„მღუპავ მამა?“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს.
ლელა არაბიძე
„მღუპავ მამა?“
მამა - ბეკინა სამანიშვილი, იმერელი ღარიბი აზნაურია, გვარიანად ღარიბიც, „აბა რა სიმდიდრეს მოასწავებდა ის ოცდაათი ურემი სიმინდი, ორმოცი ჩაფი ღვინო და ათიოდე ბათმანი ლობიო, მის მამულს რომ შემოჰქონდა და რითაც თავს ირჩენდა წლიდან-წლამდის ბეკინას ოჯახი” არც არაფერს, მაგრამ ბეკინა - როგორც მის სიდარბაისლეს შეეფერებოდა ერთობ გადაპრანჭული იყო, ფრიად კმაყოფილიც ორიოდე ტომარა ლობიოთი, რომელსაც ბუხრის გვერდზე ჩამომჯდარი მადიანად შეექცეოდა და დაღუპვას უპირებდა ერთადერთ ვაჟს - პლატონ სამანიშვილს, პატიოსან აზნოურის შვილს.
შვილი - პლატონ სამანიშვილი - როგორც უკვე მოგახსენეთ პატიოსანი აზნოურიშვილი ბედნიერი იმით, რომ განგებამ მხოლოდ ერთი და არგუნა - დარიკო გათხოვდა და პატრონს ჩაბარდა, ასე რომ იმ ოცდაათ ურემ სიმინდსა, ორმოც ჩაფ ღვინოსა და ათიოდე ბათმან ლობიოში შემცილებელი არავინ ყავდა აზნაურ პლატონს, ამიტომ ძმის არ ყოლის გამო გაბედნიერებული ხშირად ამოიოხრებდა ხოლმე „ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო!
ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში პირველად დგამს დავით კლდიაშვილს, სამანიშვილის დედინაცვალი - ინსცენირების ავტორი - ალექსანდრე ქოქრაშვილი. (მანამდე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში საინტერესი და ორიგინალური დადგმა „ირინეს ბედნიერება“ შესთავაზა მაყურებელს).
სპექტაკლის სცენოგრაფია ( მხატვარი ანანო დოლიძე) სიურეალისტურ, სიზმრისეულ ეფექტს ქმნის - ეს არის ერთგვარი ე. წ. საბანკეტო დარბაზი, სადაც ქართველი ღარიბი და საშუალო ფენა ხან ჭირის, ხანაც ლხინის სუფრებზე იკრიბება, თუმცა სუფრა არაა უხვი და რა თქმა უნდა ვერც იქნება, „აბა რა სიმდიდრეს მოასწავებდა ის ოცდაათი ურემი სიმინდი...“ მაგიდებს კი თეთრი ფერი მოსავს, მაგრამ მაგიდასთან მსხდომი ყველა სტუმარი შავ ფერებშია შემოსილი, ყველა- გარდა ბეკინა სამანიშვილისა, მას თეთრი აცვია,ზურაბ ანთელავას ბეკინა ამაყი აზნაურია, ველები, ტყეები, სახნავ სათესი დაუტოვა შთამომავლობას (რომელი ველები და ტყეები?) ახლა მშვიდად შეუძლია დაელოდოს სიკვდილს მაგრამ..
მაგრამ აქ სამანიშვილის დედინაცვალი უნდა გამოჩნდეს, ასე სახიერი, ასე მძაფრი, ასე არავის მსგავსი სახება ქართულ დრამატურგიაში, სამანიშვილის დედინაცვალი - როგორც გაჭირვებული, დაბეჩავებული, მაგრამ მაინც გაპრანჭული და თავმომწონე შემოდგომის აზნაურების სახე - რაც მთავარია ორნაქმარევი და უშვილო.
გიორგი კაშიას სპექტაკლში მოქმედების ადგილი კონკრეტულად სიმონეთი არაა- ღარიბი იმერელი აზნაურების სოფელი, მისი მოქმედების სივრცე საქართველოა, თეთრი და შავი ფერებით, ლხინისა და ჭირის სუფრებით, ალაგ ალაგ სიმღერით, ალაგ ალაგ სადღეგრძელოებით, ალაგ ალაგ ჩხუბით და მთლიანობაში დიდი სევდით - მამა - შვილის ურთიერთობის სევდით, ოცდაათი ურემი სიმინდის გაყოფის სევდით, ქონების გამზიარებლის სევდით, რეჟისორი ქმნის ისე გარემოს, სადაც კონკრეტული არც დროა და არც სივრცე, მაგრამ კონკრეტული ეს სევდაა - კლდიაშვილის სევდა, ქართული სევდა, გაჭირვების სევდა, ყოფიერების ამაოების, საერთოდ, გიორგი კაშიას შემოქმედებას თუ გადავხედავთ დავინახავთ რომ ის ამ სევდის გადმოცემის ორიგინალურ და განსაკუთრებულ მეთოდს ფლობს, ის მხატვართან ერთად ქმნის სივრცეს, სადაც საქორწინო სარეცელი სიკვდილის სარეცელად (ირინეს ბედნიერება) ხოლო სუფრა განსასვენებელად გადაიქცევა (სამანიშვილის დედინაცვალი) ამაზე უფრო მოგვიანებით..
გიორგი კაშიას სპექტაკლში ზუგდიდის თეატრის ძველი და ახალი თაობის მსახიობების ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობის შედეგი იხილა მაყურებელმა, ბრეგაძეების კარ მიდამოზე არა, მაგრამ ხასიათებზე, მელანქორიულად გადმოცემულ არნახულ სიზარმაზეცე ბევრი იცინა, კირილე მიმინოშვილის ( ანდრია შენგელია) ტრაფარეტულ სადღეგრძელოებზე კიდევ უფრო ბევრი,დარიკოს (მზევინარ ჩარგაზია) ვერ ნაყიდ ჩითის კაბაზე დასევდიანდა, ამას ნამდვილად შეუწყო ხელი მსახიობის ორგანულმა სახეცვლილებამ (მამის გადაწყვეტილებით გულშეღონებული დარიკო იპრანჭება, ხონის ბაზარში განუზრახავს წასვლა, ჩითის საკაბე უნდა (ლურჯი, ყვითელი არშიით) მაგრამ რა დროსაც კირილე (კიდევ ერთხელ) უკუაგდებს მის სურვილებს და კვლავ დაუპატიჟებლად გადაწყვეტს ქორწილში წასვლას, დარიკო უმალ იცვლება, ხვდება რომ ჩითის კაბა (ლურჯი მით უფრო) არასოდეს ეღირსება და ტირილს იწყებს.. მაყურებელი ხმამაღალი ოვაციებით ეგებება ქორწილის სუფრის გამაოგნებელ სიყალბეს, მკითხაობის დაუჯერებელ სცენას და ..ტირის პლატონის მწუხარებისა და სევდის შემხედვარე.
პლატონი - გოგი გუგუჩია უბედურია. ღარიბი და უბედური. გოგი გუგუჩიას პერსონაჟი საოცარ თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში, პლატონი კდლიაშვილის იმერეთში მცხოვრები შემოდგომის აზნაური კი არ არის მხოლოდ, ის სახეა დაბეჩავებული, ცხოვრებასთან შეგუებული, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანისა, „მღუპავ მამა? მღუპავ?„ ეკითხება ის საქორწინოდ, თეთრებში გამოწყობილ, სახეგაცისკროვნებულ, ბედნიერების მომლოდინე ბეკინას და ხვდება რომ განწირულია, ვაითუ ძმა ეყოლოს, ვაითუ წაართვას ტყე ველი ( რომელი ტყე ველი) ვაითუ მისმა ხუთმა შვილმა ის ათიოდე ბათმანი ლობიოც ვეღარ ჭამონ, ვაითუ დაიღუპონ შიმშილისგან!
აი რა უქადის მამა, აი რას უქადის ბერიკაცის აცუნდრუკება, ამიტომ პლატონი მეუღლესთან - მელანოსთან შეთანხმებით სახავს გეგმებს და ასე ჩნდება იდეა - ასე ჩნდება ქართულ დრამატურგიაში ორნაქმარევი და უშვილო სამანიშვილის დედინაცვალი... გიორგი კაშიას სპექტაკლში მელანო (სალომე ბურღაძე) სხვა პერსონაჟის მსგავსად კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში მცხოვრებ ქალს არ განასახიერებს, ამიტომაც მსახიობი ხან გადაჭარბებული იმერული დიალექტით, ხანაც გამართული ქალაქურით მეტყველებს, ან კი რა მნიშვნელობა აქვს მელანოები სად იბადებიან, ისინიც მსხვერპლი ხდებიან, გაჭირვების, უნიათობის, სწორედ ამიტომ, სპექტაკლის დასაწყისში მზრუნველი მელანო წარმოდგენის ბოლოს სრულიად იცვლება და ცივი, უგულო ხდება, გარემოების გამო, სიდუხჭირის გამო მზადაა არაფერი დათმოს, ასე ხდება ცვლილებები, რომელსაც განსაკუთრებული ეპოქის მახასიათებლები არ სჭირდება..
სპექტაკლის ერთ ერთი გამორჩეული სახე მსახიობი დავით ჩოგოვაძეა, რომელიც არისტო ქვაშავაძეს განასახიერებს, მსახიობი ერთი შეხედვით ქუთაისელ „კაი ბიჭს“ გავს და მანერებითა და კოსტიუმით საერთო სურათიდან აშკარად ამოვარდნილია, სწორედ ის არის ადამიანი, რომელსაც რა კოსტიუმიც არ უნდა ეცვას, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, ყველა ეპოქას მოერგება, ყველგან იპოვის სიტუაციას, რომელსაც სათავისოდ გამოიყენებს, ყველა დროში მოძებნის ადამიანს, რომელსაც გააბითურებს, თვითონ კი მაინც გაჭირვებულ, გაძაღლებულ ყოფაში მოუწევს ყოფნა სამუდამოდ..მსახიობი საოცარი გულწრფელობით, არტისტიზმით განასახიერებს მამიდას დაოჯახებაზე მზრუნველი,კეთილშობილი ადამიანის როლს და ფინალში, როდესაც გულჩვილი და უწყინარი პლატონი ძმის მოძულე კაცად, მისი მზრუნველი ცოლი მელანო კი გაბოროტებულ ქალად იქცევა არისტო ქვაშავაძე ისევ მამიდას ათხოვებს...ის არასოდეს შეიცვლება.
მარინა დარასელია ზუგდიდის თეატრის გამორჩეული სახეა, მისი სამანიშვილის დედინაცვალი სპექტაკლის დასაწყისში ნაზი, პრანჭია და იმერული პეწით გაჯერებული ქალია, მისი და ზურაბ ანთელავას მშვიდი, ჰარმონიული და მოსიყვარულე წყვილი მაყურებელში სასიამოვნო ემოციას იწვევს, „წამალი დალიე?“ ხშირად ეკითხება საოცრად მზრუნველი ელენე ბეკინას, დალიე ბატონი წამალი? „ დავით კლდიაშვილს სხვა ეპოქაში რომ დაეწერა პიესა როგორ შეხვდებოდა ოჯახი ელენეს ორსულობას? რომ არა გაჭირვება, უიმედობა და უპერსპექტივობა გაეხარდებოდათ პლატონსა და მელანოს პატარას დაბადება? მაშინ ამდენი წლის შემდეგ რატომ არის „სამანიშვილის დედინაცვალი“ ისევ აქტუალური ქართულ სცენაზე? გიორგი კაშიას სპექტაკლის მოქმედების ადგილი ხომ მაინცადამაინც იმერეთის კონკრეტული სოფელი არაა კონკრეტულ დროს, აი, სწორედ ამიტომ, უიმედობა და ნიჰილიზმი, ტრაგიკომიკური ფარსი მანამდე იქნება ჩვენს ცხოვრებაში სანამ გაჭირვებას შეუძლია ხელი დაგვრიოს, სანამ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ და ვიტყვით რომ ცვლილების დროა, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ჩვენ შეგვიცოდა ვინმემ???
სპექტაკლის მრავალიშრიდან და სახასიათო ტიპაჟებიდან გამომდინარე მაყურებელი, რომელიც კირილე მიმინოშვილის ქეიფის სცენებზე იცინის, ბრეგაძეებისა და არისტო ქვაშავაძის კუდაბზიკობაზე კიდევ უფრო იცინის, ელენესა და ბეკინას მზრუნველ სიყვარულზე კეთილად ეღიმება და მელანოსა და პლატონის გაჭირვებაზე სევდიანდება ფინალისაკენ, როდესაც ერთ ერთი მაგიდა პირდაპირ სასიკვდილო სარეცელად გადაიქცევა და ბეკინა საკუთარი ნებით წვება კუბოში სიმწრის ცრემლებს იწმენდს, იმიტომ რომ ცოტა თუა ქართულ დრამატურგიაში (ლიტერატურაშიც კი) ისეთი ტრაგიკული, მძაფრი პასაჯი რამდენიც კლდიაშვილის სამყაროში..
ეს თითქოს ფინალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, რეჟისორი ბოლომდე „წირავს“ მაყურებელს თანაგანცდისთვის და კიდევ უფრო შემზარავ სცენას ამზადებს - არარსებულ ქონებას იყოფენ ამაყი აზნაურის - ბეკინას ვაჟები, ცხოვრებისგან დათრგუნული, ხუთი შვილის გამოკვებით ნირწამხდარი პლატონი ( კიდევ კარგი ორი გოგოა და როგორმე გაათხოვებს) და პატარა, ჯერაც ბავშვი - ბეკინას და ორნაქმარები, უშვილო ელენეს პირმშო, რომელსაც ვერ გაუგია რა დააშავა და საცოდავად ეკიდება ძმას კისერზე..მაგრამ არა, ამაზე მძიმე ფინალიც მოუმზადებია რეჟისორს - ჩემოდან აკიდებულ სამანიშვილის ყოფილ დედინაცვალს პატარა ვაჟთან ერთად მზრუნველი ძმის შვილი - არისტო მიაპორწიალებს - მამიდა ისევ უნდა გაათხოვოს!
დანგრეულ სამყაროში კი პლატონი რჩება და მაყურებელს მიმართავს - „საიქიო აღარ არსებობს“ ამბობს ის და ჭირის სუფრად გადაქცეულ დარბაზში გოდებასავით ისმის მისი მიმართვა - მაგრამ იქნებ არსებობს საიქიო და იმ საიქიოში ცხოვრებისგან დაღლილი დარისპანი იღლიაში ამოჩრილ კაროჟნას მიათრევს, შვილს, როგორც ტვირთს, როგორც სიმძიმეს, იმ საიქიოში სოლომონ მორბელაძე იტყუება და თავმომწონე ეკვირინეს გამყინავი ხმა ისმის - „ყოლიფერი გვაქ ბატონი, ყოლიფერი“ იქნებ ის საიქიოც ისაა რაც სააქაო? და დადიან, დადიან გზააბნეული შემოდგომის აზნაურები, ღმერთო! მშვიდობით დაასრულე მათი მოგზაურობა !