top of page

მზის ჩასვლის სინდრომი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

262241889_4503198199727627_8526509139949370003_n.jpeg

ნუცა კობაიძე

 

მზის ჩასვლის სინდრომი

 

როდესაც შეშინებული პატარა კაცი უცხო ქალაქში თავშესაფარს ეძებს, მოულოდნელად საკუთარ თავში აღმოაჩენს, რომ თავდაცვის ინსტინქტით, შეგნებას წარმოსახვის უძლიერესი სამყარო ამარცხებს. {...} ის უფრო ნაკლებად უყურებს სახლებს, ვიდრე სახლები - მას.

 

ტენესი უილიამსი.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამის (გიორგი გოგუაძე) ალცჰაიმერი შვილის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესის ბრალია. ტრაგედია, რომელიც კაცმა წაშალა მეხსიერებიდან, ხდება მისი დაავადების მიზეზი. დეზორიენტაცია, ქცევითი საკითხების გართულება, მოტივაციის დაკარგვა, ხასიათში გამოვლენილი ცვლილებები, ოჯახის წევრების უგულებელყოფა, მოკლევადიანი მახსოვრობა, ახალი ინფორმაციის მოპოვების უნარის დაკარგვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აპათია - ეს ყველაფერი იწვევს ავადმყოფის გაუცნობიერებელ აგრესიას საზოგადოების მიმართ. როგორ შეიძლება გაუძლოს ოჯახის სხვა წევრებმა ამ მძიმე სენს და რა ელოდებათ წინ. ამ საყოველთაოდ პრობლემური საკითხით ინტერესდება რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი და გორის თეატრში დგამს ფლორიან ზელერის პიესას „მამა“.

           

მამა (გიორგი გოგუაძე), რომელიც ერთ დროს დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა, უსუსურ ბავშვს ემსგავსება. დემენციით გამოწვეული უმწეობა პერსონაჟის ხასიათზე სასტიკად ისახება, რაც ყველაზე მეტად ვლინდება ქალიშვილთან (ანიკო ცეცხლაძე)  ურთიერთობაში.

           

ჩემი აზრით, ორ ანდრესთან ერთად, რომლებსაც განასახიერებენ სოსო მგალობლიშვილი და ზაზა ცარულაშვილი, საინტერესო იქნებოდა ორი ანაც. თუ პირველ შემთხვევაში მამის ბოდვითი სიმპტომის გამოხატულებაა ადამიანის გაორება და ამის ხაზგასასმელად რეჟისორს ორი მსახიობი შემოჰყავს, მაშინ კარგი იქნებოდა, ანას შემთხვევაშიც იგივე ხერხი გამოეყენებინა, კაცს ხომ საკუთარი შვილიც პერიოდულად უცხო ჰგონია.

           

შეიძლება თუ არა ვიფიქროთ ინცესტზე, როცა რეჟისორი პერსონაჟებს უცვლის სახელს? - მამას ქალიშვილის საქმროს, ხოლო საქმროს მამის სახელს  არქმევს. გასაგებია, რომ ტრილოგიის პირველ ნაწილში „ვაჟიშვილის“ მამას პიერი ჰქვია და ამ სახელით ერთგვარად უკავშირდება მეორე სპექტაკლს, თუმცა ჩემთვის გაუგებარია რატომ არქმევს მამის სახელს ქალიშვილის მეგობარ მამაკაცს, მითუმეტეს, რომ დადგმაში ინცესტური სცენა არ არსებობს და არც რაიმე გვაძლევს ფიქრის საბაბს, მხოლოდ სახელების არევა ბადებს ეჭვს. აქვე ვიტყვი, რომ მაყურებელს, რომელსაც პიესა არ აქვს წაკითხული, ეს გაუგებრობა  არ შეაწუხებს.

           

როცა პიერი მარტო რჩება, მაშინ ჩნდებიან ანდრეს პერსონაჟები, რაც მის ფანტაზიას გამოხატავს. პერიოდულად ორივე ანდრე თავს ესხმის მამას, ხოლო ამ შიშით გამოწვეულ აგრესიას კაცი საკუთარ ქალიშვილთან ავლენს. მაყურებელს ებრალება ანიკო ცეცხლაძის პერსონაჟი, სრულიად უდანაშაულო სამიზნე, მოთმინებით იტანს ყოველ იერიშს. მსახიობი პირველ სცენაში გაურკვეველ მდგომარეობაშია, ვერ ახერხებს ურთიერთობას ალცჰაიმერით დაავადებულ მამასთან, თუმცა მალევე ხვდება პრობლემის არსს, ითავისებს ამოცანას და  ხდება მსხვერპლი მამის ავადმყოფობის.

           

ყოველი სიზმარი ასახავს რომელიმე დათრგუნული ან განდევნილი მოთხოვნილების ასრულებას - ფროიდის ეს სიტყვები შიფრავს ანას სიზმარს, არაცნობიერში რომ მოკლა მამა და სიზმარში ნათლად დაანახა ეს შემზარავი აქტი. სიზმარმა ამხილა ცნობიერებისთვის მიუღწეველი სურვილი. მიუხედავად მცდელობისა, მამა იყოს ბედნიერი და უზრუნველი -შვილს უჭირს გამკლავება ამ პრობლემასთან - „მკვდარი იყო {...} თავისი გამომეტყველებით მეუბნებოდა - „გმადლობ“. სასოწარკვეთილებამდე მისული მსახიობი ცდილობს თავი იმართლოს სიზმრის გამო.

 

პიესაში ანა ქათამს უხარშავს მამას, სპექტაკლში კი თვითონა მამაა ქათამი, რომელსაც საკენკს უყრიან მისსავე კოსტიუმებში გამოწყობილი ანა და ანდრე. რა არის ქათმის სიმბოლო სიზმარში და რისი თქმა უნდა ამით რეჟისორს? იგი გადაჭარბებულ ზრუნვას და თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს, ასევე ოჯახის წევრებთან კონფლიქტის მომასწავებელია. ერთ-ერთი განმარტებით მყუდრო სახლზე ოცნებასაც ნიშნავს, რაც ლაიტმოტივად გასდევს როგორც პიესას, ასევე სპექტაკლს - „მე ხომ ნამდვილად ჩემს ბინაში ვარ? ანა...“. მამის საღამურში გახვეული პერსონაჟები მის გონებას ეუფლებიან, მის სხეულში ძვრებიან. კოსტიუმების სიდიდის ფონზე მამა დაპატარავებული და შეშინებული ჩანს.

           

სპექტაკლი ფეხსაცმლის წმენდით იწყება და ფეხსაცმელების ჭერიდან ჩამოყრით მთავრდება (სიკვდილით). ამ ნივთის გარშემო რეჟისორი რამდენიმე მიზანსცენას აგებს. ანიკო ცეცხლაძის პერსონაჟი ხელებზე წამოიცვამს მამის ფეხსაცმელებს და აკეთებს გაქცევის იმიტაციას. ის გაურბის პიერს, რომელმაც თავისი დაავადებით ცხოვრება გაუმწარა. მამა კი თოკით გადაბმული ფეხსაცმელებით ქალიშვილს ხელ-ფეხს უბოჭავს, არ აძლევს მისგან წასვლის საშუალებს.

             

საგულისხმოა ხელთათმანები, რომელსაც გიორგი გოგუაძე არ იხდის, თითქოს  დაცულად გრძნობს ასე თავს. მაჯის საათი მუდმივი ძებნის საგანია, პერსონაჟი მას არაერთხელ კარგავს. დროის არევის გამო გმირს მთელი სპექტაკლის მანძილზე საღამური აცვია - „ასე თუ გაგრძელდა მალე სრულიად შიშველი დავრჩები. და ისიც აღარ მეცოდინება, რომელი საათია“. მზის ჩასვლის სინდრომი ალცჰაიმერის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ამ დროს ქცევითი პრობლემები იწყება. შეგრძნება გვრჩება, რომ მოქმედება მხოლოდ ერთ ღამეში ვითარდება, თითქოს დრო არ გადის. ტროსზე დაკიდებული კედლის გარდა (მხატვარი თამარ ჭავჭანიძე) არაფერი იცვლება. საცხოვრებელი სახლიდან კლინიკაში ისე აღმოვჩნდებით, რომ გვაფიქრებს, იქნებ მთელი მოქმედება სწორედ აქ ვითარდება და აქამდე მომხდარი ამბები  როგორც მამის, ასევე მაყურებლის წარმოსახვაში ხდებოდა. ამაზე მომვლელის (ნათია ტატულაშვილი) კოსტიუმიც მიუთითებს, რომელსაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის პერანგივით გრძელი ხელები აქვს, რითაც პიერს აბამს.

 

გიორგი გოგუაძის პერსონაჟი ცდილობს თავისი მდგომარეობის დაფარვას, პერიოდულად გაურკვევლობით უკიდურესად გაოგნებული სიტუაციიდან გამოძვრომას ოსტატურად ახერხებს. ჩემთვის, ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა სცენა, როდესაც ოთხზე დამდგარი მსახიობი, თავზე ფატით, შემოდის ახალი მომვლელის გასაცნობად. მამა გააზრებულად იგიჟიანებს თავს, რომ უარი თქვას ლორამ მასთან მუშაობაზე. კაცი იხსნის ფატას, უკეთებს ქალიშვილს, თითქოს ბედნიერს მიჰყავს საკურთხეველთან, უეცრად ტრიალდება და აფურთხებს სახეში, ეს სრულიად მოულოდნელი ქმედება შემზარავი და ძალიან ეფექტური მიზანსცენაა.

კიდევ დიდხანს აპირებთ დედამიწის ამყრალებას? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ფლორიან ზელერი სვამს. მაყურებელს უნდა გაუჩნდეს თანაგრძნობა დემენციის უმძიმესი ფორმით (ალცჰაიმერი) დაავადებულის მიმართ, თუმცა შეიძლება, პირიქითაც აღმოჩნდეს და გაავებული მამა გაწიროს ისე, როგორც გაწირა ანდრეს პერსონაჟებმა. რთულია საკუთარი ცხოვრების გვერდზე გადადება ოჯახის წევრის დასახმარებლად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წინ არის სიბერე...

bottom of page