top of page

მომხმარებლური დამოკიდებულება აპოკალიპტურია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_8939.JPG

ანასტასია ჩერნეცოვა

მომხმარებლური დამოკიდებულება აპოკალიპტურია

 

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქართულ  თეატრში დიდი  პოპულარობით სარგებლობენ ახალი დრამის წარმომადგენლები, განსაკუთრებით, ანტონ ჩეხოვის დრამატურგია. ხშირ შემთხვევაში რეჟისორები მიმართავენ მის ისეთ პიესებს, როგორებიცაა „თოლია“ და „ალუბლის ბაღი“, ხოლო რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, არჩევანი გააკეთა - „ძია ვანიაზე“, რომელიც დადგა გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე. 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „ძია ვანიას“ ყველაზე ცნობილი ინტერპრეტაცია  რიმას ტუმინასს ეკუთვნის. მიუხედავად არსებული ფაქტისა, აღსანიშნავია, ნიკა ჩიკვაიძეს ლიეტუველი რეჟისორის გავლენა არ აქვს, რაც მაფიქრებინებს, ახალგაზრდა ხელოვანის თვითმყოფადობაზე.

ჩიკვაიძის რეჟისორული გადაწყვეტები თავისუფალი ინტერპრეტაციით გამოირჩევა,  რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება გარემოების ცვლილებაში. საკმარისია გავიხსენოთ მისი რამდენიმე სპექტაკლი. მაგალითად, თავისუფალ თეატრში დადგმულ „ირინეს ბედნიერებაში“ მოქმედება მიმდინარეობს დღევანდელობაში, მსგავს ხერხს მიმართავს გრიბოედოვში დადგმულ „ივან ვასილევიჩში“, სადაც არა XX საუკუნის დასასწყისი, არამედ  XXl  საუკუნის პანდემიური ვითარება გვხვდება. დადიანის თეატრში „შაშვი, შაშვი მაყვალში“ მოქმედება არა იმერეთში, არამედ სამეგრელოში მიმდინარეობს, რათა ზუგდიდელი მაყურებლისთვის უფრო ახლო და გასაგები გახდეს ეთეროს ამბავი. მსგავსი რეჟისორული გადაწყვეტებით ნიკა ჩიკვაიძე ხაზს უსვამს ტექსტის მნიშვნელობას.

„ძია ვანიას“ შემთხვევაში, სცენაზე სტაციონარული კომპიუტერის, თუ პროექტორის გამოჩენა ბადებს განცდას, თითქოს  მოქმედება მიმდინარეობს გასული საუკუნის გასაყარზე, ან დღევანდელობაში, თუმცა, გარემო  და მსახიობების ჩაცმულობა გვახსენებს XIX საუკუნეს (მხატვარი ელიზაბეთ ჭიჭინაძე). შესაძლოა, მსგავსი „ბუნდოვანებით“ შემოქმედებითი ჯგუფი მიგვითითებს, რომ „ძია ვანია“ იყო და არის აქტუალური დრამატურგიული ნაწარმოები.

ლიზა ჭიჭინაძის სადა, მეტაფორული სცენოგრაფია, სპილოს ძვლის ფერშია შესრულებული. დეკორაცია დახრილია/დაბრეცილია, რაც პერსონაჟების არასტაბილურ მდგომარეობასა და აპოკალიპტურობას გამოხატავს. თავად პიესა და სპექტაკლი ეხება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიც არის ადამიანების მომხმარებლური დამოკიდებულება საკუთარი თავის, სხვებისა თუ ბუნების მიმართ.

პიესის რემარკის თანახმად, ფიგურირებს საქანელა, რომელიც სპექტაკლშიც გვხვდება. მისმა დანახვამ ასოციაცია გამიჩინა თემურ ჩხეიძის სპექტაკლთან „ჯაყოს ხიზნები“, მხედველობაში მაქვს ასტროვისა (ვლადიმირ ნოვოსარდოვი) და ელენა ანდრეევნას (სოფიო ლომჯარია) ვნებიანი სცენა. აღნიშნული გადაწყვეტა შესაძლოა რეჟისორული ციტატაა. მსგავს ხერხებს მიმართავენ როგორც თეატრისა და კინოს რეჟისორები, ისე მხატვრები. მაგალითად, გავიხსენოთ, ელ გრეკოს გავლენა მოდერნისტ მხატვრებზე.

სპექტაკლის დასაწყისში მსახიობ სოფია ლომჯარიას ელენა ანდრეევნას თითქოსდა არანაირი ამოცანა არ გააჩნია. ის აქეთ-იქით დადის სცენაზე, ხან საქანელაზე ქანაობს, თუმცა მსგავსი რეჟისორული გადაწყვეტა სავსებით გასაგებია, რადგან ექიმი ასტროვი ახალგაზრდა ქალზე ამბობს,  „ის მშვენიერია, მაგაზე ორი  აზრი არ არსებობს...“ „მაგრამ მხოლოდ ჭამს, სძინავს, სეირნობს, აჯადოებს ყველას თავისი სილამაზით და მეტი არაფერი…“

ჩემი აზრით, ანტონ ჩეხოვმა ტყუილად არ უწოდა სერებრიაკოვის ცოლს ელენა, საკმარისია დავუკვირდეთ, ეპითეტს, რომელიც ხშირად ისმის ახალგაზრდა ქალის მიმართ - „მშვენიერი“, თანაც ვოინიცკი (მიხეილ არჯევანიძე) მოიხსენიებს მას, როგორც Heléne-ს. საერთოდ მშვენიერი ელენე ასოცირდება სიტუაციების არევასთან, კაცების მოჯადოებასთან, ელენა ანდრეევნა კი ორივე მოქმედებას ჩადის, თანაც მსახიობ ნინა კალატოზის სონია თვალცრემლიანი  ეუბნება მას - „შენ ჯადოქარი  ხარ!“

ნინა კალატოზი მშვენივრად ჩაწვდა სონიას გრძნობათა ბუნებას. მის შესრულებაში მკვეთრად ჩანს გმირის გონებახვილობა, მიამიტობა, შინაგანი სიძლიერე, რომანტიულობა, ემპათიურობა, თავმდაბლობა და თავდადება. სოფია ალექსანდროვნა ერთგულებას იჩენს ისეთი ადამიანის მიმართაც კი, როგორიც მამამისია, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მიზანსცენაში, სადაც ფეხზე  მდგომ  სერებრიაკოვს (მსახიობი არჩილ ბარათაშვილი) ფეხსაცმელს უწმენდს.

ნიკა ჩიკვაიძე და ნინა კალატოზი მრავალი წლის მანძილზე თანამშრომლობენ. სასიხარულოა, რომ რეჟისორი მსახიობს სხვადასხვა სახის როლზე აკავებს და ამით  წარმოაჩენენ არტისტის მრავალმხრივობას.

არჩილ ბარათაშვილის სერებრიაკოვი არა მოხუცი, არამედ შუახნის მოვლილი და შეძლებული  მამაკაცია, რომელიც განიცდის უყურადღებობას. ნარცისი სერებრიაკოვი, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, შვილიც არ უყვარს. მისთვის არაფერს წარმოადგენს, შეუძლია წიხლი ჰკრას კიდეც, მშვენიერი ცოლი კი მისთვის ისეთივე აქსესუარია, როგორც მის ყელზე ჩამოკიდებული  ოქროს ჯაჭვი, თუ თითზე  გაკთებული ე. წ. „პერსტნი“. მსახიობს გარკვეული  მუხტი შემოაქვს ამ სპექტაკლში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მისი პერსონაჟი არა ხანში შესული, არამედ ყურადღების მოყვარული ადამიანია.

მიხეილ არჯევანიძის ძია ვანია არა მარტო გარემოს, არამედ საკუთარ თავსაც კრიტიკულად და ირონიულად აფასებს. ძია ვანიამ იცხოვრა არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანისთვის, რომელმაც ვერ დააფასა მისი შრომა და ერთგულება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მიზანტროპიამდე და თვითგანადგურებამდე მივიდა. მსახიობს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გამოსდის პერსონაჟის ტრაგიზმის გადმოცემა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ არჯევანიძე გამოირჩევა ფართო საშემსრულებლო დიაპაზონით. 

ექიმი ასტროვი ისევე, როგორც ვოინიცკი კაცთმოძულეა, ამას თავადვე ამბობს, - „მე, როგორც ძია ვანია, ცხოვრებით უკმაყოფილო ვარ და ორივე ჩვენგანი მიზანტროპიამდე მიდის“. ყველაფრის მიუხედავად ვლადიმირ ნოვოსარდოვის ასტროვში ჭარბობს რომანტიული სულისკვეთება, ბრუტალურობა, ფაქტობრივად, გამქრალია. შესაძლოა, ამას ან ბუნების მიმართ სიყვარული უნარჩუნებს ან ელენა ანდრეევნას მშვენიერება ან ორივე ერთად.

რეჟისორის გადაწყვეტით ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრისას ასტროვი არა რუკას, არამედ პროეცირებულ სურათებს უჩვენებს ელენა ანდრეევნას. სპექტაკლი რამდენჯერმე მაქვს ნანახი და მინდა აღვნიშნო, ამ მიზანსცენის დროს პროექტორი ყოველთვის გაუმართავი იყო. კარგი იქნება თუ ტექნიკური ჯგუფი მსგავს საკითხს მეტ ყურადღებას დაუთმობს, რათა მსახიობებს ხელი არ შეეშალოთ დასახული ამოცანის შესასრულებლად.

საინტერესოა ისიც, რომ ასტროვს სონია შეიძლება არ უყვარს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გულგრილობას  არ იჩენს, რადგან საბოლოო ჯამში ხვდება, რომ ახალგაზრდა გოგონა  არ გავს სხვებს და თავისი დადებითი თვისებებით კეთილი მომავლის იმედის ნაპერწკალს წარმოადგენს.

სპექტაკლში არ ფიგურირებს ტელეგინის პერსონაჟი, მაგრამ მისი არყოფნა უკმარისობის განცდას არ მიჩენს.

მოხუც ძიძას კარინა ყენია ასრულებს. შეიძლება მსახიობი სცენაზე არც ისე ხშირადაა, მაგრამ რამდენიმე წუთიც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მაყურებელმა აღიქვას არტისტის ნიჭიერება.

ირინა კვიჟინაძის მარია ვასილიევნა ეგოისტი ქალია, გულგრილია ყველასადმი  სერებრიაკოვის გარდა, ალბათ ჰგონია რომ ყოფილ სიძეზე ზრუნვით  გარკვეულ გავლენასა და მნიშვნელობას შეინარჩუნებს. 

 

სპექტაკლის ფინალში ნინა კალატოზი ფაქიზად და თანმიმდევრულად, სიმშრალისა და გადამლაშების გარეშე ასრულებს მონოლოგს, პარალელურად მიხეილ არჯევანიძე თოკზე სკამს ჩამოკიდებს და ტოვებს სცენას, სონიას განწირულ ხმას ამძაფრებს   ჰოვარდ ჰარპერ - ბარნსის „Life in pieces“. რეჟისორი საკმაოდ მძიმე ფინალით გვეუბნება, რომ ცხოვრების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება ფატალური შედეგის მომტანია.

bottom of page