top of page

ორი დადგმა, განსხვავებული ფორმითა და სათქმელით

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

262726651_133837489021361_1985188009569298360_n.jpeg

მარინა მითაიშვილი

ორი დადგმა, განსხვავებული ფორმითა და სათქმელით

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის (დირექტორი - დეკანოზი იაკობ ბენიძე) დასმა „გიმნაზიელები“, ვფიქრობ, კარგი არჩევანი გააკეთა,  ბათუმის საყმაწვილო სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტული ნაწარმოებით - „მართა“ რომ წარდგა. ამ გამორჩეული ხელწერის მქონე მწერლის (პროფესიით რეჟისორის) შემოქმედება ხომ სასცენაროდ თუ გასასცენიურებლად, მართლაც, ძალზე მომგებიანია ლაკონურობის და მოქმედების საინტერესო სცენებად დახატვის ამ ავტორისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული უნარის გამო.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე ტალახაძემ, როგორც ამ დასის რეჟისორმა, სპექტაკლის დაწყება ბიბლიოთეკაში თავმოყრილი მოზარდი მკითხველების სცენით გადაწყვიტა, რომლებიც, პირობითად, ამ საღამოს გოდერძი ჩოხელის „მართას“ წაკითხვას გადაწყვეტენ. სწორედ ამ კითხვის გაცოცხლების, მოქმედებებად აკინძვის პროცესში იბადება წარმოდგენა. ამბის თხრობისას მისი ყოველი მონაწილეა შეიარაღებული ავტორის ლაკონური და ხატოვანი ფრაზებით, რომლებსაც სცენაზე მოძრაობისას  წარმოთქვამენ, რათა გადმოგვცენ საქართველოს ავბედობის ჟამს ლეკების მიერ გატაცებული ქართველი ქალის, მართას, ტრაგიკული ისტორია - როგორ არ გატყდა, არ გაიყიდა, არ შეშინდა და მიუხედავად საცდურისა, არ დათმო არც სარწმუნოება, არც სამშობლო და არც გარდაცვლილი მეუღლის სიყვარული, შეეწირა კიდეც გმირობის ტოლფას გამძლეობას -  ლეკების ტყვეობიდან თავდახსნილს სამშობლოს საზღვარზე (საქართველოს გადმოსახედთან) წამოეწია მდევრის ტყვია.

დეკორაციის სიმწირეს (რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, ამიტომ, რასაკვირველია, ნაკლად ვერ ჩავუთვლით) ანაზღაურებდა ფერადი ოთხკუთხა ქსოვილები, რომლებითაც შემსრულებლები ხან ტყეს ხატავდნენ, ხან შიშს, ხან ელდას თუ სასოწარკვეთილებას და ამით ერთგვარ დინამიკას და სილამაზეს სძენდნენ დადგმას. ჩამოთვლილ ფერებს ხაზს უსვამდა შემსრულებელთა სადა ჩაცმულობა, რომელთა ერთ ნაწილს - შავი, მეორეს  (რომლებიც მკითხველებს ანსახიერებდნენ)  კი თეთრი ტანსაცმელი ეცვა. მოქმედების დინამიკურობისთვის ეხმარებოდათ მუსიკაც, რომელიც მთლიანად ქართული ჰანგებისგან შედგებოდა. განწყობას ქმნიდა სევდიანი ქართული ხალხური სიმღერები („გაფრინდი, შავო მერცხალო“, „იავნანა“... მუსიკალური ხელმძღვანელი - ლოლა ჯაფარიძე), რომლებსაც საკმაოდ კარგად ასრულებდნენ მოზარდი მსახიობები. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მთავარი როლის, მართას, შემსრულებელი, ვისი მელოდიური,  განსხვავებულად ლამაზი ტემბრის ხმა და ვოკალური ოსტატობა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა დარბაზისთვის, რომელიც გაირინდა  არაჩვეულებრივად  ნამღერი „შენ, ალაზანოს“ და „ოროველას“ მოსმენისას.

უდავოდ, ამ ლამაზმა სანახაობამ, მისმა ტრაგიკულმა სიუჟეტმა დარბაზს პატრიოტული გრძნობებიც აუშალა და საქართველოს სვე-ბედზეც კიდევ ერთხელ დააფიქრა, რაც განსაკუთრებით ბევრის მომცემია ახალგაზრდა თაობისთვის, რომელთა წარმომადგენლების ნაკლებობა დარბაზში არ იგრძნობოდა.... რა თქმა უნდა, ყმაწვილმა შემსრულებლებმა ყველაფერი, რისი ძალაც შესწევდათ, გააკეთეს ამისთვის, ესენია: ქეთევან რუხაძე, მარიამ ჯანყარაშვილი, ნატალია ლომაძე, თეკლა იაკობაძე, სალომე ფუტკარაძე, ლილე კიკნაძე, ნუცა სურმავა, ანა სარჯველაძე, მარიამ ბოლქვაძე, მარიამ ჩაგუნავა, იოანა ოსიძე, მარიამ ნინიძე, ანა ძნელაძე, დავით ტუსკია, სანდრო კალანდაძე, მია მინაშვილი, ლუკა ევგენიძე გიორგი გოგიტიძე, ნინო არძენაძე, ნინი ჩხეიძე.

არა მარტო მოზარდების, ზრდასრულებისთვისაც საკმაოდ რთულ თემას შეეჭიდა ბათუმის სკოლა-ლიცეუმის „მასტერკლასის“ (დირექტორი - ნანი ფაღავა) დასი „ფერადი ლანდები“ (ამ სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ მარტივ სათქმელს არ დასჯერდებოდნენ), რომლის რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ   ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებების მოტივებზე სპექტაკლი „მზისგან ზურგშექცევით“ წარმოგვიდგინა.

პოსტმოდერნისტი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებიც და რომანებიც  ფილოსოფიური სიღრმეებითაა ცნობილი. მის თითოეულ ნაწარმოებს თავისი მკვეთრად გამოხატული სათქმელი აქვს. ვახტანგ ბერიძე შეეცადა მათგან ორი ნაწარმოების („იგი“, „ანტონიო და დავითი“...) სათქმელი გაეერთიანებინა და პლასტიკით უფრო გამოეხატა, ვიდრე სიტყვით, ამიტომ  სპექტაკლში გაცილებით მეტია სხეულის ენა, ვიდრე სამეტყველო, რომლითაც რეჟისორი ცდილობს იფიქროს და გვაფიქროს იმაზე, თუ რა აქცევს ადამიანს ადამიანად, რა არის ნამდვილი ძალა - ბოროტება თუ სიკეთე და სიყვარული? სანამდე გაგრძელდება ბოროტებისა და სიკეთის, შავისა და თეთრის ჭიდილი? ალბათ ამიტომ ფიგურირებს სპექტაკლში მხოლოდ ორი კონტრასტული ფერი - შავი და თეთრი. მსგავსი შეკითხვების გაგრძელება კიდევ შეიძლება, რადგან „მზისკენ ზურგშექცევით“ თავისი ზოგადი, აბსტრაქტულ-ფილოსოფიური წიაღსვლებით ამის საშუალებას იძლევა და გვთავაზობს პასუხსაც, როგორც სხეულის ენით, ისე სიტყვითაც, რომელიც მხოლოდ აუცილებლობის მომენტში გაისმის - რეჟისორს ნაწარმოებებიდან მისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და სცენაზე მიმდინარე მოქმედების შესაბამისი ფრაზები შეურჩევია. ვფიქრობ, პასუხი დაახლოებით ასეთია: ძალმომრეობა სისუსტეა და ადამიანს დაღუპვისაკენ მიაქანებს, ღვთიური კანონზომიერება მხოლოდ სიყვარულის კანონებს ცნობს, თუმცა კაცთა მოდგმა, მათ შორის საქართველოში, ამ ჭეშმარიტებას მუდმივად ეძებს, პოულობს და ისევ კარგავს, ანუ მზეს - სინათლეს, სიმართლეს, სიყვარულს, ზურგს აქცევს...

სპექტაკლში მრავლადაა ლამაზი მიზანსცენა, პლასტიკის ხატოვანი სურათები, საინტერესო მიგნებები -  ადამიანის განვითარების დინამიკის ჩვენება წრეზე  მოძრაობაში (მოხრილი პრიმატებიდან წელში გამართვამდე), ანბანის - სიტყვის, აზროვნების გაჩენა, პიროვნების სულის სწრაფვა თავისუფლებისკენ... ნაჩვენებია, როგორ გამოდის ადამიანი მიწის - ყოფიერების ტყვეობიდან, იწყებს განვითარებას, შრომას, ურთიერთობისთვის ქმნის სამეტყველო ენას, შემდეგ მას უზღუდავენ თავისუფლებას, ანუ მასზე  ძალადობას თავისივე მოძმე იწყებს...  მაგრამ სული თავისუფალია, მისი განვითარების სათავე და მიზეზი სწორედ თავისუფლება და საკუთარი მეს გამოხატვაა, ამიტომაც იწყებს ბრძოლას, რომელიც არაერთხელ განმეორებულა დედამიწაზე...

„.ჩვენი სადადგმო ფორმა და ხერხები თანამედროვე თეატრის პრინციპებზე ავაგეთ - მინიმალური ტექსტი, მეტი პლასტიკა -  სხეულის ენით გადმოცემული სათქმელი. სათქმელი კი იყო ის, რომ არაფერი იცვლება ჩვენს ცხოვრებაში. ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ალაგ-ალაგ რაღაცები ფერადდება და ისევ ორი ფერი ხდება დომინანტი -  შავი და თეთრი. მუდმივად გვიწევს ბრძოლა სიბნელიდან თავის დასაღწევად, მუდმივად გვაქვს ერთი პრობლემა, როგორ ჩამოვაგდოთ ბელადი“, - ასე განმარტა თავად რეჟისორმა სპექტაკლის სათქმელი. 

ყმაწვილმა არტისტებმა დაკისრებული, საკმაოდ რთული, ამოცანები კარგად შეასრულეს, თუმცა ეს დებიუტია, ვინ იცის, მსგავსმა სპექტაკლებმა მათ თეატრალურ ხელოვნებაში უფრო შორს წასვლისკენაც უბიძგოს. ერთი რამ ახლაც ცხადია - ყმაწვილების დაფიქრება ასეთ თემებზე და ისიც, რომ ზოგადსაკაცობრიო საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულების გამოხატვის აუცილებლობა და საშუალება გაუჩნდათ, მნიშვნელოვანია მათი სულიერი და გონებრივი სრულყოფისთვის. ახალგაზრდა შემსრულებლები (ქეთი დუმბაძე, ქეთი მამულაძე, საბა სირაძე, გვანცა ახალაძე, ალექსანდრე საღარეიშვილი, ლუკა ჟორჟოლიანი, კატო პატარაია, ნია ბაქრაძე, ნინო ბარამიძე, ანა თურმანიძე, დავით კიკალიშვილი) ერთგულად მიჰყვებიან და სწორად ასრულებენ რეჟისორის ჩანაფიქრს,  მათი პლასტიკა მკაფიოდ გამოხატავს სათქმელს.

რეჟისორმა დადგმაში გამოიყენა თავისი ადრინდელი სპექტაკლებისთვის კომპოზიტორ ნინო გუგეშაშვილის მიერ დაწერილი „საუნტრეკები“, ასევე ავსტრიელ კომპოზიტორ ავა ბარტეს კომპოზიცია.

ვინაიდან საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური ფესტივალი, როგორც  ამას ადრეც გავუსვით ხაზი, საშვილიშვილო საქმედ მიგვაჩნია და ახალგაზრდა თაობის თეატრით დაინტერესებაში ჩვენი წვლილი გვინდა შევიტანოთ, შევეცდებით ყველა იმ სპექტაკლის შესახებ შემოგთავაზოთ გამოხმაურება, რომლებიც „პირველი ავტოგრაფის“ ფარგლებში გაიმართება და პირველ საფესტივალო წელს ყურადღება ნაკლოვანებებზე კი არა დადებით მხარეებზე გავამახვილოთ.

bottom of page