top of page

მსოფლიო ჭირი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

429844184_1676633746076451_122686411726819991_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

მსოფლიო ჭირი

კარლ ჩაპეკი მწერალი და დრამატურგია, რომლის შემოქმედება დღესაც იწვევს გაოცებასა და განსაკუთრებულ ინტერესს. ყველა მისი ნაწარმოები გამსჭვალულია დიდი ჰუმანიზმით, კაცთმოყვარეობით იდეებით. ავტორი მისთვის დამახასიათებელი იუმორითა, ცინიზმის საშუალებით გვიხატავს იმდროინდელი საზოგადოების ზედა მმართველი ფენების უარყოფით მხარეებს. ხოლო ანტიმილიტარისტული, პაციფისტური და შემოქმედების ბოლოსკენ ანტიფაშისტური თემები ძირითადი ხდება თითქმის ყველა მის ნაწარმოებში: ეს იქნება დრამა „დედა“ (წარმატებით განხორციელებული რეჟისორ მედეა კუჭუხიძის მიერ მარჯანიშვილის თეატრში 1965 წელს ვერიკო ანჯაფარიძისა და ნოდარ მგალობლიშვილის ბრწყინვალე შესრულებით), მოგვიანებით ახმეტელის თეატრში (რეჟისორი გიორგი სავანელი). პიესის „მაკროპულოსის საშუალების“ მიხედვით ნინო ლიპარტელიანი ათონელის თეატრის სცენაზე დგამს წარმოდგენას. ამ ავტორის „თეთრი ავადმყოფობა (ჭირი“) შექმნილის 1937 წელს და „დედა“ (1938 წ.), მაინც ყველაზე გახმაურებული დრამატული ნაწარმოებებია. „კარლ ჩაპეკის პიესა „თეთრი ჭირი“, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ანტიფაშისტური ნაწარმოებია.

 

პოლიტიკური დღის წესრიგითა და ათასი უბედურებით დაღლილმა ავტორმა დაუნდობლად გვაჩვენა საკუთარი ქვეყნის მდგომარეობა – პატარა ქვეყანაში გავრცელებულია თეთრი ჭირი და ორ დიდ სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს ომი“ - წერს თეატროლოგი ტატო ჩანგელია თავის სტატიაში გასული წლების პანდემიის შესახებ. და მართლაც მიუხედავად იმისა რომ ეს ნაწარმოები მხოლოდ გადამდები გზით გავრცელებულ დაავადებას ეხება, ცალსახად ეს მხოლოდ ალეგორია და იმ ავი სენის წინააღმდეგაა მიმართული, რასაც ჩვენ ფაშიზმად მოვიხსენიებთ. ციტატის ავტორი (და რა მხოლოდ ის) თავისთავად იხსენებს ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერ კამიუს „ჭირს“, რომელიც ათი წლის მერე დაიწერება და ისიც სწორედ ევროპაში გავრცელებული საშიში მოვლენის, ფაშიზმის, დიქტატორის წინააღმდეგაა მიმართული ; თუნდაც იგივე კარლ ჩაპეკის „სალამანდრათა ომი“ და ამ ეპოქის სხვა კლასიკოსების ლიონ ფოიხტვანგერის, ერიხ მარია რემარკის, ბერტოლდ ბრეჰტის, ერნესტ ჰემინგუეს, გარსია ლორკას, ჟან ანუის, ჟან პოლ სარტრისა და სხვათა ნაწარმოებები. სხვათა შორის როლან ბარტი თვლიდა, რომ კამიუს „ჭირი“ მხოლოდ ერთი ადამიანის ბრძოლაა « Annales d’une épidémie ou roman de la solitude? », რაზეც კამიუს პასუხობს, რომ ეს კრიტიკა ძირითადად განპირობებული იყო ჭირის ალეგორიული ხასიათით, როცა "წინააღმდეგობის ყველა ფორმა გამოყენებული უნდა იყოს ტირანიის წინააღმდეგ" - მათ შორის, კომუნიზმის წინააღმდეგაც, რომელსაც ბარტი მაშინ თანაუგრძნობდა.

ჩაპეკის პიესაშიც ექიმი გალენი ხომ მარტო იბრძვის ომის (ჭირის) წინააღმდეგ.

რეჟისორი სოსო ნემსაძე ის შემოქმედია, რომელიც გამუდმებით ძიებაშია. თუ მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს გადავხედავ მასში ყოველთვის ნათლადაა გამოხატული რეჟისორის სათქმელი, ის თუ რაზე სურს მას ამ კონკრეტულ მომენტში მაყურებელთან საუბარი, თუნდაც ეს იყო ჟან ბატისტს მოლიერის „დონ ჟუანი“, ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“, „მიმძიმს ამაზე საუბარი“ (ენზე გიზატოვა) თუ ბოლო დროს განხორციელებული „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ (ვაჟა გიგაშვილი).

„თეთრი ჭირი“, რომლის ახალი რედაქციაც ამჟამად რუსთავის თეატრში მიდის აფიშაზე „მარშლად“ მოიხსენიება. პიესამ მისი პირველი ვერსიიდან განსხვავებით (მხედველობაში გვაქვს ის კოპროდუქცია, რომელიც თეატრის მსახიობებსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შედგა გასულ წელს - აქვე უნდა დავამატო, რომ როდესაც სახელოვნებო სასწავლების პროფესორი ამავდროულად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ახალგაზრდა მსახიობთა ჩართვა მიმდინარე რეპერტუარში და შემდგომ მათი დასაქმება ნამდვილად სასახელო და ღირსეული ნაბიჯია) რასაკვირველია გარკვეული ცვლილება განიცადა, შემცირდა პერსონაჟთა რაოდენობა, ამოღებული რამდენიმე, ძირითადად საავადმყოფოს სცენები და მთავარი პერსონაჟიც მარშალია (ზვიად დოლიძე) - როგორც სპექტაკლის სათაური გვაუწყებს.

მცირე დარბაზის სცენა ორადაა გაყოფილი (სცენოგრაფია ბარბარე ასლამაზი) მარცხნივ მისაღებია ოთახია, რეფლექტორით, რადიოთი, სკამით და მეორე ოთხში გასასვლელი კარით, მარცხნივ კი პროფესორ ექიმი სიგელიუსის (ზაზა თაგოშვილი) კაბინეტია დიდი შავი სავარძლით, პაციენტის ვარდისფერი სკამით, მინიბარით, ტელეფონით, სამედიცინო პრეპარატების მაცივრით. აქვე უნდა ითქვას, რომ რეჟისორი მაქსიმალურად იყენებს მაყურებელთა დარბაზის სივრცესაც: მთავარი ექიმის ბრიფინგები პირველი რიგის წინ დადგმულ მიკროფონთან მიმდინარეობს, სპექტაკლში შემოსასვლელი კარიც ხშირად გამოიყენება და ექიმი გალენიც (ლაშა გიორგი მებუკე) ზედა კარიდან შემოდის, ძირითადად მაყურებელთა დარბაზშია, სპექტაკლის მიმდინარეობისას აქ რჩება, აქვე ავანსცენაზე იღუპება.

მისი პირველი შემოსვლაც იმ ინტრიგის დასაწყისია, რომელიც სპექტაკლში ვითარდება: ოდნავ დაბნეული, თითქმის გაუბედავი, მაგრამ მაინც თავისთავში დარწმუნებული, აღელვებით აყალიბებს თავის მრწამსს ღარიბ-ღატაკი მოსახლეობის აუცილებელი განკურნების თაობაზე და კატეგორიულად მოითხოვს ვაქცინის რეცეპტის გადაცემას მხოლოდ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ომს შეწყვეტენ. ამისათვის მას ხრიკიც კი აქვს გამომუშავებული: „ყველა ბოლოს მაინც ჩემთან მოხვალთ!“ სპექტაკლის პერსონაჟები ორად იყოფიან, ერთნი ომის მომხრეების: მარშალი, ბატონი კრიუგი (ნიკოლოზ გვაზავა), მამა (ანდრია ვაჭრიძე), შვილები (სოფიკო ჩხიტუნიძე, ნიკოლოზ გაგნიძე) და ომის მოწინააღმდეგენი: ექიმი გალანი და ნაწილობრივ მარშლის ქალიშვილი (ალექსანდრა თელია) და უმცროსი კრიუგი (ირაკლი ჯიშკარიანი).

ბატონი კრიუგი, რომლის ძალიან საინტერესო სახეს ქმნის ახალგაზრდა მსახიობი ნიკოლოზ გვაზავა, ძვირადღირებულ ქურქში გამოწყობილი, იმ ქარხნის მფლობელია, რომელიც იარაღს აწარმოებს და თეთრი სენით დაავადებული თავს იკლავს, მაგრამ მაინც ვერ წყვეტს იარაღის წარმოებას. მასა და მარშალს შორის საუბრის დროს ერთი საინტერესო დეტალია - მარშალმა იცის მისი დაავადების შესახებ და გამომშვიდობებისას შეგნებულად ართმევს ხელს, თითქოს იმ მოტივით რომ მას არაფრის ეშინია. თუმცა შესაძლებელია ვიფიქროთ რომ ეს მარშლის ერთგვარი გამოსავალია თავიდან აიცილოს თავისი მოვალეობა - აწარმოოს ომი!

ექიმო გალენის ხასიათში არ არის ისეთი ტიპის „ვაჭრობა“ ავადმყოფთა განკურნვის მიზნით, რომელსაც ის იყენებს. ბუნებით ინტელიგენტს დასახული მიზნის მისაღწევად ასეთი თამაში უწევს. ყოფილი მეომრისთვის კარგადაა ცნობილი ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება და მხოლოდ მის მიერ შემუშავებული ვაქცინა შეძლებს არა მხოლოდ მათ გადარჩენას ვინც თეთრი ჭირით იტანჯება, არამედ საერთოდ ბრძოლებისა და ომის შეჩერებას - მომავალი სიკვდილიანობის თავიდან აცილებას. მსახიობმა ლაშა მებუკემ საოცრად ოსტატურად გაართვა თავი ამ რთულ როლის შექმნასა და განხორციელებას, რაც თითქმის დებიუტანტი მსახიობისთვის არც თუ ადვილი უნდა ყოფილიყო.

ანდრია ვაჭრიძის მამისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ის, რომ შვილები განუდგნენ - მილიტარისტული მოძრაობის წევრები აღმოჩნდნენ, ვისთვისაც არა მხოლოდ ომი, არამედ თვით თეთრი ჭირი, რომელიც 45 წელს გადაცილებულ ადამიანებს სიკვდილით ემუქრება, მათთვის წინსვლისა და მომავალი კარიერის ხელშემწყობი პირობა შეიძლება აღმოჩნდეს. დედის (ანა შარვაძე) თეთრი ჭირით დაავადება რთული არჩევანის წინაშე აყენებს მამას - ან მეუღლის განკურნვა ამ ახლად მიღებული ბუღალტრის მაღალი თანამდებობის დატოვება.

მოვლენები ძირითადად მარშალსა და ექიმ გალენს შორის ვითარდება, ვინაიდან სწორედ მათი შეთანხმება და გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საბედისწერო არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ ამ პატარა ადგილისთვის, რასაც პიესის ავტორი არ აკონკრეტებს - პრობლემა იმდენად გლობალური და ყოვლისმომცველია, რომ ის დედამიწის ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარებულიყო.

მარშალი (ზვიად დოლიძე) ჯიუტი ადამიანია, ასე ვთქვათ „სალდაფონის“ ცნობილი ფსიქიკით, რომელსაც რატომღაც სჯერა, რომ ომის შეჩერება, დაზავება ან მოლაპარაკება მის, როგორ ლიდერის პრესტიჟს ემუქრება. „შეგნებული დავირუსებაც“ ასე ვთქვათ მხოლოდ თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. მხოლოდ მოახლოებული სიკვდილის შიში და საკუთარი ოჯახის წევრების ზემოქმედება მიაღებინებს გადაწყვეტილებას ყურმილი აიღოს და ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცეს. მსახიობი ზვიად დოლიძე იუმორით მიუდგა ამ როლს და კომიკური ელფერი შესძინა მის განხორციელებას, რაც დაძაბული ვითარების მიუხედავად ჯანსაღ სიცილს იწვევს მაყურებელში.

თითქოს ყველაფერი კარგი დასასრულისკენ მიდის: ვაქცინის გამოყენებას და ომის შეწყვეტას გზა ხსნილი აქვს, თუმცა ომის მომხრეთა, მილიტარისტთა ძალისხმევით ტრაგედიამდე მივდივართ - მათ მარშალთან სამკურნალოდ მომავალ ექიმი გალენი შემოაკვდებათ და ვაქცინასაც გაანადგურებენ. პიესის (და შესაბამისად სპექტაკლის) ასეთი ფინალი ძალზე ბუნებრივია კარელ ჩაპეკის ხელწერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი მოვლენათა განვითარების წინასწარ განმჭვრეტი თვისებებით გამოირჩეოდა (მას ხშირად ფანტასტ მწერლადაც მოიხსენიებენ, თუნდაც ტერმინი „რობოტის“ გამო, რომელიც მან შემოიტანა) ეპოქა რომელშიც ის ცხოვრობდა და გერმანიაში მიმდინარე მოვლენები (1933-1938 წელი მისი სიკვდილამდე) მწერალს ოპტიმიზმის საფუძველს არ უტოვებდა.

bottom of page