top of page

„ავი მუსაიფი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

350274974_684978417002530_754153862160506533_n.jpeg

მანანა თევზაძე

„ავი მუსაიფი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ივლისის ბოლოს, თეატრალური სეზონის მიწურულს,  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელის დიმა ხვთისიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „ავი მუსაიფი“ ვნახე და მინდა ჩემი შთაბეჭდილებები და სურვილები გაგიზიაროთ.

„ავი მუსაიფი“ ამ რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, როდესაც რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე „უკანასკნელი დედოფალი“ ვმუშაობდით და მარინა ჯანაშია მეფე ერეკლეს როლს თამაშობდა. სწორედ მარინას მოტანილ წიგნს ჩავუღრმავდი და კიდევ ერთხელ და უფრო მეტადაც, სიკეთითა და მადლობით განვეწყვე მეფე ერეკლესადმი. იგი რომ არა, ვინ იცის როგორ მოტრიალდებოდა საქართველოს ბედი და იღბალი?

მაშინ სრულიად არაფერი ვიცოდი რომანის ავტორის - ნოდარ მაჭარაშვილის შესახებ. თითქოს საგანგებოდ მოხდა, რომ მეფე ერეკლეს წინააღმდეგ მავანთა და მავანთა მიერ აგორებული ტალღა მშვენივრად ჩაახშო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული მეფის - ერეკლე II-ის ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ დაწერილმა ამ რომანმა, საზოგადოების ამაღლებულმა ხმამ. ვფიქრობ, რომ სპექტაკლი ახალგაზრდა მაყურებელს დიდ ინტერესს გაუღვიძებს, კარგად დაანახვებს ისტორიულ სინამდვილეებს და რაც მთავარია, გამოაფხიზლებს იმ ისტორიული ბურუსისაგან, რომელშიც მას შეგნებულად ამყოფებენ.

სცენა თეთრ, დატალღულ, ფრიალა ფარდას შემოუსაზღვრავს. შუაში კუნძულია - კიბეებამოკვეთილი კლდე, იქვე მეორე ლოდიცაა. ავანსცენაზე აქეთ-იქეთ ხმლებჩასობილი ლოდებია და ერეკლეს ხმალიც - შუა წელში მორკალული „ავი მუსაიფი“.

ისტორიული ქრონიკის სურნელი იგრძნობა თავიდანვე და აბა სხვა როგორი უნდა იყოს პატარა კახის ამბავი?

შავ კოსტუმებში, სმოკინგებში, პალტოებში ჩაცმული მონაწილეები ჩნდებიან სცენაზე. ახლა მიღებულია ისტორიულ გმირთა გათანამედროვეობის ეს ხერხი. თანამედროვე კოსტუმი კვლავ ერთხელ ხაზს უსვამს ნაწარმოების დღევანდელობასთან თანაზიარობას. თანამედროვე სამყარო გამოხატვის ახალ ფორმებს ითხოვს, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა აინტერესებს თანამედროვე შემოქმედს, როდესაც ისტორიულ თემაზე იწყებს მუშაობს, მხოლოდ ესა თუ ის მოვლენა, თუ ამ მოვლენის კავშირი აწმყოსთან?  ვფიქრობ, ავტორსაც და დამდგმელ რეჟისორსაც ერთი სურვილი ამოძრავებდათ: ისტორიული პიროვნების ცხოვრებისა და ქმედების მნიშვნელობა კარგად ეჩვენებინათ საზოგადოებისათვის, რომელსაც ბევრი რამ მივიწყებული აქვს და ამავე დროს არც მისი ადამიანური სახე გამორჩენოდათ.

სპექტაკლზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწარმოების ტექსტზე მუშაობას და მის თეატრის სცენისათვის მორგებას. სცენურ ტექსტს მეტი სისხარტე და მოქნილობა სჭირდება, ალბათ, და რეჟისორს სრული უფლება აქვს რომანის ინსცენირებისას, ბევრ ლიტერატურულ პასაჟს, თუნდაც სიუჟეტურს, შეელიოს, იქნებ გამოშიგნოს კიდეც. ამგვარი ოპერაციები მხოლოდ წაადგება ხოლმე სპექტაკლს.

ასევე მნიშვნელოვანია მოქმედ გმირთა მეტი კონკრეტიკა, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება რეალურ პირებს, რადგან როდესაც მაყურებელი ბავშვია და არ გამოვრიცხავ მის ნაკლებად ისტორიულ განსწავლულობას, სასურველი  იქნებოდა  მათი ვინაობის მეტად განმარტება, რათა უფრო გასაგები გახდეს, ვინ - ვინ არის? ერთი კია, სპექტაკლში მოთხრობილი ამბავი მაყურებლისთვის კიდევ უფრო წარმოაჩენს ერეკლეს პიროვნებას, მის თავდადებას სამშობლოსადმი, და საერთოდ გაახსენებს მას, ამ ახალგაზრდა მაყურებელს - სამშობლოს ცნებას! მერწმუნეთ, ძალიან ბევრმა სკოლის მოსწავლემ არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა და იქნებ არც გაუგია...

ავანსცენის თავზე თეთრწარწერებიანი ფარდაა ჩამოსაშვებად გამზადებული, რომლის მკრთალ ქართულ ასოებს სპარსულად ნაწერი გადავლებია ზედ. რეჟისორის ყურადღებაც სწორედ მისკენაა აზრობრივად მიპყრობილი, რათა მაყურებელს გაახსენოს, რა დროს, რა ეპოქაში ცხოვრობდა და იბრძოდა მეფე ერეკლე, რომ ორ მძლავრ მეზობელს -თურქეთსა და ირანს საქართველო მხოლოდ ჩასაყლაპად სურდათ, ორივე ცალ-ცალკე სთავაზობდა მოკავშირეობას, მაგრამ ერეკლემ  კარგად  იცოდა რა იქნებოდა ამ კავშირის  ფასი.

სცენა ტრიალებს და ერთმანეთს ენაცვლებიან ამბები და  გმირები. მოქმედება მოგვითხრობს ერეკლეს მეფობის თავგადასავალს - ჭაბუკობიდან, თითქმის გარდაცვალებამდე, სავსეს შინა თუ გარე ომებით, ღალატითა და იმედგაცრუებით, ბრძოლებითა და ინტრიგებით... ერეკლესთან ერთად სცენაზე ჩნდებიან მისი მშობლები, მათგან მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილები, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ რომ იქცნენ. ერეკლესთან ერთად საქართველოსთვის დასრულდა არა მხოლოდ დიდი ისტორიული დრო, არამედ რომანტიკული ბრძოლებისა და ლეგენდების ეპოქაც და დაიწყო სრულიად სხვა ისტორიული პერიოდი, რუსეთის იმპერიასთან ფარული თუ აშკარა ბრძოლისა.

მსახიობები სცენებს მიჰყვებიან, ტექსტი, მიუხედავად სიდიდისა, მათ არ აბრკოლებთ, ზუსტად ასრულებენ ქორეოგრაფიულ ჩანართებს. შესრულება უფრო გონისმიერია, თითქოს არტისტები ბრეხტის მეთოდით მუშაობენ სცენაზე, გვერდიდან შესცქერიან თავის გმირებს და მათ ისტორიულ ქცევას დღევანდელი დღის გადასახედიდან ამოწმებენ. ამას მაფიქრებინებს ფხიზელი საუბარი, ამბის თხრობის ლოგიკური მსჯელობა,  დიალოგის გამართვის სტილი - გაწონასწორებული და მშვიდი ემოციები... და დადიან, დადიან სცენაზე, ასე გამოხატავენ დარდს, ფიქრს, წუხილს, ბრაზს...

თანდათან იკვეთება სცენის შუაში მდებარე ლოდის ფუნქცია და მნიშვნელობა - სამეფო ტახტი, კლდესავით ძლიერი... ძნელად მოსაპოვებელი, შესანარჩუნებელი, არდასათმობი...

ძნელია სამეფო ქუდის ტარებაც... მეფე ერეკლესათვის სახასიათო, ცნობილი ქუდის - არც ქართული გვირგვინის და არც აღმოსავლური ჩალმის, არამედ მხოლოდ ერეკლესეულის, როდესაც მისი ტარება შეუსაბამოდ დიდი ხდება ნიკა ფაიქრიძის - პატარა კახისათვის, ის გადაინაცვლებს წლებითა და შემოქმედებითი ცხოვრებით  დამძიმებული დავით ხახიძის  - ერეკლე მეფის თავზე.

მაყურებელი რომ სიუჟეტს მისდევს, ამას ცხადყოფს  მხურვალე ტაში მოულოდნელი, კულმინაციური სცენების შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ მოსწავლეები სხვა თუ არაფერს, ისტორიულ სახელებსა და გვარებს მაინც წაიღებენ  მახსოვრობაში, დაინტერესდებიან მათი ვინაობით და აღმოაჩენენ კიდეც ისტორიულ წიგნებში, ან თუნდაც კომპიუტერულ ვიკიპედიაში, მაგრამ ამ სპექტაკლიდან სხვა უამრავი რამაა დასამახსოვრებელი და წასაღები: თუნდაც ერეკლეს ზმანების ეფექტური სცენა და სხვა სცენებიც, კარგად გახსნილი სახეები დედოფალ თამარისა, გივი ამილახვრისა, შამშე ერისთავისა, ნადირ შაჰისა... საკმაოდ მასობრივი სპექტაკლია და მსახიობები რამდენიმე როლსაც ასრულებენ...

მთელ სპექტაკლში იგრძნობა სიყვარული საქართველოს დიდი მეფისადმი. უთუოდ ამ სიყვარულმა მოაკიდებინა ხელი დამდგმელ რეჟისორს ასეთი რთული ნაწარმოებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რომანი თანამედროვე ენითაა დაწერილი და არქაული ტექსტებით არ ტვირთავს მაყურებლის სმენას, გონებას, მაინც ძალიან რთულია სამსაათიანი თუ უფრო მეტის, სპექტაკლის ჯეროვნად აღქმა და გააზრება. ვფიქრობ, სცენების შეკვეცა წაადგებოდა მთლიან სპექტაკლს, გამოკვეთდა და არ დაკარგავდა გმირთა სახეებს, მოქმედების რიტმს გაამძაფრებდა და მოვლენების რიგს დააზუსტებდა. შენარჩუნებულია პატარა კახის ჭაბუკური გატაცებების ისტორია, მისი ადამიანური სისუსტეებიც, რომელთა გამოხატვა ტექსტუალურად ოდნავ შემცირებულადაც შეიძლებოდა და არა, მთელი დიდი სცენების გათამაშებით. მესმის, როცა გიყვარდება, გიძნელდება გამოთხოვება, მაგრამ რაღაც საშუალება მაინც უნდა მოიძებნოს საერთო ქრონომეტრაჟის შესამცირებლად. ეს ჩემი წმინდად მეგობრული სურვილია!

წლევანდელ ზაფხულს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნოდარ მაჭარაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“ გაიხსნა, ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალად ამავე სპექტაკლში, დედოფალ თამარის როლის შემსრულებელი თამარ მამულაშვილი დასახელდა.

„მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთი ბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!”

ფოტოები ბექა ცირეკიძის

bottom of page