი კარიბჭე, რომლის უკან საზეიმოდ გაწყობილი საახალწლო ნაძვის ხე მოსჩანს, სამეფო ჭაღები და მაკნატუნას თოჯინის ფიგურები ავსებს სცენურ სივრცეს. ფარდის გახსნისთანავე მაყურებლის თვალწინ იშლება მოულოდნელი, ეფექტური სამყარო - ჯადოსნური, მდიდრული, მხატვრული... სცენოგრაფია ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე და ქმნის პოზიტიურ განწყობას. პატარა მაყურებელი ინტერესით უცქერს სიუჟეტის განვითარებას, მსახიობები მიმართავენ ინტერაქტივის ხერხსაც, რაც უზრუნველყოფს დარბაზის აქტიურ კომუნიკაციას მათთან. სცენაზე განვითარებულ მოვლენები ინტერესს და აზარტს აღძრავს პატარებში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სოფი ჩალაშვილის კოსტიუმები, რომელიც ორგანულად ერწყმის ერთი მხრივ ალექსანდრე სლოვინსკის სცენოგრაფიას, ხოლო მეორე მხრივ, ეპოქას და პერსონაჟთა ხასიათს (კოსტიუმების შემსრულებლები - რუსუდან კიკნაძე, მაგდა მამასახლისი, მაკა კილასონია).
სერიოზული სამუშაო ჩაუტარებია ქორეოგრაფ დავით მეტრეველს, მასაც რეჟისორის მსგავსად მუშაობა ერთდროულად მოუწია, როგორც პროფესიონალებთან, ასევე მოყვარულებთან, რომლებმაც ისე შეასრულეს საცეკვაო ნომრები, რომ ამერიკული მიუზიკლის მსახიობებს ჰგავდნენ.
წარმოდგენაში საინტერესო მხატვრულ სახეებს ქმნიდნენ: თენგიზ თოფურიძე (ქრისტიან ელიას დროსელმეერი), ამირან მალანია, გიორგი მურუსიძე (მაკნატუნები), სოფი ჩალაშვილი (მარი შტალბაუმი), რაული კიკალეიშვილი (ფრიც შტალბაუმი), ლადო კოკაია (მამა, ბატონი შტალბაუმი), თამუნა აბშილავა-კობახიძე (დედა , ქალბატონი შტალბაუმი), ინგა ცირამუა (ფრეილინა ტრუდხენი), ტარიელ ზურაბაშვილი (მეკობრე ბართოლომეო), ზურაბ ზურაბაშვილი (მაიმუნი), ელგუჯა ნოდარიძე (მედოლე), ლალი გაბელაია (თოჯინა კლერხენი), ეკა კოღუა (თოჯინა ტრუდხენი), გოჩა დამენია (ჰუსარი), მარიამ შონია (პრინცესა პირლიპატი), ჯამბულ ჭანტურია (ბაჭია ტედი), ლადო კოკაია (თაგვების მეფე), ზვიად ზურაბაშვილი (თაგვების მეფის მრჩეველი). თითოეული მათგანი დასამახსოვრებელ მხატვრულ სახე-ტიპაჟს ქმნის წარმოდგენის მსვლელობის დროს. განსაკუთრებული ოვაციით და ინტერესით ეგებებოდა მაყურებელი თაგვების კოსტიუმებში გამოწყობილ პატარა მსახიობებს: ცოტნე კაციას, ლუკა გრიგოლიას, მარიამ შონიას, ბარბარე საჯაიას, ანდრია ქიტიაშვილს, მანუჩარ დგებუაძეს, რომა ტყებუჩავას. მოვლენათა ეპიცენტრში მაინც პრიც შტალბაუმის როლის შემსრულებელი რაული კიკალეიშვილი (მოსწავლე) და მარი შტალბაუმის როლის შემსრულებელი სოფი ჩალაშვილი იდგნენ. სოფი ჩალაშვილი პროფესიონალი მსახიობია, რომელიც სცენაზე თავისი გარდასახვის უნარით, ხმის ტემბრითა და ვიზუალით ყმაწვილი გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებს. სახასიათო მხატვრულ სახეებს ქმნიან თამარ აბშილავა-კობახიძე და ლალი გაბელაია. საყვარელი მოხუცის, მეზღაპრე-მესაათის ტიპაჟს ქმნის თენგიზ თოფურიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ერთობლივი თეატრალური სტუდიის მოსწავლეები
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს facebook ოფიციალური გვერიდან