top of page

მესხეთი 2023

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

347587166_973945246972347_4258144142701227121_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

მესხეთი 2023

 

მესხეთის „ქართული დრამატურგიის ეროვნული საერთაშორისო ფესტივალის გახსნის დღეს ახალციხეში შემოდგომის სუსხი დაგვხვდა. თითქოს ამინდი გაგვიბრაზდა ტრადიციულად სექტემბერში დაგეგმილი ფესტივალი მაისში რომ გადმოიტანეს. ამან თავისი გავლენა იქონია ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც გარე სივრცეში იყო მოწყობილი, ამიტომ სპექტაკლ „მაკნატუნას“ ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილი პატარა მსახიობები თეატრის თაღების ქვეშ განთავსდნენ და გახსნა მაინც საზეიმოდ წარიმართა. თარიღის შეცვლას თავისი საპატიო მიზეზი ჰქონდა, სულ მალე ამ თეატრში რეაბილიტაციის პროცესი იწყება და ალბათ მომავალი მერვე ფესტივალი განახლებულ თეატრში ჩატარდება. წლევანდელ ფესტივალი, გარდა აღნიშნული ცვლილებისა მთელი რიგი ახალი ამბებით აღინიშნა: მასში სახელმწიფო პროფესიული თეატრების გარდა მონაწილეობენ მუნიციპალური, სახალხო, კერძო და საზღვარგარეთული თეატრები, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ისეთი სტუმრებიც ეწვივნენ, რომლებიც არც თუ ხშირად დადიან საგასტროლოდ ამ რეგიონში: სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალური, ამბროლაურის მუნიციპალური სახალხო, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის მუნიციპალური და ილიაუნის თეატრები.

 

ნაჩვენები იყო თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“ (რეჟისორი ნატალია გალოგრე), თბილისის ვალერიან შალიკაშვილის სახ. პანტომიმის სახელმწიფო თეატრის „ნატვრის ხე“ (რეჟისორი დავით შალიკაშვილი, მუსიკალური გაფორმება და ცოცხალი შესრულება რომა რცხილაძე), სანდრო მრევლიშვილის სახ. პროფესიული მუნიციპალური თეატრის თამაზ მეტრეველის „სამშობლო“ (რეჟისორი გურამ ბერეკაშვილი), ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახ. პროფესიული თეატრის ნიკოლოზ წულუკიძის „სამხეცე“, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის ნინია სადღობელაშვილის „ხალდე“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის თ. ჭოლაძის „ლიბიდო“, კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“ (რეჟისორი ციცინო კობიაშვილი), თბილისის სანდრო ახმეტელის სახ. დრამატული თეატრის ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“ (რეჟისორი ოთარ ქათამაძე), გორის გიორგი ერისთავის სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის „მე მოვალ - სიზმარი“. ასევე პირველად ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის ფონდის და ფესტივალის ერთობლივი პროექტი - სემინარი ქართულ პიესებს შესახებ დრამატურგის თამარ ბართაიას, თეატროლოგების და მაყურებელთა მონაწილეობით.     

 

ტრადიციულად ფესტივალი გაიხსნა თავისუფალი თეატრით, რომელმაც ამჯერად წარმოადგინა ირაკლი სოლომონაშვილის „მხოლოდ ხუთი დღე“ რეჟისორ თომა ათანელიშვილის დადგმით. დიდხანს ვეძებე დამედგინა რომელ წელს დაწერა ავტორმა ეს პიესა, კინაღამ ირაკლის დავურეკე - ერთი რამ კი ცხადია, საკითხები და პრობლემები, რომლებსაც ეს სპექტაკლი ეხება იმდენად მოძველებულია, რომ თავი მეოცე საუკუნეში მეგონა, მაგრამ მთავარი მაინც ეს არაა, თვით წარმოდგენა წინა საუკუნეში დადგმულ სპექტაკლს ჩამოჰგავს და ძალიან სამწუხაროა რომ იგი თანამედროვე, ახალ თეატრალურ ფორმების გვერდით თანაარსებობს. ჩემს შეწუხებას იზიარებდა მაყურებელთა დარბაზი, მაგრამ აქაურ მაყურებელთა კულტურამ არ მისცა მათ უფლება ეს გამოეხატათ - ბოლომდე „გაუძლეს“ წარმოდგენას და ტაშითაც დააჯილდოებს საყვარელი თეატრის მსახიობები. და აქ ვფიქრობ მომავალი ფესტივალისთვის ხომ არ მივმართოთ უკვე აპრობირებულ მეთოდს, რითაც სარგებლობს მთელი რიგი ფესტივალები - პროგრამის შერჩევას სპეციალისტთა ჯგუფის მიერ. მეორე დღე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს დაეთმო - ბოლო სეზონების ყველაზე პოპულარული დრამატურგის დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერების“ კიდევ ახალ ვერსიას, რომლის რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი ელენე მაცხონაშვილია. მან სცენაზე პიესის ყველა პერსონაჟი გამოყვანა და დიდ გრძელ მაგიდასთან განათავსა - ბარბაქაძის ოჯახში ლხინია, ღვინის სმას და ნადიმს ირინეს ბედნიერება შეეწირება - „სხვა თვალით“ დანახულ ირინეს ნაბახუსევი აბესალომი (ლუკა ჯაფარიძე) თვალს დაადგამს და სურვილსაც მალე აისრულებს, რაოდენ დიდი პროტესტიც არ უნდა ჰქონდეს ვიქტორს (პაატა ინაური) მისი ასეთი სურვილის საწინააღმდეგოდ. ყველაფერი ამ გრძელი მაგიდის გარშემო და მაგიდაზე ხდება. ამ მაგიდაზე იბრძვიან აბესალომი და როდამიშვილი (ლუკა ჩიბუხაია), ამ მაგიდაზე დაჭრის ცოლს ქმარი, ამ მაგიდაზე იკლავს თავს ირინე. სუფრა და ლხინი განსდევს მოვლენებს, რომელიც ბარბაქაძეების და სალამთაძის სახლში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ერთდროულად პიესის ყველა პერსონაჟია, წარმოდგენა ძალიან სტატიკურია, პრაქტიკულად სხვადასხვა სცენებისგან აგებული. ამ გულგრილ საზოგადოებაში, სადაც ყველა მხოლოდ კარგად დანაყრებაზე და დროსტარებაზე ფიქრობს, მხოლოდ ერთი, ის ვისაც რაღაც აწუხებს და აღელვებს კერძოდ კი - ირინეს მომავალი, ვიქტორია. ვერც პავლე როდამაშვილი, ვერც სიბერისგან დაბრმავებული სამონ სალამთაძე (გია აბესალაშვილი) და ვერც ირინეს დედამთილი ეკა (მაია გელოვანი) - ვერ იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას. აქ ყველაფერს უზნეო და უსაქმური, ჯიუტი და ეჭვიანი აბესალო სალამთაძე განაგებს. რეჟისორმა თავისი ჩვეული ხერხი გამოიყენა - თოჯინა ირინე, რომელიც სპექტაკლის დასაწყისში ხელიდან ხელში გადააქვთ - ისევე როგორ ირინეს ბედ-იღბალი, ჯერ ფილიპე ბარბაქაძის ხელში რომ იყო, შემდგომ კი სალამთაძეების ოჯახში აღმოჩნდა. სიმბოლური დატვირთვა აქვს მარგალიტის გრძელ მძივსაც, რომელსაც ჯერ ხელის სათხოვნელად გამოიყენებენ, შემდგომ ეკას მოსართავი აქსესუარი ხდება და ბოლოს კი სწორედ ამ მძივით ჩამოიკიდებს თავს ირინე ამ გრძელ მაგიდაზე. მძიმეა ირინეს ბედი - ერთ დროს ხალისიანი, მოსიყვარულე და კეთილი ხანგრძლივი შეურაცხყოფის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება. „ჯერ კიდევ სიმხეცეში გვიდგას ფეხი“ - რამდენჯერმე იმეორებს ვიქტორი. ირინეს თვითმკვლელობაც რეჟისორის ჩანაფიქრია, თუ ადრე სხვა რეჟისორები მიუთითებდნენ მის „აღსასრულზე“ ელენე მაცხონაშვილმა წერტილი დაუსვა მის უბედურებას. პარალელისთვის ამ ფესტივალზე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის სპექტაკლში (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) დარისპანის სიკვდილით ამთავრებს წარმოდგენას - აქაც, ამ ინტერპრეტაციაში დარისპანის გაჭირვებასაც ამგვარად უსვამს წერტილს რეჟისორი. მთელ რიგ თეატრებში, არის სპექტაკლები მათი რეპერტუარიდან, რომელიც ერთგვარ „საფირმო“ ნიშნად იქცევა ხოლმე. მაგალითად „ბაკულას ღორები“ მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში, „აბესალომ და ეთერი“ ან „დაისი“ ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, „კავკასიური ცარცის წრე“ რუსთველის ეროვნულ თეატრში, ფოთის ვალერიან გუნიას სახ. პროფესიულ დრამატულ თეატრში იასმენე რიზას „ხრამუნა“ (რეჟისორი პაატა ციკოლია), რომლებიც როდესაც არ უნდა აჩვენო მაყურებელს გარანტირებულია, არ ძველდება. მესხეთის თეატრისთვის ამ ეტაპზე ასეთად იქცა შადიმან შამანაძის „ღია შუშაბანდი“ (რეჟისორი კახა გოგიძე), რომელიც უცვლელი შემადგენლობით უკვე მესამე წელია ამ თეატრის რეპერტუარშია.

 

ფესტივალის მესვეურებმა ეს წარმოდგენა კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ ჩართეს პროგრამაში. უნდა ითქვას, რომ რამდენიმეჯერ ნანახი სპექტაკლი დღესაც ისევე აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში, როგორც თავიდან. რეჟისორმა კახა გოგიძემ შადიმან შამანაძის პიესას მეტი იუმორი დაუმატა, ეს მძიმე ამბავი შედარებით გაამარტივა და ამით ცალსახად მოიგო. მიუხედავად მძიმე დასასრულისა, თვით მთავარი გმირის დავით კაკაბაძის სიკვდილიც (რომელიც სცენის მიღმა ხდება) აღიქმება, როგორ თაობათა შორის დაპირისპირების ერთგვარი ლოგიკური ფინალი და გამოსავალი. ბოლო ტრაგიკულია თუმცა ოპტიმისტური.

 

ახალციხელ სომეხი ეროვნების მაყურებელს ფესტივალმა სიურპრიზი მოუმზადა - მათ სტუმრად ეწვიათ პეტროს ადამიანის სახ. სომხური დრამატული პროფესიული თეატრი თამარ ბართაიას პიესით „მთავარი როლი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), რომელიც მათ მშობლიურ ენაზე გათამაშდა. ნიჭიერი და პროფესიონალი მსახიობების მიერ (დავით ბარსეგიანი, სნეჟანა იაგუბოვა, მარტა ოთაროვა, გლორია გეორგიანი, არტურ გასპარიანი) იუმორით გაჯერებულმა წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. შემდეგი სტუმარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტთან არსებული სახალხო თეატრი გახლდათ მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმული სპექტაკლით თამარ ფხაკაძის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, სადაც მოყვარულ მსახიობებთან ერთად ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის მსახიობები გიორგი გლოველი და ნანუკა ისიანიც მონაწილეობდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ მოყვარულთა თეატრის (სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ დაუშვილი) მსახიობებმა მართლაც რომ ტოლი არ დაუდეს პროფესიონალ მსახიობებს. ეს სპექტაკლი იყო ერთ-ერთი ემოციური, სევდიანი, ტრაგიკული ფინალით გათამაშებული წარმოდგენა შესრულებული მაღალ არტისტულ დონეზე, რაც თავისთავად დიდი გამოცდილების რეჟისორის მამუკა ცერცვაძის დამსახურებაა, რეჟისორის, რომელსაც რეგიონის თეატრებში უამრავი სპექტაკლები აქვს დადგმული.

უაღრესად საინტერესო სპექტაკლით ჩამოვიდა მესხეთში რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახ. მუნიციპალური თეატრი ზურაბ ანტონოვის კომედიით „მზისა დაბნელება საქართველოში“ (რეჟისორი გიორგი ქანთარია), რომელმაც მუსიკალური კომედიის ფორმა აირჩია, სადაც მსახიობი ცოცხალი შესრულებით ასრულებენ მუსიკალურ კუპლეტებს (კომპოზიტორი დავით მალაზონია). მუდმივ კამათსა და ერთმანეთის წყევლაში არიან დედამთილი (მარიამ კვიტაშვილი) და რძალი (ნათია არობელიძე), წამყვანები სოსო ელიზბარაშვილი და თეა შერვაშიძე და სიმონიკა (ნიკა ჩხაიძე) - მოუსვენარი ახალგაზრდა მოსამსახურე დასის სხვა წევრებთან ერთად გვთავაზობენ ამ პიესის ახალ ვერსიას ინტრიგებისა და მოლოდინებს საქართველოში მზის დაბნელების მოლოდინში.

 

გოჩა კაპანაძის დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ უკვე მეორე სპექტაკლია ამ პიესაზე დადგმული ილიაუნის თეატრის შემდეგ. ფესტივალი საშუალებას იძლევა გაკეთდეს ერთგვარი შედარებითი ანალიზი ამ ორ სცენურ ნაწარმოებს შორის: თუ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში წინა პლანზე წამოწეულია მართა ქვიტირიძე (ლილი ხურითი) თავისი ენერგიული, ძლიერი ხასიათით და მიზანდასახულობით, ჭიათურელთა წარმოდგენაში ჩვენ ვაკვირდებით დარისპანის ტრაგედიას, რომელიც მისი სიკვდილითაც კი მთავრდება. ილიაუნის თეატრში ცეკვა-თამაშში ყველა მონაწილეობს, ოსიკო, ორივე ქალიშვილი და პელაგიაც კი, სადაც დოლის რიტმს, პლასტიკას სიმბოლური დატვირთვა აქვს, გოჩა კაპანაძემ ცეკვის სცენა საერთოდ ამოიღო - კაროჟნა (მარიამ გაბაძე) და ნატალის (სოფო გოგოლაძე) მხოლოდ ციდან ჩამოშვებული საქორწინო კაბის ირგვლივ ტრიალებენ და მათი ეს „წარმოსახვითი“ წინასაქორწინო სამზადისი მხოლოდ ზმანებად და ოცნება რჩება, რომელიც სულ მალე ისევ ზეცაში აფრინდება, როგორც მათი არშემდგარი ოცნება. საბა ასლამაზიშვილი სცენაზე (ბარბარა ასლამაზი) მხოლოდ კიბეს და ფერად-ფერად ბალიშებს ათავსებს, სამაგიეროდ ჭიათურის თეატრის წარმოდგენაში გარემო ძალიან ფერადოვანი და ბევრის მთქმელია (სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე): მარჯვნივ კედელზე ორი ქალიშვილს პორტრეტია, იმ ეპოქის კოსტიუმებსა და ვარცხნილობაში, მარცხნივ კი მხატვრული კოლაჟი ახელილი თვალით, რომელიც შორიდან აკვირდება ყველას - სცენაზე მდგომებს და მაყურებელთა დარბაზში მსხდომებს. რეჟისორები მხოლოდ ერთ რამეში ემსგავსებიან ერთმანეთს - თითქოს პირი შეკრესო, ესაა პელაგია მიმართვა ეგრეთწოდებულ „კნინობითი“ ფორმით - პ ე ლ ა გ ე ა რაც სულაც არაა ავტორისეული და გარკვეულ ასოციაციებს იწვევს - გეა - დედამიწა, ღვთაება თუ სხვა რაიმე, ზოგჯერ ასე მიმართავენ ამ პერსონაჟს ორივე სპექტაკლში. „ხრამუნა“ ვახსენე ზემოთ და ჩემს მიერ სხვაგან უკვე გამოქვეყნებულ მოსაზრებების ამონარიდს მოვიხმობ აქ:

 

დამდგმელმა კოლექტივმა (ადაპტაციის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი პაატა ციკოლია, სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე) სცენაზე ინტიმური - ძალიან ოჯახური გარემო შექმნეს. მხოლოდ ორი დიდი სავარძელი, ჟურნალების მაგიდა, ვაზა დიდი ფოთლებით, რომელიც ხშირად ხელსაც უშლის პირისპირ მჯდომ პერსონაჟებს ერთმანეთის სახის დანახვაში (ერთგვარი რეჟისორი სვლა - სიმბოლური ბარიერი დასტური იმისა, რომ ამ პერსონაჟებს შორის კომუნიკაცია ჭირს, სხვადასხვა მენტალიტეტის ადამიანები სხედან ერთმანეთის პირისპირ და „მოლაპარაკება“ შედეგს ვერ გამოიღებს). სპექტაკლში ოთხი პერსონაჟია: - მშობელთა ორი წყვილი: ელენე (ნინო პაჭკორია) - ვახტანგი (ჯანო იზორია); ნესტანი (მარიკა ბუკია) - თამაზი (გიორგი სურმავა). ფაქტობრივად შვილთა შესარიგებლად შეკრებილი ოჯახები ერთმანეთს შორის საერთო ენას ვარ ნახულობენ, უფრო მეტიც ირკვევა, რომ არც ერთ ცოლ-ქმარს არ ადარდებს ურთიერთის ბედი და მეუღლეები იშვიათად თუ იზიარებენ ერთი და იმავე აზრს. დროდადრო, კამათისას წარმოშობილი სხვადასხვა თემების შესაბამისად ეს ოთხი ადამიანი სხვადასხვა წყვილად ერთიანდებიან, ერთ სავარძელში თავსდებიან და მოპირდაპირე მხარეს ცხარედ უმტკიცებენ საკუთარ სიმართლეს - ხან მამაკაცები ქალების წინააღმდეგ, ან პირიქით, ხან შერეულ, პატივმოყვარე წყვილებად სხდებიან, მაგალითად თამაზი და ელენე. მასპინძელ ოჯახში ელენე ბატონობს. ის აქ ინტელექტიცაა, ბავშვის აღმზრდელიც, გადაწყვეტილებების მიმღებიც, მაგრამ ამავდროულად ნერვიული, კატეგორიული, თანამიმდევრული, დემაგოგიური თვისებებით. მისი მეუღლე ვახტანგი გახსნილი, ლაღი, მიმტევებელი, კარგი იუმორის პატრონია, შემრიგებელი, მაგრამ დაჩაგრული და პატივაყრილი ძლიერი მეუღლის „ძალადობრივი “ ქცევებით. ნესტანი ელენესავით ბავშვის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობს, რასაც ვერ ვიტყვით მის მეუღლეზე. იგი მორიდებული, დამთმობი და გაწონასწორებულია, შეძლებისდაგვარად იმორჩილებს ემოციებს, მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში კარგავს თავშეკავებულობას, მეუღლისგან დაჩაგრული პიროვნებაა. თამაზი - ოჯახის მარჩენალი, საეჭვო კომერციული ქმედებებითა დაკავებული, გამუდმებით საქმეშია ჩართული, ამიტომაც ცხოვრების დიდ ნაწილს ტელეფონზე საუბარსა და ბრძანებების გაცემაში ატარებს, ემოციურია, პატივმოყვარე, საკმაოდ ცინიკოსი და უხეში ადამიანებთან ურთიერთობაში, ირკვევა ასევე რომ მეუღლის მიმართ ერთგულებით არ გამოირჩევა. რეჟისორმა საფრანგეთში მომხდარი ამბავი უბრალოდ კი არ გადაიტანა ფოთში, არამედ შეძლო შეექმნა დღევანდელი ქართული ურთიერთობის სრულყოფილი სურათი, არა მხოლოდ ქართული ოჯახის, არამედ მთელი დღევანდელი ქართული საზოგადოების სახე. ეს პერსონაჟები სულით ხორცამდე ქართველები არიან თავის კულტურით, , მისწრაფებებით, აზროვნებით, მერყეობით, ზოგჯერ უზნეობით და უხეშობით და გადაწყვეტილებების მიღებით, ანუ ზოგადად ქართული ქცევის წესებით. ამ ოთხი პერსონაჟის გაერთიანებით მივიღებთ თანამედროვე ქართველის ფსიქოლოგიას - კომერციისა და ადვილად ფულის კეთებისკენ მისწრაფებას (თამაზი, ვახო), იაფ პოპულიზმს (ელენეს პოეტობა), ფარისევლობას, დესპოტიზმსა და ლტოლვას დიქტატურისკენ, მონობას და შემგუებლობას, ძველბიჭური თუ „ქურდული მენტალიტეტისადმი“ ნოსტალგიას, ერთმანეთის გაუტანლობასა და ღალატს. რეჟისორის მიერ შერჩეული მსახიობები თავის პროფესიონალიზმით, ნიჭისა და შესანიშნავი შესრულებით საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ ყოველივე ეს, ჩავიხედოთ თითოეული მათგანის სულში, ვეძიოთ მასში უკეთესი და დავგმოთ უარყოფითი. სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრმა ახალციხელ მაყურებელს. ეს საერთაშორისო პროგრამის პირველი წარმოდგენა იყო: მატეი ვიცნიცის „ვეძებთ მოხუც კლოუნს“ (რეჟისორი მურად ქიდამლი), რომელიც ასევე ერთ-ერთი ფერადოვანი, სახალისო და მხიარული სპექტაკლი აღმოჩნდა, მიუხედავად მისი ტრაგიკული ფინალისა. მოხუცი კლოუნები (მუფამედ აიმაზი, მუსტაფა კეიჰუნი, ერქან კილიქარსლანი) საკუთარ დრამას ძალიან ორგანულად გაითამაშებენ, ტრიუკებით, ოხუნჯობით, ურთიერთ გათამაშებით, ფოკუსებით. სამივე ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს, თან მეგობრობენ, თან პროფესიის შესაბამისად ხან მეტოქეობენ. ლუკმა-პურის, სამუშაოს ძებნაში და თავის გადარჩენისთვის მაინც უწევთ ბრძოლაში ჩაბმა, რომ დაამტკიცონ საკუთარი უპირატესობა სხვასთან შედარებით. სათამაშო ასპარეზი ერთგვარ საცირკო არენას წარმოადგენს, ბადეებით შემოფარგლული გალიას რომ ჩამოჰგავს (სცენოგრაფი ემრე სათი). გარშემო მაყურებელთა ადგილებია განთავსებული. მათი ჩაცმულობად (კოსტიუმების მხატვარი გოქჩე სენერი) ზუსტად მათ ამპლუას შეესაბამება, ასე ოსტატურად რომ იცვლიან ტანზე აქვე სცენაზე და სხვადასხვა ფერადოვნებით რომ წარდგებიან ხოლმე. ოსტატობა ვახსენე და მართლაც ამ მსახიობთა ვირტუოზულობა გაოცებას იწვევს. გარდასახვის უნარი, რიტმი, პლასტიკა და სასცენო მეტყველება ის საფუძველია, რის გამოც ეს მათ მშობლიურ, თურქულ ენაზე სრულდება სავსებით გასაგები იყო მაყურებლისთვის. აქვე დავძენ, რომ ეს პიესა არც თუ უცნობი იყო აქაური მაყურებლისთვის. გასულ წლებში იგი იყო თეატრის რეპერტუარში სახელით „კასტინგი“ (რეჟისორი კახა გოგიძე).

 

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ვიხილეთ მოლდავეთის კიშინოვის უონ ლუკა კარაგალის ეროვნული სატირული თეატრის სპექტაკლში ალექსანდრუ კრილოვის შესრულებით და უნდა ითქვას, რომ ყველა მამაკაცი მსახიობის საოცნებო როლი ასეთი ინტერპრეტაციით უცნაურად გამოიყურებოდა. სადღაც გაქრა ჰამლეტი მოაზროვნე, ჰუმანისტი, ღრმად ჩაფიქრებული და ძალადობის წინააღმდეგ და სიმართლისთვის მებრძოლი და მივიღეთ მხოლოდ გარეგნული ფორმებით და ხერხებით გამოხატული სახე, რომელსაც აკლდა დამაჯერებლობა და სიცხადე. თვით სპექტაკლი რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული იყო როგორც პოლიტიკური წარმოდგენა მაშინდელი ოლიგარქისა და ქვეყნის მოღალატის პლახოტნიუკის წინააღმდეგ განხორციელებული 2018 წელს და აკრძალული ხელისუფლების მიერ. ესაა სპექტაკლი, სადაც მეფე ჰამლეტის მოწამვლის შემდგომ დანია მესამე რაიხის გერმანიას „გადაიქცევა“ დიქტატორ კლაუდიუსის - ჰიტლერის მმართველობის ქვეშ.

ფესტივალი დასრულდა მსახიობური ოსტატობის სრული ფეიერვერკით: რაფიელ ერისთავის „ ეჭვიანის“ და ავქსენტი ცაგარლის „ოინბაზის“ თემებზე შექმნილი ვოდევილით (რეჟისორი კახა გოგიძე) მარიანა ბერიძის, ჯუნა თუმანიშვილის, კონსტანტინე კახიშვილის და მალხაზ შაყულაშვილის მონაწილეობით; ცოცხალი იუმორი, პლასტიკა, ცეკვების უბადლო შესრულება, სასცენო მეტყველების მაღალი კულტურა და რაც მთავარია სცენური გარდასახვის უნარი იმ სპექტაკლად აქცევს, რაც ასე ძალიან მოსწონს და ახალისებს მაყურებელთა დარბაზს. მონიშნო და ასახო ის ნიუანსები რაც ვოდევილს კომედიისგან გამოარჩევს არაა ადვილი, ეს კი ნამდვილად შეძლო დამდგმელმა ჯგუფმა (სცენოგრაფი ლელა ფერაძე, კოსტიუმების მხატვარი ნანა ყორანაშვილი, ქორეოგრაფი ჯუნა თუმანიშვილი). ფესტივალის ჩატარება რთულია, მაგრამ ძალიან სასარგებლო, როგორც მაყურებლისთვის (განსაკუთრებით რეგიონებში - ახალციხე, ოზურგეთი, სიღნაღი, იმერეთში) და სპეციალისტებისათვის. ფესტივალი, სადაც ქართული თეატრის მთელ რიგი კოლექტივები იღებს მონაწილეობას - იკვეთება ის ძირითადი ტენდენციები თუ საით მიდის ეროვნული თეატრალური ხელოვნება და რას გთავაზობს სხვა ქვეყნის თეატრები. საფესტივალო „სეზონია“ ახალი დაწყებულია, დასრულდა პირველი მათგანი - „ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი“, რომელიც თვრამეტი დღე გაგრძელდა. ეს ფესტივალი აქამდე იყო მხოლოდ დათვალიერება კონკურსის გარეშე, თუმცა მეშვიდე ფესტივალმა აჩვენა, რომ მომავლისთვის საჭირო იქნება კონკურსის ჩატარება თუნდაც ერთი ნომინაციით - საუკეთესო სპექტაკლი. ვინაიდან შეჯიბრის ფორმის შემოღება მეტ მოტივაციას მისცემს თეატრებს საკუთარი საუკეთესო პროდუქცია შესთავაზოს ახალციხელ მაყურებელს. გარდა ამისა შესანიშნავი იქნება თუ თეატრები წინასწარ მოამზადებენ და სცენაზე განახორციელებენ ქართულ პიესებს სპეციალურადა მესხეთის ფესტივალისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში ფესტივალის ორგანიზატორებს (სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი, დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი) არჩევანი აღარ რჩება და ხშირად პროგრამაში ჩნდება უკვე დიდი ხნის წინ დადგმული, ოდნავ „შელახულიც“ რაც თავისთავად აქტიური მაყურებელს განაწყენების საფუძველიც კი ხდება - ფესტივალი ხომ ადგილობრივ მაყურებელზე გათვლილი და მათი დაკარგვა, მათ მიერ ფესტივალისადმი ინტერესის შენელება საფრთხეს შეუქმნის მის არსებობას, არაფერი რომ არ ვთქვათ ეკონომიკურ ეფექტზე და შემოსავლის კლებაზე. ასეთი საშიშროება უკვე იკვეთება, ამიტომაც როგორც ზემოთ ითქვა, საჭირო იქნება შესარჩევი ჟიურის არსებობაც.

 

რასაკვირველია მცირებიუჯეტიან ფესტივალზე ეს დიდი ფუფუნებაა, მაგრამ ყველაფერი განიცდის ცვლილებას და ასეთი წინ გადადგმული ნაბიჯები, აშკარად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ამ ფესტივალს და უფრო მეტ აკადემიურობას და ინტერესს შესძენს მას.

bottom of page