მე მქონდა ოცნება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
მე მქონდა ოცნება
ალბათ, არაფერია იმაზე მძიმე, შეუგუებელი და უიმედო, როდესაც იცი, რომ არც აწმყო გაქვს ისეთი, როგორზეც ოცნებობდი, წარსულშიც ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც დამშვიდების საშუალებას არ გაძლევს. მომავალი კი, საერთოდ არ გაქვს. როდესაც იცი, რომ მარტოდმარტო უნდა იცხოვრო, სრულ სიცარიელეში, როდესაც შეიძლება კარიც არავინ შემოაღოს, დღეები, კვირები, თვეები, ან, საერთოდ... არასდროს.
ჩვენ, საბჭოთა წარსულის ქვეყანამ, ალბათ, ყველა სხვა საზოგადოებაზე უკეთ და ცხადად ვიცით - როგორია, როდესაც მხოლოდ არსებობ (რადგან თავისუფალი არ ხარ) და ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ საშიშროებას, ადამიანებს ასეთ პირობებში რომ ემუქრებათ.
ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რა ხდება საზოგადოებაში მაშინ, როდესაც ქვეყანაში დიქტატურაა, როდესაც ავტორიტარიზმია და როდესაც სახელმწიფოს მართვის ბერკეტები მოძალდეებისა და უბირთა ჯგუფის ხელშია; როდესაც გარესამყაროსთან ურთიერთობა საკუთარ ზღურბლს იქით, მხოლოდდამხოლოდ რამდენიმე ნაბიჯითაა დაშვებული. როდესაც ადამიანს არა აქვს არჩევანის უფლება, მიზნის მიღწევის ან სურვილის ახდენის პირობა და მისი ბედი ვიღაცის ნებაზეა დამოკიდებული; როდესაც საზოგადოება მხოლოდ ვიღაცის წესებისა და კანონების მიხედვით ცხოვრობს და საკუთარი „ცხოვრება“ არ გააჩნია. როდესაც თავისუფლებაზე მხოლოდ ოცნებობ და დამოუკიდებლობასა და სამყაროში ღია კარს ჩარაზვა ემუქრება.
ბრიტანელი (ირლანდიელი) კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი მარტინ მაკდონა ქართულ თეატრალურ სივრცეში პირველად რამდენიმე წლის წინათ რამდენიმე თეატრში რამდენიმე რეჟისორის რამდენიმე დადგმით გამოჩნდა. „ბალიშის კაცუნასა“ და „ლინეინის სილამაზის დედოფალის“ განსხვავებულმა ვერსიებმა შემოქმედებით ჯგუფებს წარმატებაც მოუტანა და დრამატურგის შემოქმედებაც თეატრის სფეროსთვის ნაცნობად და მიმზიდველად აქცია.
„ლინეინის სილამაზის დედოფალის“ მორიგი დადგმა (2024 წელს) ქალაქის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორ დავით თარბას მორიგ თამამ და უკომპრომისო განაცხადად და ახალი მხატვრული გადაწყვეტის გამოხატულებად იქცა.
სპექტაკლში თითქოს ყველაფერი და სხვადასხვა ჟანრია გაერთიანებული - დრამაც - ფსიქოლოგიური და ყოფითი, მელოდრამაც, რომანტიკული შეფერილობით, ცრემლების მლაშე გემო რომ გადაჰკრავს; „ოჯახური“ დრამაც, სასიყვარულო და საკომუნიკაციო „ინტრიგაც“, ეროტიკაც, ტრაგედიაც და დეტექტივიც - გამოუძიებელი და გაუხსნელი მკვლელობით; ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი კონფლიქტიც; წარმოსახვაც და რეალობაც, ფანტაზიაც და სინამდვილეც, გულახდილი აღიარებებითა და ფარული ან ცუდად შეფარული ზრახვებით, რომლებიც მყარად შეკრულ გორგალს ქმნიან, რომლის სიმყარესაც არაფერი (ვერაფერი) არღვევს.
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მაკდონას ტექსტი ინგლისურად სპექციფიკურად ჟღერს, ფრაზებს თავისებური წყობა აქვთ და რთული ამოსახსნელია. ასეთი სირთულე, შესაბამისად, განსაკუთრებით ზრდის მთარგმნელების - ქეთევან სამხარაძისა და ანა გოგიშვილის დამსახურებას, რომლებმაც, ერთი მხრივ, ენის რთულ ლაბირინთებში გაიკვლიეს გზა, ეს ყველაფერი ქართულად ააჟღერეს და შემდეგ, კონკრეტული სპექტაკლის ხასიათს, სტილს, მეტყველების სისტემას მოარგეს. რაც რეჟისორმა და მსახიობებმა ატმოსფეროს, პერსონჟების ფსიქოლოგიური და სახასიათიო/ტიპაჟური სახეების შექმნისას აქტიურად გამოიყენეს.
დავით თარბას „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ სწორედ ამ ორი მოცემულობის - ფსიქოლოგიური და ტიპური, ზოგად, ნაცნობნიშნიანი შრეების ერთიანობითა და მიხედვითაა აწყობილი და ამ სისტემის აგებას ყველა ხერხითა და საშუალებით „ემსახურება“.
მოქმედების ადგილი - ირლანდიაა, პროვინციული ქალაქი - ლინეინი და მისი, თვალით უხილავი, მცხოვრებლების ამბავი, რომელიც გარეუბანში, აღმართის ბოლოსა და განმარტოებით მდგომ, პატარა, ძველ, არამყუდრო და მცირეკვადრატურის სახლშია კონცენტრირებული. და ვითარდება ორი ადამიანის - დედისა და შვილის - მეგი ფოლანისა და მორინ ფოლანის - გარშემო, რომლების ცხოვრებაც - ერთმანეთთან ყოველდღიურ კონფლიქტში, დაპირისპირებაში, საკუთარ თავთან წინააღმდეგობასა და გამოსავალის, სიცოცხლის გამართლების ძიებასა და მეგის მხრიდან მორინზე უწყვეტ ფსიქოლოგიურ ძალადობაში გადის. ამ ყველაფერს კი ლანდად გასდევს - მორინის, წლობით აუხდენელი ოცნება - გაქცევაზე, გათავისუფლებაზე და ორივეს მხრიდან - გაუცნობიერებელი თუ ცნობიერი, მორალური თუ ფიზიკური შურისძიებით ტკბობის განცდა.
სპექტაკლში ერთადერთი მოქმედების არეა - ფოლანების სახლის მისაღები ოთახი და სამზარეულოს სამეურნეო კუთხე (ყოფის ელემენტებით), რომლის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სცენა თამაშდება. სხვა სივრცეები და სხვა ადგილები მხოლოდ წარმოსახვითია და ხელშესახები განზომილებები, კონტურები არ აქვთ.
მუქი, სიძველის, მოუვლელობის, ფიზიკური და შინაგანი ჭუჭყისგან ნახანძრალივით გაშავებული კედლები და ავეჯი, ინტერიერის საერთო ხასიათიდან სრულად ამოვარდნილი ბროლის ძველმოდური და ალბათ, წლობით გაურეცხავი ჭაღი; ჩამოწოლილი, თითქოს ჩამოსავარდნად განწირული, გამურული თუ ნაჟონი წვიმის წყლით დალაქავებული ჭერი (სცენოგრაფი - აჩიკო შამახია) და სუსტი შუქით განათებული, ნახევრადჩაბნელებული მთლიანი სივრცე (განათების მხატვარი - ანასტასია ონიანი) ამძაფრებენ და ნათლად, მეტყველად გამოხატავენ არსებულ ვითარებას - გარშემო და ადამიანებში. როგორიცაა მათი ცხოვრება და როგორსაც ხედავენ ისინი ცხოვრებას.
სცენური სივრცე და საერთო ატმოსფერო საზოგადოების ჩაკეტილობის, გარესამყაროსგან მოწყვეტის მეტყველი მეტაფორაა. ყველაფერი ჩარაზულია. ყველაფერი, ფაქტობრივად, ამ სივრცით ისაზღვრება და თუ სადმე რამე ან ვინმე კიდევ არსებობს, ეფემერულია. ილუზიაა, რომელზეც უკვე ოცნებაც კი შეუძლებელია. ყველა გზა მოჭრილია და ყველა გასასვლელი - ამოქოლილი. ლინეინს მიღმა თითქოს აღარაფერია, თითქოს მხოლოდ წარმოსახვასა და სურვილებშია ადგილდამკვიდრებული და თამაშს ემსგავსება, რომელსაც სასიკეთო და საიმედო დასასრული არ უჩანს. ერთადერთი ნათელი და საიმედო ლაქა წითელი კარია, რომელზეც ბოქლომი ჯერ არ დაუდიათ.
სპექტაკლში არ კონკრეტდება დრო. დღეს ღამე ცვლის. დღეებს - დღეები. ღამეებს ისევ ღამეები. მაგრამ რამდენი და რამდენად რეალურ განზომილებებში არსებულია ეს დღეები და ღამეები?! კონკრეტული შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც წარსულში მოხდა და შეიძლება, ამბის ბოლოც. აწმყო, მოვლენების მოქმედების ხანგრძლივობა ან დისტანცია მოვლენებს შორის თითქოს წაშლილია და ეპიზოდები „გამყოფი“ ხაზების გარეშე იცვლებიან.
ახალგაზრდა, მოხდენილი, მშვენიერი მორინ ფოლანი - ანი იმნაძის შესრულებით - მრავალსახა და სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში მყოფი, მერყევი ბუნებისა და სურვილების მქონე ქალია, ერთი განწყობიდან მეორეში მკვეთრი „მოძრაობით“ გადადის, სახეს იცვლის, ზედმიწევნით არეკლავს, რაც მის თავს ხდება და იმის დამღას ატარებს, რაც წარსულში მოხდა; სექსუალურობის, ვნების, განცდების, კომპლექსების, გაუბედაობის ფარული და ხაზგასმული, აშკარა დემონსტრირებით გამოირჩევა - პატოსთან (ერთადერთ მამაკაცთან ცხოვრებაში - როგორც ქალისა და არა მხოლოდ, ინტერესის ობიექტთან) ურთიერთობისას და უხეში, მორჩილი, გაუწონასწორებელი, მზრუნველი და მოძალადეა - დედასთან - მეგთან. მისი შვილიცაა და დედაც. მსხვერპლიცაა და მოძალადეც.
მორინის განწყობაზე, მოვლენების აღქმაზე, ფიქრებზე, სურვილებზე, დამოკიდებულებების ცვალებადობაზე, მიუღწეველი მიზნებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და მათ შედეგებზეა აწყობილი მთელი სპექტაკლი. მისი არა მხოლოდ ემოციური თუ იდეური, სტრუქტურული ხაზიც.
ქეთო ცხაკაიას მეგ ფოლანს - სხეულის გროტესკული და ხაზგასმით უტრირებული ფორმებითა და ამ მდგომარეობით გამოწვეული მძიმე, ტლანქი, მოუქნელი მოძრაობით, ექსპრესიითა და სახასიათო ნიუანსებით - დრამის საერთო კალაპოტში განსხვავებული ნაკადი შეაქვს. კოსტუმების მხატვრებმა - გვანცა ჯავახიშვილმა და სანდრო მარგველაშვილმა - არა მარტო მისი კოსტუმი შექმნეს ჭარბწონიანობის ეფექტის მისაღწევად, არამედ კოსტუმით შექმნეს მეგის სხეული - როგორც მეტაფორა. გადაადგილების შეზღუდულობა, ამ შემთხვევაში, გარემოსა და შინაგანი ჩაკეტილობის სიაშკარავესაც გამოხატავს.
მეგ ჭირვეული, აგრესიული, საწყალი, მზაკვარი, შემტევი, კომიკურიც კი, და სინამდვილეში, შვილივით მიუსაფარია. გამქრალი აქვს ცხოვრების ინტერსი და მხოლოდ არსებობს. არაფრისკეთებაში, ტელევიზორში სერიალების ყურებასა და ახალგაზრდობისდროინდელი სიმღერების მოსმენითა და მათზე აყოლილი ცეკვით (ეს სიმღერები და ზოგადად, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, მუსიკალურ არეალში მხატვრული გააზრებით შეფუთვა ნიკა კოხრეიძეს ეკუთვნის; პლასტიკა და ქორეოგრაფია - გიორგი ტიელიძეს) და ხარბად, ზოჯერ, ძალით ჭამაში გაჰყავს დრო და მარტო დარჩენისა და ასეთ შემთხვევაში, მიუსაფართა სახლში მოხვედრის ეშინია. მანიპულირებს და აშანტაჟებს მორინს, რომელსაც, თვითონაც მანიპულირებისა და გავლენის მცდელობები აქვს, სხვა განუსაზღვრელ სურვილებთან ერთად.
ქეთო ცხაკაია გრძნობებისა და ხასიათის შტრიხების სიუხვით „მანიპულირებს“, არა მხოლოდ მორინისა თუ პატოსა და რეის მოტყუებას, შეცდომაში შეყვანასა და მომგებიანი ნიღბით წარდგომას ცდილობს, მაყურებელთანაც თვალთმაქცობს, მასაც „ეთამაშება“ და თავგზას უბნევს, თანაგრძნობის „გამოსაწვევად“.
მორინის აუხდენელი ოცნების, სურვილის „ბუნდოვანი“ ობიექტი - პატო დული - ირაკლი ჩხიკვაძე - ზღაპრული უფლისწულივითაა, მოხდენილი, გალანტური, დახვეწილი მანერებითა და „სხვა“ ცხოვრების არსებობის ნიშნების მატარებელი. მირაჟივით, რომელიც მორინს ევლინება, წარსულს ახსენებს და უაქტიურებს, უღვიძებს გრძნობებსაც და სურვილებსაც (ისე, რომ თვითონ წონასწორობასა და სიმშვიდეს არასდროს კარგავს), აწმყოს ამგვარობას აფიქსირებს და აუხდენელ ოცნებასა თუ ფუჭი იმედივით, ისევ ქრება. თუმცა, ბნელ და პირქუშ სამყაროში ნათელი მაინც შეაქვს და გარკვეულ გზავნილებსაც უშვებს იმ ადამიანებისკენაც, რომლებიც მოვლენების უშუალო მონაწილეები არც არიან.
სწორედ ის უწოდებს მორინს - ლინეინის სილამაზის დედოფალს (გულწრფელად თუ ფლირტის „წესის“ მიხედვით, სინამდვილში, თუ მორინის ფიქრებსა თუ მატერიალიზებულ სურვილებში) და გრძნობების ნამდვილი თუ მოჩვენებითი გახსნილობით, თავისი მიმზიდველობის ტყვეობაში აქცევს. მაშინაც კი, როდესაც „თამაშგარეა“, როდესაც ლინეინში უკვე ფიზკურად აღარაა და ავანსცენაზე მდგომი, თვითონვე კითხულობს მორინისთვის მიწერილ, ან ქალის წარმოსახვაში და მისივე წარმოსახვით დაწერილ წერილს - იდუმალებას არ კარგავს და ამგვარი სახეცვლის ურთულეს ზღვარზე ბალანსირებს.
და კიდევ ერთი პერსონაჟი - პატოს ძმა - რეი დული - ნიკა ჯაფარიძის განსახიერებით - შეზღუდული აზროვნებითა და გონებრივი შესაძლებლებებით, უნარშეფერხებული და უპასუხისმგებლო, უნებისყოფო ახალგაზრდა და ალბათ, ლინეინის ისეთივე ტიპური მკვიდრი, როგორც ყველა ის დანარჩენი, რომლებსაც ვერ ვხედავთ.
რეი დულის სულ რამდენიმე და პატარა სცენა აქვს, მაგრამ მორინის პრობლემის ერთ-ერთ გამომწვევად, მეგის გეგმაში, სწორედ თავისი (როგორც ბევრის) უუნარობის, გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო, ერთ-ერთ „მთავარ“ დამნაშავედ იქცევა. ახალგაზრდა მსახიობი ქეთო ცხაკაიას, ანი იმნაძისა და ირაკლი ჩხიკვაძის დარად, რეის მოცულობით და არაზედაპირულ სახეს ზუსტად მოძებნილი და მკვეთრად გამოხატული ხერხებით, თავისუფალი, არაერთგვარი და განსხვავებული მანერით ქმნის.
დავით თარბას „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ თითქოს მათი - ოთხი მოქმედი გმირის „პირადი“ ამბავია (აღვნიშნავ, რომ სწორედ ამ პროცესში და სპექტაკლის კონცეფციის, მხატვრული ჩანაფიქრის მიხედვით, რეჟისორი განსაკუთრებულ ფუნქციასა და დატვირთვას მსახიობებსა და მათ ნამუშევარს ანიჭებს), მაგრამ რეალურად სპექტაკლი ყველაზეა, დედა-შვილზეც, ძმებზეც, ლინეინის მცხოვრებლებზეც და სხბებზეც; ზოგადად ირლანდიაზე და ირლანდილებზეც: თითოეულ ჩვენგანზე, ზოგადად, საქართველოზეც და ქართველებზეც.
დავით თარბას სპექტაკლი ძალადობაზე და უსიყვარულობაზეა. იმაზე, თუ რატომ იშლება ურთიერთობები, როგორც დაძველებული სახლები; იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ერთი ადამიანი ან საზოგადოების ერთი ნაწილი მეორის ჩაგვრას ცდილობს და ჩაგრავს; იმაზე, თუ, სადაა გამოსავალი, როდესაც გამოსავალი არ არსებობს და რა აქცევს ადამიანს მოძალადედ ან მსხვერპლად; იმაზე, თუ რა ელით ადამიანებს, როდესაც საკუთარ სახლში, საკუთარ ჭერქვეშ, სამშობლოში აღარ დაედგომებათ, რადგან იქ (სამშობლოში) მათი არსებობის შესაძლებლობა და მათი ადგილ აღარაა, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა საზოგადოებრივი, შეიძლება, პოლიტიკური ვითარებიდანაც გამომდინარე.
Sic. პიროვნების ბედის, სამყაროში მისი ადგილისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების გარდა, მარტინ მაკდონას შემოქმედებაში ქვეყნის დამოუკიდებლობის პრობლემები, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული „იზოლირება“, ადამიანების ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია, სოციალური, პოლიტიკური თუ სხვა გლობალური პრობლემების კვლევა-შეფასება განსაკუთრებული და დაჟინებული მზერით მიზანში ამოღებული, გამჭოლი თემებია.
ჟან-პოლ სარტრის მიხედვით, გაქცევა საკუთარი საპყრობილედან შეუძლებელია. ამისთვის მორინიც თავიდანვე ისევე განწირულია, როგორც მეგი და როგორც ყველა, ვინც ამ (თუ სხვა მსგავს) ქალაქში/ქვეყანაში ცხოვრობს. პრობლემა არა მხოლოდ ამ ჩაკეტილ, როგორც იტყვიან, ღვთისგან მივიწყებულ და განწირულ ქალაქში ცხოვრებაა, არამედ საშიშროება, რომელიც ფიზიკურად ძლიერი, მანიპულატორი მოძალადეებისგან მოდის, რომლებიც საკუთარი წესების, კანონებისა და სურვილების დამტკიცებასა და გამყარებას ცდილობენ და დაუმორჩილებელ ადამიანებს ფიზიკური და მორალური განადგურებით ემუქრებიან.
სამყაროს ჩაკეტილობისა და ადამიანის, საზოგადოების შინაგანი ტყვეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი კი, სხვაგან წასვლა - გაქცევა ან შეუგუებლობაა, დაუმორჩილებლობა და არა უმოქმედობა. სწორედ მდგომარეობის გამოუვალობა, ნებისა და ქმედების თავისუფლების შეზღუდვა იწვევს წინააღმდეგობას. ძალადობა ქმნის კონფლიქტსაც და მის ტრაგიკულ შედეგსაც განაპირობებს. ამის საპირისპიროდ და წინააღმდეგ კი, მაინც ყოველთვის და ყველა დროში არსებობს წითელი კარი და არსებობს საზოგადოება, რომელიც არა კარის ჩარაზვის, არამედ მისი ფართოდ გაღების მოლოდინშია.