top of page

 „ომი ნამდვილია... ქალაქში ყველა ტირის“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

274218324_512530113816179_8720703880463671527_n.jpg

„ომი ნამდვილია... ქალაქში ყველა ტირის“

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

სტუდენტი

 

„მარტო იმიტომ ხომ არ იარსებებს ღმერთი,

რადგან მისი არსებობა გვირჩევნია არარსებობას.

- სულელური მიზეზია გესმის?“

 

სარა კეინი მეოცე საუკუნის მიწურულს ინგლისურ დრამატურგიაში ახალ თანამედროვე სიტყვად გამოჩნდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს განხილვა დრამატურგის გარდაცვალებით უნდა დავიწყო, რადგან მისი სუიციდით ცხოვრების დასრულება ერთგვარ ლაიტმოტივად ერთვის მის მთელ შემოქმედებას, რომელიც ავტობიოგრაფიულია. შესაბამისად, ამ ტრაგედიულ მოვლენას ვერ გავექცევით. სარა კეინი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მძიმე დეპრესიას ებრძოდა, სწორედ ამან განაპირობა, რომ 1999 წელს 28 წლის ასაკში თავი მოიკლა.

 

სარა კეინის შემოქმედება ძირითადად ერთნაირი თემატიკის წრეში ტრიალებს. სიყვარული, სიკვდილი, სექსუალური სურვილი, დაუოკებელი ლტოლვა ერთიანადაა თავმოყრილი მის პიესებში, რომლებიც ფაქტობრივად დრამატურგის პირად გამოცდილებასა და ცხოვრებაზე გვიყვება. ამ ყოველივეს კეინი გადარჩენის უკანასკნელ გზად მიიჩნევდა მაგრამ რატომღაც მკითხველი ამას ვერ ხედავს, მეტიც, მე რომ მკითხოთ მის პიესებში პირიქით უფრო ხდება.

 

აფეთქებული დრამატურგის პირველი პიესაა (1995) აქ არსებული თამამი და ძალადობრივი მოქმედებები საწინდარი აღმოჩნდა, რომ მეოცე საუკუნის ერთ -ერთი ყველაზე თამამი და ცნობილი პიესაა (პირველად დადგა ჯეიმს მაკდონალდმა როიალ ქორთის თეატრში 1995 წელს ). თუმცა სარა კეინის დრამატურგია ქართული თეატრის სცენიდან მისი ბოლო პიესით „ფსიქოზით“ გავიცანით. თავისუფალი თეატრის სცენაზე სარა კეინის აფეთქებულის ქორეოგრაფიული ინტერპრეტაცია ვიხილეთ, რომლის პრემიერაც 2021 წლის 25 მაისს შედგა. რეჟისორი და ქორეოგრაფი სალომე ფილიშვილი გახლავთ, მეტიც ის ერთ ერთ მთავარ როლსაც ასრულებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ აფეთქებული რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია (სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი - დავით ანდღულაძე) და არც მეტი არც ნაკლები საკმაოდ რთულ დრამატურგიას შეეხო. თუკი რაიმე სახის სიმარტივით შეგვიძლია გამოვარჩიოთ ეს პიესა არის ის ფაქტორი რომ სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით აქ კეინი თავადვე აღწერს პერსონაჟების მდგომარეობას, განცდებსა და შეფასებებს. ამ თვალსაზრისით რემარკები საკმაოდ დიდი დამხმარე ძალაა, თუმცა თანამედროვე ქორეოგრაფიული ინტერპრეტაცია სხვა, ახალ სირთულეებს ეჭიდება. პიესაში სარა კეინი პირდაპირი ენით ყოველგვარი შელამაზების გარეშე წერს ომის სისასტიკეზე, ადამიანის შინაგან ნგრევაზე სადაც იმედის მარცვალიც ქრება და ბედნიერება სიმშვიდე სანატრელია.

 

მეოცე საუკუნის მიწურულს 90-იან წლებში, როდესაც საკმაოდ რთული დრო იყო მთელი მსოფლიოსთვის ადამიანის შინაგანმა სამყარომაც დაიწყო ნგრევა. კაცობრიობა თავისი არსებობის დღიდან იბრძვის და ომობს მსხვერპლი ფაქტობრივად გამუდმებით საფრთხის ქვეშაა. იქნებ ზუსტად ის დრო დადგა, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ, რას მივყავართ მუდმივი კონფლიქტისაკენ. ზუსტად ასეთ რთულ საკითხებსა და პრობლემებს ეხმიანება სპექტაკლი „აფეთქებული“, რომლის განსხვავებული ინტერპრეტაცია მაყურებელს აფიქრებს და საკმაოდ დიდ თავსატეხსაც უჩენს.

 

პიესასთან შედარებით სპექტაკლი ნაკლებად მძიმეა. ყოველივე კი რეჟისორის გადაწყვეტილი სტილი განაპირობებს. წარმოდგენაში დამატებულია გამოგონილი პერსონაჟი- ნენსი (ნინი ნოზაძე/ნინი კვირიკაშვილი), რომლის ხაზიც საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, თუმცა ეს გადაწყვეტა მაყურებლისთვის ოდნავ ბუნდოვანია, რადგან ერთგვარ გაუგებრობას ქმნის იმ შემთხვევაშიც კი თუ მაყურებელი პიესას იცნობს. სპექტაკლის მთავარი გმირი შუახნის მამაკაცი იანია, რომელსაც გიგი ლორია განასახიერებს მისი პერსონაჟი ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს ჰგავს, რომელსაც ერთი მოტივი ამოძრავებს, ქეითთან ურთიერთობა. იანისთვის ცხოვრება არანაირად არ არის ღირებული და ფაქტობრივად მნიშვნელობა არ აქვს როგორ წარიმართება ის. პერსონაჟის ხასიათის ნათლად წარმოჩენას მსახიობი თავისი ოსტატობის ხარჯზე ახერხებს. აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლი არაერთხელ მაქვს ნანახი და მსახიობის შესრულებაში ვხვდებით გარკვეულ ცვლილებებს. ვფიქრობ, მსახიობს სტაბილურობა აკლია, რაც დადებითად იმოქმედებს პერსონაჟის სიმყარეზე. გიგი ლორიასთვის არავერბალური თეატრი არ არის სიახლე ამიტომ, საბედნიერო, ამოცანას საკმაოდ მარტივად ართმევს თავს. ომის საშინელი აჩრდილი სწორედ იანის პერსონაჟშია და მაყურებელშიც გაღიზიანებას იწვევს. კულმინაციურ სცენაში, შეიძლება ითქვას რომ თანაგრძნობის მოპოვებასაც ახერხებს, სადაც იანი თვალებს ითხრის.შემიძლია ვთქვა რომ ეს სცენა მოტივით მახსენებს ოიდიპოს მეფეს და გლოსტერს „მეფე ლირიდან“ .

 

ასეთ რთულ საკითხზე მუშაობა საკმაოდ რთულ რისკებს უკავშირდება. მით უფრო, როდესაც საქმე გვაქვს უსიტყვო თეატრთან. პიესას თავისი ხიბლი აქვს, რაც გამომდინარეობს დიალოგებიდან და ფრაზებიდან. „ვკვდები, ისე მინდა სიყვარული იან“ „რა ხდება გარეთ?-ომია თითქოს. სპექტაკლში სადაც კეინის სიტყვები არ ისმის ფაქტობრივად არა სიტყვების ხარჯზე, არამედ მხოლოდ ამბის გადმოცემით, სხეულის ენით ახერხებენ მაყურებლამდე საკმაოდ მძიმე ემოციის მიწოდებას.

 

ასევე მთავარი გმირია ქეითი, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა, 21 წლის (აქ სავარაუდოდ სარა კეინი საკუთარ თავს მოიაზრებს). სპექტაკლის რეჟისორ-ქორეოგრაფი სწორედ ქეითის პერსონაჟს განასახიერებს. ქეითი ომის მსხვერპლია და არ არის გასაკვირი რომ ემოციურად არამყარია. ჩემი აზრით, ყველაზე რთულად ამოსახსნელი პერსონაჟია, გმირის მაქსიმალური სიზუსტის წარმოჩენას მსახიობი საკმაო თვალსაჩინოდ ახერხებს. ამას განაპირობებს რომ სალომე ფილიშვილი „უსიტყვო თეატრის“ გამოცდილი მსახიობია. როგორც უკვე აღვნიშნე, ამგვარ ინტერპრეტაციაში საკმაოდ რადიკალური ცვლილებებიც გვხვდება. პიესაში ქეითს ბავშვს სხვა აძლევს,სპექტაკლში კი მისი შვილია. მაყურებელი ხედავს მშობიარობის სცენასაც და აღნიშნული გადაწყვეტა გასაგები და ნათელია. ბავშვის სიკვდილს კულმინაციურ მომენტში ათამაშებენ. ეს ყველაზე ემოციური სცენაა,რომელიც აცოცხლებს მაყურებელს და კიდევ უფრო ემოციურს ხდის. უნდა აღინიშნოს,რომ რამდენიმე სცენაში გადაჭარბებულ ემოციასაც ვაწყდებით.ერთგვარი დისბალანსია ქორეოგრაფიასა და ოსტატობას შორის.

 

სარა კეინი რწმენისა და ღმერთის თემასაც ეხება. მისი პერსონაჟი - იანი სიკვდილის ბოლო წუთსაც უარყოფს და ღმერთის ყოველ ხსენებაზე მისი პასუხია- „ძუკნა“. სპექტაკლში კი ამ თემას არ ეხებიან, ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტაა. წარმოდგენა არ არის გადატვირთული და კონკრეტული ამბის გარშემო ტრიალებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ განათება ძალიან მინიმალისტურად და სადადაა გადაწყვეტილი (მხოლოდ წერტილები). ბავშვის სიკვდილის გათამაშებისას კი გვხვდება მთელი სცენის წამიერი თეთრი განათება. თეთრი ფერის სიმბოლოს თუ დავუკავშირებთ, სწორედ აქაა ღმერთი, როცა ბავშვი კვდება, რადგან როგორც ცნობილია სწორედ თეთრი ფერია სიწმინდისა და სტერიულობის გამომსახველი, რის გამოც ანგელოსებსაც და წმინდანებსაც ძირითადად ამ ფერში გამოსახავენ.

 

პიესაშიც და სპექტაკლშიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჯარისკაცს. ეს პერსონაჟი იანის მეორე სახეა, მისი გაორება. რომელთანაც მუდმივი კონფლიქტი აქვს და განდევნას ცდილობს, თუმცა მაინც მისი ტყვე ხდება. დუბლები ბექა არსენიძე (პანტომიმის თეატრის მსახიობი) და გუგა ქაცარავა (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი) ოდნავ განსხვავებულ სახეებს ქმნიან. ბექა არსენიძის შექმნილი პერსონაჟი ქვეცნობიერში შეცდენით შემოპარულს ჰგავს. (ზოგადად, ჯარისკაცის პერსონაჟი ძალიან საინტერესო სამუშაოდ მიმაჩნია, რომელიც საკმაოდ სიღრმისეულ ამოხსნას ითხოვს და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს). გუგა ქაცარავა კი უფრო მანიაკურ პერსონაჟს გვაჩვენებს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მსახიობი ოსტატობის თვალსაზრისით გამორჩეული არტისტია.

 

სპექტაკლში წინა პლანზე წამოწეულია კონკრეტული პრობლემები, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოქმედება. ერთი მხრივ, ეს კარგი და საინტერესოა, რადგან არ არის გადატვირთული, თუმცა მეორე მხრივ, არ არის დეტალები ნაჩვენები, რაც ოდნავ ზედაპირულს ხდის. სცენაზე „არათანაბარ ძალებსაც“ ვაწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ სტილი თითოეულ მსახიობს აბსოლუტურად გათავისებული აქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლში თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც სამსახიობო ოსტატობა, ასევე ქორეოგრაფიის ასათვისებლად ფიზიკური მზაობა. წარმოდგენას დიდ ხიბლს მატებს სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება. სპექტაკლს ახლავს ანტონიო ვივალდის კომპოზიცია, რაც ხელს უწყობს სხეულისა და კლასიკური მუსიკის სინთეზის საინტერესო კოლაბორაციას. სცენოგრაფია, მხატვარმა გიორგი ორახელაშვილმა საკმაოდ იშვიათი სიზუსტით შექმნა, სადაც მხოლოდ ორგანული მინებია გამოყენებული, რომელიც მსახიობებს მოქმედების დროს აქვთ ათვისებული. ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა კოსტიუმები, რომელიც ასახავს ომში განადგურებული ადამიანის შინაგან მდგომარეობა. განსაკუთრებით კი იანისა და ჯარისკაცის სიმბოლური კოსტიუმი, რომელიც გამოსახავს ნახევრად განადგურებულ (ნგრევის პროცესში მყოფ) ადამიანს. ვფიქრობ, გიორგი ორახელაშვილისა და სალომე ფილიშვილის შემოქმედებითი ტანდემი საკმაოდ წარმატებულად შედგა, რაც თვალსაჩინოა მაყურებლისთვისაც. საბოლოოდ „აფეთქებულის“ მთავარი საკითხი და პრობლემა გენდერი და სექსუალური ძალადობაა, რაც განსაკუთრებულად ამძიმებს ომის სისასტიკეს.

 

სადიპლომო, სადებიუტო ნამუშევრად ამგვარი სირთულის არჩევა ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. პრობლემები რომლებზეც არტისტები სცენიდან არავერბალური ენით მიგვითითებენ სამწუხაროდ დღემდე აქტუალურია. დღესაც არსებობენ ომის შვილები და ომის მაყურებლები. შინაგან ნგრევას კი ყველა განიცდის. ძალადობა გამოსავალი არ არის. „ომი ნამდვილია... ქალაქში ყველა ტირის!“

bottom of page