top of page

მკვდარი ძაღლები და ცოცხალი ადამიანები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

307583014_10160455715166103_7878918325462263957_n.jpeg

ვალერი ოთხოზორია

მკვდარი ძაღლები და ცოცხალი ადამიანები

 

„წარმოიდგინე, რომ ტკივილს განიცდი და ამავე დროს, გესმის, როგორ აწყობენ შენს გვერდით ფორტეპიანოს. ამბობ: „მალე შეწყდება.“ ხომ არის განსხვავება იმას შორის, ტკივილს გულისხმობ თუ ფორტეპიანოს აწყობას! - რასაკვირველია; მაგრამ რაშია ეს განსხვავება?“

 

ლუდვიგ ვიტგენშტაინი, „ფილოსოფიური გამოკვლევები“.

(მთარგმ. გიგა ზედანია.)

 

 

არსებობს პოპულარული თამაში „მკვდარი ძაღლი“: ძაღლს ასწავლიან, როგორ „მოკვდეს“. ნიშანზე - როგორც წესი, პატრონი უმიზნებს ხელპისტოლეტს და იძახის - „ბახ!“ - ძაღლი ძირს ვარდება და აღარ მოძრაობს. ძაღლის მიერ შესრულებული ეს ფარსი, მსახიობი ძაღლის ეს ნომერი საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება.

რა მოხდება, თუკი „მკვდარი ძაღლის“ როლს პატრონი მოირგებს, ოღონდ პირუკუ, ანუ ყირამალა? პასუხის გასაგებად სამეფო უბნის თეატრში იუნ ფოსეს „მკვდარი ძაღლები“ უნდა ნახოთ, სადაც „ახალგაზრდა კაცი“ - სწორედ ასე ჰყავს ის მოხსენიებული დრამატურგს, სახელისა და ასაკის გარეშე, - „მკვდარს“ თამაშობს, ვიდრე მისი ძაღლი ცოცხალია, და ბრუტალურად ცოცხლდება მაშინ, როცა მის ძაღლს კლავენ.

ვფიქრობ, რეჟისორი დავით ხორბალაძე ამ პიესის დადგმისას სიცოცხლის შინაგან პროცესს იკვლევდა ადამიანში და მისი ევოლუციური მზაკვრობის საიდუმლოს. სიყვარული, მიჯაჭვულობა, ამ სიტყვების ყველაზე რუსთველურ-ვეფხისტყაოსნური გაგებით, ესე იგი შმაგი სიყვარული და შმაგი მიჯაჭვულობა, ერთი სიტყვით სიშმაგე, კონცენტრირებული და კონდენსირებული ერთ წერტილში, ერთ არსებაში, (ზომით) პატარა ძაღლში - რადგან დიდი ზომის ძაღლის შემთხვევაში სულ სხვა ფაქტორები სულ სხვა შედეგს მოგვცემდა, - ბომბივით ფეთქდება, თუკი ობიექტთან კავშირს საფრთხე შეექმნა. სწორედ ასე, ტარიელივით, რომელმაც ხვარაზმელი პრინცი სიცოცხლეს გულგრილად გამოასალმა, რადგან უსაყვარლეს არსებასთან მის კავშირს საფრთხე შეექმნა, ფოსეს „ახალგაზრდა კაციც“ უმწიფარი გოგონების წინ ცივსისხლიანი მკვლელივით აჩეხავს მათ მამას, რომელმაც ის საყვარელი ძაღლის გარეშე დატოვა (ეს ნაწილი სცენის მიღმა ხდება, მაყურებლის წარმოსახვაში).

შიზოიდი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხორბალაძის სპექტაკლში ახალგაზრდა ბიჭი - მსახიობი სანდრო სამხარაძე თამაშობს, უცებ, სიშმაგის ფოიერვერკს ავლენს: სცენა დანით პიესაში დაკონკრეტებული არ არის, ის რეჟისორის ინტერპრეტაციას განეკუთვნება (ისევე, როგორც ახალგაზრდა კაცის ასაკის განსაზღვრა), და ეს, ჩემი აზრით, საინტერესო გადაწყვეტაა. ამ სცენით ჩრდილოევროპული პიესა გარკვეულწილად ქართულდება, სამხრეთულ ტემპერამეტს ეზიარება და ქართველი მაყურებლის ემოციურ ქვეცნობიერთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. ამ სცენის მიღმაც, ქართველი მსახიობები - ბაია დვალიშვილი, ნიკუშა ბაქრაძე, ქეთა შათირიშვილი და პაატა ინაური - სამხრეთული ტემპერამენტით თამაშობენ (რაც სავსებით ბუნებრივია) სრულიად ცივსა და მშრალ ამბავს. მიზანსცენის ერთ-ერთი საინტერესო მხარე, ალბათ, ესეც იყო: ჩრდილოეთის შექმნა სამხრეთში და სამხრეთის ჭეშმარიტების ამომზეურება, უფრო ზუსტად - გაყინვა და დაბარდნა, ჩრდილოეთის შინაარს-ფორმით.

კულტურული განსხვავებაა, მაშასადამე, ის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ამ სპექტაკლს ქართველი მაყურებლისთვის საინტერესოდ აქცევს. მაგრამ ეს განსხვავება, ცხადია, არ არის მთავარი ღირსება იუნ ფოსეს შესანიშნავი პიესისა (ახალ-ნორვეგიული ენიდან თარგმანი ეკუთვნის ქ-ონ მანანა მათიაშვილს). მისი მთავარი ღირსება ის თემები და პრობლემებია, რომელთაც პიესა და შესაბამისად, სპექტაკლი ეხება; რეჟისორი პრაქტიკულად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება პიესას, რასაც ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნავს; მისი ამგვარი მიგდომა ჭეშმარიტად დასაფასებელია. ტექსტის მაქსიმალურად ამოტანა სცენაზე, ცხადია, რეჟისორისგან გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. გარდა ამისა, სათეატრო ტექსტთან ამგვარი დამოკიდებულება ღირებულებითად სხვაგვარია, ვიდრე თავისუფალი გადაწყვეტის შემთხვევაში. ამ დროს, ერთგულების, მოსმენისა და პატივისცემის ღირებულებითი წონა გადაწონის შემოქმედებითობას. ამ ყოველივესთან წილნაყარი კრეატულობა კი, უკვე გვაძლევს იმ შედეგს, რაც ხორბალაძის „მკვდარი ძაღლების“ სახით მივიღეთ.

იუნ ფოსეს „მკვდარი ძაღლების“ დრამატურგია ნაპერწკლების სახით იტევს ჩეხოვიდან ტარანტინომდე მოტივებსა და ტექნიკებს. ჩეხოვისებურად, აქაც, მოქმედება ხდება სოფელში. თუკი ჩეხოვთან, მაგალითად „სამ დაში“, უცილობლად მოსკოვქალაქს მიელტვიან, როგორც ხსნის ადგილს, „მკვდარ ძაღლებში“ ქალაქიდან დაბრუნებული ახალგაზრდა კაცის მეგობარი, მრავლისმთქმელი სახელით - ლაიფი, ამბობს: „არც ქალაქშია დიდი ჟრიამული“. სხვა ადგილის არსებობის უტოპიური იმედი მკვდარია, და ამ ფონზე, ის, რომ ახალგაზრდა კაცს, მაინც ქალაქში გადასვლასა და სამსახურის პოვნას, მაშასადამე, თვითრეალიზაციას, ურჩევენ, აჩვენებს ახალი ადამიანების სიყალბესა და შემგუებლობას. დედა ამბობს: „უცბად, თითქოს ძველი დრო დაბრუნდა...“ და ეს ფრაზა სტუმრების მოსვლაზე მეტად ეგზისტენციალურ ნოსტალგიას აცხადებს, რომელიც თავისთავად, უტოპიურია. ამგვარ, ეგზისტენციალური ნოსტალგიის უტოპიით კონსტრუირებული ცხოვრების ჰერმეტულობაში, რომელშიც იგულისხმება საცხოვრებელი გარემოს გარე და შიდა ჰერმეტულობა, ვითარდება მთავარი მოქმედება: ახალგაზრდა კაცის უმოქმედობა, სტუმრების მოსვლა და ფინალური (ტარანტინოსეული) აკორდი - მეზობელი კაცის მკვლელობა უმწიფარი ასაკის ქალიშვილების თვალწინ ამ ახალგაზრდა კაცის მიერ.

პიესაში კარგად ჩანს სიძველის ტვირთი: ევროპული მემკვიდრეობა; მამის ძველი ნავი, რომელმაც განმტვირთველის როლი უნდა შეასრულოს, მაგრამ ვერ ასრულებს. რადგან მთავარი სიცოცხლე - ძაღლი, გაიქცა და ჯერ არ დაბრუნებულა, და მხოლოდ გვამის სახით დაბრუნდება. ტკივილის აქმყოფობა მისი გაუტკივარებულობის სტატუსში ჰბადებს სიუჟეტის აბსურდულობას, რომელიც გასაოცრად გვარწმუნებს მის კანონზომიერებაში, როგორც ამას ტარანტინოს ფილმებში ვაწყდებით.

„ძაღლს რა უყავი?!“ - კითხულობს მეგობარი, რადგან ძაღლი ხდება მთავარი აქცენტი, რომელიც ახალგაზრდა კაცისთვის, ალბათ, დედის ისტერიულობას აბალანსებდა. ყავის არქონას დედა ლამის წყობილებიდან გამოჰყავს. ცხადია, ყავა სიმბოლოა, ნამდვილი მიზეზი კი ახალგაზრდა კაცია, რომელიც არ ემორჩილება მოქმედებას: მოქმედებაზე ხელი აქვს ჩაქნეული, თითქოს-ცხოვრების, შესაძლოა-ყოფის პირობებში.    

ოჯახის კრიზისი, მექანიკური ერთადყოფნის სახეს იძენს და კომუნიკაციის შეუძლებლობაში მჟღავნდება. და-ძმის საუბარი ვერასოდეს თანხვდება - გიტარა გაყიდე? ისე ძალიან გიყვარდა დაკვრა. არა, დაკვრა არც ისე მიყვარდა. ისე კარგად უკრავდი, მახსოვს. არა, მაინცდამაინც კარგი დამკვრელი არასდროს ვყოფილვარ. დედა მუდამ სულ სხვა რამეზე ლაპარაკობს: „მშია, საჭმელი არ მაწყენდა.“ „რა კარგია, რომ აქ ხარ. ბოლო დროს იშვიათად ვხვდებით ხოლმე,“ - დედის პასუხი. მეგობარი თავს იკატუნებს, ვითომ არაფერი იცის, არადა თურმე, ყველაფერი მშვენივრად სცოდნია. უცნაური სიძე კი, კაცმა არ იცის რატომ, ჩანთით მიდის ახალ მეზობელთან გამოსალაპარაკებლად. ამგვარი, დისონანსური პოლიფონია პერსონაჟებს შორის უცნაური დიალოგების, სინამდვილეში ანტილოგების, ეგზოტიკით, გარეგნულად გაუგებარი, თუმცა შინაგანად გასაგები, მოქმედების ძლიერ დინამიკას ქმნის, რის გადმოტანას რეჟისორი სპექტაკლშიც ახერხებს. თუმცა, მეორე მოქმედება - ვუწოდოთ ასე ჩაბნელების შემდგომ ნაწილს - ერთი შეხედვით, ნაკლებად დამაინტრიგებელი და ცოტა მომაბეზრებელია, რამდენადაც ძირეული ცვლილება არ ხდება და დაწყებულის გაგრძელებას წარმოადგენს.

ბავშვი-ძაღლის დიქოტომია ბინდში გაბმული ის თოკია, რომელზეც მთელი ეს ცივი სპექტაკლი თბება. ძაღლი ბავშვს კბენს, ბავშვის მამა ძაღლს კლავს, ბიჭი ბავშვის მამას კლავს და ბიჭის დედას სურს, ეს ყოველივე არ დაიჯეროს: „შენ ხომ ყოველთვის კეთილი და ზრდილობიანი იყავი, არასოდეს გიწვალებია არც ცხოველი და არც ადამიანი. [...] ასეთი არ ხარ!“ მაგრამ კაცი, სპექტაკლში - ბიჭი, სწორედ ასეთია: ბავშვი, რომელიც ვერ დაკაცდა; რომელიც მიჯაჭვული იყო ძაღლზე, ხოლო როცა ძაღლი მოკლეს, გარეთაც გავიდა და დანაც მოიქნია. რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ბიჭ-ბავშვი.

მწირი დიალოგების მსგავსად, მხატვარმა - თამრი ოხიკიანი, დეკორაციას სცენის მცირე ნაწილი - ავანსცენა, დაუთმო. ბრტყელი კედელი და დიდი ფანჯარა, რომლის მიღმაც მრუმე მთა მოსჩანს, მაყურებელს ვერტიკალურ სიბრტყეს ცხვირწინ ააფარებს და უკანა ფონში ჩაყვინთვის შანსს უსპობს. სპექტაკლი უკანა ფონის გარეშე ხდება, როგორც სპექტაკლი სიბრტყეზე, ერთგანზომილებიან სივრცეში. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ცხვირწინ მომხდარია, რომელიც თვალებზე გვეჯახება კედელზე გაკრული ლამაზი შპალერითა და პერონაჟების ნათელი, დეკორატიული კოსტუმებით. ეს კოსტუმები და გარემო რეკლამის პავილიონის განცდას აღძრავს. სპექტაკლიც, გარკვეულწილად, სარეკლამო გადაღების სტილში მიმდინარეობს. ამ ეფექტს აძლიერებს მუსიკაც (კომპოზიტორი თავად რეჟისორია), რომელიც უჩვეულოდ სასიამოვნოდ ედება და აძლიერებს საკვანძო-ემოციურ-დრამატულ მომენტებს.

სასურველია, სპექტაკლი ნახოს ყველამ, ვისაც ძაღლი ყავს; ყველამ, ვისაც პრობლემები აქვს ოჯახში; ყველამ, ვინც ისტერიულია, ნარცისულია, მოქმედებაზე უარი თქვა, ან ზედმეტს მოქმედებს; ყველამ, ვისაც მოწყვლადი ადამიანის ნელი მსხვრევის ყურება სიამოვნებს და თეატრი უყვარს. 

ფოტო: გიორგი ყოლბაია

bottom of page