„მკვდარი ძაღლები“
სასოწარკვეთილების მტანჯველ, ხანგრძლივ გზაზე მარტო დარჩენილები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ანი ცერცვაძე
„მკვდარი ძაღლები“
სასოწარკვეთილების მტანჯველ, ხანგრძლივ გზაზე მარტო დარჩენილები
სასოწარკვეთილების მტანჯველ, ხანგრძლივ გზაზე მარტო დარჩენილები
თბილისის სამეფო უბნის თეატრში დაგხვდებათ დრამა ერთ მოქმედებად, სადაც
სიტყვები ვერ გადმოსცემენ პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას, ხოლო სიჩუმე
უფრო მეტყველია, ვიდრე კომუნიკაცია. იუნ ფოსესკალამს ეკუთვნის პიესა
„მკვდარი ძაღლები“, რომელიც დავით ხორბალაძემ დადგა. ვფიქრობ,
თავდაპირველად სწორედ იმაზე უნდა ვისაუბრო, რაც პირველ შთაბეჭდილებას
ქმნის მაყურებელში ანუ სცენოგრაფიაზე. სცენაზე უძრავი, სტატიკური, ჩვეული
ოთხი კედელი დგას, თან გრძელი ფანჯარა ახლავს, ივა ქიმერიძის
ინტერპრეტირებული პეიზაჟით. იქვე სკამია, რომელსაც სანდრო სამხარაძის
პერსონაჟი თავისი არც თუ ისე ხანგრძლივი ყოფიერების უმოქმედო ციკლს
უსახსოვრებს. გვერდით, „კოკა-კოლას“ ცარიელი ქილების უზარმაზარი გროვაა,
რომლის ზუსტი სცენოგრაფიული დატვირთვა, თავიდან გაუგებარია, თუმცა,
ვფიქრობ, რომ მისი აღქმა სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი. იგი შეიძლება
წარმოდგენილი იყოს, როგორც კომერციული კულტურითა და მასობრივი მედიით
შექმნილი ილუზია. „კოკა-კოლა“ თვისობრივად წარმოადგენს მოჩვენებით და
ზედაპირულ სიამოვნებას და შესაძლოა პერსონაჟებიც ამ ნუგეშის ძიებაში არიან,
მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც ვერ ავსებენ თავიანთშინაგან სიცარიელეს.
ამასთან, შესაძლოა იგი სოციუმის მიერ თავსმოხვეული სტანდარტების,
გაუცხოებული ფასეულობების სიმბოლოა, რომელიც იმ საზოგადოებრივ ზეწოლასა
და გავლენას გამოხატავს, რაც მედია-სივრცეს აქვს ადამიანების ქცევებსა და
გადაწყვეტილებებზე. ანდა, შეიძლება ეს ნაგვის გროვა ყოფითობის, სიზარმაცის, იმ
უმოქმედობის მეტაფორაა, რომელშიც ეს პერსონაჟები ცხოვრობენ.
შეჯამებისთვის, ვიტყოდი, რომ სახლი ისეთივე უმოქმედო და არა მეტყველია,
როგორც შიგნით მცხოვრებნი. სცენაზე გამოკვეთილი ცარიელი სივრცეებია, რაც
პერსონაჟების შინაგანი სიცარიელისა და უიმედობის ერთგვარი ალეგორიაა.
სპექტაკლის ცენტრალური ხაზი ახალგაზრდა ბიჭზე გადის, რომელიც დედასთან
ერთად ცხოვრობს. დასაწყისშივე ცხადდება, რომ მას ძაღლი ეკარგება, რა დროსაც
მისი ბავშვობის მეგობარი, და და სიძე ჩნდებიან. აქვე იკვეთება სიუჟეტის
სიმბოლური ჯაჭვი, ახალგაზრდა ბიჭს ძაღლს უკლავენ, ის კი ძაღლის მკვლელს
მოკლავს.
სანდრო სამხარაძის პერსონაჟი მეტად კომპლექსური და საინტერესოა. მისი
გმირი მუდმივ ფსიქოლოგიურ კონფლიქტსა და შინაგან გაურკვევლობაშია, ამასთან
წარმოჩენილია მორალური დილემებისა და სოციალური პასუხისმგებლობის
საკითხები. იგი იმ ადამიანების ერთგვარი სარკეა, რომელთაც სტკივათ,
იტანჯებიან... ისინი შეუპყრია მუდმივ გაუცხოებასა და შინაგან ფრუსტრაციას.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სცენაზე თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სანდრო
სამხარაძე დაგხვდებათ, ვინაიდან მისი განსახიერებული როლები არც თუ ისე დიდი
მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი სტაბილურად, თანმიმდევრობითა და
დოგმატური სიზუსტით მიყვება მისი გმირის ფსიქოტიპს. სანდროს პერსონაჟი
ახალგაზრდა ინტროვერტი, მელანქოლიური, სევდიანი და გულჩათხრობილი ბიჭია,
რომლის ერთადერთი მიზანი სოციუმისგან გარიდება და სიმარტოვეა. მისი
საყვარელი საქმიანობა მდუმარებაა, საყვარელი ადგილი ფანჯრის „რაფა",
ერთადერთი ხმა, რომელსაც უსმენს საკუთარი, შინაგანი ხმაა. ის სრულად
დისტანცირდა სოციუმისა და გარემო სამყაროსგან, თუმცა მეგობრის გამოჩენისას
იმასაც ვიგებთ, რომ სულ ასეთი არ ყოფილა. ღრმა წარსულში თევზაობაც უყვარდა
და გიტარაზეც უკრავდა. სწორედ, იმ ადამიანთა სახეს ქმნის ეს პერსონაჟი,
რომლებსაც ცხოვრებამ სუსტ წერტილში დაარტყა, შემდეგ კი ყველაფრის ხელახლა
დასაწყებად საკმარისი ძალა აღარ შერჩათ. მსახიობის მოქმედება, მეტყველება
ისეთივე ნელი და უმოქმედოა, როგორც თავისი პერსონაჟის ამდროინდელი
ცხოვრების ნებისმიერი წუთი. ვფიქრობ, ამოცანა, რომელსაც იგი ემსახურება, ამ
შემთხვევაში ზუსტად ამოიცნო, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, მისთვის ეს
უკანასკნელი არც თუ ისე უცხოა.
ბაია დვალიშვილი, დედის როლში, ისეთივე ფსიქოპატადაა წარმოდგენილი,
როგორც მისი ვაჟი, რომელსაც შვილზე მეტად ყავის უქონლობა ადარდებს.
სპექტაკლის მსვლელობისას პატარ-პატარა შეძახილებით შეამხნევებს ხოლმე ვაჟს
და ადგომას თხოვს. თითქოს, კოსტიუმიც ზუსტად ეხმიანება მისი პერსონაჟის
იერსახეს. ვარდისფერი კაბა, წითელი კოლგოტი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და
პარიკი მაქსიმალური სიზუსტით ასახავს მის შინაგან პათოსსა და სიმკაცრეს.
მსახიობის მიერ განსახიერებულიპერსონაჟის მიმართ, ერთმანეთის
მონაცვლეობით, ხან სევდა შეგიპყრობთ, ხან ბრაზი და ხანაც შეცოდება.
სპექტაკლის ფინალურ ეპიზოდში უიმედობით სასოწარკვეთილი და შეშინებული
დედა შვილს რაიმეს გაკეთებას სთხოვს, უბრალოდ, რომ ადგეს მაინც. რეჟისორი
მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ საბოლოოდ შიში ყველაზე კარგი მოტივატორია, ისეთი
უსიცოცხლო ადამიანებისთვის, როგორიც ეს დედა-შვილია. შიში საყვარელი
ძაღლის დაკარგვის, შიში შურისძიების, შიში მარტოობის და შიში
სასოწარკვეთილების. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ბაიას პერსონაჟის, როგორც
დედის მორალი, რომელმაც თავისი ერთი შვილი სულიერ კრიზისამდე მიიყვანა,
ხოლო მეორემ გათხოვებით დააღწია მშობელს თავი. ვიტყოდი, რომ ბაია
დვალიშვილი საკმაოდ კარგად გადმოსცემს იმ მდგომარეობას, რომელშიც ეს
პერსონაჟი იმყოფება. იგი ახერხებს ერთდროულად მოსიყვარულე, მზრუნველი
დედის მიღმა არ დაკარგოს მკაცრი, გაუწონასწორებელი, შვილებისგან
ინდიფერენტული მშობლის ტიპაჟი.
რაც შეეხება, ნიკა ბაქრაძის გმირს, ის ერთადერთია, რომელიც ავტორმა სახელით
დაასაჩუქრა. ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაში მხოლოდ ლაიფია ის ვინც რაღაც
რეალურს სთავაზობს. თუ დედა და და ბიჭს ყოველგვარი მიზნისა და დანიშნულების
გარეშე ადგომისა და მოქმედებისკენ უბიძგებს, მეგობარი მასთან ერთად
სათევზაოდ წასვლას სთხოვს. ვფიქრობ, ის ერთადერთია, რომელიც ყველაზე
ჯანსაღად და სწორად უდგება იმ ადამიანს, რომელსაც ცხოვრების მიზანი აქვს
დაკარგული. მსახიობი სტაბილურად მიყვება თავისი პერსონაჟის ხასიათს და
ზუსტად გადმოსცემს იმ სათქმელს, რომელსაც ის ატარებს.
ქეთა შათირიშვილისა და პაატა ინაურის წყვილი ასევე ექსცენტრული გმირები
არიან, რომელთაც დამახასიათებელი გარეგნობა და კოსტიუმები აქვთ. პაატა
ინაური ქედმაღალი და მედიდური მამაკაცის სახეს ქმნის, რასაც თავისი ვიზუალით,
მეტყველებითა და მოქმედების მანერით კიდევ უფრო ამყარებს.რაცშეეხება ქეთა
შათირიშვილს, მე არც კი ვიცი რისი თქმა შემიძლია. ვფიქრობ, ეს ის მსახიობია,
რომელიც ან ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს ან პირიქით; ანუ,სრულად გემოვნების
საკითხია, გამომდინარე თავისი სპეციფიკური მანერით, მეტყველებითა და ხმის
ტემბრით.
დასასრულს, ვიტყოდი, რომ ეს პიესა ცოცხალ ადამიანებზეა, რომლებსაც სტკივათ,
იტანჯებიან, ხშირად ეშლებათ... ისინი სასოწარკვეთილების მტანჯველ ხანგრძლივ
გზაზე მარტო დარჩნენ და უკვე აღარც იბრძვიან. ესაა პიესა ადამიანების და არა
სიცოცხლის არსებობაზე. ამასთან, განიხილავს ოჯახში ერთმანეთთან გაუცხოების
საკითხს, ხოლო რაც შეეხება რეჟისორს, იგი კვლავ თავის კალაპოტს მიყვება და
თვისობრივად სტანდარტულ, მაყურებლისთვის უკვე ჩვეულ ხორბალაძის
სპექტაკლს იხილავთ. სამეფო უბნის თეატრში დაგხვდებათ დავით ხორბალაძის
ავტორობით ინტერპრეტირებული, სარკაზმითა და ირონიითგადმოცემული
„მკვდარი ძაღლები".