Merde!
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნუცა კობაიძე
Merde!
„და რომ შეგვეძლოს თავიდან მოვიშოროთ ბელეტაჟის ლოჟები, თავისი ირონიულად მოღიმარი ქალბატონებითა და ბატონებით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინმე რომ ჩვენს განკარგულებაში პატარა დარბაზს და პატარა სცენას გადმოგვცემდეს, მაშინ ალბათ დაიბადებოდა ახალი დრამატურგია, ყოველ შემთხვევაში თეატრი ისევ იქცეოდა ფიქრისა და თანაგრძნობის ადგილად. ასეთი თეატრის მოლოდინში კი... მე ვცადე, და თუ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, კიდე ვცადოთ“ - ათონელის თეატრის ფოიეში სწორედ ეს ჩანაწერი (სტრინდბერგის წინასიტყვაობიდან) მეორდება რამდენჯერმე შემზარავი ხმაურის ფონზე. ის გვამზადებს სპექტაკლისთვის და გარკვეულ აურას ქმნის დარბაზში შესვლამდე.
„წარმოიდგინეთ თევზი, რომელიც ცხოვრობს აკვარიუმში და რომლისთვისაც მისი სამყარო უსასრულოა, რადგან აკვარიუმის კედლები ირეკლავენ წყლის გამოსახულებას და ქმნიან უსასრულობის ილუზიას. ადამიანის ხედვა ვითომ უსასრულოა, თუმცა სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სრულიად შემოსაზღვრულია, მიუხედავად იმისა, რომ ამ საზღვრებს ჩვენ ვერ აღვიქვამთ, რადგან მთლიანად ვენდობით თვალს“. (მერაბ მამარდაშვილი, ფილოსოფიის შესავლები). სოფო ქელბაქიანის სპექტაკლი „ფრეკენ ჟული“ აგებულია ამ აქტის ირგვლივ. რეჟისორი სწორედ ამიტომ ანაცვლებს მთავარი გმირის საყვარელ ჭივჭავს თევზით, რომელიც წყლიდან ამოჰყავთ და თავს აჭრიან. სცენის სიღრმეში ხელმარცხნივ მდგარი მთავარი დეკორაცია დიდი აკვარიუმის ილუზიას ქმნის, სადაც პერიოდულად შედიან მსახიობები. ამ აკვარიუმში მოთავსებული წყლის მცენარეები კი ჭაობიან გარემოზე მიგვითითებს.
სიმღერას აგრესიული, უხამსი ტექსტით (Tetenoise), რეჟისორი ორჯერ იყენებს სპექტაკლში: დასაწყისში და ფინალში, როცა ვენებგადაჭრილი ჟული სისხლის გუბეში წევს. ამით თითქოს გვეუბნება, რომ თუ არ გვესმის განვითარებული ამბის სირთულე ეს უკვე ჩვენი პრობლემაა და არა მისი. მცდელობა თუ წარუმატებელი აღმოჩნდა ისევ სცდის. რეჟისორი ან პასუხისმგებლობას ირიდებს, ან უბრალოდ სათავისოდ კარგად იყენებს ავგუსტ სტრინდბერრგის ამ იდეას. მცდელობამ, ვფიქრობ, გაამართლა.
დრამატურგისთვის მიუღებელია ზედმეტი, არაფრის მომცემი დეკორაცია, რომელიც ცარიელი ბუტაფორიაა. მისი აზრით მაყურებლისთვის ისიც საკმარისია, რომ მსახიობს უნდა დაუჯეროს და არ არის საჭირო დახატული კედლებით მოტყუება. სოფიო ქელბაქიანის, რომელიც ამავე დროს სცენოგრაფიცაა, დეკორაცია თითქოს გადატვირთულია, თუმცა არა უსაფუძვლოდ: ბავშვობის ტრავმასთან ასოცირებული ცეცხლწაკიდებული ხალიჩა, რომელზეც ტყე და თევზებია გამოსახული; სარკეზე მიხატული ხელის მტევანი ცეცხლის ალით; ორიგინალური ჭურჭლის ნიჟარა, რომელშიც წყალი მთელი სპექტაკლის მანძილზე უწყვეტად ჩაედინება და ხანძრის ხმის იმიტაციასაც ქმნის; კალათში ჩაწყობილი ფორთოხლები, რომელიც იმ ტბაზე მოდის საითკენაც მიილტვის ფრეკენი. ფორთოხალი ამ შემთხვევაში სიმბოლოა აუხდენელი ოცნების - „იქ ფორთოხლები და დაფნა იზრდება, ორივე მარადმწვანეა“. ჭურჭელი ნამდვილია, საჭმელი ნამდვილად მზადდება, პერსონაჟები ნამდვილად ჭამენ და სვამენ. ასე რომ სტრინდბერგის ერთ-ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
პარიკის მორგებით მსახიობი თაკი მუმლაძე (მოახლე კრისტინი) გარდაისახება სტრინდბერგად და გვესაუბრება „ფრენეკ ჟულის“ წინასიტყვაობაზე (ფოიედან რომ დაიწყო). ამ ხერხს რეჟისორი რამდენჯერმე იყენებს. კრისტინი პიესაში ერთადერთი გმირია, რომელიც მორალს გვიკითხავს - დაბრმავებული მრევლის კრებითი სახეა, ვერ გაუგია რწმენის არსი: „ღმერთი არ გამოარჩევს ცალკეულ ადამიანებს, არამედ გვასწავლის, რომ უკანასკნელნი იქნებიან პირველნი“ - ამ შთაგონებით საზრდოობს. ქალს წინსაფრის ქვეშ შავი გამომწვევი კაბა აცვია, რითაც თავს იწონებს ლაქია ჟანთან (ირაკლი გოგოლაძე). მსახიობი წინასწარ შეფასებას აკეთებს სანამ დაინახავს არეულ ოთახს. დღეს, რატომღაც პრობლემაა პარტნიორის მოსმენა, გარემოს დროული, ადეკვატური აღქმა. ვფიქრობ, ამის მოგვარება მარტივია, მსახიობმა უნდა დაივიწყოს რა ელოდება წინ და ბუნებრივად გაჰყვეს თავის პერსონაჟს. კრისტინი შედის აკვარიუმში და როგორც თევზი ისე იძინებს (დაწოლის გარეშე). ამ სასცენო მეტაფორით ვუბრუნდებით მამარდაშვილის თეორიას - თევზი სადაც გაიხედავს ყველგან წყალია. ჩვენც ასე ვართ, სადაც არ უნდა გავიხედოთ, მარტო იმის დანახვა შეგვიძლია რასაც თვალი სწვდება.
ირაკლი გოგოლაძე (ლაქია ჟანი) სამსახიობო გამოცდილებით გამოირჩევა ახალგაზრდების ფონზე. მისი პერსონაჟის მთავარი მისწრაფებაა თავი დააღწიოს ლაქიობას და ოდესმე გაუთანაბრდეს გრაფს, რომელიც ერთადერთია, ვინც ახსენებს თავის წარმომავლობას და მოვალეობებს. პროვინციალიზმზე ბრძოლით პერსონაჟი გაურბის თავის პროვინციელობას. მას იდეალურად აქვს შესწავლილი ქცევები - თუ გრაფის ქალიშვილი თავისუფლად სვამს ლუდს, ლაქია ბურგუნდიულ ღვინოს გეახლებათ და მხოლოდ ჟულის დიდი თხოვნის შემდეგ, ვისკისავით ასხამს კათხაში ლუდს, ცოტას მოწრუპავს და უკან დგამს; თუ ფრეკენი ხელით, გლეხურად ჭამს საჭმელს, ჟანი დახვეწილად ხმარობს დანა-ჩანგალს. კომპლექსები იძულებულს ხდის ჰქონდეს მოკრძალებული მანერები, როგორც არისტოკრატებს შეეფერებათ. ის არ უყადრებს თავს თავისი წრის წარმომადგენლებს. აქ უკვე უცხოა და ეშინია გარემოსი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ამხილოს. ისტერიკაში ჩავარდნილი ფრეკენს უხსნის, რომ აუცილებლად წინ წავა ცხოვრებაში. სექსის შემდეგ მისი დამოკიდებულება ქალის მიმართ უფრო აგდებული ხდება - „მსახურის ბოზო, ლაქიას საყვარელო, ენა ჩაიგდე და აქედან გაეთრიე!“. ძირს დაცემულ ფრეკენს ხურდებს აყრის ზედ. ეს ის გასამრჯელოა პირველი ღამისთვის რომ დაიმსახურა - „თურმე ქვემოთ მყოფებს რაც ბრწყინვალედ გვეჩვენებოდა, ოქრო სულაც არ ყოფილა...“ ფრეკენი არ ტირის, ანასტასია ჭანტურაიას პერსონაჟს აქ სიმწრის ცრემლები მოსდის.
ფრეკენ ჟულის ტრაგიკული ხვედრი მთელი რიგი გარემოებებითაა განპირობებული. ის ატარებს მძიმე მემკვიდრეობას მშობლებისგან, განსაკუთრებით კი დედისგან, რომელმაც თავის დროზე უარყო მამაკაცი და შვილის აღზრდაშიც მკვეთრად გამოჩნდა ეს სიძულვილი. ფრეკენ ჟული ფაქტობრივად უსქესო ქმნილებად იქცა, რაც რეჟისორმა მის პლებეურ გარეგნობაში გამოხატა. მოკლე პარიკი, რომელიც ბუნებრივად გამოიყურება სცენიდან (რაც იშვიათია და დასაფასებელი); მოტკეცილი შარვალი და შიგ ჩატანებული პერანგი; ფერმერის ჩექმები - ჩაცმულობა მსახიობს ეხმარება როლის გათავისებაში. ანასტასია ჭანტურაია სცენაზე დააბიჯებს ისე, თითქოს მამაკაცი იყოს, რომელსაც Cowboy-ს ცხოვრება უფრო იზიდავს ვიდრე გრაფის ქალიშვილის. თავიდან მისი გამოჩენა გვაბნევს, თითქოს კონტექსტიდან ამოვარდნილია, თუმცა თანდათან სცენური სახე იძერწება ჩვენს თვალწინ და ვხვდებით რეჟისორის ჩანაფიქრსაც და მსახიობის ოსტატობასაც. არ შეიძლება არ აღინიშნოს სპექტაკლის ყველაზე ემოციური და შთამბეჭდავი მიზანსცენა, როდესაც ჟანი ფრეკენისვე თხოვნით თავს წააცლის ქალის ერთადერთ მეგობარს (მას შემდეგ რაც ძუკნა დიანა უღალატებს) - თევზს. ფრეკენ ჟული შარვლიდან ამოღებულ, მენსტრუაციით დასვრილ ხელს ჯერ თევზს, მერე კი ჟანს უსვამს სახეზე. ამით ჩაგრავს მამაკაცს და ხაზს უსვამს მის უპირატესობას. ფრეკენი დასცინის მამას, რომელმაც ვერ შეძლო თავის მოკვლა და სანაცვლოდ გატეხილი ბოთლით თვითონ იჭრის ვენებს. სასოწარკვეთილი ჟანი შიშველი ხელებით ცდილობს აწმინდოს სისხლის გუბე, სულ ახლახანს ხომ გრაფი ჩამოვიდა სასახლეში. ასეთი ფინალი რეჟისორის გადაწყვეტაა. დრამატურგისგან განსხვავებით ის არ გვიტოვებს კითხვის ნიშნებს ფრეკენის მომავალზე.
„თევზი უსასრულოდ ხედავს წყალს და უცებ აკვარიუმში ეშვება ხელი (მეტეორი სხვა სამყაროდან) და ეს საცოდავი თევზი, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა უსასრულობის ილუზიაში, ამოჰყავთ აკვარიუმიდან“- მერაბ მამარდაშვილი
ბოლო პერიოდში თეატრმა ათონელზე თბილისის მაყურებელს ახალგაზრდა რეჟისორების მიერ შექმნილი საინტერესო სპექტაკლები შესთავაზა. დამოუკიდებელი თეატრისთვის, რომლისთვისაც უფრო რთულია არსებობა გმირობის ტოლფასია ასეთი რეპერტუარის ქონა.