„მედეას ბაღი“ - გზა ინდივიდუალურობიდან
ჭეშმარიტებამდე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
სალომე გულიაშვილი
„მედეას ბაღი“ - გზა ინდივიდუალურობიდან ჭეშმარიტებამდე
წელს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი“ რიგით მეჩვიდმეტედ ჩატარდა. ფესტივალს უმასპინძლა მზიურის პარკში არსებულმა კულტურულმა სივრცემ „კუბი კონტექსტში“. ფესტივალის თემა სახელოვნებო განათლება იყო, რომელიც პროექტის - „განათლების ხელოვნება: მულტიმედიური ვორქშოფები“, სახით განხორციელდა. პროექტი 27 სექტემბრიდან - 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა და ვორქშოფების მიმართულებებს წარმოადგენდა: სახვითი ხელოვნება, პერფორმანსი, ვიდეო, ხმა, ინსტალაცია, ტექსტი, მდგრადი ხელოვნების პრაქტიკა. „არტისტერიუმი 17“ 10 ოქტომბერს პერფორმანსით „მედეას ბაღი“ დაიხურა, რომელიც ღია ცის ქვეშ, კუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. პერფორმანსის დამდგმელი რეჟისორი ნინო მაღლაკელიძეა.
ნინო მაღლაკელიძე ხელოვანი მკვლევარია, „თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის“ („CARL -Art Laboratory”) და „24-საათიანი თეატრის ფესტივალის“ დამფუძნებელი, რომლის ძირითად ფოკუსს სხვადასხვა თემატიკის ექსპერიმენტული პერფორმანსები წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში ეს თემები ეხება ადამიანის, როგორც ინდივიდის საკუთარ თავთან, გარემოსთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ამ ურთიერთობებისას წარმოშობილ სირთულეებს. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ პერფორმანსზე „მედეას ბაღი“, რომელიც მითოლოგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთის მედეას ფსიქოლოგიური არქეტიპით იყო შთაგონებული. მედეა, როგორც სულის მკურნალი, რომელიც ყველა ფემინური ძალის მატარებელ სხეულშია და რომლის საშუალებითაც მძაფრად შეიგრძნობა სამყაროს ჯადოსნური ბუნება.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პერფორმანსში გამოყენებული კოსტიუმები, ხელმძღვანელის დიზაინის მიხედვით, თავად პერფორმერების მიერ იყო შექმნილი, ისევე როგორც ხუთსახოვანი მედეას უნივერსალური, მრავალწახნაგოვანი ხასიათი. ეს ერთი შეხედვით უბრალო კოსტუმები საკრალური განწყობის მატარებელი იყო და თითოეული მონაწილე ქალის ინდივიდუალიზმს უფრო მეტად უსვამდა ხაზს. (პერფორმერები: ნინო მაღლაკელიძე, სალომე გულიაშვილი, ელენე ტურაშვილი, მარიშა კუპრეიშვილი, მარიამ სანოძე). ასევე განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მუსიკა, რომელიც მთელ პერფორმანსს ლაიტმოტივად გაჰყვებოდა და ხელს უწყობდა შეკრული, ერთიანი გარემოს შექმნას მონაწილეებსა და მაყურებელს შორის. (ხმის დიზაინი: ბექა კუნდალინის კომპოზიციების Nuta, Miende - მოტივებზე).
„მედეას ბაღი“ ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდა. მასში მონაწილე პერფორმერები, უსიტყვოდ, სხეულის ენით ცდილობდნენ გადმოეცათ ბუნებასთან კავშირის ანარეკლი. საკუთარი თავის შესამეცნებლად პირველ რიგში საჭიროა ბუნება შევიმეცნოთ, რაც გვაცოცხლებს და ყველანაირი დადებითი ემოციით გვავსებს. ჭეშმარიტი სიცოცხლის დასაბამზე მეტყველებს ის რომ მედეა მკურნალია, მას მცენარეებთან, სამყაროსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და შეუძლია მათი დახმარებით ფიზიკური სიცოცხლის გახანგრძლივება, სხეულის გაჯანსაღება, ადამიანების განკურნება. პერფორმანსის დასაწყისში სწორედ ამ კავშირს ვხედავთ მონაწილეებსა და გარემოს შორის. თავდაპირველი ბიოლოგიური სხეულის მექანიკურობა, ნელი და მძიმე ნაბიჯი, თანდათან ბუნებასთან ჰარმონიულ მოძრაობაში გადადის, რომელიც საკუთარი მეტაფიზიკური სხეულის აღმოჩენითა და მისი უკეთესი შესწავლის სურვილით გვირგვინდება. აქ უშუალო კავშირია სულსა და სხეულს შორის, რომელიც მიიღწევა ერთის მეორეში გამოხატულებით.
პერფორმანსში თავად მონაწილეობდა ნინო მაღლაკელიძეც, რომლის მოძრაობებიც უფრო მეტად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა, ინდივიდუალური, ახლად გაცოცხლებული სხეულების ჰარმონიაში გადაყვანას. დასაწყისიდანვე ვამჩნევთ მის მხრებზე მოხვეულ ნაჭერს, რომელიც ნელ-ნელა უფრო მეტ დატვირთავს იძენს, ჯერ თეთრ მანდილად და საბოლოოდ ოქროს საწმისად იქცევა, რაც ცენტრში მდგომი მედეას როგორც მზის შთამომავლის ასტრალური სხეულია, ცნობიერებიდან გადმოფრქვეული ნათელი, რამაც სამყარო უნდა გაანათოს და სულიერად გააჯანსაღოს. ნაჭერზე ოქროს საწმისის მზის სხივით (ოქროსფერი საღებავით) სიმბოლური მოხატვა მედეას მიერ უშუალოდ პერფორმანსის დროს ხდება. ტილოს 4 პერფორმერი ქალი (მზის სხივები), რომლებიც მედეას ალტერნატიულ არქეტიპებს წარმოადგენენ, ჰაერში შლიან. სწორედ ამ დროს ხდება მედეას მიერ საკუთარი ცოდნის მადლის, როგორ სხეულისა და სულის მკურნალის, არამატერიალურიდან მატერიალურში, ერთგვარ ოქროს საწმისში გადმოტანა, რომელიც ფინალში არტეფაქტად იქცევა.
განსაკუთრებით საინტერესოა უნიკალურად დანახული მედეას არქეტიპის ბოლო სცენა, როდესაც გაცოცხლებული სხეულები ჰარმონიული მოძრაობებით ოქროსფერი ლენტების დახმარებით მზის სხივებს ქმნიან. აქამდე არსებული ქაოსი და საკუთარი თავის შეცნობის სურვილი ერთმანეთთან უშუალო კავშირით სრულდება, რაც „ბორჯღალოს“ ფორმის მოძრაობის მეშვეობით ოქროს საწმისის „დაბრუნებაში“ გვეხმარება. ეს თითქოს ერთგვარი მინიშნებაა იმ ინდივიდუალური გზისა, რისი გავლაც ყველასათვის აუცილებელია, რათა ბოლოს ერთად უფრო დიდ ღირებულებებამდე მივიდეთ, რაც ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ისე როგორც მზე და მისი თვისებებია სამყაროს არსებობისათვის აუცილებელი.
პირადად მე ნინოსთან და მის ლაბორატორიასთან სამი წელია ვთანამშრომლობ და ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ახალი პერფორმანსისათვის მზადების პროცესი საკმაოდ საინტერესო და სიახლეებით დატვირთულია. განსაკუთრებით ბევრის მომცემია უშუალოდ რეპეტიციების პერიოდი, სადაც საშუალება გვეძლევა რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ ძირითად იდეას ყველამ ჩვენი მარცვალი შევმატოთ. ეს ერთგვარი ძიების პროცესია, რისი მეშვეობითაც უფრო მეტს ვიგებთ არა მხოლოდ არჩეული თემის გარშემო არამედ საკუთარი თავის შესახებაც. ზოგადად ხელოვნების დანიშნულებაც ხომ სწორედ ესაა, დაეხმაროს ადამიანებს საკუთარ თავში ის სიღრმეები აღმოაჩინონ, რაც აქამდე მათთვის დაფარული და გასაიდუმლოებული იყო. ეს ჩვენი ყველაზე ნათელი და ამავე დროს ყველაზე ბნელი მხარეა, რაც მის ნამდვილობაზე მეტყველებს. ეს ის ნაწილია, რომელიც გვეხმარება არსებულ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში სასტიკია ჩვენ მიმართ, მხატვრულად გავუმკლავდეთ. ეს მხატვრულობაა ის, რაც გვაიძულებს ჩვენს ყოველდღიურობას თვალებში ჩავხედოთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.