top of page

„ნეტავ ქვევით თეატრი დარჩა?“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ქართული თეატრის პანაშვიდი

მარიამ ბალახაძე

„ნეტავ ქვევით თეატრი დარჩა?“

ქართული თეატრი, დღეს, ხშირად გვთავაზობს სპექტაკლებს, სადაც რეალობის ბნელი მხარეა წარმოჩენილი. ზოგან კომედიური ქარაგმებით, ზოგან მთელი სიმძიმითაა გადმოცემული საქართველოს ჭირი. მსგავსი დოკუმენტური თუ პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სპექტაკლები საჭირო და აუცილებელია საზოგადოების ტონუსში მოსაყვანად, გამოსაფხიზლებლად. თეატრ „ჰარაკის” სპექტაკლი „პათეტიკური მონოლოგები” (თემო რეხვიაშვილი, ილია ქორქაშვილი) სწორედ რომ აუტანელი სიმსუბუქით, შარჟით, გროტესკით გვიყვება, თუ სად ვცხოვრობთ, ვის გვერდით, რა პირობებში... სახელი ამბობს ყველაფერს, წარმოდგენა შედგება პათეტიკური მონოლოგებისგან, რომლებსაც ასრულებს შესანიშნავ მსახიობთა დასი.

პარტერში შესვლისას გვხვდება მოაჯირზე დაყრდობილი ნატალია გაბისონია გამყინავი, მგლოვიარე გამოხედვით, ხოლო სცენა სრულიად წითელ ფერშია შემოსილი. ერთი მხრივ შთამბეჭდავი და მშვენიერია ქეთი ნადიბაიძის მიერ შექმნილი მეწამული დეკორაცია და კოსტიუმები და ამავდროულად, ვფიქრობ ამ ფერში ბევრი გამოუთქმელი სიმბოლო იმალება, მაგალითად რევოლუცია, ან, თუნდაც, შესაძლოა ეს ფერი იყოს სიმბოლო სისხლის, შიშის, ამაოების, სირცხვილის და ყველა იმ უბედურების რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას უგემია. მოკლედ, სიუჟეტი მსახიობის, არჩილ ქიაჩელის დაკრძალვის გარშემო ვითარდება, თუმცა როგორღაც, თითოეული „ჭირისუფლის” გამოჩენა სცენაზე ახალ ამბავს მოასწავებს, ახალ პრობლემას ხსნის და კვლავ და კვლავ დასცინის საზოგადოებას. თუმცა ეს დაცინვა როდია შეურაცხყოფის ტოლფასი, პირიქით, ესაა საკუთარ უბედურებაზე ცრემლნარევი, პათეტიკური სიცილი.

არაჩვეულებრივად განასახიერებს თავის როლს ნატალია გაბისონია. მისი უზომოდ ბუნებრივი პათეტიკურობა ფაქტობრივად გაიძულებს მაყურებელს ადგე და გადაცხოვრდე იმ სამყაროში სადაც აქ და ახლა თვითონაც ცხოვრობს და წარმოუდგენლად ორგანულად აქვს შესისხლხორცებული პერსონაჟი, რომელიც მთავარი ნათელი წერტილია სპექტაკლში. თუმცა გეტყვით, რომ თვითონ ნაწარმოები ისეთი ნაცნობი, ახლო და ყოველდღიურია ჩვენთვის, რომ მაყურებელიც ძალიან მარტივად ხდები პროცესის მონაწილე, რადგან ეს ტრაგი-კომედიური სიუჟეტი ბევრი ადამიანის სატკივარს ჰყვება. არჩილ ქიაჩელი (ვანიკო თარხნიშვილი) გარდაიცვალა და ყველა მისი ახლობელი თუ ნაცნობი სიტყვით გამოდის და მიცვალებულს ბოლო გზაზე აცილებს. როგორც ხდება ხოლმე ქართულ რეალობაში, მიცვალებულის მოგონება და დაფასება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, რომელიც ხშირად გულისამრევად ყალბია. არჩილის გვამი მოჩვენებითად აწვდის სხვა პერსონაჟებს რეპლიკას, იცინის, კუბოში პირდაპირი მნიშვნელობით ტრიალებს და სწორედ ამ პროცესში, მიცვალებულისა და ცოცხლების წარმოსახვით ურთიერთობაში იდეალური სიზუსტითაა ნაჩვენები ქართველების ხასიათი და იდენტობა, მანერა, ცოტაოდენი პროვინციალიზმი, ქედმაღლობა, იუმორი, ტემპერამენტი, ეგო და სხვა. კონტრასტულია აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი და თან კოლორიტულიც, და ყველა მაგთანში ამოიცნობთ ვინმეს თქვენი წრიდან. არაჩვეულებრივია ბექა ხაჩიძეც, რომელმაც საუკეთესოდ მოახერხა წარმოეჩინა ცოტა დაბოღმილი, მაგრამ მაინც “არანაკლებ” კარგი მსახიობი, ნეიტრალური ტიპი, ყველას მეგობარი. სპექტაკლს ავსებს გვანცა ენუქიძის მიერ შესრულებული სიმღერა პარკინგის პრობლემაზე და ასევე არაჩვეულებრივია მისი კლიშეებით სასვე მონოლოგი კაცებზე და ქალებზე, რომლებიც ამ კაცებს უთმობენ დროს და საერთოდ, ცხოვრებას. მსახიობი სოფიკო გვიმრაძე სპექტაკლის დასაწყისში ანტგონეს არაჩვეულებრივი გროტესკით განასახიერებს, მისი მონოლოგი ძალიან თანამედროვე და არასტანდარტულია, ხოლო სპექტაკლის შემდეგ ნაწილში ისიც ჩვეულებრივ ჭირისუფლად გვევლინება. ერთი სიტყვით, წარმოდგენა მაინც უფრო კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ეხება, მათ ტკივილს, განცდებს, მანკიერებებს. და, რა თქმა უნდა, ეხება დაღუპვის პირას მყოფ ქართულ კულტურას, რომელსაც ქმნიან პრივილეგირებული, მაგრამ უნიჭო ადამიანები და ასევე ადამიანებს, რომელთა პოტენციალიც “კაპიკებით” ფასდება.

ვფიქრობ, ახალგაზრდა შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი იყო გაექილიკებინათ ძველმოდური ქედმაღლობა და პროვინციალიზმი, რაც ახასიათებდათ წინა თაობის “თეატრალებს” და არა მხოლოდ მათ. იდეალური სიზუსტით, უნაკლოდ, თბილი და უწყინარი იუმორითა და ცოტა სევდით მათ მოახერხეს, და გვაჩვენეს ის, რასაც ცხოვრებაში თვალს ვერ (არ) ვუსწორებთ. მთავარი, გარდამტეხი მომენტი კი კულტურის მინისტრის (ლაშა-გიორგი ლაშხი) გამოსვლაა, რომელიც ერთგვარ ცრუ აღსარებას ჰგავს და პერსონაჟებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ბოლოს კი, გიორგი რაზმაძე გვევლინება ანძის როლში და ყველა პერსონაჟი მთაწმინდის პანთეონის აჩრდილი ხდება. ეს სცენა ცოტა სევდიანიცაა, სასაცილოც, სიურეალისტურიც. გიორგი რაზმაძის მიერ შესრულებული Bob Dylan-ის სიმღერა Death Is Not The End ნოსტალგიურ ატმოსფეროს ქმნის, რომელსაც შემდეგ ისევ უმსუბუქესი იუმორი ფანტავს, როცა პანთეონის აჩრდილები ერთმანეთში საუბარს იწყებენ. საინტერესოა ვერიკო ანჯაფარიძის აჩრდილის მიერ წარმოთქმული რეპლიკა: “ნეტავ ქვევით თეატრი დარჩა?”. დამაფიქრებელი და მტკივნეულია ამის გაგონება, თუმცა მიზანიც სწორედ ესაა ამ ფრაზისაც და სპექტაკლისაც, მწარე რეალობის მსუბუქად წარმოჩენა მართლაც უჯანსაღესი იუმორით, საოცარი დინამიკითა და მსახიობთა ულევი შესაძლებლობებით. თამამად შემიძლია ვთქვა, “პათეტიკური მონოლოგები” ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. თანამედროვეობის, პოეზიის, გემოვნების, მხატვრობის, გარდასახვის, იუმორისა და ნიჭის დღესასწაული.

bottom of page