„მოჩვენებანი“ - თავისუფალი ინტერპრეტაციები თავისუფალ თეატრში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ელენე შალუტაშვილი
„მოჩვენებანი“ - თავისუფალი ინტერპრეტაციები თავისუფალ თეატრში
ფოტო: Tateshka
სპექტაკლი გასული სეზონის პრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ახალგაზრდა რეჟისორმა ახალი დრამის ფუძემდებლის - ჰენრიკ იბსენის ,,მოჩვენებანი" თავისებურად წაიკითხა და წარმოუდგინა მაყურებელს. დრამატურგის ,,თოჯინების სახლს" ფემინიზმის მანიფესტს უწოდებდნენ. ავტორი იმ ეპოქაში მოღვაწეობდა, როდესაც ქალთა უფლებებზე საუბარი არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანისტური განაცხადი იყო. იბსენი ფრუ ალვინგის სახით ძლიერ პერსონას გვიხატავს. იბსენსა და ანტონ ჩეხოვს შორის არსებულ მსგავსებაზე ხშირად მსჯელობენ. ახალი დრამის წარმომადგენელ დრამატურგთან გარდაცვლილთა ხსოვნა ვითარებაზე ბევრად მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე რომელიმე ცოცხალი პერსონაჟი. ასე ხდება ,,მოჩვენებანშიც". ჩრდილოელი ავტორებისთვის ასეთივე მნიშვნელოვანია ამინდი, რომელიც ცალკე ამბავს ჰყვება. მუდმივი წვიმა და ბნელი დღეები ოსვალდ ალვინგს ყველანაირ შემოქმედებით სურვილს უკლავს. რეჟისორმა ეს ყველაფერი თეორიის სფეროს დაუტოვა. პიესის უამრავ პლასტს შორის მან აქცენტი ოსვალდზე - მისი ვერსიით ყველაზე დიდ მსხვერპლზე გააკეთა. ამ რიგად სპექტაკლის წამყვან ხაზად ახალგაზრდული სურვილები, ტკივილები და დაუმორჩილებელი ლტოლვები იქცა.
პირველ სცენაში ოსვალდი სუფთა ტილოზე წითელ ღვინოს ასხამს. ეს ერთის მხრივ მისი პროტესტია სამყაროს წინაშე, მეორეს მხრივ კი შემოქმედებითი პროცესი. ჰემინგუეი ამბობდა, რომ შემოქმედება არაფერია, თუ არა სისხლის ღვრა. დღესდღეობით მაყურებლისთვის უფრო რთული ხდება იმის გაგება, თუ რომელი სპექტაკლი ემსახურება ,,ადამიანის სულიერ განცდათა აღმოჩენას'' და რომელი წააგავს რეფლექსების ჩაიდნიდან ორთქლის ამოშვებას.
ვფიქრობ, საბა ასლამაზიშვილი იმ რეჟისორებს მიეკუთვნება, რომლის ძიების მთავარი საგანი დღევანდელი მაყურებელი და მისი ინტერესებია. შესაბამისად იგი არა მოვლენათა რიგსა და თანმიმდევრობაზე, არამედ მაყურებლის ე.წ. აფექტურ მდგომარეობაში მოქცევაზე აკეთებს აქცენტს. ამის შესაბამისია მსახიობის ამოცანა: იყოს მაქსიმალურად გამომსახველობითი. რეჟისორის საქმე კიდე უფრო გაართულა იმ მოცემულობამ, რომ მსახიობები სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები არიან. ამ დროს მათი ერთ პრიზმაში მოქცევაა საჭირო. როდესაც სპექტაკლი მსახიობების ხელში გადავიდა ცალსახა გახდა, რომ გამომსახველობისა და მანერულობის მიღმა ისინი სხვა საყრდენებსაც ეძებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორმა აქცენტი ოსვალდზე (გივიკო ბარათაშვილი) გააკეთა, სპექტაკლის მთავარ მამოძრავებლად ანი იმნაძე იქცა. ფრუ ალვინგის შემსრულებელმა მოახერხა სპექტაკლის მაღალი ემოციური დაძაბულობის შექმნა. მაგრამ როგორი მაღალი რანგის შემსრულებელთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ვფიქრობ, ერთიანი დინამიკის შესანარჩუნებლად ყველა სპექტაკლი საჭიროებს, რომ ემოციური განვითარება მყარ ლოგიკას ემორჩილებოდეს. რეჟისორის გადაწყვეტილებით თოთოეული პერსონაჟის ხასიათი თავიდანვე გამომზეურებულია. პასტორი მანდერსი (არჩილ ბარათაშვილი) არ იმსახურებს
ნდობას, ოსვალდის ყველა ნიშან-თვისება მის არაჯანსაღ მდგომარეობაზე მიუთითებს. დურგალ ენგსტრანდს (სლავა ნათენაძე) რეჟისორი არ ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, შესაბამისად მისი ფუნქციები შედარებით მკრთალია და მხოლოდ მსახიობის გამოცდილებას ეყრდნობა. რაც შეეხება რეგინას შემსრულებელ ვიკა ბოკერიას იგი მიუხედავად სპექტაკლის გადაწყვეტისა, ყველაზე ნაკლებად მანერულია.
იბსენთან პერსონაჟების სახეცვლილებას, მათი სხვადასხვა ადამიანური სისუსტისა თუ ღირსების გამოვლინებას ვაწყდებით. სპექტაკლში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე მთავარი ოსვალდია. საუნდტრეკიც (კომპოზიტორი ვახტანგ გვახარია) თითქოს მისი სულის ყვირილია, ხოლო კოსტიუმი (კოსტიუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი) ყველაზე გამომწვევი და პომპეზურია. მის გულზე ეშვება სარკე, რომელიც ოჯახში დატრიალებულ ყველა სიბინძურეს ირეკლავს (სცენოგრაფიის ავტორი - მსახიობი ანდრია ვაჭრიძე), ამის მიღმა კი მამის სახელობის თავშესაფარი იწვის: „არაფერი დარჩება მამის სახელის სამახსოვრო, მეც დავიწვები“. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სპექტაკლს სიცხადე აკლია. ცალსახაა, რომ ოსვალდს ბევრი რამ სტკივა, მაყურებელს კი თითქოს ესმის მისიც, მაგრამ რა? ბევრ რამეზე, მათ შორის თავად „მოჩვენებებზე“ საუბრობს მხოლოდ ტექსტი და არა ატმოსფერო.
დრამატურგის მიერ შეთხზული ამბის მხოლოდ ოსვალდის ტრაგედიად წარმოჩენამ დაგვარწმუნა, რომ ამ ამბავში მეორეხარისხოვანი გმირები ფაქტობრივად არ არსებობენ, ტრაგედია ყველას თანაბრად ეხება. გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი მოკლებულია ფსიქოლოგიურ სიღრმეებს. სავარაუდოდ მსახიობი რეჟისორს არც დაუყენებია ამ ამოცანის წინაშე. როგორც ჩანს მისთვის მთავარი ოსვალდის მეამბოხე, შეურიგებელი ხასიათის წარმოჩენა იყო - პროტესტი ზნეობისგან განძარცვული სამყაროსა და წარსულის აჩრდილების წინაშე. ამიტომაცაა მისი პლასტიკა, ჟესტიკულაცია და კოსტიუმი გამორჩეულად „გამომწვევი“. ვფიქრობ „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ საუბარი სპექტაკლის მთავარი მიზანია. ოსვალდი ამბობს: „მე ხომ ის არ მითხოვია შენთვის, ან რა სიცოცხლე მომანიჭე? არ მინდა ასეთი სიცოცხლე! უკან დაიბრუნე!“. გივიკო ბარათაშვილი ყველა ეპიზოდში ძალებს არ იშურებს მისი გმირის „პროტესტანტული“ სულის წარმოსაჩენად.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ანი იმნაძემ მოახერხა სპექტაკლში მაღალი ემოციური მუხტის შეტანა. უდავოა, რომ დღესდღეობით იგი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია ემოციურობით, გემოვნებით, დახვეწილი პლასტიკითა და მეტყველებით. სპექტაკლის გადაწყვეტიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფრუ ალვინგის მხატვრული სახის შექმნაზე მსახიობმა ბევრი იმუშავა. სცენაზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი - ვიკა ბოკერია (თ. ჩხეიძის სახელოსნო) გამოცდილი მსახიობების გვერდით თავისუფლად და თამამად დგას. იგი ყოველ სცენაში ცდილობს საკუთარი პერსონაჟის მოქმედების ლოგიკის პოვნას და ხშირ შემთხვევაში აღწევს კიდეც მიზანს.
არჩილ ბარათაშვილისა და სლავა ნათენაძის ნიჭსა და გამოცდილებაში ეჭვი არავის ეპარება (ჩემგან უხერხულიც კია ამაზე საუბარი), თუმც ვფიქრობ მათი შესაძლებლობები სპექტაკლში ბოლომდე გამოყენებული არ არის. ისეთი განცდა რჩება, რომ დიალოგებში ისინი სცენიური მოქმედების სადავეებს თავიანთ ახალგაზრდა პარტნიორებს უთმობენ.
მეტი ჰარმონიულობით იმუშავეს რეჟისორმა, სცენოგრაფმა, კოსტიუმების მხატვარმა და კომპოზიტორმა. მსახიობი ანდრია ვაჭრიძე ამ ჯერად სცენოგრაფის ამპლუაში მოგვევლინა, მისი ნამუშევარი თავისი სიმბოლოებით ისეთივე მარტივი აღსაქმელია, როგორც ვახტანგ გვახარიას მუსიკა და ბარბარა ასლამაზის კოსტიუმები. მინდა აღვნიშნო, რომ ბარბარა ასლამაზი დღეს ერთ-ერთი საინტერესო სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარია.
რეჟისორისგან დიდი სითამამე იყო ჰენრიკ იბსენის დადგმა. შესაბამისად, მისთვის ეს ცალსახად დიდ გამოცდილებად უნდა იქცეს. შემოქმედებითი გზის დასაწყისში თითოეულ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს, წარმატებული იქნება იგი თუ წარუმატებელი, ყოველი მათგანი გაკვეთილია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და წინააღმდეგობრივი შეფასებებისა, რეჟისორმა მოახერხა მისი სპექტაკლი აქტუალური გამხდარიყო მაყურებლისთვის. ვასილ კიკნაძე ერთ-ერთი დიდი ქართველი რეჟისორის - დიმიტრი ალექსიძის მიერ განვლილ მძიმე შემოქმედებით ცხოვრებაზე წერს: „ადამიანის სულიერ განცდათა აღმოჩენა, მისი იდუმალი ზრახვების შეცნობა და გამოსახვა, იოლად და უმტკივნეულოდ არავის მიუღწევია...“. დღეს მაყურებლის უმრავლესობის სურვილი საერთოდ არ მდგომარეობს იმაში, რომ თეატრში მისვლისას იდუმალი სულიერი სამყარო იხილოს. მაგრამ თეატრს ძალუძს ადამიანებში ისეთი გრძნობები აღძრას, რომელიც მათ აქამდე არ განუცდიათ და გაუჩინოს ისეთი ღირებულებების აუცილებლობა, რომლის საჭიროებას აქამდე ვერ ხედავდნენ.