top of page

ომს თავისი კანონები აქვს!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

1660152709126.jpg

ნინო გაბედავა

ომს თავისი კანონები აქვს!

„ომის დროს ყველა ერთნაირად იქცევა, მთავარია ცოცხალი იყო“.

დათა თავაძე „დედაომი“

ისევ ომის სისასტიკე,  ბრძოლა გადარჩენისთვის, ტოტალური პრობლემა ომისა და მშვიდობის, ისევ იმედის დაკარგვა, ისევ უსიცოცხლობა და სუიციდის უამრავი შემთხვევა, როდემდე?! სათეატრო ხელოვნებაში კი ეს საკითხი მუდამ მწვავე და აქტუალურია.

მშვიდობა, რა თქმა უნდა, კაცობრიობის არსებობისა და განვითარების საფუძველია. დღეს, თანამედროვე მსოფლიოში, შესაძლებელია ითქვას, რომ ომი, სისასტიკით აღსავსე, ჩვეულებრივი მოვლენაა, სადაც ხალხი ტანჯვასთან ერთად, დიდ სულიერ კრიზისს განიცდის; სადაც ჰამლეტისეული კითხვა - „ყოფნა-არყოფნა“ - მწვავედ დაისმის. სწორედ ეს არის მარადიული პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ სხვადასხვა ერისა თუ რასას შორის, სისხლიანი შეტაკებებით, მასშტაბურად, შეიძლება მოიაზრებოდეს, არამედ ყველა სივრცეში: ბრძოლა არსებობისთვის, თავისუფლებისთვის, თუნდაც საკუთარ ქვეყანაში, საზოგადოებაში, ოჯახში და ა. შ. ეს აქტუალური საკითხი, რა რეალობაშიც გვიწევს ცხოვრება და რასაც ვებრძვით მუდამ, რეჟისორმა დათა თავაძემ პიესაში „დედაომი“ წარმოაჩინა, რომლის ინსცენირება საბა ასლამაზიშვილმა იტვირთა.

ერთია, გაეცნო ისეთ ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც ომის გლობალურ, სასტიკ და მის გარდაუვალ კანონებს აღწერს და უბრალო მკითხველსაც კი დააფიქრებს არსებობაზე, ღირებულებებზე, და მეორე - ხელოვანმა პასუხისმგებლობა აიღო და ეს განცდა თუ ტკივილი მიიტანო მაყურებლამდე, ისე რომ წუთითაც არ განიცადოს და არ დააფიქროს ომის შედეგად გამოწვეულ ტრაგიზმზე. რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი, თავისებური ინტერპრეტაციით, წარმოგვიდგენს დათა თავაძის პიესას „დედაომს“, ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გავლენით დაიწერა, და რომელიც დატვირთულია ომის შედეგად გამოწვეული რეალური განცდებით.

ეს არის სამყარო, სადაც ომი თავისი კანონებით ხაფანგში გამწყვდევს, ჭკუიდან გშლის, განადგურებს მორალურად, გართმევს ყველაფერს რაც გიყვარს, მატერიალურად უზრუნველყოფა კი, მხოლოდ იმათ აქვთ ვისი ოჯახის წევრიც ჯარში მსახურობს და განწირულია უბედურებისთვის. საყურადღებო კი ის გახლავთ, თუ რატომ და როგორ გაასცენიურა ახალგაზრდა რეჟისორმა პიესა, რომლის პრემიერა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში შედგა.

თავად რეჟისორი აღნიშნავს: „ომი მაინტერესებდა, იმიტომ, რომ ომი დიდი მასალაა, რომელზეც სულ უნდა ისაუბრო სხვადასხვა მიმართულებით“. - ამიტომ საბა ასლამაზიშვილმაც, მეტ-ნაკლებად, შეძლო ომით გამოწვეული ტრაგედიის გასცენიურება, სადაც დრო და სივრცე დაკარგულია და სადაც პრობლემა საყოველთაოა. მას სურდა წარმოეჩინა რეალური ატმოსფერო, ომის შედეგად გამოწვეული სისასტიკე, რის წინაშეც დღეს ვიმყოფებით.

ნაწილობრივ, შესაძლებელია ითქვას, რომ, როგორც პიესა, ასევე სპექტაკლი ფსიქოლოგიურიც კი არის. რეჟისორი, თავისებური გადაწყვეტით, რომელიც, ვფიქრობ, რომ სიახლით არ გამოირჩევა, ცდილობს ცხადად წარმოგვიდგინოს კრიზისში მყოფი ინდივიდის ფსიქოპორტრეტი, რომელიც დაუნდობელი ხდება ოღონდ გადარჩეს. განადგურებულ პერსონაჟთა სახე-ხატის მკვეთრად წარმოჩენისთვის (თუ ეს არის მიზანი ხელოვანის), საჭიროა გათვითცნობიერება იმ რეალობისა, თუ რა მეტამორფოზას განიცდის პერსონა ტრაგიზმით აღსავსე სამყაროში და შეცნობა დრამატურგიული ნაწარმოების გრძნობათა ბუნების: „რეჟისორმა უნდა მოძებნოს დრამატურგის სტილის თავისებურება და თეატრალური ხელოვნების ყველა კომპონენტი მას დაუქვემდებაროს“.[1]

აქედან გამომდინარე, მსგავსი თემატიკის, და ზოგადად, სპექტაკლის გენიალურობას განსაზღვრავს ლიტერატურული საფუძვლის იდეის ძირფესვიანად შეცნობა, რათა სცენურმა ქმნილებამ, ზუსტი აქცენტირებით, გავლენა მოახდინოს თვით მაყურებელზე, რომელიც ფიქრებში „ჩაიძირება“.

საინტერესოა პირველი სცენა: სამივე პერსონაჟი: ზინა (მსახიობი - თამარ მდინარაძე), მანანა (მსახიობი - შორენა გვეტაძე) და თინა (მსახიობი - ციცი ბუცხრიკიძე) მაყურებლისგან ზურგშექცევით დგანან. ამ სცენით თითქოს ჩვენც ამ ტრაგედიაში მონაწილე ინდივიდები ვართ, რომელთაც არ გააჩნიათ უნარი სიცოცხლის გაგრძელებისა, ამას მეტაფორულად პერსონაჟი ზინა თავისი ქმედებით - დაცემით გადმოსცემს. ზინა, რომელიც მუდამ ბრძოლაშია, ნათელია, რომ რეალობამ გაუნადგურა ადამიანური ფსიქიკა. ეს არის სახე საზოგადოებისა, რომელიც გლობალურ, საყოველთაო ომს ებრძვის, თუნდაც ოჯახში. ამის გამოხატვა სცენაზე კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც არტისტს, როლის შინაგანი განწყობის ძიებითა და შეცნობით, შესაძლებელია, უკეთ ამოეხსნა ვიდრე შეძლო.

თავისუფლების მოყვარული მანანა ცდილობს გაექცეს იმ კედლებს, სადაც ზინასთან ერთად ცხოვრობს. თავი დააღწიოს იმ სამყაროს, სადაც „მშვიდად ვერ გაივლი, ყველგან ძარცვა და ყაჩაღობაა. ხალხმა ერთმანეთის ჭამა დაიწყო, ყველაფერზე რიგებია! ხალხი რიგებში ცხოვრობს!“. თინას გამოჩენა მისთვის თითქოს ხსნა იყო, რომელსაც დაუტოვა პრობლემები, ხოლო თვითონ კი ცდილობს გაიქცეს ამ „საპყრობილიდან“. მისი ქმედება (არაორდინალური ცეკვა - მანანას (მსახიობი - შორენა გვეტაძე) პლასტიკა, ფიზიკური ქმედება, გამოირჩევა უტრირებული მიხვრა-მოხვრით, ხტომებით, თითქოს რაღაცისკენ მიისწრაფვის) სცენაზე კი, სწორედ ამ თავისუფლებისკენ ლტოლვის მეტაფორული გადაწყვეტაა, რომელიც მხოლოდ ქმედება არ უნდა ყოფილიყო. ზოგადად კი საკითხავია, რამდენად მიზანმიმართულად განახორციელა არტისტმა თავისი პერსონაჟის ფსიქოპორტრეტის გამოძერწვა.

მოგეხსენებათ, რომ სამსახიობო ოსტატობა ურთულესი პროფესიაა. ამიტომ, არტისტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი როლი სათეატრო ხელოვნებაში, იმდენად, რომ ამ პერსონაჟის ტკივილმა თუ განცდამ მაყურებელი „დააჰიპნოზოს“, ანუ  მოახდინოს როლის გონებით დაზვერვა, რათა მის მიერ გამოძერწილი პერსონაჟი/გმირი იყოს ბუნებრივი, ემოციებით სავსე, რომელიც დამსწრე საზოგადოების, მაყურებლის განცდაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას, თუ ეს ოსტატურადაა განხორციელებული. როგორც კონსტანტინე სტანისლავსკი წერს სამსახიობო ოსტატობაზე, თამაშის ბუნებრივ მიდგომაზე აგებული როლი იზრდება, ხოლო გათამაშებასა და პრანჭვა-გრეხვაზე დაყრდნობილი როლი კი გამოდის მკრთალი, უსიცოცხლო, მექანიკური.

რაც შეეხება ციცი ბუცხრიკიძის სამსახიობო ოსტატობას, ვთვლი, რომ აღსანიშნავია. მისი ამოცანა, თუ როგორ გადადის თავისი პერსონაჟი ერთი, გულუბრყვილო ინდივიდის სახე-ნიღბიდან, მეორე - პირუტყვის უკიდურესობამდე, რომელიც ნაკუწებად გლეჯს კურიერის (მსახიობი - ნიკა ძნელაძე) სხეულს, ვფიქრობ, რომ მიღწეულია. საფინალო ქმედებაში თინა (მსახიობი - ციცი ბუცხრიკიძე) იმ ინდივიდის ნიღაბს ირგებს, რომელსაც ომის სასტიკმა კანონებმა პერსონა ფსიქიკურად გაანადგურა და საბოლოოდ, გვაჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება მისი ქცევა კანიბალიზმამდე.

თავდაპირველად აღვნიშნე, რომ ომის თემატიკა სათეატრო ხელოვნებაში მუდამ აქტუალურია და დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მსგავს წარმოდგენას, იქნება ეს ვერბალურად თუ არავერბალურად გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, საყურადღებოა, რამდენად მართებულად და მიზანმიმართულადაა განხორციელებული. სიტყვის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აქ კიდევ უფრო მარტივადაა საქმე, რადგან ვერბალურად პირდაპირ შესაძლებელია ნარატივის მიწოდება მაყურებლისთვის, თუმცა,  ინფორმაციის მიწოდების ეს გარემოება კი, თავისთავად მოითხოვს ზუსტ აქცენტირებას, განცდებს და ემოციებს, რომელსაც უპირობოდ მიიღებს მაყურებელი. თუმცა, როლის სისწორით თამაში, ზოგადად, დიდ ხელოვნებასთან აზიარებს შემოქმედს, რაც ბევრისთვის, სამწუხაროდ, მიუღწეველია.

 

[1] მ. თუმანიშვილი, „ახლა კი ფარდა!“

bottom of page