top of page

მწარე ირონიით სავსე დრამა - მკვდარი ძაღლები

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

333019851_1355125258389596_3238984216822266956_n.jpg

ნუცა კობაიძე

მწარე ირონიით სავსე დრამა - მკვდარი ძაღლები

პუნქტუაციებზე თავის არიდებით და პაუზებით იუნ ფოსე (ნორვეგიელი დრამატურგი) გვაძლევს პიესის („მკვდარი ძაღლები“) მრავალჯერ წაკითხვის, აღქმის, ინტერპრეტაციის საშუალებას. თუმცა ეს ხერხი ნაწარმოების ფაბულას, ძირითად სათქმელს მაინც არ ცვლის. ფოსე მიმართავს ჰაროლდ პინტერის სტილს, როცა იყენებს ბევრ პაუზას დიალოგების დროს - თითქოს ასე პერსონაჟებს აღარ შეუძლიათ გულწრფელი გრძნობების გადმოცემა. პინტერი ფიქრობს, რომ ენის დახმარებით მაყურებელმა უნდა ამოიცნოს პიროვნებები, მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა მათი ბიოგრაფია. პერსონაჟების შემთხვევაშიც შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ინგლისელ დრამატურგთან - ოჯახური კავშირების მიუხედავად, გმირები სრულიად გაუცხოებულები არიან ერთმანეთთან. აქ რთულია ხასიათების გაგება, ისინი ემოციებისგან დაცლილნი არიან. ეს მოცემულობა მთავარი გმირის გამოკვეთასაც უშლის ხელს.

ყველაფერი რაც სპექტაკლში ვითარდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ რეალობად, რომელიც თანამედროვე სამყაროში ხდება - გლობალური პრობლემებით გამოწვეული უარყოფითი სოციალური შედეგები. ეს არის ერთი კაცის მწუხარებაზე; ერთმანეთისგან გაუცხოებულ ოჯახის წევრებზე; უსახელო, ასოციალურ გმირებზე აგებული მწარე ირონიით სავსე დრამა.

დისა (ქეთა შათირიშვილი) და სიძის (პაატა ინაური) სტუმრობა დედა-შვილის „მყუდრო“, მშვიდ ცხოვრებას არღვევს. კონფლიქტი იწყება მათი გამოჩენიდან და არა ძაღლის დაკარგვის დროს, რომელიც საექსპოზიციო ნაწილად შეიძლება ჩავთვალოთ. შინაური ცხოველი სახლიდან გაიქცა თუ არა, იმის ნაცვლად რომ ახალგაზრდა კაცს მისი ძებნა დაეწყო, სახლში შებრუნდა და დაწვა, მიეცა უუნარო, დეპრესიული მდგომარეობას.  „დედა: თუ ასე ნერვიულობ მის გამო, რამე უნდა გააკეთო“.  სანდრო სამხარაძე ასახიერებს მდუმარე, გულჩათხრობილ ადამიანს, რომელიც საყვარელი ოთხფეხას დაკარგვის გამო კლავს კაცს, მიტოვებულია მეგობრისგან,  არ აინტერესებს ოჯახის წევრები. იდუმალებით მოცული ისწრაფვის განმარტოებისკენ. საყვარელი ადგილი ვიტრინის რაფაა, კომფორტული მდგომარეობა კი - სივრცეში ყურება. სპექტაკლის დაწყებისთანავე საფრთხის მოახლოებას ვგრძნობთ. მსახიობი ქმნის სოციოპათის ტიპაჟს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი შიშის განცდა, მკვლელობის ჩადენისას თუ ციხეში წასვლის დროს, რაც შემზარავ და შთამბეჭდავ ემოციას ტოვებს მაყურებელში.

„ზრდასრული კაცი ხარ, თუმცა შენი შემხედვარე ამას ვერ ვიტყვი“ - ბაია დვალიშვილი თამაშობს ფლეგმატური დედის როლს, რომელსაც ყავის სახლში მოტანა უფრო ადარდებს, ვიდრე შვილის ფსიქიკური მდგომარეობა. მის გულგრილობას არღვევს ფინალური სცენა, როცა შეშინებული სთხოვს შვილს, რომ ნუ დგას ერთ ადგილას და ნუ მიშტერებია სივრცეს. აქ აუღელვებელი, უსიცოცხლო ქალი აღმოჩნდება ყველაზე ძლიერი ემოციის ქვეშ. შიში ანადგურებს მის ფლეგმატურობას. ბაია დვალიშვილი ძალიან საინტერესო მსახიობია, რომელსაც არაერთი განსხვავებული და მნიშვნელოვანი სახე შეუქმნია თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში. „მკვდარ ძაღლებში“ ის ახალგაზრდების გვერდით დგას და ვხედავთ, როგორ იშლება ასაკობრივ ზღვარი კოლეგებს შორის. ორგანულად თამაშობს საშიშ დედას, რომელმაც შვილები გააქცია იმ სივრციდან სადაც ცხოვრობს. ქალიშვილი მარტო მაშინ ნახულობს, თუ გზად შეივლის, ვაჟი კი - ინტროვერტია. ვერ გაიგებ, რომელი უფრო სოციოპათია, სანდრო სამხარაძის პერსონაჟი თუ ბაია დვალიშვილის.

შემზარავია გარემო სადაც „არცისე ცუდად, ნიშნავს საკმაოდ კარგად“-ს. ნიკუშა ბაქრაძის გმირი ერთადერთია, რომელსაც სახელი აქვს - ლაიფი. ახალგაზრდა კაცს ბავშვობის მეგობარი სათევზაოდ ეპატიჟება. თევზაობა - ჩუმი, გაუნძრეველი პროცესი, როცა საათობით შეგიძლია უყურო საკუთარ ანარეკლს წყლის ზედაპირზე. ალბათ ფანჯარაში ცქერისასაც საკუთარ გამოსახულებას აკვირდება ახალგაზრდა კაცი. ინტროვერტი ადამიანი ხომ საკუთარი თავის შესწავლით არის მონუსხული. ბიჭები, როცა გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, მაშინაც იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდა კაცს ბავშვობაში უფრო უყვარდა თევზაობა - კარჩაკეტილ ცხოვრებას პატარაობიდანვე იწყებს. ძაღლი ერთადერთი არსებაა, რომელმაც თავი დააღწია გამანადგურებელ გარემოს - „ შენ კი არ გაგექცა, არამედ თავს უშველა“...

არაფერი განსხვავებულის თქმა არ შემიძლია ქეთა შათირიშვილისა და პაატა ინაურის როლებზე. რეჟისორის ჩანაფიქრიც ეს არის - აქ ყველა ერთნაირია, თავიანთი აპათიურობით. მსახიობებიც ასრულებენ ამოცანას.

მიუხედავად იმისა, რომ პიესას აკლია დრამატულობა (აქ ყველა უემოციოა, კულმინაციამდეც ასე მივდივართ) დავით ხორბალაძე მაინც მკაცრი სიზუსტით მიყვება იუნ ფოსეს ტექსტს, თავისი ინტერიერის აღწერილობით (მხატვარი: თამარ ოხიკიანი) თუ რემარკებით. ნორვეგიული ნიჰილიზმი ჩვენი არაა. ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ (მით უფრო ოჯახის წევრების) გრძნობების ასეთი ჭარბი რაოდენობით უარყოფა  ქართული ხასიათისა და ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის, მისაღები ვერ იქნება. ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ აირჩია რეჟისორმა, დავით ხორბალაძემ, სამეფო უბნის თეატრისთვის ეს პიესა? - არ ვიცი, ამაზე პასუხი მაყურებლისთვის მომინდვია.

 

უამრავი სამეცნიერო კვლევის, ლიტერატურის, ფილმისა თუ სპექტაკლის მიუხედავად, პასუხი კითხვაზე - „რა არის ადამიანობა?”, ამოუწურავია.

bottom of page