ოიდიპოსი ახალი თეატრის ლაბირინთებში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანა ბენიძე
ოიდიპოსი ახალი თეატრის ლაბირინთებში
დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ქართველმა რეჟისორებმა კვლავ გაიხსენეს კარგად დავიწყებული დიდი მასშტაბის ზოგიერთი ტრაგედია. 2021 წელს, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა, რომელიც ახალი თეატრით (ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი) წარსდგა მაყურებლის წინაშე, სეზონი ბერძნული დრამატურგიის მშვენება - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ უკიდურესად გათანამედროვებული ინტერპრეტაციით გახსნა. ამ სახელოვან ტრაგედიაში სადღეისოდაც ყურადღებას იპყრობს კაცობრიობის ისტორიაში სამარადჟამო პრობლემა - ბედისწერის თემა. აღნიშნულ პიესას ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი არისტოტელე, შედევრად მიიჩნევდა. ტრაგედიის მთავარ მოქმედ გმირს - ოიდიპოსს, გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე, - „კეთილშობილ ადამიანს“ უწოდებდა, რომელიც მაღლდება ყოველგვარ ადამიანურ სისუსტეზე და ძლიერი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა. ბედისწერის მსხვერპლად ქცეული პერსონაჟის უნივერსალურობას, მის მაცდურ ეფექტს ამტკიცებს ისიც, რომ მსოფლიოს მრავალ სცენაზე გაცოცხლდა მისი ტრაგიკული ისტორია და ჩვენს აპოკალიფსურ ეპოქაშიც ისევ იზიდავს მაყურებელს მისი არქაული შარავანდედი.
ქართული თეატრის ისტორიას ლეგენდად შემორჩა რუსთაველის თეატრში დადგმული დიმიტრი ალექსიძის შედევრი. 1956 წელს განხორციელებულ „ოიდიპოსში“, როდესაც ტრაგიკული მოვლენებით ტანჯული ქართველობა მხოლოდ წარმოსახვაში ხატავდა იდეალური მმართველის სახეს, ოიდიპოსის როლს დიდი წარმატებით, თანმიმდევრულად თამაშობდა სამი დიდი ქართველი მსახიობი, - აკაკი ხორავა, ეროსი მანჯგალაძე და სერგო ზაქარიაძე (გარკვეული პერიოდი აკაკი ვასაძეც). ეს ფაქტიც აღვიძებდა ინტერესს ახალ რეალობაში დაბადებული ტრაგედიული სანახაობისადმი.
პიესა დღემდე აქტუალურია, თუმცა დოიაშვილისეული „ოიდიპოსი“ ჰიბრიდული თეატრის პროდუქტია. მაყურებელი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ადევნებს თვალყურს რეალურ და ვირტუალურ სანახაობას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დიდი ტრაგედიის რეალიზების კლასიკური ვერსიისაგან. ვფიქრობ, პანდემიის დროს, სოციალური ურთიერთობების დეფიციტით გატანჯულმა საზოგადოებამ, რომელმაც თავისუფლების „მოპოვებისთანავე“ თეატრს მიაშურა, აღნიშნული საპრემიერო სანახაობით ვერ მიიღო სათანადო ემოცია. ვერ დამყარდა კავშირი მსახიობებსა და მაყურებელს შორის. ეს გაუცხოება განაპირობა აგრეთვე რეჟისორის მიერ ახალი ტექნოლოგიების ჭარბად გამოყენებამ. ზოგადად, თანამედროვე ქართველი რეჟისორების აქილევსის ქუსლად იქცა განათებითა და ვიდეოინსტალაციებით გატაცება, შედეგად კი, მათ მიერ მოსინჯული ექსპერიმენტებით სპექტაკლის გაჯერებით, არცთუ იშვიათად და დაუმსახურებლად ისჯება არა მხოლოდ სცენაზე ე.წ. მეორე პლანზე დარჩენილი მსახიობი, არამედ მანიპულირებული მაყურებელიც.
სპექტაკლის დასაწყისში (და არა მხოლოდ), მაყურებელი იძულებულია, სცენის სიღრმეში მდგარი მსახიობის ნაცვლად (საუბარია ოიდიპოსის როლის შემსრულებელ კახა კინწურაშვილზე), ყურადღება ეკრანებისკენ მიმართოს (სცენოგრაფი ანა ნინუა). მასზე შარავანდედით მოსილი ოიდიპოსია გამოსახული (ე. წ. სელფის ნათურა ქმნის მსგავს ასოციაციას). ხალხთან მოსაუბრე მეფის გრანდიოზული გამოსახულებით, რეჟისორი დემონსტრირებს მის სიდიადეს. შარავანდედის საშუალებით, დასაწყისიდანვე იგი „სპეტაკ“ მმართველად წარმოჩინდება. ოიდიპოსის სიტყვაზე აჟიტირებული რეაგირებს პარტერში მყოფი მსახიობი ანა ქურთუბაძე. იგი ხელისუფალთა მიერ მოსყიდულ მოქალაქეს განასახიერებს, რომელიც თავგანწირვით იცავს სათაყვანებელი მეფის ინტერესებს და განადიდებს მის ავტორიტეტს. ამ მხრივ, მსახიობი ნატა ბერეჟიანი ოპოზიციონერად წარმოგვიდგა. ის უკმაყოფილოა „დიადი“ მმართველის ნაღვაწით და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობენ მის დადუმებას, გააფთრებული განაგრძობს თავისი აზრის ხმამაღალ ფიქსირებას, არ უშინდება სისტემას, რომელიც სასტიკად თრგუნავს განსხვავებულ, მისთვის არასასურველ აზრს.
ჩვენს ყოველდღიურ რეალობასთან სპექტაკლის არცთუ ორაზროვან სანათესავო კავშირს, ანტიკური ეპოქისა და დღევანდელობის მჭიდრო ბმას, ეხმიანება კოსტიუმების გათამაშებაც. (მხატვარი ანანო მოსიძე). რადიკალურად განსხვავებულია ოიდიპოსისა და მისი ბიძა-მაზლის, კრეონის (დავით ბეშიტაიშვილი) ჩაცმულობა. ოიდიპოსი თანამედროვედ, ხოლო კრეონი ტოგაშია გამოწყობილი და დაფნის გვირგვინი უმშვენებს თავს. ვფიქრობ, რეჟისორმა გვიჩვენა, რომ კაცობრიობის უმთავრეს პრობლემებს ვერ ცვლის დრო-ჟამი, ის იგივეა მარად და მარად.
სპექტაკლში გამორჩეულია კახა კინწურაშვილის შესრულება. მსახიობი ბუნებრივი და დამაჯერებელია სცენაზე, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იოკასტეს როლის შემსრულებელ ნინო კასრაძეზე. მისი თამაში უხვად თეატრალიზებულია. მსახიობი განსაკუთრებით მანერული აღმოჩნდა ტაძართა მოლოცვის სცენაში. რეჟისორმა არაორდინარულ გადაწყვეტას მიმართა ტირესიასის როლში ქალი მსახიობის - მარინა (მარო) ჯოხაძის დაკავებით. მსახიობის მიერ განსახიერებული ბრძენი მოხუცი ტირესიასი შთამბეჭდავი სახეა, თუმცა დროდადრო ცრუ პათეტიკური, ისევე როგორც ნატა ბერეჟიანი - დედოფლის მიერ თვითმკვლელობის ინფორმაციის გაცხადებისას. თანმიმდევრული, საინტერესო სახეები შექმნეს მსახიობებმა - ტატო ჩახუნაშვილმა და არჩილ სოლოღაშვილმა. მათ ამჯერადაც წარმოაჩინეს გემოვნება, ზომიერება და ჩვეული პროფესიული ოსტატობა.
ბუნდოვანია დადგმის ფინალი. კახა კინწურაშვილი მოულოდნელად უცხადებს მაყურებელს, რომ არ სურს თამაშის გაგრძელება, რადგან მიიჩნევს, რომ ამით ცვლის ბედისწერას, რაც რეალურად უკვე აღსრულებულია. პროექციის მეშვეობით მაყურებელმა იხილა თუ როგორ დაითხარა თვალები ოიდიპოსმა, როგორ მოიკლა თავი იოკასტემ და როგორ მოემზადა ოიდიპოსი კოლონოსში გასამგზავრებლად. სპექტაკლის კონტექსტიდან გაურკვეველი რჩება, თუ რა მიზნით მიმართა რეჟისორმა სპექტაკლის დასკვნით ნაწილში მაყურებლის „დაკითხვას“ (გიგი ქარსელაძის პერსონაჟი მაყურებელს მოუწოდებს სკამის სახელურზე განთავსებული შტრიხ კოდის გამოყენებით დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება). ამჯერად ხომ აღარაფერს ცვლის საზოგადოების პასუხი შეკითხვაზე, - უნდა გაგრძელდეს თუ არა სპექტაკლი?... შესაბამისად, ფინალში ასეთი „გამოძიება“ უსარგებლოა. ამ მხრივ, ორიგინალურია წარმოდგენის დაწყებამდე გამართული ინტერაქცია, რომელშიც მაყურებელი საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს მიმდინარე გლობალურ მოვლენებზე (პანდემიასა და რუსეთ-უკრაინის ომზე).
კომიკურ ეფექტს იწვევს სპექტაკლის ორი მიზანსცენა - ტრენაჟორზე მდგარი კახა კინწურაშვილის „ინტერვიუ“, რა დროსაც, წელს ზევით სოლიდურად ჩაცმულ მსახიობს, წელს ქვევით, მხოლოდ საცვლები მოსავს. ასეთივე „დასამახსოვრებელი“ მიზანსცენაა ანტიგონესა და ოიდიპოსის შუაში მჯდარი ოიკასტე, რომელიც დაბნეული უწვდის ოიდიპოსს ანტიგონესთვის განკუთვნილი საკვებით სავსე კოვზს, თუმცა მყისვე უკან აბრუნებს. დამაფიქრებელია რეჟისორის ძირითადი მესიჯი. იგი მოგვიწოდებს სიფხიზლის, სიფრთხილის, ბედისწერის მიერ შემზადებული დარტყმების წინააღმდეგ აქტივობისკენ, რაც გარკვეულწილად გვაძლევს იმედს, რომ ბრძოლას მუდამ აქვს აზრი. თუმცა, აქვე აღსანიშნია ისიც, რომ ჩვენს ტურბულენტურ, კარგად მართულ ქაოსის ეპოქაში, რობოტიზაციის ხანაში, როგორ შეცვლის უმწეო ადამიანი ამ საეჭვო რეალობას?! ან გაჩნდება თუ არა სადმე დადგენილ „მსოფლწესრიგთა“ დამანგრეველი იდეალური მმართველი - ოიდიპოსი?! საკითხავი, აი, ეს არის!..
ფოტო: ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის Facebook გვერდიდან