top of page

მკვდარი ქალაქები, ცოცხალი პეიზაჟები...

780_39744848_674163069623664_63815378580

დავით ბუხრიკიძე

მკვდარი ქალაქები, ცოცხალი პეიზაჟები...

 

რეგიონული თეატრების ფოთის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალმა ახალი და მოულოდნელი განზომილება შეიძინა.

 

პარადოქსია, მაგრამ კრიზისი ზოგჯერ ახალ და უფრო საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის ხელოვნებაში. ამის მაგალითია რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს, ივლისის ბოლოს უკვე მეოთხედ გაიმართა. ფოთში ახალი თეატრი ზარ-ზეიმით 2015 წელს გაიხსნა, თუმცა, ნაჩქარევი სამუშაოების გამო, დღეს უკვე ავარიულია. ამდენად, აუცილებელი გახდა, რომ ფესტივალს შენობიდან ქუჩაში, ზღვის პირასა თუ მალთაყვის ტყეში  გადაენაცვლა... და ამის გამო სრულიად სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა.

 

პროგრამის მიხედვით, ფესტივალი ბრიტანული სპექტაკლით, „მედეა, გაძევებულით“ (სენეკასა და ევრიპიდეს პიესების მიხედვით) უნდა გახსნილიყო, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა გაურკვეველი მიზეზით, ფესტივალის გახსნამდე ერთი დღით ადრე ფოთში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამ „უცნაურ“ ფაქტს ისიც დაემატა, რომ  ფესტივალის ორგანიზატორებს (სამხატვრო ხელმძღვანელ ნინელი ჭანკვეტაძეს და დირექტორ თენგიზ ხუხიას) ლამის ბოლო დღეებში მოუწიათ იმ სივრცეების, შენობებისა თუ ახალი ლოკაციების მოძებნა, სადაც სპექტაკლები უნდა გამართულიყო.

 

„სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა ფოთის თეატრის ავარიულმა მდგომარეობამ. გვეგონა, რომ შენობა არც ისე დაზიანებული იყო და მაინც მოვახერხებდით თეატრში შესვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება - ან წავსულიყავით სხვა ქალაქში და იქ გაგვემართა ფესტივალი, ან რაღაც სხვა გამოსავალი მოგვეფიქრებინა. მორალური თვალსაზრისით, გაუმართლებელი იქნებოდა ქალაქიდან წასვლა, რადგან ფოთი ოთხი წლის წინ შეგნებულად ავირჩიე და დიდი მხარდაჭერაც მქონდა როგორც თეატრის მსახიობების, ისე ქალაქის ხელმძღვანელობიდან. საბოლოოდ, მივიღეთ სარისკო, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - აგვეთვისებინა სხვადასხვა ალტერნატიული სივრცე“ - განაცხადა ფესტივალის გახსნაზე სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ.

 

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა უკრაინის, ირანის, ინგლისის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონული თეატრების 16 სპექტაკლი იხილა. გასული წლის მსგავსად, ასევე მნიშვნელოვანი იყო მასტერკლასები, სემინარები და პრეზენტაციები, რისთვისაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და ლატვიიდან თეატრის პედაგოგები და რეჟისორები მოიწვიეს. ასეა თუ ისე, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალმა ურთულესი ვითარების მიუხედავად, მაინც მიაღწია თავის მიზანს - ხელი შეუწყო სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, მსახიობების, რეჟისორებისა თუ კრიტიკოსების დამეგობრებას. ფესტივალი შეხვედრებისა და გაცნობის ადგილად იქცა, რამაც ერთობლივი პროექტებისა და სპექტაკლების დადგმის პერსპექტივაც გააჩინა.

 

ბედის ირონიითა თუ მისივე წახალისებით,  ფესტივალის გახსნაზე ბრიტანული „მედეა“ ქართულმა „მედეამ“ ჩაანაცვლა; უფრო ზუსტად, ლაშა ბუღაძის პიესამ - „ანტიმედეამ“, რომელიც გურამ მაცხონაშვილმა ერთი თვით ადრე , „ახალი დრამის“ ფარგლებში, კინოსტუდიის პავილიონში დადგა. ამჯერად სპექტაკლი მალთაყვის პლაჟზე მდებარე ერთ-ერთ დაუსრულებელ შენობაში გათამაშდა.

 

ფაქტობრივად, ლაშა ბუღაძემ ერთგვარი ანტიმითი შექმნა, რომელიც ერთდროულად მითის ტრადიციასაც მისდევს და ამავე დროს, საგანგებოდ დისტანცირებულია „მედეას“ ისტორიული თუ თეატრალური არქეტიპებისგან. თუმცა ბუღაძის პიესა, გარკვეულწილად, შეიძლება, შევადაროთ ცნობილი დრამატურგისა და რეფორმატორის, ჰაინერ მიულერის მეოცე საუკუნეში დაწერილ დეკონსტრუქციულ „მედეას“.

 

გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი აქცენტს აკეთებს გასული საუკუნის 90-იან წლებზე, რთულად მოპოვებულ თავისუფლებასა და ომების სერიებზე, რის გამოც ემიგრაციის ტალღა ქვეყანაში დღემდე გრძელდება. სპექტაკლის ახლებური, უჩვეულო ფორმა და მისი ირონიულ-დრამატული გააზრება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დღევანდელი თეატრი მუდმივ განახლებას, რეფლექსიას და დროსთან უახლოეს კავშირს გულისხმობს. ემიგრანტი მედეას სახეს ქმნის ლილი ხურითი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალზე ყველაზე საინტერესო მაინც გახნა და დახურვა აღმოჩნდა. სწორედ ფესტივალის ფინალურ დღეს ფოთის თეატრმა ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის ყოფილი შენობის ეზოში წარმოადგინა დავით ხორბალაძისა და მიშა ჩარკვიანის ერთობლივი სპექტაკლი - „მკვდარი ქალაქები“, რომელიც დოკუმენტური თეატრისა და სოციალური პერფორმანსის ერთგვარი ნაზავია. წარმოდგენა, რომელიც შედარებით მცირე რაოდენობის მაყურებელზეა გათვლილი, ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: შეგვახსენებს თეატრის უმთავრეს დანიშნულებას, ილაპარაკოს აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე, გვახსენებს ასევე, მის თანამედროვე ენას, ზუსტ და სოციალურ აქცენტებს და, რაც მთავარია, მაღალმხატვრული ენით, ყოველგვარი პათეტიკისა და ყალბი პატრიოტიზმის გარეშე გვესაუბრება. ხშირად რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს, რომლებშიც დასმული პრობლემა აქტუალური არ არის, ის არც მას და არც მაყურებელს აღელვებს. ასევე ხშირია მაყურებლის მოსაზიდად დადგმული საეჭვო მხატვრული ღირებულების მელოდრამები თუ ათასჯერ გადაღეჭილი კომედიები.

 

ზოგიერთი სპექტაკლის ესთეტიკა, ფორმა თუ  კონცეფცია აშკარად დროსაა აცდენილი ან მოძველებულია. ასეთად  შეიძლება მივიჩნიოთ: ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი „მიუნჰაუზენი“ (რეჟისორი კოტე აბაშიძე), სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში დადგმული „მაცეკვე ტანგო“ (რეჟისორი კახა გოგიძე), ხულოს სახელმწიფო თეატრის „ზვავი“, რომელიც სულ ერთ საათს გრძელდება და რატომღაც ხუთი რეჟისორის (!) ერთობლივი ნამუშევარია; თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის მიერ წარმოდგენილი „კაცია-ადამიანი?!“ (რეჟისორი ლევან წულაძე), სადაც აქცენტები საერთოდ შეცვლილია, ნაწარმოების სატირული და კრიტიკული მხარე კი მთლიანად უარყოფილი...

 

განსხვავებული ლოკაცია უფრო მეტად მოუხდა ზინა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლ „სიბრძნე სიცრუისას“ (რეჟ: თამარ ხიზანიშვილი), რომელიც კოლხური კულტურის მუზეუმში გაითამაშეს; ასევე გორის, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დადგმულ სპექტაკლ „ჟულის“ (რეჟისორი ილია ქორქაშვილი, მხატვარი და სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე), რომელიც მაყურებელმა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში, ისტორიული შენობის - შუქურას გვერდით ნახა. ახლებურად და ირონიულად გაიჟღერა ესპანელი დრამატურგის, ფერნანდო არაბალის ანტიმილიტარისტულმა პიესამ, „პიკნიკმა“, რომელიც გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა მალთაყვის ტყე-პარკში წარმოადგინა (რეჟისორი, ქორეოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი გიორგი ოსეფაშვილი).

 

არცთუ შთამბეჭდავი აღმოჩნდა უცხოური პროგრამა. კერძო თეატრმა კიევიდან (დამოუკიდებელი პროექტი „სპექტაკლი სპექტაკლის შემდეგ“; რეჟისორი - ალექსანდრე კატუნინი, მთავარ როლში ვალერი ჩიგლიაევი)  „ერთი კაცის შოუ“ გვიჩვენა. მოქმედება ოდესაში ხდება. მაყურებელი ბუნებრივად ერთვება თამაშში და მსახიობს მასთან  მუდმივი კონტაქტის საშუალება აქვს, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ მოსაწყენი იყო, შექსპირული მონოლოგებით გამრავალფეროვნების მიუხედავად.

 

პოლონურ „ახალ თეატრს“ ზაბჟედან თეატრალები კარგად  იცნობენ. ისინი შარშანაც მონაწილეობდნენ ფესტივალში და  წარმატებითაც, თუმცა წლევანდელი „ანა ფრანკის დღიური“ (ერიკ-ემანუელ შმიტის პიესა) უღიმღამო და ძალიან ტრადიციული გამოდგა, რადგან საერთოდ  გამქრალია ის მაგიური სამყარო, რომელიც ანა ფრანკს ომის საშინელებას ავიწყებდა. რაც შეეხება ირანული „აურა ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ ქორეოგრაფიულ ოპუსს, ის გაცილებით პრეტენზიული და არაფრის მთქმელი იყო,  ვიდრე მათ მიერ პროგრამაში მითითებული „სხეულის, სულისა და გონების“ კავშირი, რომელიც ქალსა და მამაკაცს აერთიანებს.

 

ფოთის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი ისევე უცნაურად, უფრო ზუსტად, ორიგინალურად დასრულდა, როგორც დაიწყო - ღია ცის ქვეშ! ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, სადაც „მკვდარი ქალაქები“ გათამაშდა,  სტალინისტური არქიტექტურის  „დიდებულ და ნგრეულ ნაშთს“ უფრო წააგავდა - ამაზე უკეთესს და აფსურდულს ორგანიზატორები, ალბათ, ვერც მოიფიქრებდნენ. რადგან ქუჩაში დარჩენილი ფოთის თეატრი თავისი აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციით უფრო მნიშვნელოვანი და საშიში აღმოჩნდა, ვიდრე გიგანტურ და უკვე სარემონტო შენობას შეფარებული... წინააღმდეგობის მიუხედავად, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მაინც გაიმართა და იმედია, მომავალ წელს კიდევ  უფრო თამამი, რეაქტიული და კრეატიული გახდება.

bottom of page