top of page

ორად გაყოფილი გული

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

352515126_1347297752800410_9061385396983875028_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

ორად გაყოფილი გული

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვნახე გურამ ბათიაშვილის „ვალი“, რომელიც დმანისის პროფესიული და ვანის სახალხო თეატრის კოპროდუქციაა. ამ პიესის ახალი სცენური ვერსიის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, რომელმაც გამორჩეულ მსახიობებთან ერთად, მოგვიყვა ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ამბავი.

მიუხედავად იმისა, რომ გურამ ბათიაშვილის შეთხზული სიუჟეტი სენტიმენტალურია და ქართველი ემოციური მაყურებლის გრძნობებზე თამაშობს, დამდგმელი ჯგუფი სულაც არ ცდილობს ჩვენი გულის აჩუყებას ტრადიციული, თეატრალური, შტამპებად ქცეული გამომსახველობითი ხერხებით და საშუალებებით. რეჟისორს საგრძნობლად შეუმცირებია ტექსტი და გაუსხეპია ის ემოციური ტონებისგან, რომელიც შესაძლოა მსახიობს პათეტიკისკენ უბიძგებდეს. გიორგი სიხარულიძე, როგორც რეჟისორი, არ გვეკეკლუცება და არ გვჩრის „გამომგონებლობას“, ის გულწრფელად, უბრალოდ და უშუალოდ გვიყვება ადამიანების და მათი ურთიერთობების ამბავს. მიუხედავად ყოფითი სივრცე-გარემოს შექმნისა, რეჟისორი და მხატვარი თეო კუხიანიძე მხატვრულ გარემოს ქმნიან. სცენას ორ ნაწილად ჯებირები ყოფს, რომელიც ხან ეზოს ღობეა და ხანაც სინაგოგას კედელი. სცენის ბოლოში უკანა ფონზე ფესვებიანი ნერგებია ჩამოკიდებული, რომელიც ერთგვარი სიმბოლოა მეტაფორული ფესვების. ისინი მოძრაობენ და ადგილს იცვლიან, ისე როგორც წარმოდგენის მთავარი გმირი - დათიკო ტოვებს თავის სამშობლოს-ფესვებს.  

გიორგი სიხარულიძემ მოახერხა, რომ სცენაზე შეექმნა ანსამბლი, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში სამი თეატრის - ვანის, ქუთაისისა და დმანისის დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. სპექტაკლში მონაწილე სხვადასხვა თაობის, გამოცდილებისა და ესთეტიკური ღირებულების მსახიობებმა შექმნეს ერთიანი, ანსამბლური სპექტაკლი.  

სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს შორის სრულიად წაშლილია პროფესიული საზღვარი. მოყვარულები და პროფესიონალები ერთ სიბრტყეზე ქმნიან თანაბარი მხატვრული ხარისხის სახე-ტიპაჟებს, რომლებიც დაცლილია შტამპებისაგან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, გარდა იმისა, რომ რეჟისორმა აშკარაა მსახიობებთან მონდომებით და გულიანად იმუშავა, მოყვარულები ამირან შარაშენიძე და გიგა ბუბუტეიშვილი გამოირჩევიან სცენური სიმართლითა და არტისტული გულწრფელობით. ამირან შარაშენიძე ერთდროულად ქმნის ჯერ გროტესკულ სახე-ტიპაჟს, ხოლო შემდეგ დრამატულ მხატვრულ სახეს, ებრაელი კაცისა, რომელსაც ვერ გაუგია, რატომ არიან ასეთი მონდომებულები მისი თანამემამულეები იერუსალიმში ქართველთა მონასტრის გამოსახსნელად ბერძნებისგან. ის რეალისტური ხერხებით სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს ებრაელთა სათვისტომოს. მსახიობი ამ გმირს ინტონაციითა და სტატიკური ხერხებით ქმნის. ასევე ვანის თეატრის მსახიობი გიგა ბუბუტეიშვილი, რომელიც სპექტაკლში მთავარ როლს - დათიკოს განასახიერებს, ქმნის დრამატულ სახეს. მის მიერ წარმოთქმული ტექსტი, რომელიც შესაძლოა პათეტიკისკენ უბიძგებდეს შემსრულებელს, არის მართალი და შინაგანი ემოციურობით წარმოთქმული, ამიტომაცაა, რომ მისი საფინალო ტექსტი ყელში ბურთს უჩხერს მაყურებელს და საოცარ ემოციას და თანაგანცდას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ დმანისის თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა უკვე დიდი გამოცდილება დააგროვეს და ბოლო ორი წლის მანძილზე არაერთი მხატვრული სახე შექმნეს, ჯერ ისევ შეუბღალავ და გაურყვნელ მასალად მოსჩანან სცენაზე, რომლებიც ინარჩუნებენ სცენურ გულწრფელობასა და უნარს - მართალი სიტყვის წარმოთქმის სცენიდან. ნანუკი მაკრახიძე ჯერ დათიკოს შვილია (თინეიჯერი გოგონა), ხოლო შემდეგ ზრდასრული, ღირსეული ქალბატონი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ებრაული სიმღერისა და ქრისტიანული გალობის ფრაგმენტები, რომელიც მისტიკურ ატმოსფეროს ქმნის სპექტაკლში. დაუვიწყარია ანა ბერელაშვილის მიერ შექმნილი მოხუცი, რომელსაც არტისტული დამაჯემსარებლობით ასრულებს ახალგაზრდა მსახიობი. ზუსტად შერჩეული სახის გამომეტყველება, ჟესტიკულაცია და გრიმი მას ეხმარება პერსონაჟის სრულყოფილად დახატვაში. მაყურებელს აუცილებლად დაამახსოვრდება ანა ბანძელაძის მიერ შექმნილი ქალის სახე-ტიპაჟი, რომელიც ერთდროულად გროტესკულიცაა და საოცრად სენტიმენტალური, რომელსაც განსაკუთრებული სევდა შემოაქვს პერსონაჟთა მრავალფეროვან გალერეაში. მსახიობი შინაგანი განცდით გამოხატავს გმირის მთელ შინაგან სამყაროს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი გიორგიძის მიერ შექმნილი მოხუცი ფოსტალიონის გროტესკული, სახასიათო მხატვრული სახე. ახალგაზრდა მსახიობი ქმნის ფიზიკურად დაუძლურებული, მაგრამ ახალგაზრდული სულისკვეთებით, სიკეთით, სათნოებითა და იუმორით მდიდარ პერსონაჟს. მსახიობი ასეთი ტიპაჟის შექმნისას იცავს ზომიერებას და ფაქტობრივად უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს. სპექტაკლის მეორე ნაწილში კი იქ ქმნის ქართველი-ებრაელის დრამატულ სახეს.

დათო ჩოგოვაძე, რომელიც ქართველ-ებრაელს განასახიერებს, სპექტაკლის პირველ ნაწილში პარტერში ზის მაყურებელთან ერთად. იმდენად დამაჯერებელია მისი განცდები, რომ მაყურებელს ის არა სპექტაკლის მოქმედი პერსონაჟი ჰგონია, არამედ რიგითი მაყურებელი. დათო ჩოგოვაძეც აცრემლიანდა ამბავზე, რომელსაც მსახიობები სცენაზე აჩვენებდნენ და თან ისე ემოციურად, რომ მაყურებელი ცდილობდა მის დამშვიდებას. მისმა სცენაზე ასვლამ და მსახიობად ქცევამ კი ნამდვილი ეფექტი მოახდინა, ერთგვარი შოკი. გამორჩეული სახეები შექმნა სპექტაკლში კოსტა ფოცხვერაშვილმა. მსახიობმა დათიკოსთან (გიგა ბუბუტეიშვილი) დამშვიდობების სცენაში ფაქტობრივად აჩვენა სამსახიობო მასტერკლასი, როგორ შეიძლება პაუზით, შინაგანი განცდით, ტექსტის გარეშე გამოხატო გმირის შინაგანი ბუნება, განცდა და ემოცია. იგივე ხერხებით მუშაობს მსახიობი მეორე ნაწილში. დგას, დუმს და თვალებიდან გულწრფელი ცრემლი სდის. საინტერესო პერსონაჟია გივი საგინაშვილის მიერ შექმნილი ბიჭუნა, რომელიც ამჟღავნებს სიყვარულს და თანადგომას პერსონაჟთა მიმართ.

ვანისა და დმანისის თეატრების შესანიშნავ სამსახიობო ანსამბლში ორგანულად ჩაეწერეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ირინა გუბელაძე, აბელ სოსელია და ვახო ამანათიძე. ირინა გუბელაძემ გარკვეული კარიერული პაუზის მიუხედავად აჩვენა, რომ ის კვლავაც ფორმაშია და შესწევს ძალა მნიშვნელოვანი როლების განსახიერების. სპექტაკლში ის დათიკოს ცოლს, ლიას როლს ასრულებს, რომელიც გაწონასწორებული და ღირსეული ქალია. განსაკუთრებით ემოციურია ის სცენა, როცა ირინა გუბელაძის პერსონაჟი საფინალო მონოლოგის წარმოთქმისას, როცა ის წინაპართა ძვირფასეულობას ქართველთა მონასტრის გამოსასყიდლად სწირავს. ეპიზოდურ როლს ასრულებენ აბელ სოსელია და ვახო ამანათიძე, რომელთა შექმნილი ტიპაჟები არიან დასამახსოვრებლები და სახასიათო შტრიხებით გამორჩეულები. მსახიობებმა მიაგნეს არა მარტო სწორად შერჩეულ გამომსახველობით ხერხს, არამედ პერსონაჟების ტონალობასა და ფერს.

გიორგი სიხარულიძე, როგორც რეჟისორი გურამ ბათიაშვილის „ვალის“ დადგმისას ურთულეს გზას ირჩევს. გროტესკული სახე ტიპაჟებით, იუმორით ჰყვება სენტიმენტალურ ამბავს, რომელიც დრამატიზმში და ჰეროიზმში გადადის და რომელიც კონკრეტული ყოფითი ისტორიებით ჰყვება ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან უნიკალურ ისტორიას. ვფიქრობ, გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი „ვალი“ ადასტურებს არა მხოლოდ სამი სათეატრო დასის წარმატებულ შემოქმედებით კოლაბორაციას, არამედ თანამოაზრეობასაც, ანსამბლურობასაც და ნამდვილი თეატრის ძალასაც, რომელსაც ყველაზე ეფექტური გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე.

 

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სიღნაღის თეატრალური ფესტივალის გუნდს ვანისა და დმანისის თეატრების ერთობლივი პროდუქტის საფესტივალო პროგრამაში არჩევისთვის და  შესაძლებლობისთვის - ფართო საზოგადოებას ენახა არტისტული ფოირვერკით გამორჩეული სპექტაკლი (ერთგვარი მხატვრულ სახეთა გალერეა), რომელიც ეფუძნება მხოლოდ სცენურ სიმართლეს და კატეგორიულად უარყოფს ხელოვნურობას, თეატრალურობას და პათეტიკურობას, რომელიც ასე ხშირად და უკვე მომაბეზრებლად გვხდება უახლეს ქართულ თეატრში.

ფოტო ბექა ცირეკიძე

bottom of page