top of page

 „ობიექტურობის ძიებაში“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

286375353_10228701703635322_5651716452905475436_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

 „ობიექტურობის ძიებაში“

„ოთახში დგას ორი ადამიანი და ერთი მაგიდა, რამდენი მაგიდაა ოთახში?“


„უსიერ ტყეში“ რიუნოსკე აკუტაგავას ფსიქოლოგიური მოთხრობაა, რომელიც უმალ იპყრობს მკითხველის გულს, თუმცა სულაც არ არის მარტივი აღსაქმელი და მკითხველისგან ფიქრსაც მოითხოვს. იაპონელი მწერალი რიუნოსკე აკუტაგავა სიტყვის ოსტატია და რთული წარმოსადგენია აღნიშნული მოთხრობის უსიტყვო ინტერპრეტაცია, თუმცა თავისუფალ თეატრში შემოქმედებითი ჯგუფის მეორე ქორეოგრაფიული ნამუშევარია სპექტაკლი „უსიერი“ (პირველი - „აფეთქებული“- რეჟ. სალომე ივდითი). ამჯერად, რეჟისორები სალომე ივდითი და გიგი ლორია რთული ამოცანის ამოხსნას ერთობლივი ნამუშევრით შეეცადნენ.

არ არის გასაკვირი, რომ მოთხრობის ხსენებისას, უპირველეს ყოვლისა, გვახსენდება აკირა კუროსავას გახმაურებული ფილოსოფიური კინოიგავი „რაშემონი“ რომელიც გადაღებულია აკუტაგავას ორი მოთხრობის მიხედვით ( „უსიერ ტყეში“ ; „რაშემონი“). 1950 წელს გადაღებულ პერიპეტიებით გაჯერებულ ფილმში თვალსაჩინოდ ჩანს ავტორი, არ ირღვევა დრამატურგიული სტრუქტურა და ავტორისა და რეჟისორის სათქმელი ერთ ამოცანას ემსახურება. აკირა კუროსავას აღნიშნული ფილმი დღემდე პოპულარულია და გასაკვირი არ იქნება თუ მაყურებელი სპექტაკლს ფილმს შეადარებს.
ამ ფილმში რეჟისორს აქვს საინტერესო გადაწყვეტა, როდესაც მთავარი გმირები სასამართლო დაკითხვაზე არიან, მაყურებელი ელოდება უშუალოდ პერსონაჟის გამოჩენას, თუმცა ამგვარი მიგნებით რეჟისორი ერთგვარად მთავარ როლს აკისრებს სწორედ მაყურებელს, რაც უკავშირდება ზუსტად მთავარ აზრს, რომ მაყურებელმა უნდა „გადაწყვიტოს“ თუ ვინ არის მართალი, ისევე როგორც მოთხრობის კითხვის პროცესში მკითხველი ხდება მოსამართლე.

რა ხდება ინტერპრეტირებულ „უსიერში“? წარმოდგენა თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სპექტაკლში ტექსტი კიდევ უფრო შემოკლებული და დამონტაჟებულია. მაყურებელი პერსონაჟების განვითარებას ხედავს და ყველაფერი მათ გარშემო ვითარდება (სცენაზე ოთხი მსახიობი დგას: ყაჩაღი - დიტო შერმაზანაშვილი; ქალი - სალომე ივდითი; კაცი - ბექა გარსევანიშვილი; ბერი - ოთო ლორთქიფანიძე). პერსონაჟები მნიშვნელოვანი ამბის, სამურაის მკვლელობის, მომსწრენი ხდებიან და თავიანთი აღქმით სხვადასხვანაირად ჰყვებიან ერთსა და იმავე ამბავს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რთულია ამ მოთხრობის ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციის აღქმა. აქ თითოეულ მოძრაობას თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა გააჩნია, რომელიც ავლენს პერსონაჟების ხასიათს, რაც სიმართლის გარშემო ტრიალებს და სწორედ მისი გავლენა აყალიბებს მათ დამოკიდებულებებსა და ეგოიზმს. ყველაფერი ეს კი გარდაუვალია და არ აქვს მნიშვნელობა თუ რა დროში დაიწერა მოთხრობა და რა დროში თამაშდება სპექტაკლი, რადგან, როდესაც  საკითხი უკავშირდება სიმართლეს ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში პრიორიტეტი საკუთარი თავი ხდება. ამ თვალსაზრისით, ქორეოდრამაში გარკვეულწილად დარღვეულია ბმა ლიტერატურულ პირველწყაროსა და სცენაზე გაცოცხლებულ ამბავს შორის. ამიტომ არის საშიშროება იმისა, რომ შესაძლოა მაყურებელმა სათანადოდ ვერ გაიგოს ამბავი და მთავარი სათქმელი, თუკი მას არ აქვს წაკითხული ტექსტი, რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი. ამრიგად, მაყურებელში დატოვებული კითხვების ამოხსნისათვის, უმჯობესი იქნებოდა, რომ წარმოდგენა მეტად ახლოს ყოფილიყო ტექსტთან, რაც სპექტაკლს მხოლოდ და მხოლოდ წაადგებოდა.

მომხიბვლელი და საინტერესოა დეკორაციაში განსხეულებული ტექსტის შინაარსი და ამბის მთავარი სათქმელი. დარბაზში შესვლისთანავე თვალშისაცემია სადა, მინიმალისტური, მაგრამ ეფექტური სცენოგრაფია,  რომელიც სპექტაკლის დაწყებამდეც გვიქმნის ასოციაციას. აბსტრაგირებული პლასტიკის ენაზე ამეტყველებული მსახიობები და ბუნება, რომელიც  მოთხრობის მთავარი ხაზის შემქმნელია და ერთგვარად, მთავარი მოქმედი გმირიც, საერთო სურათს ქმნის. ამრიგად, სცენოგრაფმა თეო კუხიანიძემ „ძუნწი“, მინიმალური და ლაკონური ხერხით იშვიათი სიზუსტის სცენოგრაფია შექმნა.

ყურადღებას იპყრობს დეკორაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რეკვიზიტი - ბურთი, რომელიც სპექტაკლის მსვლელობის პროცესში სხვადასხვაფრად ნათდება და ბურთის ფუნქციის გამოვლენა სწორედ, განათების პარტიტურით ხდება და ამგვარად აღწევს საერთო ამოცანამდე. ჩემი აზრით, ამ ყოველივემ გაურკვევლობა გამოიწვია. როგორც თეატრის მკვლევარი მიხეილ თუმანიშვილი წერდა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ და გავიგოთ მაყურებელთა აზრიც. მთავარი რეკვიზიტი, ნაწილი მაყურებლისთვის დედამიწა აღმოჩნდა, ზოგიერთისთვის კი ძალაუფლება ან მიუწვდომელი ობიექტი, ოცნება, მიზანი... პირადად მე, მანათობელი ბურთი აღვიქვი, როგორც ობიექტურობა, რომლისკენაც ყველა ილტვის. საინტერესოა, რეჟისორის გადაწყვეტა ფინალურ სცენაში, სადაც ბურთი, (ჩემი აღქმით - სიმართლე) სურთ აღმოჩნდეს მაყურებლის ხელში, თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად კულმინაციური სცენა საკმარისად მოტივირებული არ აღმოჩნდა. (ცხადია,  სპექტაკლი ყოველ ჩვენებაზე სხვადასხვაგვარად განვითარდება). სპექტაკლში არსებული პერიპეტიები მაძლევს საფუძველს დავუშვა, რომ შესაძლოა რეკვიზიტის მნიშვნელობა გამიზნულად არის დამაბნეველი. ამ გადაწყვეტით რეჟისორებმა სცადეს ხაზი გაესვათ მთავარი სათქმელისთვის, რომ ობიექტურობა არ არსებობს და შეუძლებელია ვიპოვოთ კონკრეტული სიმართლე, რადგან თითოეული ადამიანი თავისი აღქმით ხედავს მოცემულობას.

სპექტაკლის განხილვისას, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე - მუსიკალურ გაფორმებაზე, რომელიც კომპოზიტორმა ბეგი ნიკოლეიშვილმა შექმნა.


ზოგადად, მუსიკა იდეის მხატვრულ შინაარს გადმოსცემს, რომელსაც ხშირად აქვს არამხოლოდ ზედაპირული (ან ემოციური) დატვირთვა, არამედ სპექტაკლის განვითარების აუცილებელ კომპონენტსაც წარმოადგენს. ამრიგად, მუსიკა თეატრის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად მთავარ როლს ასრულებს და ქმნის მოქმედების შესაბამის ატმოსფეროს ის რეჟისორს ეხმარება ჩანაფიქრის გამოხატვაში და სათქმელის მაყურებლამდე მიწვდენაში, რადგან სწორედ მუსიკა ქმნის სპექტაკლის შინაგან რიტმს. როდესაც ქორეოგრაფიული სპექტაკლი და მუსიკა შერწყმულია და მთლიანობაში ორგანულია, მაშინ წარმოდგენა წარმატებულია. მისი როლი კი  უფრო მკვეთრად იკვეთება არავერბალურ წარმოდგენაში, სადაც მთავარი ბერკეტი სწორედ მუსიკაა და მაყურებელისთვის კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოა თითოეული დეტალი და ცხადია, განსაკუთრებულად ყურადსაღებია წარმოდგენა სრულ თანხვედრაში იყოს მუსიკასთან.


უნდა აღინიშნოს, რომ ბეგი ნიკოლეიშვილის ნამუშევარი ნამდვილად განსხვავებულია და საკმაოდ მომხიბვლელიც. მისი მუსიკალური ნაწარმოების ტემპო-რიტმი და დრამატურგიული განვითარება მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. პირადად ჩემთვის, ქორეოდრამის მთავარი ღერძი სწორედ მუსიკა აღმოჩნდა, მაგრამ „ ერთსა და იმავე წამალს შეუძლია ავნოს ან განკურნოს სხვადასხვა ორგანო “.  როგორც უკვე  აღვნიშნე მნიშველოვანია თანხვედრა, რადგან მუსიკასა და მოქმედებას შორის დისბალანსი მარტივად თვალშისაცემია და შემოქმედებით ჯგუფს ბეწვის ხიდზე გავლა უწევთ. აუცილებელია, ასევე რეჟისორებისა და ხმის ტექნიკოსის ჩართულობაც, რადგან ზოგიერთ მომენტში მუსიკა ზედმეტად ხმამაღლა ჟღერს, რაც მოქმედებს საერთო სურათზე. ამ თვალსაზრისით , გარკვეულწილად, მუსიკა შთანთქავს წარმოდგენას. (აქვე მინდა დავამატო, რომ, ვფიქრობ, „უსიერის“ მუსიკალური გაფორმება იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო საკვლევი მასალაა, რომ კარგი იქნება თუ საქმის პროფესიონალი (მუსიკოლოგი) დაინტერესდება).

საბოლოოდ, დასკვნის სახით, მინდა ვთქვა, რომ სპექტაკლში არსებული საინტერესო გადაწყვეტები, გამოვლენილი სიახლეები თუ დარჩენილი კითხვის ნიშნები მიქმნის სურვილს, რომ სპექტაკლი კიდევ ვნახო და ვურჩევ საზოგადოებასაც, იმის გათვალისწინებითაც, რომ დღესდღეობით ქართული თეატრის სცენიდან არ ვართ ქორეოგრაფიული წარმოდგენებით გათამამებულნი. სპექტაკლი „უსიერი“ მაყურებელს მისცემს ფიქრის საშუალებას და დაანახებს ობიექტურობის „ ყოფნა, არ ყოფნას“, ამრიგად, თითოეული ჩვენგანი პასუხს თავად გავცემთ რთულ ფილოსოფიურ კითხვას თუ რამდენი მაგიდაა ოთახში?


 

bottom of page