ნიკა ლუარსაბიშვილის „ფიროსმანი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
თამარ ქუთათელაძე
ნიკა ლუარსაბიშვილის „ფიროსმანი“
მარჯანიშვილის თეატრის სხვენში 2023 წლის მიწურულის საპრემიერო ჩვენებად წარმოდგენილი „ფიროსმანი", მიმდინარე თეატრალური სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი სპექტაკლია. იგი ნიკა ლუარსაბიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ 2019 წელს დაარსებული "მოხეტიალე მთვარის თეატრის" მეოთხე ნამუშევარია. მასში თამაშდება უსამართლო წუთისოფლის გაშმაგებულ რიტმში ჩაკარგული თავმდაბალი ინტელიგენტის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის დრამატული ისტორია. სანახაობა მოიცავს თოჯინური თეატრის თითქმის ყველა სახეობასა და ჟანრს. მაყურებლის თვალწინ იშლება XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული სინამდვილის პანორამა - სავაჭრო კაპიტალიზმის ფორმირების პერიოდი, სხვადასხვა ტომის საქმოსანთა სრბოლა, ტრაგიკომიკურად აღრეულ-დამტვრეული ქართულ-რუსულ-სომხური სამეტყველო ფორმები. სპექტაკლი მაყურებელს ამყოფებს დიდი ხელოვანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე განვლილი ყოფისა და განწყობის სინქრონულ ტალღაზე. თანამოზიარედ ხდის სამყაროს შეცნობით, ჩვენი ეროვნული მდგომარეობის მხილებით გატაცებული, იმედგაცრუებული, მძაფრი სულიერი ტკივილებით აღბეჭდილი ფიროსმანისეული ხედვის მიმართ. მობილური თეატრის სევდიანი სპექტაკლი უჩვენებს უნიკალური ხელოვანის რთულ შემოქმედებით გზას, ძნელად მიღწევად, ნაგვიანევ აღიარების პროცესს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ტრადიციისამებრ დახვავებულ აურაცხელ ფოლიანტებს.
წინამორბედ სეზონებში მაყურებელმა იხილა "მოხეტიალე მთვარის თეატრის" მიერ წარმოდგენილი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი-ფანტაზია "ლურჯა ცხენები"(2019), მარკ ტვენის ნოველის მიხედვით შეთხზული "ადამისა და ევას დღიურები" (2020), სამუელ ბეკეტის "კრეპის უკანასკნელი ფირი“ (2022). დიდი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი, უჩვეულოდ ლაკონური თოჯინური სპექტაკლის პიესის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორი - ნიკა ლუარსაბიშვილია. (სპექტაკლი შეიქმნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მხარდაჭერით). სანახაობაში აშკარად იკვეთება მრავალგვარი ღირსებით გამორჩეული ფიროსმანის პიროვნული და მემკვიდრეობითი ღირებულების შინაგანი განცდა, მაღალი პასუხისმგებლობის უნარით გამორჩეული რეჟისორის მიერ დიდი გატაცებით, სიყვარულით, ხანგრძლივი, თავდადებული მუშაობის კვალი. სპექტაკლისთვის ორი წელი იწერებოდა სცენური ტექსტი, დახვეწილი და საინტერესოდ მოფიქრებულია დადგმაში მოთამაშე თვრამეტივე თოჯინის სახიერება. წარმოდგენის სცენოგრაფია და თოჯინები ნინო კიტიასა და ირინე ყველიაშვილს ეკუთვნის. თოჯინათა გახმოვანებაზე იმუშავეს სხვადასხვა თაობის მსახიობებმა და რეჟისორებმა: ლევან წულაძემ (არქივარიუსი), გია კიტიამ (მეეზოვე), არჩილ სულაქველიძემ (ნიკო ფიროსმანი), ნიკოლოზ ღუღუნიშვილმა (პატარა ნიკო), მარი კიტიამ (ნიკო ფიროსმანის დედა), ნანიშა მეტრეველმა (ელისაბედი), ალექსანდრე კვეზერელმა (ლადო), ნიკა ლუარსაბიშვილმა (დიმიტრა), მარიამ გულაშვილმა (მარგარიტა), ჯეჯი სხირტლაძემ (ქალანთაროვები, რკინიგზის და კაფე შანტანის დირექტორი). შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ ჯერ კიდევ გაუწაფავი ხელით შექმნილი ახალგაზრდა მეთოჯინეთა ნამუშევარიც (ლევან ბაიდაური, გიორგი თოთაძე, ალექსანდრე კვეზერელი, ნინი კოტაშვილი, ნიკა მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ლუკა ჭულუხაძე, ლელა ხაჩატუროვი). რეჟისორი სტუდენტებსაც უქმნის შესაძლებლობას დაეუფლონ ამ ურთულეს პროფესიას, გაეცნონ სპექტაკლის მზადების შრომატევადსა და არცთუ დიდად დაფასებულ სამუშაოს.
ახალგაზდული თეატრის ამ მრავალრიცხოვანი გუნდის ემოციურსა და მტკივნეულ ნამუშევარში მთელი არსებით შეიგრძნობა ზნეკეთილი, გულწრფელი, უჩვეულოდ მართალი დიდი ქართველი მხატვრის გამორჩეულ პიროვნებად ფორმირების პროცესი, მისი უსაზღვროდ პოეტური სული, საკუთარი მოწოდების მიგნებისა და თვითრეალიზებისთვის თავგანწირული, უკომპრომისო ბრძოლისათვის მზაობა. დარბაზში შესული მაყურებელი ისმენს სხვადასხვა სატელევიზიო თუ რადიოგადაცემების ჩანაწერებს, სადაც სახელოვანი მეცნიერები ბევრს კამათობენ, მსჯელობენ, თითქმის უშედეგოდ ცდილობენ დაადგინონ გასული საუკუნის ანალებში „გამქრალი“ დიდსულოვანი მხატვრის ცხოვრებისეული ბიოგრაფიის ამსახველი დეტალები. ეს პრელუდია იწვევს ირონიასა და წყრომას უხმაუროდ მოღვაწე ხელოვანთა ღირებულების შეუმჩნევლობის, ჩვენი ტრადიციული უპასუხისმგებლობის, ხელოვანის შრომის გაუფასურების, დროდადრო აბუჩად აგდების, სიცოცხლეში მრავალგზის დამცირებისა და მივიწყების გამო (მისი საფლავი ხომ დაუდგენელია). XX საუკუნის 50-იან წლების შემდეგ კი, უკვე კარგად დავიწყებული ფიროსმანისადმი ინტერესი უჩვეულოდ გაცხოველდა. გამოიცა აურაცხელი წიგნები საქართველოში, რუსეთსა თუ უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ს ქალაქებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელ მირზაანში — გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევრებმა დაამშვენა საქართველოს, სსრკ-სა და საზღვარგარეთის მუზეუმები თუ კერძო კოლექციები, ხოლო მის ნამუშევართა დიდი ნაწილის ქრონოლოგია კვლავ დაუდგენელია.
„ადამიანი იბადება, ცხოვრობს და კვდება და რა რჩება მისგან? ვიღაც იტყვის, რომ არც არაფერი...“ ეს ფრაზა რეფრენად გასდევს სპექტაკლს. ერთმანეთის მიყოლებით სცენაზე ცოცხლდება მხატვრის სახელოვანი, თითოეული ჩვენთაგანისთვის ლამის ადრეული ბავშვობიდან ნაცნობი ნახატები, თუმცა ამჯერად ისინი სრულიად სხვა, დიდი და ემოციური შინაარსით ივსება. გვახსენდება მისი სხვა ნამუშევრებიც და ჩვენს თვალწინ იღვიძებს მღელვარე XIX საუკუნის მიწურულის კოლორიტული სურათი - ფიროსმანის გარემომცველი სოციალური გარემო, სოფლის ბუნება და ყოფა. ერთმანეთს ენაცვლება თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების, თავადების ხმურიანი ყოველდღიურობა, უდარდელი ქეიფისა და ლაღობის სცენები, ძველი თბილისის აბრები და ნატურმორტები. მკვეთრი სოციალური დახასიათებითაა აღბეჭდილი თბილისელ ხელოსანთა, მედუქნეთა, ბოჰემის მკვიდრთა, მათ შორის კინტოების, მუშებისა თუ ბავშვთა პორტრეტები. ანიმალისტურ შედევრებში გაცხადებულა სიმბოლურ-მორალურ საზრისი. ავტორისეული დამოკიდებულება მკაფიოდ შეიცნობა შექმნილი ნახატების ისტორიულ თემებსა და პერსონაჟებში, ქართული თეატრის სპექტაკლებითაც შთაგონებულა არაერთი სურათი (კერძოდ სპექტაკლებით დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“). ყოველივე თვალნათელს ხდის დიდი ხელოვანის ინტერესთა მრავალფეროვნებას, მის მკაფიო მსოფლმხედველობასა და მყარ ორიენტირს.
კახეთის მცხუნვარე მზის ქვეშ, ვაზის სიახლოვეს დაბადებული, ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული თვითნასწავლი მხატვრის მყარი საზრისი, სათავეს უქმნიდა მისი სურათების ზემოქმედების დიდ ძალას - შინაგან სიმართლეს, უშუალობას, დიდ ექსპრესიას, ხასიათის მკაფიო კონტურს, არსებითის განზოგადების უნარს. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, სევდიანი, მშვიდი, როგორც თავად ყოვლისდამთმენი ავტორის თვითკმარი ბუნება, მარად მოუწყობელი ყოფა, ცალმხრივი სიყვარული. ეს ზნეკეთილი, უბოროტო, ხელგაშლილი, ძველ ქართველ კედლის მხატვართა მონათესავე სული, წუთისოფლის უსამართლობამ ვერ აიძულა ეღალატა საკუთარი მრწამსის, მოწოდების, ადამიანური ღირსებისთვის. ვერ ცდუნდა შურით, სიხარბით, ფულის სიყვარულითა და სიცოცხლის ბოლომდე ატარა ლამის მარადიული ბავშვის თვალით განცდილი სიცოცხლის სიყვარული.
სპექტაკლში ძალზე ემოციურია მხატვართა კავშირის კრებაზე წვეული მხცოვანი მხატვრის მიზანსცენა. წარმოდგენაში თეთრსამოსიანი ახალგაზრდა კაცის თოჯინა, რომელიც მას აღიარების დიდი იმედით მიუძღვება ე.წ. მხატვარ-ჩინოსანთა საკრებულოში, ლადოს სახელითაა აღნიშნული (პერსონაჟის ტექსტი ლადო გუდიაშვილის დღიურიდანაა ამოკრეფილი), თუმცა აშკარაა, რომ იგი იმ ადამიათა კრებითი სახეცაა, ვინც ფიროსმანში შეიცნო დიდი შემოქმედი, იმედის სხივი მიანათა მის დაუფასებელ შრომას. სასოწარკვეთის აპოგეას იწვევს წელში მოხრილი, არცთუ იმედიანი, მაგრამ მაინც წამით მოიმედე, გამომცდელი მზერით აღბეჭდილი მრავალჭირნახული, უსაზღვროდ თავმდაბალი შემოქმედისადმი გამოვლენილი ცინიზმი. ამ სამსჯავროზე განცდილ სირცხვილს ლამის სასიკვდილო ლახვარივით აღიქვამს შემოცვეთილ სამოსიანი, საკუთარი მოწოდებით გატაცებული, ხელოვნებაზე უსაზღვროდ შეყვარებული მოხუცი, რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე უხვად აფრქვევდა სიკეთეს, სიყვარულს, შემწყნარებლობას. რეჟისორის ნებით, წარმოდგენაში იგი მშობლიურ მიწას ჩაკონებული აღესრულა მიუსაფარი, უსაყვედურო და მუდამ შეჭირვებულთა მწყალობელი.
დიდი იუმორით, ფანტაზიით, გემოვნებითა და ზომიერებით წარმოდგენილი სანახაობა იწვევს მრავალგვარ ემოციას ჰომერული სიცილიდან სულისშემძვრელი აღშფოთებით მოგვრილ ცრემლებამდე. იმავდროულად ქმნის საზეიმო განწყობას, სიხარულსა და მხნეობასაც. სპექტაკლის რეფრენად გაცხადებული ფრაზა, „ადამიანი იბადება, ცხოვრობს და კვდება და რა რჩება მისგან? ვიღაც იტყვის, რომ არც არაფერი...“, ამჯერად დადგმის ავტორთა ჯგუფის მიერ პასუხგაუცემელი არ რჩება. ცხადად შეიგრძნობა რომ ორი საუკუნის გზაჯვარედინზე თავდადებით მოღვაწე ფიროსმანის მემკვიდრეობა აღიქმება მესიანისტურ აქციად, სადაც შესამჩნევია მარადიულ ღირებულებათა ერთგული, შეუპოვარი, დაუმორჩილებელი ეროვნული სულის გმონათება.