top of page

მესხიშვილის თეატრის „ჰელვერის ღამე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

 

​დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.​

 

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

061A6057.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

მესხიშვილის თეატრის „ჰელვერის ღამე“

მესხიშვილის თეატრის „ჰელვერის ღამეს“ ინტერესით რომ ელოდა მაყურებელი ლოგიკურია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის გიორგი თავაძის პირველი სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში და მეორე იმიტომ, რომ სპექტაკლში მონაწილეობს თანამედროვე ქართული თეატრის სცენის ორი განსხვავებული და თითქოს შეუთავსებელი ოსტატი: ევა ხუტუნაშვილი და რამაზ იოსელიანი. ამასთანავე რა დასამალია და სარისკო იყო, გიორგი მარგველაშვილის გრიბოედოვის თეატრში წარმატებული სპექტაკლის შემდეგ, „ჰელვერის ღამის“ ახალი რედაქციის შექმნის მცდელობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მესხიშვილის თეატრის დადგმა რადიკალურად განსხვავებულია მისი წინამორბედებისგან.  

 

მკითხველი ალბათ გაიფიქრებს: განსხვავებული იქნება, აბა რა იქნება, თუ სპექტაკლი სხვა რეჟისორმა, სხვა სივრცეში, სხვა მსახიობებთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად დადგაო, მაგრამ გულწრფელად ვთქვათ, რამდენი მსგავსი, ერთმანეთს რომ იმეორებს, დადგმა გვინახავს? მესხიშვილის თეატრის „ჰელვერის ღამე“ ინგმარ ვილკვისტის პიესის სცენური ინტერპრეტაციის ერთგვარი ვერსიაა, გიორგი თავაძე ფოკუსირებს ჰელვერზე, მის სულიერ მდგომარეობაზე, გამომწვევი და გარდაუვალი სიკვდილის მიზეზებზე. გარდა ამისა, მესხიშვილის თეატრის ვერსიაში ჰელვერი არა ყმაწვილი, არამედ ცხოვრება გამოვლილი კაცია, რომელმაც, მისი სულიერი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული ცოდნა და უნარები შეიძინა, გამოიმუშავა. გარდა ამისა, რეჟისორი სცენოგრაფთან ერთად (ვერა ყიფიანი) არ აკონკრეტებს არც დროს და არც სივრცეს, ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მოქმედება დღეს, უფრო სწორად ახლა და აქ ხდება, მეტადრე, მაყურებელი სცენაზე უყურებს ისტორიულ კადრებს, როგორც ისტორიის გაკვეთილს, თუ რა პოლიტიკური, ეკონომიკური, მენტალური და ფსიქოლოგიური კატაკლიზმები გამოიარა მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ. ამ ფონზე გიორგი თავაძის სპექტაკლი ერთგვარ პრევენციად, გაფრთხილებად აღიქმება.

 

პირველი, რაც მაყურებელს თვალში ხვდება და მის ყურადღებას იპყრობს სცენოგრაფიაა. დღეს არავის უკვირს მაყურებელი სცენაზე, ფოიეში, სხვენში ან სარდაფში. აქ მთავარია, თუ რატომ მიმართავს რეჟისორი სცენოგრაფთან - ვერა ყიფიანთან ერთად ასეთ გადაწყვეტას და როგორ ახორციელებს ამას დასახული მიზნის მისაღწევად. რეჟისორმა სპექტაკლი განსაზღვრა, როგორც ფსიქოლოგიური დრამა. აღნიშნული ჟანრი ითხოვს კამერულ სივრცეს, მაყურებელთან ახლოს ყოფნას, ინტიმურ ატმოსფეროს. სპექტაკლის ძირითადი ნაწილი სწორედ მესხიშვილის თეატრის სცენაზე თამაშდება მაყურებელთან ძალიან ახლოს. გიორგი თავაძისთვის კი ასეთი კამერული და სივრცე შემოსაზღვრული სპექტაკლი უჩვეულოა. რა გასაკვირია, რომ მასშტაბზე ორიენტირებულმა რეჟისორმა, ვერ გაუძლო ცდუნებას და სპექტაკლის ერთგვარი პროლოგ-ეპილოგი მესხიშვილის თეატრის უზარმაზარ და ულამაზეს პარტერში გადაიტანა.

 

ვერა ყიფიანის სცენოგრაფია ცირკის არენას გავს (ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს ხასხასა წითელი წრიული იატაკი), ცირკი საშემსრულებლო ხელოვნების გამორჩეული დარგია, რომელიც თეატრის მსგავსად ცხოვრების მოდელირებას ახდენს იმ განსხვავებით, რომ ცირკში ადამიანებთან ერთად, ცხოველები თამაშობენ როლებს. დამდგმელმა ჯგუფმა „ჰელვერის ღამის“ პერსონაჟები ცხოველებთან გააიგივა, ვინაიდან ადამიანი ყველაზე საშიშ და დაუნდობელ ცხოველად იქცა. საცირკო არენას წრიული სარკე ახურავს, რომელიც მაყურებელთან ერთად, პერსონაჟების მოქმედებასაც ირეკლავს, ისე როგორც თეატრი და ცირკი ცხოვრებას. ამ ხერხით რეჟისორი სცენაზე გაცოცხლებული მოვლენების გამძაფრებას, გაორმაგებას ცდილობს. სცენურ ხერხებსა და ერთგვარ მეტაფორებში ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხვდებით, ყველაფერი ადაპტირებული და ტრივიალურადაა ქცეული, თუმცა სპექტაკლის პროლოგ-ეპილოგი ნამდვილად ეფექტურია და შთამბეჭდავიც კი. სპექტაკლის დასაწყისში შავი კედელი იხსნება (ზემოთ ადის) მაყურებლის თვალწინ იშლება მესხიშვილის თეატრის დარბაზი, პარტერი თეთრი ნაჭრითაა დაფარული, სივრცის სიღრმეში ტახტი მოჩანს, რომლიდანაც წამოდგება ქანდაკებასავით მონოლითური ევა ხუტუნაშვილი და ნელი ნაბიჯებით, რომელიც ფეხებით თითქოს ღრუბლების ზღვას მოაპობს, სცენისკენ მოდის. სპექტაკლის ერთგვარ მეორე ფინალს, ეპილოგი ასრულებს, თითქოს ყველაფერი თავის საწყის ადგილს უბრუნდებაო, ევა ხუტუნაშვილი ემოციებისგან დაცლილი უკან, ისევ დარბაზში ბრუნდება. პარტერში, იარუსებსა და შესასვლელებში ვხედავთ წითლად განათებული ჯარისკაცების სილუეტებს, ჰელვერისა და მისთანანის სულებს, ქანდაკებებად ჩამოსხმულს. ასეთ ფინალზე მართლაც რომ ითქმის შთამბეჭდავიაო.

 

გიორგი თავაძე გვიჩვენებს ორ პარალელურ სამყაროს, სახლს, რომელშიც კარლა (ევა ხუტუნაშვილი) და ჰელვერი (რამაზ იოსელიანი) და ქუჩას, სადაც მუდმივად ომი და ადამიანების დევნაა. კარლას სახლში ქუჩიდან პერმანენტულად ისმის სროლის, მსხვრევის და განწირული ყვირილის ხმები. ამ ორ სამყაროს თითქოს არაფერი განასხვავებს, ორივეგან ადამიანებს ხოცავენ. რეჟისორი ფოკუსირებს არა გარემოზე, არამედ გარემოში მოქცეულ ადამიანებზე, როგორც ახდენს მათ მორალურ და სულიერ გაცამტვერებას გარემო ფაქტორები. კარლასა და ჰელვერს უცნაური, უფრო სწორად ტოქსიკური ურთიერთობა აქვთ, მათ ერთნაირად უყვართ და სძულთ ერთმანეთი. სპექტაკლიც სწორედ მათ ურთიერთობებზეა აგებული, რომლითაც იხატება არა მხოლოდ პერსონაჟების პორტრეტები, არამედ ეპოქისა და ზოგადად სამყაროს.

 

გიორგი თავაძის სპექტაკლში მთავარი მსახიობები არიან, რომლებიც მოგვითხრობენ, მაყურებლის თვალწინ აცოცხლებენ შემზარავ და ტრაგიკულ ამბავს. სხვადასხვა თაობის და ესთეტიკის მსახიობი კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რომ სცენის ოსტატები არიან. მათი პერსონაჟები ცხოვრობენ სცენაზე, მაყურებელი კი მძაფრად შეიგრძნობს მათ განცდებს, ეს კი მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომლებიც ფლობენ არა მხოლოდ ტექნიკას, გამომსახველობით საშუალებებს, არამედ იციან მათი სწორი და ზუსტი გამოყენება. ამიტომაც იყო, რომ სცენიდან ნათქვამი არცერთი (თუნდაც ჩურჩულით) სიტყვა არ დაკარგულა.

 

განსაკუთრებით საინტერესო იყო ორი განსხვავებული მსახიობის ევა ხუტუნაშვილის და რამაზ იოსელიანის სცენური დუეტის ხილვა. მათ არ აერთიანებთ არც თამაშის სტილი, არც სცენური მანერა, მაგრამ მათ აერთიანებთ არტისტული ვნება, მოზღვავებული ემოციურობა და მკვეთრი მოძრაობა. სპექტაკლის ბოლოს კი ისინი ყველაზე ახლოს დგანან ერთმანეთთან, რადგან არიან ორგანულები, უშუალოები, ემოციებისგან დაღლილები და ამიტომაც სცენური სიმართლით გამორჩეულები.

 

ფსიქოლოგიურად რთული პერსონაჟია ევა ხუტუნაშვილის კარლა. თითქოს მაყურებელს არ უნდა უკვირდეს ტრაგიკული და ბედს დამორჩილებული ქალის გადაწყვეტილება. მიუხედავად მისი სისასტიკისა და ჩადენილი ქმედებებისა, ევა ხუტუნაშვილი წარმოაჩენს კარლას ადამიანურ და ჰუმანურ ნაწილსაც, რომელიც მას ცოტა, მაგრამ მაინც გააჩნია. ამ მხრივ გამორჩეულია ის ეპიზოდი, როცა კარლა ჰელვერს სახლიდან უშვებს, რათა იგი გადარჩეს. ევა ხუტუნაშვილის პერსონაჟი ჰელვერში ხედავს იმედს, როცა ის ეთხოვება ჰელვერს, არის საოცრად დედაშვილური, კეთილი, მზრუნველი და ჰუმანური. ეს ეპიზოდი ამაღელვებელია, ვინაიდან დაცლილია პათეტიკისგან. გამორჩეული ეპიზოდია როგორც სიუჟეტურად, ისე შესრულების თვალსაზრისით საფინალო - წამლების მიღების ეპიზოდი. ევა ხუტუნაშვილის სახეზე ამ დროს მრავალი ემოცია და ფიქრი გამოსჭვივის, იგი არ არის დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც მან მიიღო. ჰელვერის მოწამლვის პროცესში კარლას აღარ ჰყოფნის თვალთმაქცობა და ის ღმერთისგან შენდობას ითხოვს, პოსტფაქტუმ აცნობიერებს ჩადენილ ქმედებას და მის მასშტაბს. დასაწყისის მსგავსად, ფინალშიც, იხსნება შავი კედელი და ჯერ მაცხოვრის ხატი-პორტრეტი იშლება, ხოლო შემდეგ უზარმაზარი სივრცე, სადაც კარლას ჯარისკაცთა სულებიც ხვდება, ამ სივრცეში ის უჩინარდება.

 

რამაზ იოსელიანი ქმნის მეოცნებე და რომანტიკოსი ადამიანის მხატვრულ სახეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკურად ბავშვი დიდი ხანია აღარაა, მაინც ბავშვურია, რომელსაც აქვს ნაპოვნი თავისი ფუნქცია და მიზანი ცხოვრებაში. სწორედ ეს აბედნიერებს მას. მსახიობი პერსონაჟის სულიერი მდგომარეობის (განსაკუთრებით პირველ ნაწილში) ვიზუალიზაციას ახდენს, რაც საკმაოდ მკვეთრია და ოდნავ უტრირებულიც. განსხვავებულია ის მეორე ნაწილში, რომელიც მთლიანად ცვლის გამომსახველობითი ხერხების გამოყენების ტაქტიკას და ხდება გაცილებით ორგანული, ზედმიწევნით ბუნებრივი და მიზეზ-შედეგობრივი. ამიტომაცაა, რომ მსახიობის ნებისმიერ ქმედებას აქვს თავისი მიზეზი, რაც გამოიხატება სცენურ პარტნიორთან ურთიერთობაში, შეფასებებსა და რეაქციებში. ეს მოვლენები კი თვალხილული და შესამჩნევია მაყურებლისთვის. აღსანიშნავია, რამაზ იოსელიანი ჰელვერის ბოლო ეპიზოდები, თითქოს ის გრძნობს კარლას შემოთავაზებული თამაშის მიზანს, მაგრამ ის გულწრფელად და გააზრებულად ერთვება ამ თამაშში, რადგან ის ცხოვრებამ დაღალა და ურჩევნია უმტკივნეულოდ დატოვოს სამყარო, რომელიც ყოველდღიურად აყენებდა მას ტანჯვასა და ტკივილს. ჰელვერი-რამაზ იოსელიანი მართალი და ზედმიწევნით ორგანულია, იგი ოსტატურად, ეტაპობრივად, თანმიმდევრულად გვიჩვენებს ჰელვერის მოწამვლის შედეგად დამდგარ სიკვდილს.

 

კაცობრიობის ისტორიამ აჩვენა, რომ ადამიანები, განსაკუთრებით, კრიტიკულ სიტუაციებში ხელს კი არ ჩასჭიდებენ ერთმანეთს, არამედ ჰკრავენ. სწორედ ეს გაგვახსენა და გვიჩვენა გიორგი თავაძემ მესხიშვილის თეატრის სცენიდან თავის შემოქმედებით გუნდთან ერთად. ასეთებად კი ადამიანს გარემო და სიტუაცია აქცევს, რომელიც ვერ ახერხებს ჰუმანურობის შენარჩუნებას. იგი სუსტია და გამოწვევების დაძლევისთვის უძლური. გარემო ფაქტორები, რომელსაც ჩვენვე ვქმნით, მუდმივად ზემოქმედებენ ჩვენზე და გვიბიძგებენ ვიყოთ დაუნდობლები. ჩვენი ვალია გავუძლოთ ამ ცდუნებას, თორემ მუდმივ სინანულში ტანჯვას, სიკვდილი სჯობს.

bottom of page