top of page

მითურისა და რეალურის ზღვარზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

424A0003 (1).jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

მითურისა და რეალურის ზღვარზე

 

კოლხეთის მეფის ასულის, მითური მედეას ფენომენი საუკუნეების განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, როგორც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე არაორდინალური მოვლენა. მედეა, როგორც პერსონა, ბოლომდე შეუსწავლელი და შესაბამისად, ჯერ კიდევ ამოუცნობია, მისი უკიდეგანო ფსიქოლოგიური შრეებისა და არქეტიპული ფენების გამო. ამიტომაც არ არის გასაკვირი - ვნება, ლტოლვა, დაუოკებელი ჟინი და ცხოველი ინტერესი რომ არ ქრება მის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში, ხელოვანები და მოაზროვნეები იკვლევენ მედეას, როგორც ფსიქოტიპს და როგორც მოვლენას.

 

რა გასაკვირია, რომ მითოლოგიის ყველაზე იდუმალი, სასტიკი და მგრძნობიარე ქალი, ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის კოტე ფურცელაძის კვლევის საგანი რომ გახდა. თანამედროვე ქართული თეატრის გამოჩენილ ქორეოგრაფს იტაცებს არაორდინალური, მეამბოხე, მებრძოლი, თავისუფალი ქალი პერსონაჟების უჩვეულო ისტორიები, სახიფათო თავგადასავლები. ამაზე მეტყველებს მისი სპექტაკლები: ოსკარ უაილდის „სალომეა“, პროსპერ მერიმეს „კარმენი“, ანტონ ჩეხოვის „სამი და“. მორიგი დამოუკიდებელი დადგმა - „მედეა“ (ევრიპიდეს ტრაგედიისა და ბერძნული მითების მიხედვით) ერთგვარი გაგრძელებაა მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული და უნიკალური გმირი ქალების ისტორიების სცენაზე სხეულის ენით გადატანის და მათი ძალების დემონსტრირების.

 

კოტე ფურცელაძის სპექტაკლები ეფუძნება მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულ ნიმუშებს, ეძღვნება და იკვლევს ქალს. მათი საკომუნიკაციო ენა - არავერბალურია. აი, ეს ფაქტორები აერთიანებს ქორეოგრაფის შემოქმედებით ნიმუშებს.

 

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დადგმის „მედეა“ მუსიკალური პარტიტურა კერუბინის, ბახის და მოცარტის ნაწარმოებებზეა აგებული. რეჟისორი გვიჩვენებს ერთი ქალის ცხოვრების სამ ეტაპს - ყმაწვილქალობაში მეოცნებეს, შეყვარებულს და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ შურისმაძიებელს. ქორეოდრამის ავტორის ყურადღების და კვლევის ეპიცენტრში მითოლოგიური ამბის მთავარი გმირი მედეაა. სპექტაკლში ნაჩვენებია მისი ხასიათის გრადაცია მოცემულობიდან მოცემულობაში, განცდები და დამოკიდებულებები და არა თავად მითი არგონავტების შესახებ.

 

კოტე ფურცელაძე მოგვითხრობს გრძნეული ქალის ყმაწვილქალობაზე, სიყვარულით გამოწვეულ აღმაფრენაზე, იმედგაცრუებაზე, შურისძიებაზე, კონფლიქტზე ბედისწერასთან, სიტუაციასთან და ადამიანებთან.

 

სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი პროფესიონალია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის ზუსტად გრძნობს არა მხოლოდ ნაწარმოების არსს, არამედ მის ფორმას. ის ქმნის ერთგვარ ცარიელ სივრცეს, ე.წ. შავ ყუთს, რომელშიც მოცეკვავე-მსახიობებს უთავისუფლებს სამოქმედო სივრცეს. ამ სიცარიელეს კი სცენის შუაში ჩამოშვებული ფარდით და განათების ეფექტით ავსებს, რომელიც იცვლის ფერს, ხან გამჭვირვალეა და „სხვა“ სამყაროში გადაყავს პერსონაჟები. ამ სპექტაკლში მხატვრულ განათებას გადამწყვეტი ფუნქცია აქვს მინიჭებული და ის ერთ-ერთი მძლავრი კომპონენტია დამდგმელის ჩანაფიქრში, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს სპექტაკლში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

კონტრასტული, კოლაჟური, კონტრაჟული და კონტრაპუნქტული განათება ახალი თეატრის „მედეას“ მძლავრი „მოთამაშეა“. ამ კონტექსტში კი საყურადღებო  აქცენტი კოსტიუმებზეა დასმული, რომელიც ერთი მხრივ, უნდა გამოხატავდეს პერსონაჟთა ხასიათს, ეპოქას, მათ შინაგან განწყობებს; მეორე მხრივ, მოსახერხებელი უნდა იყოს მოცეკვავე-მსახიობისთვის. სწორედ ამ პრინციპით ქმნის ანანო მოსიძე კოსტიუმებს კოტე ფურცელაძის „მედეასთვის“, რომელიც ესთეტიკურად დახვეწილი, ნატიფი, მსუბუქი და არაორდინალურიც კია. განსაკუთრებით, კაცებისთვის. ანანო მოსიძის კოსტიუმები კონტრასტულია, რაც ქალი და მამაკაცი პერსონაჟების ჩაცმულობაში ვლინდება. მამაკაცთა სამოსი გრძელ ქვედაბოლოებს გავს და ერთდროულად გამოხატავს მასკულინურობას (ამაში მსახიობთა აღნაგობაც უწყობს ხელს) და სისუსტესაც (განსაკუთრებით ძლიერი და გრძნეული ქალის ფონზე). კონტრასტულია ქალ პერსონაჟთა სამოსის გააზრებაც, სიფრიფანა და მსუბუქი (ხშირად ფერადი) კოსტიუმი ქალის ბუნებაზე მიუთითებს, მაგრამ ამ სიმსუბუქეში მისი ძლიერება იმალება.

 

მიუხედავად იმისა, რომ კოტე ფურცელაძე არ გვთავაზობს ზედმიწევნით თანმიმდევრულ, მწყობრ და კლასიკურ თხრობას, ამბავი წარმოდგენაში მაინც ვითარდება. მშვიდი გარემო ბობოქარი ატმოსფეროთი იცვლება, ზღვის ტალღების სასიამოვნო ჟღერადობას, ცეცხლის სტიქიის ხმა და გამოსახულება ანაცვლებს, შესაბამისად, იცვლება პერსონაჟთა მოქმედების დინამიკა და ტრაექტორია. კოტე ფურცელაძისთვის მითი არგონავტებზე ან მედეას ისტორია ემიგრაციაში კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი განცდები და სულიერი მდგომარეობა სხვადასხვა მოცემულობაში. ერთმანეთისგან განსხვავებულ მედეას სახეებს ქმნიან: ნუცა გუჩაშვილი, მანუ თავაძე და ანა წერეთელი. ნუცა გუჩაშვილი ხალას, მეოცნებე, უბოროტო ყმაწვილქალს ხატავს, ხოლო მანუ თავაძის მედეა გულწრფელად და უკიდეგანოდ შეყვარებული, ბედნიერი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად სიყვარული მიაჩნია, ხოლო ანა წერეთელი შელახულ, შურისმაძიებელ, დაუნდობელ და გრძნეულ მედეას წარმოგვიდგენს.

 

სპექტაკლში არაერთ ეფექტურად გადაწყვეტილ ეპიზოდს შეხვდებით, რომელიც ზოგჯერ ქორეოგრაფიული მიზანსცენით, ხანაც სცენოგრაფიით, ხან კი მსახიობის გარეგნობითაა მიღწეული. ასეთია ნიკა ხრიკულის აფსირტე, მედეას ძმა და კოლხეთის მეფის აიეტის ვაჟი, რომელიც მზეჭაბუკს ემსგავსება, როცა მის გრძელ და ხვეულ თმებს კოლხი ქალები გაშლიან. გარდა ფიზიკური და ვიზუალური მონაცემებისა ეს ეფექტი მიიღწევა მსახიობის მიერ გააზრებული ქმედებით, რომელიც მაყურებლისთვისაც ხილულია და ემოციური, ისე როგორც შეყვარებული იასონის - ზუკა პაპუაშვილისა და მედეას - მანუ თავაძის სცენები, რომელიც გაჟღენთილია უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულით, ვნებით, სექსით... მათი ბედნიერება საცქერლად ლამაზია, მათი სიყვარული კი უანგარო, დახვეწილი და ნატიფი. ახალგაზრდა მსახიობებს მაყურებლამდე მოაქვთ სუფთა, შეულახავი განცდები და ემოციები, რომელიც ტალღისებურად ედება დარბაზს.

 

შემაძრწუნებელია ანა წერეთელის მედეას - ცქერა, რომლის სახე და სხეული დიდ ტკივილს, ბრაზს, შურისძიების წყურვილს ერთდროულად გამოხატავს. ემოციის გარეშე ვერ უყურებს მაყურებელი ანა წერეთლის მედეას სახეს და მოძრაობას, როცა ის შურისძიების შედეგებს იმკის - მასში ერთდროულად გამოკრთის ღირსების აღდგენით და პირადი უბედურებით გამოწვეული განცდა. მსახიობს საკადრის და თანაბარ პარტნიორობას უწევს გიორგი ტორიაშვილი, რომლის მასკულინური სხეული, სახე-ჰაბიტუსი სრულ ჰარმონიაშია სცენურ პარტნიორთან. არანაკლებ საყურადღებოა თეკლა სულაქველიძის გლავკე (ზოგიერთი მითის მიხედვით კრეუსა, კორინთოს მეფის კრეონის ასული). მსახიობის ფაქტურა, მისტიკური სახე და უძირო თვალები თითქოს ზედგამოჭრილია გლავკეს როლისთვის. მისი გამჭოლი მზერა ახალი თეატრის დიდი სცენიდან გრძელი პარტერის ბოლომდე აღწევს. განსაკუთრებით ეფექტურია ის არა მხოლოდ მაშინ, როცა ოქროს მოსასხამით ცეცხლის ალში იწვის, არამედ მედეასთან შეხვედრის ეპიზოდშიც. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები: გივიკო ბარათაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ნათია ბუნტური, ანა გვანცელაძე, ნიკა გოგიძე, ნუცა გუჩაშვილი, ანა ეზიაშვილი, მანუ თავაძე, ნატაშკა იაშვილი, ლევან კახელი, ზუკა პაპუაშვილი, თეკლა სულაქველიძე, გიორგი ტორიაშვილი, გიგი ქარსელაძე, ლალიკო ღერკენაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ანა წერეთელი, ნიკა ხრიკული პერსონაჟებსაც ხატავენ და ქოროსაც წარმოადგენენ. კორდებალეტში ისინი ქმნიან ანსამბლურობას, აღწევენ სინქრონულობას, იცავენ თანასწორობის და კოლეგიალურობის პრინციპს. 

 

კოტე ფურცელაძის „მედეა“ ჰიბრიდული დადგმაა, რომელიც აერთიანებს არავერბალური თეატრის თითქმის ყველა სახეობას და ფორმას, მოდერნისტული ბალეტიდან, თანამედროვე ცეკვამდე. სპექტაკლის ცქერისას არაერთ ეპიზოდსა და მიზანსცენაში, ასოციაციის პრინციპით, გონებაში ამოტივტივდება საშემსრულებლო ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლების მაიდენტიფიცირებელი „მიგნებები“ და „აღმოჩენები“, რომელიც სულ სხვა ფუნქციას და გამომსახველობით სახე-ფორმას იძენს, უცვლის მიმართულებას, ტრაექტორიას..  გარკვეული სცენები ისეთი შთამბეჭდავია და ეფექტური, მაყურებელი მითურ სამყაროში მოგზაურობს და უცებ ისევ რეალობაში ბრუნდება, მსახიობ-მოცეკვავეთა რეალური განცდებითა და ემოციებით.

 

„მედეაში“, რომელიც ქორეოგრაფმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში შექმნა არის მორიგი წარმატებული პროექტი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რასაც მაყურებელი სცენაზე ხედავს. სპექტაკლი „მედეა“ კომპლექსურად გამოხატავს არა მხოლოდ მისი ავტორის შემოქმედებით რესურს და უნარებს, არამედ დასის შესაძლებლობებს. მათი ამბიცია თანხვედრაში მოდის რეზულტატთან, რომელიც მაყურებელს აღაფრთოვანებს და ისეთ ემოციას უღვივებს, რომელიც დიდხანს გაჰყვება და ჩარჩება მეხსიერებაში.

 

P.S. ახალი თეატრის სცენაზე, სხვადასხვა ასაკის მსახიობებს ვხედავთ, თაობებისგან შემდგარ დასს, რომელიც მუდმივად ახლდება საუკეთესო კადრებით, მათ განსაკუთრებული შარმი და ემოცია მოაქვთ სცენიდან, უყურებ მომხიბვლელ მსახიობებს, რაც ერთდროულად სიამაყის და ესთეტიკური სიამოვნების გრძნობას გიღვიძებს. ახალი თეატრი დიდ შემოქმედებით რესურს ფლობს, რაც არაერთხელ გამოვლინდა ბოლო პერიოდის დადგმებში.

ფოტოები გიორგი ინდუაშვილი

bottom of page