top of page

მზერა, რომელიც ბრუნდება

Picture12.png

მზერა, რომელიც ბრუნდება

თაკო შუკაკიძე

თანამედროვე ქორეოგრაფიულ რუკაზე მეოთხე ათწლეულია თავის ტერიტორია მონიშნა ქორეოგრაფმა და პოეტმა ქაროლინ კარლსონმა. ეს ტერიტორია  კი დედამიწის ორ კონტინენტს მოიცავს - მისი შემოქმედება სათავეს ამერიკიდან იღებს და ვრცელდება ევროპის  საცეკვაო სცენამდე. კარლსონის კალიგრაფიის  ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ნებისმიერი საგნის, მოძრაობის, სიტყვის მზერა მიმართულია  შინაგანი დაკვირვებისკენ. სწორედ ეს გამჭოლი მზერა იყო ჩემთვის მთავარი, როცა ჩვენი დროის, ერთ-ერთ ყველაზე ფსიქოანალიტიკური ქორეოგრაფიული წარმოდგენა „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ ვნახე, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში.

 

საუკეთესო შემთხვევაში ხომ ნანახი, ან წაკითხული, ან მოსმენილის მოქმედების ხანგრძლივობა მისი დასრულების შემდეგაც უნდა გრძელდებოდეს?! პრინციპში, სწორედ შემდეგ იწყება გაცნობიერების და გაშიფვრის აქტიური პროცესი. ეს წერილი სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

ქაროლინ კარლსონის  შემოქმედებითი საფუძველი ასეთია - ის პირველ რიგში მოაზროვნეა, რომელიც ცეკვის სახით აწარმოებს ადამიანების კვლევას. როგორც  ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს  “ სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ მუშაობისას, ის  მოცეკვავეების პირად ამბებს დაეყრდნო. ინტიმური ველის შემოქმედებით ჯგუფის შიგნით შექმნა კი   აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ  თემის სიღრმისეულ კვლევაში ჯერ ერთმანეთი და შემდეგ მაყურებელი ჩაითრიონ.

ხოლო მთავარი საყრდენი   კარლ გუსტავ იუნგი აღმოჩნდა.კონკრეტულად კი, სინქრონულობის თეორია. იუნგის ტერმინი „სინქრონულობა“ ,  შეიძლება აღვიქვათ, როგორც დამთხვევა გარკვეულ მოვლენებს შორის. ის  თვლიდა, რომ  შემთხვევით არაფერი არ ხდება სამყაროში. სინქრონულობა ფსიქიკური მოვლენაა, რომლის საფუძველი  ადამიანის ქვეცნობიერშია დალექილი. სინქრონულობა რამდენმე შრიანი მოვლენაა, თუმცა არის ერთი ყველაზე მთავარი  - მოვლენათა ჯაჭვი ერთმანეთს ემთხვევა და მთლიანად ცვლის მანამდე დაგეგმილ და გაწერილ გრაფიკს.  რაც მთავარია ეს კონცეფცია დროისა და სივრცის მიღმა დგას, ალბათ ხშირად გვსმენია, ან პირადადაც შეგვმთხვევია, როდესაც ჩვენთვის ახლობელი ადამიანის თავს მომხდარ უსიამოვნების ან სიხარულის სიგნალს მანამდე იძლევა ჩვენი ქვეცნობიერი, სანამ ამას რეალურად ვინმე გვეტყვის. იუნგი სინქრონულობას და მოვლენათა  დინამიკის ასე გაშლას არქეტიპების და მასში ჩაარქივებული ინფორმაციის საკვლევად იყენებდა.   

 

ქორეოგრაფმა  სწორედ  ადამიანის ფსიქიკაში მიმდინარე უხილავი პროცესების გაცოცხლება სცადა - სცენაზე წითელი კარი საკვანძო მნიშვნელობით გათამაშდა -  ღია კარი, ქორეოგრაფიულ დადგმაში მიმდინარე მოვლენების ექსპოზიციას და ფინალს კრავს და სიმბოლურს დატვირთვას ბოლომდე ინარჩუნებს. მოცეკვავეები ქმედებაში სწორედ ამ კარის გავლით ერთვებიან.

 რაც შეეხება ქორეოგრაფიული ენის, ფსიქიკის ქვეცნობიერი და ცნობიერი ნაწილების ერთმანეთთან შეხებას და ურთიერთგამორკვევას - აქ კარლსონმა სცენა ორ ცნობიერ ნაწილად გაყო.  ერთი მათგანი ჩვენს თვალწინ ცოცხლდება მოცეკვავეების მიერ, თითოეული მოძრაობა კონრეტული გზავნილია გონებაში დაარქივებული მოგონების ამოსატივტივებლად, ასე ვთქვათ ცნობიერების ნაკადის აქტიურ ფაზაში გადასაყვანად. მეორე ვიდეო პროექციის სახით მიმდინარეობს, და იგივე, რაც უკვე ვნახეთ შენებული კადრებით მეორდება.  კარლოსნმა ვიდეო პროექციის სახით,  ქვეცნობიერში მოვლენების ჩადინება ასახა. ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციის, განცდის, ემოციის ფსიქიკური პროცესი  ჯაჭვური რეაქციით მიმდინარეობს, ჩვენგან დამოუკიდებლად გონება იმახსოვრებს დეტალებს, აარქივებს მას. ასე კი, წინასწარ არაოდეს იცის ადამიანმა, როდის  ან რატომ ან რას ამოატივტივებს მისი ქვეცნობიერი.

კარლსონის  ქორეორაფიული ქსოვილი უკიდურესი სიფრთხილითაა შექმნილი. მთელი წარმოდგენის განმავლობაში  მაყურებელი ყველაზე რთული და აუცილებელი აქტის შესრულების პროცესშია - ფიქრობს.  მოცეკვავეები ქმნიან პერსპექტივას, საიდანაც მზერა ყოველთვის შიგნით მიემართება - სიღრმეში და სხვა გზა, პრინციპში აღარც გრჩება, პირისპირ დგები საკუთარი თავის წინაშე და მასთან დიალოგის წარმოებას იწყებ.

 

კარლსონის წარმოდგენა, თეატრში განხორციელებული  ერთი დიდი  ინტიმური აქტია.

bottom of page