top of page

ინტერვიუ რეჟისორ ნიკა საბაშვილთან

„მხოლოდ ტექსტით ვერ იქნები საინტერესო, თუ მას არ ახლავს მოქმედება...“

11046783_1002362159825547_90973559091824
10999615_1564067140508374_55450689310470
www-lashachkhartishvili-blogspot-com.jpg
61993586_2354549058096887_67765979092751
sakartvelo3-790x526.jpg
65557_612764935522919_695528484429587842
11042954_613224915476921_454412199040984

დიალოგის ტრილოგია თანამედროვე და უახლეს თეატრზე

 

საუბარი რეჟისორ ნიკა საბაშვილთან 

საუბარს უძღვება თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი

 

ქართულ სათეატრო რეჟისურაში მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც გარკვეული კვალი უკვე დაამჩნია სათეატრო პროცესს. ამიტომ, მათთან საუბარი თანამედროვე და უახლესი თეატრის საკითხებზე, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.

 

ჩვენ შევარჩიეთ სამი რეჟისორი, რომელთაც ერთმანეთთან აქვთ რაღაც საერთოც (წარმატებული კარიერის გარდა, მაგალითად სამივე სამსახიობო ხელოვნებიდან მოვიდა რეჟისურაში) და რადიკალურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც მათთან დიალოგებშიც აშკარად იკვეთება. სამივე რეჟისორს აქვს მათი ინდივიდუალური, თვითმყოფადი და გულწრფელი ხედვა თეატრზე, სათეატრო ხელოვნების რაობაზე, ფუნქციასა და ხვალინდელ თეატრზე.

 

პირველი პრინციპი, რომლის გამოც სამი რეჟისორი: ვანო ხუციშვილი, ნიკა საბაშვილი და დათა თავაძე შეირჩა, არის ის, რომ მათი შემოქმედებითი პროდუქტი, მუშაობის სტილი და მანერა არ გავს უფროსი თაობისას, ისინი თავიდანვე გაექცნენ უფროსი თაობის რეჟისორების გავლენას, მაგრამ ამავდროულად, ისინი, უფრო მეტად, არ გვანან ერთმანეთს. მათ აქვთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გემოვნება, მსოფლმხედველობა და ხედვა არა მხოლოდ თანამედროვე და უახლეს თეატრზე, არამედ თეატრის მომავალზეც. სწორედ ამიტომ, შევარჩიეთ ეს სამეული სათეატრო ხელოვნების პრობლემებზე, მიმდინარე პროცესებზე და მათ შემოქმედებაზე სასაუბროდ.

 

 

***

„მხოლოდ ტექსტით ვერ იქნები საინტერესო, თუ მას არ ახლავს მოქმედება...“

ნიკა საბაშვილი რეჟისურაში სამსახიობო ხელოვნებიდან მოვიდა. შექმნა რამდენიმე თეატრალური სივრცე: „ძველი უბანი“,  „ახალი თეატრი“, „აბრეშუმის თეატრი“. პირველი დიდი წარმატება და გამარჯვებაც „ახალ თეატრში“ დადგმულმა სპექტაკლებმა: „შეშლილის წერილები“ და „ქაღალდის წვიმა“ მოუტანა (ამ უკანასკნელმა თეატრალური პრემია „დურუჯი“ მიიღო). დგამს ყველგან, დედაქალაქშიც და დედაქალაქს მიღმა, დრამატულ და თოჯინურ თეატრებში. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმული სპექტაკლით „1945“ ნიკა საბაშვილი მეორედ გახდა „დურუჯის“ გამარჯვებული, თუმცა მისი სპექტაკლები არაერთხელ მოხვდა პრესტიჟული თეატრალური პრემიის ნომინანტთა მოკლე ნუსხაში.

 

ნიკა საბაშვილი მუშაობს ვერბალურ და არავერბალურ ხერხში, დგამს სპექტაკლებს, რომლებიც ეფუძნება საგნების თეატრის პრინციპებს. ამჟამად, ის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ხემძღვანელობს. პარალელურად თანამშრომლობს სხვა თოჯინურ და დრამატულ თეატრებთან.

 

ხშირ შემთხვევაში ნიკა საბაშვილი უარს ამბობს მზა დრამატურგიაზე. ამბავს, რომელზედაც სურს ის მაყურებელს ესაუბროს, თავად თხზავს და მის გადმოცემისთვის მუშაობს მის გამომსახველობით საშუალებებზე, ვიზუალზე და ეძებს გზებს მაყურებელს თვალით დაამახსოვრებინოს განცდილი.

 

 

  • რეჟისურაში სამსახიობო ხელოვნებიდან მოხვედი, რით იყო განპირობებული პროფესიის შეცვლა? რატომ ამჯობინე მსახიობობას რეჟისორობა?

  • სამსახიობო სპეციალობის დამთავრების შემდეგ, მოვხვდი თეატრში „გლობუსი“ უკარგეს ადამიანთან სანდრო მრევლიშვილთან და 7 თვის განმავლობაში ვიყავი ამ თეატრის მსახიობი. ამ დროის განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იმ სივრცეში არ იყო, არა იმიტომ, რომ საინტერესო პროცესები არ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში მინდოდა, მაინც წამოვედი და დავაარსე ჩემი თეატრი, სადაც მინდოდა რეჟისორის მოწვევა, რომ მეც და ჩემს ჯგუფელებს სპექტაკლებში გვეთამაშა. აღმოჩნდა, რომ რეჟისორი ვერ მოვიწვიეთ, არც სახსრები გვქონდა და ასე გადავინაცვლე რეჟისორის სავარძელში, ვიფიქრე: ვცდი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობდი, არ ვფიქრობდი იმაზე რა გამოვიდოდა. ჩემი „გარეჟისორება“ საჭიროებამ მოიტანა. არასდროს მქონდა გამიზნული რეჟისორი გამოვსულიყავი, არც ოცნება მქონდა, უბრალოდ შექმნილმა გარემოებამ მოიტანა და ვიღაცას უნდა აეღო პასუხსიმგებლობა იმაზე, რასაც ვაკეთებდით, დაახლოებით ისე, როგორც ეს მოხდა XIX საუკუნეში, გერმანიაში, როცა რეჟისორის პროფესია ცალკე პროფესიად ჩამოყალიბდა. შემდეგ ეს ადგილი ისეთი კომფორტული აღმოჩნდა, რომ თამაშის სურვილი გადაფარა, არადა ვერასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე გამიქრებოდა მსახიობობის სურვილი, იმდენად გამიტაცა რეჟისორობამ, რომ სამსახიობო მოღვაწეობაზე უარი ვთქვი. იმ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაინც ვითამაშე რამდენიმე სპექტაკლი, მაგრამ დღეს არ მაქვს სურვილი დავუბრუნდე ჩემს პირველ პროფესიას. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა, ბევრი ფიქრის, ჭოჭმანის გარეშე, ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე. ჩვენი სივრცე რომ შევქმენით, ეს ყველაფერი თეატრობანას თამაშს ჰგავდა, ხშირად ვიცვლიდით ამ სივრცეებს, ვეძებდით ახალ ინსპირაციას... „ძველი უბანიდან“ გადავედით „ახალ თეატრში“...

  • პირველი სპექტაკლი, რომლითაც პროფესიულმა საზოგადოებამ გაგიცნო იყო „შეშლილის წერილები“ განხორციელებული ალტერნატიულ სივრცეში. ეს სპექტაკლში მაშინ მოხვდა თეატრალური პრემია „დურუჯის“ ნომინანტთა მოკლე სიაში. სია შთამბეჭდავი იყო: რობერტ სტურუა, ამირან შალიკაშვილი, დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე და შენ. მეორე წელს, იმავე თეატრალური პრემიის გამარჯვებული გახდი ამავე სივრცეში კლოუნადის ჟანრში დაგდმული სპექტაკლით „ქაღალდის წვიმა“... მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შენი ძიებები მაშინ განსხვევდებოდა სხვებისგან..

  • არ ვიცი, გიამბე თუ არა იმ პერიოდზე, როცა ჩვენს ახლადშექმნილ დამოუკიდებელ თეატრში ვდგამდით სპექტაკლებს, რომლებიც ფართო მაყურებლისთვის იყო დახურული. საზოგადოებაში აქტუალური იყო თემები, რომელსაც ფართო სამსჯავროზე ვერ გავიტანდით, იმიტომ, რომ ვერ ვბედავდით და მაყურებელი იყო შერჩევითი...

  • რატომ ვერ ბედავდით?

  • თემები იყო ისეთი, რომ ამაზე არ ლაპარაკობდნენ ღიად. პროფესიული შეფასების შიში არ გვქონდა. ისეთ თემებს ვამუშავებდით, რომელზედაც ლაპარაკი ჯერ ჩვენში გვინდოდა, ჩვენში უნდა მოხარშულიყო, გაანალიზებულიყო. მაყურებლად ვიწვევდით ვიწრო სანაცნობო და სანდო წრეს, ძირითადად, ხელოვანებს, კომპოზიტორებს, მხატვრებს, მსახიობებს. ვსაუბრობდით უმცირესობებზე, სიშიშვლეზე, პირდაპირი გაგებით იყო ანდენგრაუნდული თეატრი და არც ამბავი გადიოდა გარეთ, ძალიან გაგვზარდა ამ „გასაიდუმლოებულმა შეხვედრებმა“, მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირები მოგვყავდა, ეგ პერიოდიც „თეატრობანას“ თამაშს გავდა...

  • რატომ არ გაგრძელდა ეს პროცესი და თანმიმდევრული რატომ არ გახდა?

  • იმიტომ, რომ ამოვწურეთ. მერე გაჩნდა სოციალური თემები და მივხვდით, რომ მთავარი იყო იდეა, ძიება ფორმის, ჩემთვს მთავარი თემა არ არის, როგორც ეს მოდური გახდა დღეს

  • აბა, ფორმის ძიება უფრო გაინტერესებს?

  • ფორმის ძიება ძალიან მნიშვნელოვანია, შენი პროფესიული მიგნებები, გამომგონებლობა, რომლითაც ახლოს მიხვალ მაყურებელთან და არა პროვოკაციული თემებით. ესეთი მიდგომა გავიარე სტუდენტობის პერიოდში. თემებზე ლაპარაკის მოთხოვნილება გამინელდა, რადგანაც ამაზე ბევრი ვილაპარაკე, ჩემთვის უფრო საინტერესოა გამომსახველობითი საშუალებები. კლასიკა რომ დადგა, მაინც მოგიწევს შეხება სოციალურ თემასთან, გვერდს ვერ აუვლი და მასზე მორგებული ფორმა, რომელიც შესაძლოა თითიდან იყოს გამოწოვილი და თეატრმცოდნეებს გიყვართ სახელების დარქმევა, რამდენიც არ უნდა ვცადოთ, თეატრს აქვს მთავარი პრინციპი - სანახაობა, ამავდროულად, ეს არის იდეა, რაზეც რეჟისორმა უნდა ილაპარაკოს და აჩვენოს მაყურებელს. თუ არ ილაპარაკებ ტკივილზე, მაშინ თეატრიც არ არის. სანახაობაც მთავარია, მაგრამ ის არ უნდა დაემსგავსოს რესტორანს. ჩემი აზრით, თეატრი არც ამ ორი ფაქტორის შერწყმაა. ნებისმიერ ჩემს მიერ დადგმულ სპექტაკლში, არ აქვს მნიშვნელობა დრამატულ თეატრშია დადგმული თუ თოჯინებში, მუსიკალური სპექტაკლია თუ ქორეოგრაფიული, პრობლემა რომელიც მაწუხებს მაინც იკვეთება. შენ არ უნდა იყო გაუცხოებული შენი მაყურებლისგან, რაც აწუხებს იმაზე უნდა ელაპარაკო.

  • დადგმის დროს პირველი სათქმელია, თუ ჯერ ვიზუალს ხედავ?

  • არ არსებობს ერთი კონკრეტული ამოცანა. თუ არ გაქვს სათქმელი ვერც დგამ, ჯერ ჩნდება იდეა, რისი თქმა გსურს და მერე როგორ გინდა ამის თქმა. ხანდახან ხდება, როცა ჯერ სცენას დაინახავ, სულ სურათებად ხედავ მიზანსცენებს, ამითაა ჩვენი პროფესია საინტერესო. თუ სათქმელი არ გაქვს, მაშინ ძნელია შექმნა სპექტაკლი. ის იქნება მხოლოდ ვიზუალი და მეტი არაფერი. ჩვენ დღესაც ვხვდებით სპექტაკლებს დადგმულს მხოლოდ სპექტაკლისთვის, არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მას აქვს მხოლოდ ვიზუალი, რაც არაფრის მოცემია, თუ ეგოისტურად მიუდექი შენს პროფესიას და მხოლოდ შენი სიამოვნებისთვის იმუშავე და არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, შედეგიც შესაბამისია.

  • ჩემი ბოლო სპექტაკლი „ერთხელ საქართველოში“ მაყურებელს მოეწონა, მირეკავდნენ, მადლობას მიხდიდნენ უცხო ადამიანები, მწერენ „Facebook“-ზე და ის სპექტაკლი, რომელიც შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემთვის უფრო საინტერესოა, რომელზედაც მუშაობისას მივიღე სიამოვნება, ერთი-ორ კაცს თუ უთქვამს: „ყოჩაღ, შენ რა კარგი რამე დაგიდგამსო...“ ის სპექტაკლები, რომელიც ჩემი შემოქმედებისთვის, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი, მხარდაჭერა, გაზიარება, თანაგრძნობა მის მიმართ ნაკლებად მახსენდება, მწირი გამოხმაურება ჰქონია და პროფესიული შეფასება თითქმის არ მოჰყოლია.

  • ასეთი სპექტაკლების რიგში შეგყავს შენი „1945“?

  • კი

  • მაშინ, რატომ გგონია რომ ნაკლები გამოხმაურება მოყვა, რამდენიმე სტატია დაიბეჭდა, გადაცემაც მომზადდა და „დურუჯიც“ მოიპოვა...

  • ხშირად ხდება კრიტიკას და პროფესიულ წრეებს მოსწონს და მაყურებელს არა, ან პიროქით, ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს და თეატრს შორის უფსკრულია, ეს არ ეხება იმ მაყურებელს, რომელიც თეატრში დადის და თეატრის მოყვარულია, ვგულისხმობ იმ დანარჩენ მაყურებელს, რომელიც თეატრში უნდა მოვიყვანოთ, რომელიც არ შედის თეატრში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ენაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც „პაფსაა“, მაგრამ მოდური უნდა გახდეს თეატრი უფრო ფართო სპექტრისთვის, სხვანაირად სულ სახელმწიფოს ხელის შემყურე ვიქნებით და მასზე ჩამოკიდებულები, ეს არასახარბიელოა თეატრისთვის მაშინ, როცა სახელმწიფო ამცირებს კულტურის დაფინანსებას, გაზრდის მაგიერ. აი, თუნდაც, ჩემმა სპექტაკლმა „უკომენტაროდ“ ჩაიარა პროფესიულ წრეებში გამოხმაურების, რეაქციის გარეშე...

  • მერე, შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? რატომ აარიდა კრიტიკამ ამ დადგმაზე დისკუსიას თავი?

  • თუ ეს იყო პოლიტიკური თეატრის გამო, მაშინ არ მესმის. არ ვიცი, ალბათ პოლიტიკური აქცენტების გამო. პოლიტიკური თემები და კონტექსტი ყველა სპექტაკლშია, ამის გარეშე წარმოუდგენელია, ჩემს აბსოლუტურად აპოლიტიკურ დადგმაში „ერთხელ საქართველოში“ ვისაც უნდა შეამჩნევს პოლიტიკას და არის კიდეც იქ მესიჯები პოლიტიკური, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სპექტაკლში „უკომენტაროდ“, არასწორად მოხდა რაღაც მესიჯების და მოვლენების დანახვა, ტელესპექტაკლს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში...

  • ხომ არ გგონია, რომ ეს ხელობის ბრალიც არის, როცა გაქვს რეჟისორს რაღაცა ჩაფიქრებული და ის ისე ზუსტად არ მიდის მაყურებლამდე და სხვანაირად აღიქვამს და არა ისე, როგორც ეს შენ ჩაიფიქრე?

  • მოდი ჩავატაროთ ექსპერიმენტი, მე შემიძლია დაგანახო ტელესპექტაკლში კადრები, რომელსაც შენ შეიძლება ყურადღება არ მიაქციო, ან ზედაპირულად შეხედო...

  • რომელიც შეიძლება გამოეპაროს მაყურებელს?

  • არა, მაყურებელს ვერ გამოეპარება,

  • ან მიზანმიმართულად არ ხედავს, ან თავს არიდებს ამაზე ყურადღების გამახვილებას. იცი ხშირად გვხვდება მსგავსი შემთხვევა, როცა რეჟისორს ჰგონია, რომ მეტაფორით ამბობს სათქმელს და ის მერე არ იკითხება. რაშია პრობლემა მაყურებელში, თუ რეჟისორში, რომელიც მის გზავნილს ვერ აწვდის გასაგებად მაყურებელს?

  • კი ეგეც არის, მსგავსი რამ მეც ბევრჯერ დამმართნია და გამოცდილებამ ბევრი რამ მასწვლა. ჩემი თეატრი მეტაფორებს ეფუძნება, მას ეყრდნობა. სულ ვაკონტროლებ თავს, მიზანსცენას როცა ვდგამ, სულ ვეკითხები გარშემომყოფებს - მიხვდი აქ რა მოხდა? მსგავსი რამ ხელოვნების ყველა დარგშია, ხელოვანი რაღაცას ჩადებს და მას ან დაინახავენ, ან არ დაინახავენ, ან გარკვეული დროის მერე აღმოაჩენენ. მე სულ ვცდილობ ჩემს მიერ მოყლილი ამბავი იყოს გასაგები, მე არ მიყვარს როცა რეჟისორი გულსიხმობს, მე არ მომწონს წარმოდგენა, რომლზედაც ვიღლები და ვერაფერს ვერ ვიგებ. ეს ქართულ თეატრშიც შეიძლება შეგვხდეს და უცხოურშიც. ათასჯერ შევხედავ პრემიერამდე, აი, მერე ვეღარ ვუყურებ, შეიძლება რეკორდი მაქვს დამყარებული ერთი სცენის გამეორებაში რეპეტიციაზე, იმდენად ვაქცევ კონკრეტულ დეტალებს და გამოსმხველობით საშუალებებს ყურადღებას, რადგან მინდა იყოს გასაგები, არ მინდა რომ გულში მღერას გავდეს, რომ ამას ვგუსიხმობდი და მერე ახსნა დამჭირდეს. სპექტაკლი არის მოყოლა, ამბავი უნდა მოყვე, როცა არ არის გასაგები, არ უნდა დააბრალო „მაღალ ხელოვნებას“, შენც იცი, რომ ეგეთი მოდაც არსებობს, ვიტანჯებით და მაინც მოგვწონს, რატომ მტანჯავ, რატომ ვკარგავთ მთავარს - მოქმედებას, მოქმედების ენა არის თეატრი, მოქმედებით უნდა მომიყვე...

  • შენი სპექტაკლებიც ძირითადად მოქმედების პრინციპს ექვემდებარება, უფრო არავერბალურ თეატრთან დგახარ, მოქმედებაზე დაფუძნებულთან, შეიძლება ეს არ არის კლასიკური არავერბალური თეატრი და არც ვერბალური თეატრია.

  • ეკლეკტურია, შეიძლება ყველა გაურბის ამ სიტყვას, როგორც ცუდის მიმანიშნებელს, არადა თანამედროვე თეატრი არის ეკლექტური...

  • კი ბატონო, თანამედროვე თეატრისთვის დამახასიათებელია ეკლეკტიზმი. ჟანრების, სახეობების, სტილების აღრევა, უცხოურ სათეატრო კრიტიკაში ტერმინიც გაჩნდა „ჰიბრიდული სპექტაკლი“, მოძრაობის თეატრში და თანამედროვე ბალეტში გაჩნდა ტექსტი, რაც ადრე წამოუდგენელი იყო. გგონია რომ შენს შემთხვევაში მოქმედებას უფრო მეტის თქმა შეუძლია ვიდრე ტექსტს?

  • ემოციამდე უნდა დაიბადოს შეგრძნებები, ემოცია არის შედეგი, უნდა დაიბადოს შეგრძნება და მერე ემოცია, მსახიობი დიდი წვალებით მიდის ორგანულ ემოციამდე. აი, მაგალითად, შენ ემოციურობას როგორ გამოხატავ ტექსტით თუ მოქმედებით? ჯერ ხომ ჟესტი მოდის და მერე სიტყვა, ეს ორი ფაქტორი კარგად შერწყმული არის ზუსტად თეატრი. მხოლოდ ტექსტით ვერ იქნები საინტერესო, თუ მას არ ახლავს მოქმედება. არ უნდა დავღალოთ მაყურებელი, მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი სპექტაკლები ერთმანეთს არ გავდეს, იყოს დადგმული სხვადსხავა ფორმით, ხერხით, ჟანრებით, თუმცა მათ შორის, არის რაღაც საერთოც.

  • აი, რაკი ახსენე, რომ ცდილობ შენი სპექტაკლები ერთმანეთს არ გავდეს, აქვე გკითხავ, რა არის შტამპი და რა არის ხელწერა? შენ როგორ გესმის ეს ორი ცნება?

  • აი, ღვინოს რომ სვამ და გაქვს რამდენიმე სახეობა, მათ შორის, მოგეწონა ერთი, მაგრამ მაინც იმ ერთს ხომ არ სვამ, მაინც ეძებ სხვა ღვინოს, იმის მიუხედვად, რომ კარგი უკვე ნაპოვნი გავქს. დაახლოებით იგივეა. შტამპი არსებობს და მგონია, რომ ნიშნავს სხვის გადამღერებულს შენ რომ მოირგებ და გაასაღებ შენად, სხვის მიგნებულს, რომ მოირგებ შენად, რომელიც შენში არ დაიბადა. შეიძლება ჩვენშიც არაფერი იბადება, ყველაფერი განმეორებითია, არაფერს ჩვენ არ ვიგონებთ, უბრალოდ ხანადახან გგონია, რომ შენ აღმოაჩინე და მიაგენი და აღმოჩნდება, რომ ეს შენამდე სხვას აღმოუჩენია, ამაზე დიდი ზეიმი შემოქმედეისთვის არაფერია, როცა შენ მიაგნებ. შტამპი ალბათ გამეორებებია. ჩემს შემთხვევაში ყოფილა მომენტები, როცა წინა სპექტაკლიდან გარკვეული დეტალები გამიმეორებია. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს და კიდევ მინდა გამოვიყენო, მიყვარს და მინდა მას ხაზი გავუსვა, კიდევ გამოვაჩინო, კიდე ნახეთ, იმიტომ რომ მოგწონს შენც და მაყურებელსაც. შტამპი, ალბათ, არის ის, როცა ერთი და იგივე ხერხს იყენებს რეჟისორი.  

  • მანერა რაღა არის მაშინ, შენ გაქვს შენი მანერა?

  • მანერა არის ხასიათი, შენ შენი ხასიათი გაქვს, შენს რეცენზიებში შენი ხასიათი გადადის. იმის მიუხედავად, რომ პროფესია გაძლევს საშუალებას თავისუფლების, შენი ხასითი მაინც ჩანს, მეც ვერსდ ვერ წავიღებ ჩემს ხასიათს, იმიტომ, რომ ის არის თანმდევი, სულ შენთან. მაყურებელი რომ შემოდის იქედანვე გრძობს შენს ხასიათს. თუ მუშაობის პროცესში რაღაცა არ მოგწონს და შენ მას უტოვებ მაყურებელს, ან ახვედრებ ათასჯერ გაკეთებულს და გამოიყენებ მრავალგზის გაუპატიურებულ ხერხებს, არ მგონია სწორი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ და ასეთი დამოკიდებულება პირველ რიგში, რეჟისორის პასუხისმგებლობაა. პატიოსანი რეჟისორი უნდა ეცადოს ათასჯერ გადაღეჭილი არ გაიტანოს მაყურებლთან. უნდა გრძობდე, რომ რა დადგი, გარედან შეეხდო შენს თავს, გვერდიდან, მერე გვწყნს რომ გვლანძღავენ, გასალანძღი ხარ, აბა, რა ხარ?! სჯობს, რომ არ გაუშვა ასეთ დროს სპექტაკლი. როცა წარუმატებლად ეძიებ ეს სხვაა, მაგრამ როცა მიზანმიმართლად აბითურებ პროფესიას, მე ეს არ მესმის. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში მეც ვყოფილვარ და მეც მიმიქარავს. არ უნდა უღალატო შენს პროფესიას, თუნდაც ჰონორარის გამო. ახლა რაღაცნაირად მორალს ვკითხულობ, მაგრამ პირველ რიგში, მე მეხება. მეც დამიშვია შეცდომები და მინანია მერე, ასე რომ, არ უნდა დადგა, თუ თითოეული სპექტაკლის დადგმის პროცესი შენთვის ზეიმი არ არის, თუ ბედნიერებას არ განიჭებს მუშაობა. მერე ეს განწყობა მაყურებელსაც გადაედება, ყველაფერს გრძნობს მაყურებელი და ვერ მოატყუებ, არ სჭირდება იმის დადგენად მას კრიტიკოსი ან ექსპერტი, თუ როგორ და რისთვის დადგი, ისედაც ნათელია ხოლმე ყველაფერი. დარბაზში შესვლისთანავე გრძნობს მაყურებელი რა ელოდება, სუნი აქვს ამ ყველაფერს ერთგვარი. თუ სპექტაკლი სიყვარულით და რუდუნებით არის შექმნილი, ეს განწყობა მაყურებელსაც გადაედება. არადა ასეთ სპექტაკლს, როცა კრიტიკოსი გადაუვლის ხოლმე, რეჟისორებს სწყინთ და იწყებენ კრიტიკოსების ლანძღვას. ჩემგან არც ერთ კრიტიკოსს არ ახსოვს მსგავსი დამოკიდებულება, შეიძლება არ ეთანხმებოდე, ან ურეაქციოდ დატოვოს კრიტიკოსმა შენი სპექტაკლი. აი, ამაზე კი ხშირად გავბრაზებულვარ, რადგანაც მგონია, რომ მათ სხვადასხვა მიზეზის გამო გვერდი აურეს, არ აღუნიშნავთ. ხოლო როცა, გისაბუთებს კრიტიკოსი, რომ რაღაც არ მოეწონა, არ უნდა ეკამათო, რადგან მისი კრიტიკა არგუმენტირებულია.

  • მინდა ისევ 90-იანებს მივუბრუნდე, რადგან დამრჩა განცდა, რომ ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე. შენი აზრით, რატომ არ განვითარდა ალტერნატიული სივრცეები, თუნდაც შენი მაგალითის შემთხვევაში, რატომ არ დარჩი იქ და იმ სივრცეში? რატომ არ გააგრძელე ძიება? რა იყო ამის მიზეზი, ის, რომ მაყურებელში არ იყო მოთხოვნა ალტერნატიულ სივრცეში დადგმულ სპექტაკლებზე, თუ ეს იყო მარკეტინგისა და მენეჯმენტის პრობლემა? რატომ იხსნებოდა და იხურებოდა ეს სივრცეები?

  • ზოგადად რა პროცესი იყო ეს ქართულ თეატრში, ამაზე გარკვეული კვლევა არ ჩამიტარებია. ჩემი მაგალითის შემთხვევაში ვიცი, რატომ არ განვითარდა, ეს იყო არასწორი მენეჯმენტის ბრალი და არა უშუალოდ პროდუქციის. არ ვამბობ, რომ შედევრებს ვდგამდი, მაგრამ საშუალო მხატვრული ხარისხის პროდუქტს დღესაც, სწორად გათვლილი მენეჯმენეტის შემთხვევაში, წარმატება გარანტირებული აქვს. ეს ფაქტია და ეს დღესაც ასეა. მენეჯმენტს თანამედროვე თეატრში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. რეჟისორები ამ პროცესში არ უნდა ერეოდნენ. საქართველოში მინიმუმ 5 კარგი რეჟისორი მაინც მოიპოვება, რომელიც სტაბილურად ვითარდება და კარგ მხატვრულ პროდუქტს დებს, ისინი იძლევიან ერთგვარ გარანტიას, რომ მინიმუმ საშუალო სპექტაკლს მაინც დადგამენ, მაგრამ წარმატება ამ კარგი სპექტაკლის, სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული. დღემდე ვერ ჩამომიყალიბდა აზრი, თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს პირველი, თუ მენეჯერი. თვითონ სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და კარგად ვიცი, რა აკლია დღეს თეატრს ყველაზე მეტად. სამხატვრო ხელმძღვანელები ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში, ეგოისტები არიან, რომ მოწვეულმა რეჟისორმა მასზე უკეთესი სპექტაკლი არ დადგას, ეს შიში ავადმყოფობაა, დამღუპველი თეატრისთვისაც და მისთვისაც. ავადმყოფია ის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც არ უშვებს სხვა რეჟისორს თეატრში. ეს ერთი პრობლემაა, მეორე კი ის, რომ დღეს თეატრებს ჰაერივით სჭირდებათ კარგად აწყობილი მენეჯმენტი, სხვანაირად თეატრი ვერ იქნება პოპულარული. ვერ ვიტყოდი, რომ დღეს თეატრი მოდური არ არის, ან მაყურებელი არ ჰყავს თეატრს, მაგრამ არ არის საკმარისი იმაზე დაყრდნობით რა რაოდენობის ბილეთიც იყიდება. ბიზნესისთვის უნდა გახდეს თეატრი საინტერესო, როგორც ტელევიზია გახდა საინტერესო და მიმიზდველი ბიზნეს სექტორისთვის. დღეს ბიზნესი სხვგავარად უყურებს თეატრს, თითქოს გეხმარებიან კიდეც, მაგრამ არ აღგიქვამენ პარტნიორად, ისინი ფიქრობენ რომ დაგეხმარეს. ასეთი დამოკიდებულება არის ცუდი.

  • როცა წამოხვედი შენსავე დაარსებული ალტერნატიული სივრციდან, თავისუფალ რეჟისორად მოღვაწეობდი და საკმაოდ წარმატებულადაც, დგამდი სპექტაკლებს და მოხვდი თოჯინების თეატრში და დარჩი, რატომ წახვედი თოჯინების თეატრში, როცა შეგეძლო ნებისმიერ დრამატულ თეატრში გაგეგრძელებინა მოღვაწეობა? თეატრის ეს სახეობა უფრო გიტაცებს? უფრო ახლოს არის შენთან მისი გამომსახველობითი ხერხები?

  • ჩემი პირველი შეხევდრა თოჯინებთან დაიწყო მაშინ, როცა ჩემს შესახებ არავინ იცოდა, რომ რეჟისორი ვიყავი. ჩემს დამოუკიდებელ სივრცეში დავდგი პირველი თოჯინური სპექტაკლები ჩემი სტუდიის მოსწავლეებთან და მეთოჯინე მამუკა ერქომაიშვილთან ერთად. თოჯინურ სპექტაკლებზე მუშაობის დროს მივხვდი ერთ რამეს, რომ აქ გჭირდება უფრო ნაკლები თანხები, რომ მიიღო ის გარემო, რომელიც გინდა, ვიდრე დრამატულ თეატრში. მაშინ სამი თოჯინური სპექტაკლი დავდგით და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ვაჩვენებდით. გამოცდილების შედეგად მივხვდი, რომ ცდომილებაში ვიყავი და თოჯინების თეატრიც არანაკლებ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, რადგან კარგ თოჯინას სჭირდება კარგი სპეციალისტი, სფეციფიკიდან გამომიდარე სხვაგვარი დეკორაცია. დღეს განათება არის მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ, ჩვენში სპეციალისტების დეფიციტია, თოჯინების თეატრში სულ სხვა განათება არის საჭირო. მერე ძიებისას მინდოდა მეცადა თოჯინებისა და დრამატული მსახიობების კოლაბორაცია, მაშინ მხოლოდ ლევან წულაძის „ფაუსტი“ იყო და „გაბრიაძის თეატრი“. ჩემს სივრცეში დავიწყე საგნების თეატრის პრინციპებით სპექტაკლის დადგმა, მაგრამ ბევრ სირთულეს წავაწყდი, ვინაიდან არ მყავდა სპეციალისტები და რეკვიზიტებს, პერსონაჟ - საგნებს თვითონ ვაკეთებდი. მარტო გამიჭირდა, ჩემი რესურსი არ ეყო. თოჯინების თეატრში სანამ სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდოდი, ვიყავი რიგითი რეჟისორი და დავდგი რამდენიმე სპექტაკლი...

  • და რატომ მოხვედი „თოჯინებში“, შემოქმედებითი ძიებისვის?

  • მინდა, რომ ის სახე მიიღოს თოჯინების თეატრმა, რომელიც საქართველოში არ არსებობს. მაყურებელს, სტუმრად რომ მოვა, მინდა ჯადოსნურ სამყარში მოხვდეს. ამოცანა ასეთი მაქვს, რომ ქალაქიდან თოჯინების თეატრში მოხვედრისას, აღმოჩნდე სხვა სამყაროში. წარმოიდგინე შედიხარ ზღაპრულ სამყაროში. მინდა, რომ ერთდროულად მშობელი და ბავშვი აღმოჩნდეს არარეალურ სამყაროში, მოულოდნელობებით სავსე სივრცეში, კაფეთი, მატარებელით, ჯანსაღი საკვებით, მინდა გავაკეთო საოჯახო თეატრი, ის უნდა გახდეს მოთხოვნილება თითოეული ოჯახისთვის, რომ კვირაში ერთი დღე აქ გაატაროს. მოდური უნდა გახდეს, წარმოდგენას ბავშის ხათრით კი არ უყუროს, არამედ მშობელიც დააინტერესოს, ჩაითრიოს და მხოლოდ ბავშვობა არ უნდა გაგახსენოს აქაურობამ, არამედ მისთვისაც უნდა იყოს აღმოჩენების სივრცე, მინდა ისეთი თეატრი, რომ ზეიმად იქცეს მთელი ოჯახისთვის და ყველას მოუხაროდეს აქ მოსვლა. წამროდგენამდე მაყურებელს ბევრი თავგადასავალი უნდა გადახდეს აქ, იკონტაქტოს ცოცხალ თოჯინებთან და პერსონაჟები უნდა იყოს მომსახურე პერსონალი. წარმოიდგინე შეკვეთას ამ თეატრის კაფეში მატარებელი რომ მოგიტანს...

  • ანუ ქართული „დისნეი ლენდი“ იქნება?

  • აუცილებლად!

  • შენი აზრით, თოჯნების თეატრი ბავშვებისთვის უნდა იყოს, თუ ასაკს მიღმა, საბჭოთა პერიოდში თოჯინების თეატრი ხომ მხოლოდ საბავშვო თეატრად მიაჩნდათ და დღესაც ინერციით ასე არის მიღებული...

  • არა, რა სისულელეა, „მეფე ლომი“ ხომ ნანახი გაქვს, მას ბავშვიც სიამოვნებით უყურებს და უფროსიც, მე კი იმედი გამიცრუვდა, ბროდვეიზეც და ლონდონშიც, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ იხდი დიდ თანხას იმიტომ, რომ ისიამოვნო, უფროსი თაობის მაყურებელიც მოდის დიდი ინტერესით. თოჯინების თეატრი ყველასთვის უნდა იყოს, თუმცა ასაკობრივი ზღვარი უნდა იყოს მაყურებლის, ყველა სპექტაკლს ბავშვს ვერ ანახებ, მინდა ჩვენს თეატრში სპექტაკლები იყოს ინტერაქტიული და ბავშვებიც ჩაერთონ თამაშში. არ შეიძლება სავარძელს მიაჯაჭვო პატარა მაყურებელი, არამედ უნდა ჩართო მოქმედებაში. ბავშვები კი არ უნდა შეშინდნენ ჩვენს სპექტაკლებზე, და დაისტრესონ იმიტომ, რომ ვიღაც აჩერებს რომ არ იტიროს. რთულია ყველა სპექტაკლი აჩვენო და აუცილებლად დაიყოფა რეპერტუარი, ყველა ასაკის მაყურებელს თავისი სპექტაკლი ექნება.

  • როგორია ზოგადად თეატრის მომავალი, საითკენ მიდის? რა ტენდენციებია დღეს გამოკვეთილი და რომელი გაიმარჯვებს ამ მრავალფეროვნებაში, რომელი დაიმკვიდრებს ადგილს შენი აზრით?

  • ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია სად მიდის თეატრი, მათ შორის, ევროპაშიც და ამერიკაშიც, ჩვენ სულ ვადარებთ როდის მივალთ ამ დონემდე, ამ ხარისხამდე. იქ აწყობილი სისტემაა და ჩვენ ეს მოგვწონს, თუნდაც როგორაა მოგვარებული ბილეთების საკითხი, მგონი თუ არ ვცდები ერთადერთი ქვეყანაა ამერიკა, სადაც თეატრს არ ეხმარება სახელმწიფო, თავისით ინახავს თავს და პირიქით, დიდი თანხები შეაქვს ბიუჯეტში. ჩვენ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ. ევროპულ და ამერიკულ თეატრში მაღალი ხარისხის დისციპლინაა და არავინ არაფერს გაპატიებს, ვინც არ უნდა იყო, შენი სახელი და გვარი იქ არავის აინტერესებს, არც სტატუსი. ჩვენთან სისტემური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ მსახიობებზე, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და სხვა პროფესია არ გააჩნიათ, კარგი პენსია უნდა დაუნიშნოს... ქართულ თეატრს კი მომავალში, ვხედავ როგორც საავტორო თეატრს...

  • ეს იქნება ტექნოლოგიების ეპოქა თუ?

  • ეს გარდაუვალია. ტექნოლოგიები მკვდარს არ ნიშნავს, პირიქით, ჩვენ „ბროდვეის“ „მკვდარ თეატრს“ ვეძახით. არასწორია. საავტორო თეატრი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის, რაც ძალიან გვჭირდება და ეს პროცესი დაწყებულია და დარწმუნებული ვარ „საავტორო თეატრი“ დიდ როლს ითამაშებს. მგონია, რომ უნდა გაიზარდოს კონკურენცია და ათი კი არა, მეტი რეჟისორი უნდა იყოს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახელს ვახსენებთ, ამაში ბრალი თეატრმცოდნეებსაც მიუძღვის, თუმცა რეჟისორმა თუ არ გაჩვენა მისი პროდუქცია, რომელიც საშუალებას მისცემს კრიტიკოსს რეაქციისთვის, მაგრამ როგორც კი ვინმეს შეამჩნევთ, მათ სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა. კრიტიკა უნდა იყოს ერთგვარი ამომგდები ძალა...

  • არ მახსენდება, რომ ქართულმა სათეატრო კრიტიკამ უგულვებელყო კარგი რეჟისორი და მისი შემოქმედება, არ მახსენდება რომ ვინმე დაეჩაგრა და არ წარმოეჩინა, თუ ვინმემ რამე საინტერესო დადგა, მხოლოდ მასზე ვლაპარაკობთ და ზედმეტადაც კი. მგონია, რომ ზედმეტად ვანებივრებთ კიდეც ბევრს და დაუმსახურებლადაც, მეტისმეტი ქებით „ვაფუჭებთ“ კიდეც ახალგაზრდა რეჟისორებს ...

  • როგორც ჩვენ გვაქვს ხარვეზები, ისე კრიტიკასაც, როგორც მთელ სფეროს. მხოლოდ სახელმწიფო ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემებს. მაგალითისვის ვთქვათ, რომ სახელმწიფომ გამოყოს 10-ჯერ მეტი ბიუჯეტი, და რა მერე, ამით გადაიჭრება ყველა პრობლემა? დაიდგმება შედევრები? თუმცა ასეთი რამ მაინც არ და ვერ მოხდება, მეორე უკიდურესობა ისაა, რომ მოდი გავაუქმოთ თეატრები. მიმაჩნია, რომ ესეც არ არის სწორი, თუმცა არსებობს თეატრები, რომელიც თავს იტყუებს მხოლოდ...

  • კარგია, რომ თავად ახსენე და აღნიშნე, რომ არსებობს თეატრები რომლებიც თავის მოტყუებაა, მისიას ვერ ასრულებს და ფუნქციას კარგავს, მათი არსებობა ფორმალურ ხასიათს ატარებს მხოლოდ...

  • და ისინი არიან სახელმწიფო პროფესიული თეატრები, როცა პროფესიულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად არ ვიტყვი, რომ დაიხუროს თეატრები, ესეც ვერ მოხსნის პრობლემას. თუ ვამბობთ, რომ ვერ ვითარდებით, რატომ? იმიტომ, რომ რომელიმე რეგონში არსებობს სუსტი თეატრი? არა რა თქმა უნდა. ეს პრობლემას ვერ მოხსნის, ალბათ მაინც უმაღლესი სასწავლებლიდან დაწყებული თეატრებით დამთავრებული თავად  ჩვენში უნდა მოხდეს ცვლილება. ამ ეტაპზე, ამ ცვლილებას ვხედავ მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობაში, უნდა ეძიო შენი თავი და ახალი ხერხები, ანუ ეს არის საავტორო თეატრი.

  • საავტორო თეატრში ხომ არ გულისხმობ იმ შემთხვევას, როცა რეჟისორია ავტორი პიესის, მუსიკალური გამფორმებელიც და სცენოგრაფიც?

  • არა, ასეთი მხოლოდ ჩარლი ჩაპლინი ვიცი...

  • იშვიათად იღებ მზა დრამატურგიას, გაქვს რაღაც ფაბულა და შენ თხზავ მასზე ახალ პიესას, რომელიც არავის წაუკითხავს, ან ის ლიბრეტოა ზოგჯერ. გაქვს იდეა და იგონებ ახალ ამბავს, რატომ მუშოაბ ასე, დრამატურგია არ გაკმაყოფილებს?

  • არა, არაფერს ვერჩი დრამატურგებს, ახლა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ვდგამ ბრეხტს და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას. მთავარი ჩემთვის არის ის, რომ არაფრისგან ქმნი რაღაცას, ყველაზე დიდი „მუღამი“ აქვს, როცა არაფერი არ გაქვს და ყველაფერს შენ თხზავ, არ გაქვს სიტყვა, ტექსტი, მუსიკა და კოსტიუმი, სიბნელეში ხარ და იწყებ ყველაფრის გამოგონებას. მკრეხელობ და შემოქმედი ხარ ყველაფრის, სადავეებს ფლობ, სადაც გაფრინდები ბოლომდე და ხარ თავისუფალი, დრამატურგიაზე მუშაობის დროს, უკვე ჩარჩოში ხარ და დრამატურგს უნდა გაყვე და მისი დახმარებით თქვა სათქმელი და აქ შენსას ამბობ მხოლოდ. ჩემთვის ეს  ვარიანტი უფრო აზარტულია. მსახიობებს დისკომფორტი ჰქონდათ კიდეც ასეთი პრინციპით მუშაობისას, ახლა, როცა გამოცდილება შეიძინეს, მათთვისაც გახდა აზარტული, იმიტომ, რომ როცა ვიწყებთ მუშაობას ჯერ ვერ იგებენ რა გამოვა, მერე ისინიც გამომგონებლები ხდებიან, ერთობლივად ვქმნით და ასე ყალიბდება შემოქმედებითი ურთიერთობა. ასე რომ, დრამატურგებს არაფერს ვერჩი. ნუთუ ორი პიესა არ მოიძებნება მე რომ დავდგა? რა თქმა უნდა, მეტიც მოიძებნება, უბრალოდ ჩემთვის ის უფრო საინტერესოა, როცა თავად ვთხზავ.

  • წარმატებას გისურვებ!

  • დიდი მადლობა!

ინტერვიუების ციკლი „საუბრები თანამედროვე და უახლეს თეატრზე“ მოიცავს სამ ინტერვიუს რეჟისორებთან, ვანო ხუციშვილთან, ნიკა საბაშვილთან და დათა თავაძესთან. ვანო ხუიციშვილთან საუბარს გაეცნობით აქ, დათა თავაძესთან საუბარს აქ

bottom of page