top of page

მირიან შველიძის სცენოგრაფია ავთანდილ ვარსიმაშვილის „მექანიკურ ფორთოხალში“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

D41A65C4-FEA9-4009-905B-42CD8555DC0F.jpeg

ანასტასია ჩერნეცოვა

მირიან შველიძის სცენოგრაფია ავთანდილ ვარსიმაშვილის „მექანიკურ ფორთოხალში“

 

„ჩუმი რაინდი“ - ასე მოიხსენიებენ  დიდ ქართველ სათატრო მხატვარს, მირიან შველიძეს, რომელმაც თავისი ნამუშევრებით მოხიბლა  მსოფლიო მასშტაბის ხელოვანები.  ერთ ცნობილ ინგლისურ გაზეთში იგი შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო სცენოგრაფად შერაცხეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარიზში გამოცემულ წიგნში „სცენოგრაფიის 100 შედევრი“ ქართველი მხატვრებიდან  პეტრე ოცხელის „ურიელ აკოსტასთან“ ერთად, სწორედ ბატონი მირიანის „რიჩარდ მესამეა“  შესული.

მირიან შველიძე დაიბადა ქალაქ თბილისში, 1946 წლის დეკემბერში.  სწავლობდა „ნიკოლაძეში“, შემდგომ სამხატვრო აკადემიაში გრაფიკაზე, მერე ფერწერაზე. მესამე კურსიდან ფარნაოზ  ლაპიაშვილის სახელოსნოში გადავიდა,  როგორც თავად მხატვარი ამბობდა-  „…იქ უფრო საინტერესო ატმოსფერო იყო“.[1]

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მისი პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი იყო „ყვარყვარე“. ჩემი აზრით, უკვე პირველსა და მეორე ნამუშევარში („რიჩარდ მესამეში“) გამოიკვეთა მხატვრის  სახასიათო სტილი, ფაქტურა -  შელახული ფრესკები, გადაღებილ - წაშლილი კედლები, გახუნებული ქსოვილი, დაჟანგული ლითონი და ა.შ.

„სრულიად დაუკავშირებელი დეტალებისგან იქმნება ერთი მთლიანი, ალბათ ეს არის საიდუმლოება იმისა, რაც მხოლოდ მან იცის და არავინ სხვამ, რითიც აბსოლუტურად განუმეორებელია…. ცნობ, რომ მიროს მხატვრობაა და არა სხვისი, ცნობ ქსოვილს, რომელიც სრულიად სხვადასხვაგვარია და უამრავნაირია, მაგრამ ის ერთია, მისი“[2]- ამბობს მსახიობი, ნანუკა ხუსკივაძე.

მირიან შველიძის შემოქმედება ყველასთვის ასოცირდება რობერტ სტურუას სპექტაკლებთან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგი სხვა რეჟისორებთანაც  ნაყოფიერად თანამშრომლობდა, მათ შორის, თემურ ჩხეიძესთან, გიზო ჟორდანიასთან, გიორგი მარგველაშვილთან, ანდრო ენუქიძესთან, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძესთან და ბევრ სხვა ქართველ თუ უცხოელ ხელოვანთან. „რა თქმა უნდა, მირიანი ყველასგან მოფერებული მხატვარია, უფრო მეტიც, ის ბედნიერი მხატვარია, იმიტომ კი არა, რომ ყველა პრემია  აქვს, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ მან იმუშავა თითქმის ყველა კარგ რეჟისორთან საქართველოში. მას ყველა აინტერესებს, იმიტომ, რომ მისთვის, როგორც ნამდვილი ხელოვანისთვის, ყოველი ახალი დადგმა, არის შემოქმედებითი მღელვარების ახალი მიზეზი.“[3]- ეს  ქართველი რეჟისორის, ავთანდილ ვარსიმაშვილის სიტყვებია, მან      მირონ შველიძესთან ერთად ოცზე მეტი  სპექტაკლი დადგა.  ვფიქრობ, რთულია,  მათი ერთობლივი ნამუშევრებიდან ერთის გამოყოფა,  თუმცა ერთ-ერთი საინტერესო და ძალზე მეტყველი სცენური გაფორმება გვხვდება 2012 წელს დადგმულ „მექანიკურ ფორთოხალში“.

სანამ სცენოგრაფიაზე ვისაუბრებთ, მსურს,  ორიოდე სიტყვით  შევეხო  დადგმის კონცეფციას - მოგეხსნებათ, „მექანიკური ფორთოხალი“  ენტონი ბერჯესის რომანია, რომლის მიხედვით სტენლი კუბრიკმა გადაიღო ამავე სახელწოდების საკულტო კინოსურათი.  ავთანდილ ვარსიმაშვილმა   თავისუფალი  თეატრის სცენაზე გვიჩვენა არა მომავლის ინგლისური საზოგადოება, არამედ 90-იანი წლების საქართველო. თავად რეჟისორი შემდეგნაირად საუბრობს თავის ინტერპრეტაციაზე  - „იქნებ, ჩვენთან, იმ წყეულ 90-იან წლებში, ისევე, როგორც ეს ბერჯერსის რომანშია, საქართველოშიც ჩატარდა რაღაც ექსპერიმენტი ახალი ჯიშის, სრულიად ახალი ქართველის  გამოსაყვანად? და იქნებ, მათ შეძლეს  კიდეც და  მასობრივად   გამოიყვანეს ახალი ქართველის ჯიში? ვერსიის სახით ხომ შეიძლება ამის დაშვება? ჰოდა, მეც, ჩემი ანტიუტოპიური ვერსია შევქმენი, ისევე, როგორც  ბერჯერსმა და შემდეგ კუბრიკმა. ვიღაცა დაეთანხმება ჩემს ვერსიას, ვიღაც კი იტყვის, რა ბოდვააო, მაგრამ ვერსია ხომ ვერსიაა?“[4]

მირიან შველიძის სცენოგრაფია მაყურებელს  მძაფრად აგრძნობინებს  სპექტაკლში ასახულ ეპოქასა და ვითარებას .  

დარბაზში შესვლისთანავე, თვალშისაცემია, ლითონის კარკასებზე გადაჭიმული სერგო ქობულაძის „ვეფხისტყაოსნის“ დაფლეთილი ილუსტრაციები - „ნახეს უცხო მოყმე ვინმე…“, „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი“, „ლომ-ვეფხის დახოცვა“ და შოთა რუსთაველის პორტრეტი. ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ჩაქსოვილი ისეთი ფასეულობები, როგორიცაა მიჯნურობა, პატივისცემა, გმირობა, თავდადება, შელახულია 90-იანი წლების ომგამოვლილი, განადგურებული  ქართული ახალგაზრდობისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფიზიკური თუ  მორალური ძალადობა, ქურდობა, ნარკომანია და ა.შ.

სამივე ილუსტრირებული  კონსტრუქცია ორმხრივია. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პლაკატსა თუ აფიშას, ვინილის ფირფიტებსა და მათ ყდებს, რაც ღამის კლუბისა და მუსიკალური  მაღაზიის  ამსახველია.

გახუნებული აგურის კედლებისა და გაპარტახებული სურათების გარდა, აღსანიშნავია, სცენის თავზე    დამონტაჟებული რამდენიმე პატარა ეკრანი, რომელიც  გასული საუკუნის უკანასკნელი  დეკადის  ქრონიკებს გვიჩვენებს , იქნება ეს  ზვიად გამსახურდიას გამოსვლა, სოხუმის დაცემა, თბილისის ომი და ა.შ. მოცემული ეპიზოდები ასახავენ სწორედ იმ ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებმაც ქვეყანა   უსაშინლეს შედეგებამდე მიიყვანა.

ილუსტრირებული კონსტრუქციები სხვადასხვა როლს ასრულებენ - ხან ლექსოს (აპოლონ კუბლაშვილი) ბანდის  „საბირჟაო“ ადგილს ასახავენ , ხან მოპარულ მანქანას, ან მეტროს ვაგონს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სპექტაკლის დეკორაცია ძალადობრივი აქტების თვითმხილველი და ერთგვარი თანამონაწილეა - ვფიქრობ, სიმბოლურია ის, რომ  ნესტან- დარეჯანის გამოსახულების წინაშე ახალგაზრდები აბუჩად იგდებენ ოთხმოცდაათ წელს გადაცილებულ ქიმიის მასწავლებელს (სლავა ნათენაძე), ძირს დაგდებულს ჯერ თავზე  წიგნს, ხოლო შემდგომ, სასიყვარულო წერილს ახევენ, საბოლოოდ კი, ომის სინდრომით შეპყრობილი ჯორჯი ბიჭი (ჯაბა კილაძე) კლავს ამ მამაკაცს. მოცემული სცენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 90-იანი წლების ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის უცხოა ისეთი გრძნობა, როგორიცაა სიყვარული.

კიდევ ერთი მსხვერპლი, ძონძებში გახვეული მოხუცი მამაკაცია ( მიხეილ არჯევანიძე, კახა მიქიაშვილი), რომელსაც ერთ-ერთ დეკორაციაზე მჯდომი ლექსო (აპოლონ კუბლაშვილი) აფურთხებს, შემდგომ მეგობრებთან ერთად  ხურდას ესვრის,  მაწანწალა კი მეორე კონსტრუქციაზე ვარდება,  ხოლო „უცხო მოყმისა“ და შოთა რუსთაველის  ილუსტრაციასთან ეს უკანასკნელი გაყვირის - „მიდი, აბა, მომკალი, ამ ქვეყანაში მოხუცების ადგილი მაინც არ არის“, რის შემდეგაც  ჯაბა კილაძის გმირი თავდავიწყებით სცემს მას.

ლექსო და მისი თანამოაზრეები კიდევ ერთ საშინელებას სჩადიან, პროფესორის (სლავა ნათენაძე) სახლში იჭრებიან, ამ უკანასკნელზე ძალადობენ, როგორც წინა შემთხვევებში, ხოლო მის ქალიშვილს (მარიამ ნადირაძე), ოთხივე მათგანი აუპატიურებს  დეკორაციაზე, რომელზეც გამოსახულია „უცხო მოყმე“.

ზემოხსენებული სცენები სწორედ იმაზე მეტყველებენ, რომ ქართველებმა „იმ წყეულ 90-იან წლებში“ დაკარგეს ავთანდილისეული და ტარიელისეული ღირსებები.

„როცა რეჟისორი თავის ჩანაფიქრს უამბობს, მირიანი ყურადღებით უსმენს, ხშირად უქნევს თავს და „აჰა, აჰას“ გაიძახის, ხელში ფანქარი უჭირავს და ფურცელზე რაღაც ჩანახატებს აკეთებს. მერე უცებ მზერა ეყინება, სახე ეცვლება და შენ ხედავ, რომ გონებაში ის უკვე მიცურავს იქ, სადაც საოცრებები იბადებიან . როდესაც ის დასრულებულ მაკეტს გიჩვენებს, შენ აღფრთოვანებული ხარ არა მარტო იმ სილამაზით, არამედ იმ ჩანაფიქრის არაჩვეულებრივი ტრანაფორმაციით, თითქოს  ისაა, რაც გინდოდა და რასაც ელოდი, მაგრამ ამავე დროს სრულიად სხვა, ის სხვა, რომელზედაც არც კი გიფიქრია, არც კი მოგსვლია აზრად, რომ ასეც შესაძლებელია და აი, მაშინ იბადება სასწაული, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შენ  თვალწინ ჩნდება ის საოცარი სივრცე, სადაც რეჟისორსა და მსახიობს შეუძლია თავისუფლად ისუნთქოს“[5], წერს  ავთანდილ ვარსიმაშვილი  თავის წიგნში „კომედიანტის ნაჯღაბნი“. ჩემი აზრით, მათი ერთობლიბი ნამუშევარი „მექანიკური ფორთოხალი“ არის დასტური ბატონი ავთოს სიტყვებისა, რადგან დეკორაცია არა მარტო მაყურებელს აცვიფრებს, არამედ  ძალზე ეხმარება მსახიობებს შესრულებაში, ხოლო რეჟისორს სხვადასხვა გადაწყვეტაში ერთ-ერთი კონსტრუქცია ლექსოსთვის (აპოლონ კუბლაშვილი) ჯერ საპყრობილედ, შემდგომ კი  ექსპერიმენტის ჩატარების ადგილად გადაიქცევა, ჩემი აზრით, ყოველივე ასახავს იმას, რომ მას ჩადენილი ცოდვები, ბუმერანგივით  მოუბრუნდა, ადრე თუ იგი ძალადობდა სხვებზე, ახლა თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი და გადაიქცა  მექანიკურ თოჯინად.

ავთანდილ ვარსიმაშვილმა 2021 წელს, ქალაქ კიევში, „ტეატრ ნა პოდოლის“ სცენაზე წარმოადგინა „მექანიკური ფორთოხლის“ არა ბრიტანული და ქართული, არამედ უკრაინული ვერსია. დადგმაში მოქმედება მიმდინარეობს 90-იანი წლების კიევში. სცენოგრაფიის ავტორი კვლავ მირიან შველიძე გახლავთ,  რაც არაა  გასაკვირი, რადგან ბატონი ავთოს საზღვარგარეთულ სპექტაკლთა უდიდესი ნაწილის მხატვარი სწორედ  ბატონი მირონია. ამჯერადაც, სამი ორმხრივი კონსტრუქცია ფიგურირებს, კვლავ გაცვეთილი ილუსტრაციები (ოღონდ, არა სერგო ქობულაძის „ვეფხისტყაოსნის“ ნამუშევრები, არამედ უკრაინული ეპოსის ამსახველი სურათები), ვინილის ფირფიტები და პლაკატები გვხვდება.

დასაწყისშივი   აღვნიშნე, რომ  მირიან შველიძეს სახასიათო სტილი აქვს,  რომელიც სხვებისგან  სრულიად განსხვავებულია, შელახულ ილუსტრაციებთან ერთად, მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო ფერთა გამაზე, რომელშიც,  ხშირ  შემთხვევაში, დომინირებს სხვადასხვა ელფერის ყავისფერი, რაც რემბრანდტის პალიტრას მახსენებს.   თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა უდიდესი სევდა და ტკივილი, რაც „მექანიკურ ფორთოხალში“ ჩანს და აღნიშნულ  სცენურ გაფორმებაზე  დაკვირვებისას გამახსენდა ნიკო გომელაურის ლექსი „ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს“, რა თქმა უნდა, მთლიანი ლექსის ციტირებას არ დავიწყებ, თუმცა რამდენიმე მონაკვეთს მაგალითად  მოვიყვან და დარწმუნებული ვარ, გაგახსენდებათ ზემოხსენებულ სპექტაკლში ასახული მოვლენები:

„აქ ხომ შავი საყვარელი ფერია.

აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია .

აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი…“

„აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი.

აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში…“

 

„მექანიკური ფორთოხლის“ ნახვისას, გამახსენდა მირიან შველიძისა და ავთო ვარსიმაშვილის კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი- „კავკასიური ცარცის წრე“, სადაც მომწვანო, მოყავისფრო ტონებთან ერთად პირველი, რაც თვალში გვხვდება , ეს „ყინწვისის ანგელოზის“ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტია, თანაც, უნდა ითქვას , რომ ავთანდილ ვარსიმაშვილის „კავკასიური“, სწორედ  სამოქალაქო და რუსეთ-საქართველოს ომის ტკივილზეა აგებული.  ეს  ძალზე მეტყველი სცენოგრაფიაც მახსენებს ნიკო გომელაურის  სიტყვებს, რომლებსაც იგი წარმოთქვამდა სწორედ    „აზდაკის  ზონგში“ , განსაკუთრებით გამოსაყოფია ბოლო ნაწილი:

„ჩემი ქვეყანა, გადაფლეთილი,

გაძარცული დამწვარი ყანა…

ასე არ არის , ხალხნო ?

ასე არ არის, განა?

აი ამიტომ, აღარ აქვთ ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი,

აი ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს.“

 

„ავთოსთანაც მიადვილდება მუშაობა, რადგან მასაც „რუსთაველის  თეატრის“ სკოლა აქვს გავლილი და ერთ ენაზე ვსაუბრობთ. თავიდან რაღაცას ბუნდოვნად მეუბნება, მერე როცა მაკეტი ან ესკიზი მიმაქვს, - აი, სწორედ ეს მინდოდაო…მოკლედ, შევეჩვიე გრიბოედოვისა და თავისუფალ თეატრს, მეც რაღაცეები ვასწავლე და ასე დავმეგობრდით.„[6] - ამბობდა მირიან შველიძე.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ მირიან შველიძისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის ტანდემი ძალზე საინტერო ნამუშევრებს  ქმნიდა მრავალი წლის განმავლობაში, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი „მექანიკური ფორთოხალია“

 

 

გამოყენებული წყაროები:

[1] შველიძე მ. , 2017, გვ. 8.

[2]  „მემორია“  მათი თეატრი - მირიან შველიძე https://youtu.be/v2HmultO0A8

[3] ვარსიმაშვილი ა.  კომედიანტის ნაჯღაბნი, მეორე ნაწილი, 2021 , გვ. 175.

[4] ვარსიმაშვილი ა.  კომედიანტის ნაჯღაბნი, მეორე ნაწილი, 2021 , გვ. 254.

[5] ვარსიმაშვილი ა.  კომედიანტის ნაჯღაბნი, მეორე ნაწილი, 2021 , გვ. 174.

[6] შველიძე მ. , 2017, გვ. 128

bottom of page