top of page

მეძავ იმედებს ვყიდი

380614890_320725330661859_2388702944235353683_n.jpg

ნუცა კობაიძე

მეძავ იმედებს ვყიდი

 

სცენური კომპოზიცია თანასის ალევრასის პოეზიაზე

რეჟისორი: თეოდოროს ტერზოპულოსი

კომპოზიტორი: პანაიოტის ველანიტისი

კოსტიუმების მხატვარი: ლუკია

მონაწილეობენ: აგლაია პაპა, ანტონის მირიგოსი (უსახელო პერსონაჟები)

 

2022 წლის „GIFT“-ფესტივალზე ვნახეთ თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლი „ALARME“, წელს (2023) ტრილოგიის მეორე ნაწილი „AMOR“ წარმოგვიდგინეს, ამ პრონციპით მომავალ წელს (2024) ალბათ ვიხილავთ დასკვნით ნაწილს - „ENCORE“.

დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია 21 ოქტომბერს ფესტივალი „საჩუქრის“ გახსნამ. დამსწრე საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ის ვისაც მოეწონა სპექტაკლი და ის ვინც უკმაყოფილომ დატოვა მარჯანიშვილის თეატრის შენობა. შესაბამისად, დიდი ინტერესით წავედი მეორე დღეს სპექტაკლის სანახავად.

ტერზოპულოსი სცენას აუქციონის სახლად აქცევს, სადაც ყველაფერი: პიესა, როლები, თეატრის რეკვიზიტი, ემოციები, მოგონებები და ადამიანის სხეულის ნაწილებიც კი ხდება საქონელი, რომელსაც ათვალიერებენ, აფასებენ, ყიდიან და ყიდულობენ გლობალური კრიზისის ეპოქაში. შეუძლია თუ არა სიყვარულს, დღევანდელ პოლიტიკურ თუ სოციალურ რყევებში, ადამიანების ექსტრემალურ ქცევას უპოვოს წამალი და კაცობრიობის მამოძრავებელ ძალად იქცეს? - ვკითხულობთ ფესტივალის კატალოგში, რომელიც ძალიან ბანალურ და გაცვეთილ სიუჟეტად გვეჩვენება, თუმცა აქ უკვე რეჟისორის ფაქტორი მუშაობს - ვინ იტყვის უარს თეოდოროს ტერზოპულოსის შემოქმედების ნახვაზე?

Six როგორც Sex და როგორც Success

იწყება სპექტაკლი და მაშინვე ხვდები, რომ რაღაც ძალიან საინტერესოსთან გვაქვს შეხება. ქალის და მამაკაცის პერსონაჟები, მთელი წარმოდგენა, ფაქტობრივად, სტატიკურ მდგომარეობაში (ფიზიკურად არც კი უახლოვდებიან ერთმანეთს) სხეულის ძალით, უნიკალური სამსახიობო ოსტატობით, თითქმის სრულყოფილად, გადმოსცემენ ამბავს, რომელიც შიშის მომგვრელია. მსახიობის სხეული ტერზოპულოსის თეატრში მთავარ როლს ასრულებს, იგი სიტყვებს არ ემსახურება - მათგან დამოუკიდებლად თამაშობს. კონცეფცია ძალიან ჰგავს ბეკეტის „ბედნიერ დღეებს“. ორივე ისტორიაში პერსონაჟი ქალი იძირება, შთაინთქმება - ერთი ქვიშაში, მეორე - მილში. „AMOR“-ში ჭერიდან ჩამოშვებული რკინის მილი ანათებს ქალს, რომლის უძრავი სხეული მილის მეორე ნახევარშია ჩარჩენილი, რაც საბოლოო დასასრულის საფრთხეს წარმოადგენს, ისევე როგორც ქვიშა ბეკეტის „ბედნიერ დღეებში“. წელს ქვევით მოწყვეტილი ქალები, რომლებიც წესით უუნაროები უნდა იყვნენ, სასოწარკვეთილების ფონზე მაინც გვაგრძნობინებენ სიცოცხლის ხალისს. ბედს არ ეგუებიან იქამდე, სანამ არ შთაინთქმებიან...

„მიცემა“, „აღება“, „მოგება“, „ფული“, „პროცენტი“, „ყიდვა“, „გაყიდვა“, „კრედიტი“, „მიღება“... - თეოდოროს ტერზოპულოსის დადგმაში ეს სიტყვები არ არის უშინაარსო ამოძახილი, არც კაცის მიერ ჩამოთვლილი რიცხვების შეუჩერებელი ნაკადია აზრს მოკლებული. დაუსრულებელი წინადადებების კასკადი კი ქმნის მძლავრ და შინაარსობრივ ნარატივს. ქალი გასცემს მსხვერპლს, ყიდის ყველაფერს, როგორც ქონებას, ისე საკუთარ თავს: ვნებებს, ცრემლს, სიხარულს, მოგონებებს, ოცნებებს, ნაოჭებს, ორგანოებსაც კი. იყიდება ადამიანის იდენტობა. მამაკაცი, რომელიც სიმდიდრისკენ დაუოკებელად ისწრაფვის  აღფრთოვანებით, მოუთმენლად ითვლის მოგებას, კმაყოფილია საკუთარი მიღწევებით. ჩნდება კითხვა -არსებობს კი ვაჭრობის მორალურ-ეთიკური საზღვრები? სპექტაკლი განიხილავს ადამიანს, როგორც გასაყიდ საქონელს და ცხოვრებას, როგორც ბაზარს. პერსონაჟების ქმედებები მაყურებელს აიძულებენ განიხილონ მორალური დილემები, მაშინ, როცა პირადი ფასეულობები და თავად კაცობრიობა ფულად სარგებელზეა ორიენტირებული.

კორონა ვირუსი, ომები, კრედიტები, განვადებები, წამლები, ფსიქიკური დაავადებები  - ყველა ამ კატასტროფას ადამიანი მიყავს ჩაძირვამდე. ქალი ნელ-ნელა ქრება მილში  - NO EXIT! - გასასვლელი არ არის! მილიდან ისმის ყმუილი, რომელიც მიმსგავსებულია სიტყვას - amor. მუდმივ მოძრაობაში მყოფი, დაუღალავი ენერგიის მქონე მამაკაცი მთელი სპექტაკლი ფინანსური ტერმინებით საუბრობს. ციფრები, გამოთვლები, სტატისტიკა -  six, როგორც sex და როგორც success... რეჟისორი გვესაუბრება ადამიანების დეჰუმანიზაციაზე.

კულმინაცია - მილში შთანთქმული ქალის ყმუილი და კიბის კიდიდან კაცის საბოლოო ამოძახილი - „Amor!“ - ნუთუ ამით რეჟისორი რამე იმედს გვაძლევს? წყალწაღებულებს ხავსის პერსპექტივას გვიჩვენებს? არის თუ არა გამოსავალი ამ კოშმარიდან? ტერზოპულოსის პასუხი არის „დიახ“ - სიყვარული არის ერთადერთი პასუხი.

თეოდოროს ტერზოპულოსი ოსტატურად იყენებს მინიმალურ რესურსს მაღალი ხარისხის მისაღწევად. „AMOR” არის ქვეცნობიერი ტრავმების, სურვილებისა და შიშების ქორეოგრაფიულ მოძრაობებსა და ჟესტებში გადმოცემული ავანგარდული სპექტაკლი.

bottom of page