top of page

ორიოდ სიტყვა თეატრზე

Artboard 1 copy 3.png

ერთ საღამოს ახალგაზრდა ხელოვანები, მიუხედავად დაგროვილი საქმისა, მოახლოებული დედლაინებისა და ფინანსური კრიზისისა, მაინც  შეიკრიბნენ ფალიაშვილის ქუჩაზე კაფე ,,დეგუსტოში’’. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ორ ხელოვანს, კერძოდ, ქეთევან სამხარაძეს და ენრი ვერულიძეს შორის კამათი გამწვავდა. კონფლიქტის საგანი მათივე წერის ნიჭი და შესაძლებლობები იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონფლიქტში მეც ჩავერიე და კონკურსი გამოვაცხადე; ვთქვი, რომ თხუთმეტი წუთი მიეცემოდათ და მოცემულ დროში უნდა შეექმნათ ტექსტები თეატრზე. მონაწილეებმა ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ქეთევან სამხარაძემ და მესენჯერში ჯილდო გაეგზავნა: ფოტო, წეროს გამოსახულებით. ვინაიდან ხმები თითქმის თანაბრად გადანაწილდა, მორიგი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად (უკვე ჟიურის წევრებს შორის, გემოვნების საკითხებზე) გთავაზობთ ორივე ტექსტს.

პატივისცემით,

ანა გოგიშვილი

 

 

 

ორიოდ სიტყვა თეატრზე

 

ენრი ვერულიძე

 

რადგან თეატრი არ არსებობს კითხვებისა და პასუხების გარეშე, რადგან თეატრი არის თვით მოვლენა, რომელიც რეალური ცხოვრებიდან ილუზიორულ ცხოვრებაში გვამოგზაურებს, ჩვენც კითხვით დავიწყოთ. მეგობრებო, არსებობს თუ არა მსოფლიოში ერთი იდეალური თეატრი, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი მზად აქვს?! თუ მსოლიოში რვა მილიარდზე მეტი თეატრია  და ყველა ადამიანი, საკუთარი თეატრალური ექსპერიმენტებით ცხოვრობს?! პასუხი თქვენთის მომინდია, ნუ დაიძაბებით და ამ კითხვას შეხედეთ წარმოდგენით, ვითომ თქვენს მეგობართან ერთად პლაჟზე წევხართ, სასიამოვნო, თბილი სიო ჰქრის და ემზადებით ზღვაში შესასვლელად.  ეს პროცესი კი, მთელი ზაფხული რიტუალად გექცათ და ყოველი დღე ასე იწყება ზღვასთან ურთიერთობის დროს, თუ წვიმამ არ შეგიშალათ ხელი (თუმცა ცურვა წვიმის დროსაც შეიძლება).

სანამ თქვენ ზღვაში შესასვლელად ემზადებით, მანამდე დავიწყოთ იქედან, რომ თეატრიც რიტუალებიდან იღებს სათავეს და მისი განუყრელი ნაწილია. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება რიტუალსა და თეატრს შორის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თეატრი დღეს რიტუალური სანახაობისგან განცალკევებით დგას და განსხვავებულ წარმოდგენებს გვთავაზობს. თეატრი, საბოლოო ჯამში, რიტუალია?! შეიძლება, თუმცა ნაკლებად, რადგან დღევანდელ ცივილიზაციაში, ძველისგან განსხვავებით, რიტუალური სანახაობები და რწმენა-წარმოდგენები ნაკლებად პოპულარულია და მას მსოფლიოს ირგვლივ, რომელიმე სოფელში თუ შეხვდებით. განსაკუთრებით იმ ტომებში, სადაც უკვე მასობრივად გავრცელდა ახალი ტექნოლოგიები და ადამიანმა საკუთარი სულიერ-მორალური წარმოდგენები დაივიწყა ან ახსოვს და ამბობს, ბოლოს და ბოლოს რა საჭიროა უკვე  ისინი?!

დრამატული თეატრის დაბადებამდე, უძველეს ცივილიზაციებში, როგორიცაა: ძვ. ეგვიპტე, შუმერი, ბაბილონი, ძველი საბერძნეთი არსებობდა მკაცრად განსაზღვრული, იერარქიული, კონსერვატორული, კანონიკური ტექსტები, რომლებსაც გამოსცემდნენ მეფეები, ქურუმები, სასულიერო პირები, ელჩები თუ სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირები; ეს ტექსტები კი  სამგლოვიარო, სახოტბო თუ საზეიმო შინაარს შეიცავდა. რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი? ბუნებრივია, მას ჰქონდა უამრავი მიზეზი, მათ შორის, სოციალურ-პოლიტიკური, რომელიც გარკვეულ მიმართულებას აძლევდა ადამიანთა (ტომთა), ცივილიზაციათა არსებობას. წარმოიდგინეთ, ძველ ეგვიპტური მითოლოგია აერთიანებს 700-მდე ღმერთს, რომელთა მიმართ პატივისცემა ზუსტად იმ სარიტუალო ქმედებებით აისახება, რაც რიტუალში მონაწილე ადამიანის ქმედებას სიმბოლურ დატვირთვას აძლევს. სწორედ ამ წვრილმანი ქმედებებით, თუმცა უდიდესი შინაარსობრივი დატვირთვით (ცეკვა, სიმღერა, ინსტრუმენტის გამოყენება, თამაში) ვითარდებოდა და დღემდე ვითარდება, მხატვრულ-კულტურული სანახაობა.

ცვალებად დროსთან ერთად, იცვლება დამოკიდებულებები და ღირებულებები სამყაროს მიმართ. თუ ადრინდელ ტექსტებში ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო მიწიერ და ზეციურ კავშირებს შორის, ახლა ძირითადად, უსამართლო და სამართლიან პროცესებს შორის კავშირს ვეძებთ და პირიქით, უკუკავშირს, რადგან ადამიანის სამართლებლივ, მოქალაქეობრივ და სოციალურ პროცესებში საზოგადოებრივი ცნობიერების მთავარ ფორმულას ვეძებთ.

იქნებ, როგორც ძველ, ასევე თანამედროვე თეატრს, ბერძნული მითოლოგიის  სამართლიანობის უმშვენიერესი ქალღმერთი, ზევსისა და თემიდას ასული - დიკე მფარველობს, რომელიც ხელოვნებაში ძალიან მკაცრია და თუ რომელიმე თეატრმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ხალხს აწყენინა, ისე მოუხშობს ამ თეატრს ცხოვრებას, როგორც დიკე გუდავს უსამართლობის მახინჯ ქალღმერთ ადიკიას.   „... თუ ვინმე ღმერთქალს უსამართლობით მიაყენებს წყენას, დაუყოვნებლივ მამა-ზევსის გვერდით დაჯდება, კაცთა სიავის ამბავს ეტყვის დალაგებულად...’’.

ძველი საბერძნეთიდან, განვითარებულ შუა საუკუნემდე და თანამედროვე სამყაროშიც, თეატრი განვითარების გზაზეა, ის ყოველთის საჭიროებს ერთგვარ რესტავრაციას. ღმერთები, ქურუმები, მეფეები, ადამიანის ადაპტაცია ბუნებასთან, სილამაზის აღქმის უნარი, აურაცხელი ბოროტება თუ სიკეთე თითოეული ადამიანის დაკვირვების საგანია. თეატრი კი ის სამეცნიერო დარგია, სადაც ადამიანის სულიერ, მიუწვდომელ, მითოლოგიურ-საკრალურ ამბებს იტევს. ისევე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ პრინციპებითა და შემოთავაზებული კანონებით, თეატრალური სამყაროც გვთავაზობს საკუთარ პრინციპებსა და კანონებს, თუმცა თუ ჩვენს თვალწინ განვლილ მაგალითებს დავაკვირდებით, ალბათ თეატრის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ის ხშირად არღვევს ამ კანონებს და შემოქმედებითი პროცესიც ალბათ უფო საინტერესო ხდება. 

„თეატრის ენა გართულდა, ამიტომ აუცილებელია, ახალი საშუალებები და გადაწყვეტა, ახალი ხერხი და ფორმა ვეძებოთ. ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, საშუალება უნდა მივცეთ, გაბედულად დაადგნენ ყველანაირი ექსპერიმენტის გზას.“ (თუმანიშვილის მ. „თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ.“  გვ. 41). 

  

 

ქეთევან სამხარაძე

 

            მე არ ვარ თეატრალური სფეროს ექსპერტი და უკვე დიდი ხანია თავი დავანებე მცდელობას ექსპერტი ვიყო; მე ვარ მაყურებელი, დამწყები რეჟისორი და თეატრზე ტოქსიკურდ შეყვარებული მოქალაქე და ახლა რასაც ვამბობ, სწორედ ამ უკანასკნელიდან გამომდინარეობს; ეს შესავალი არ არის თავის მართლება იმაზე, რასაც ახლა ვიტყვი, ეს არის სურვილი იმისა, რომ ნათქვამი სწორად იყოს აღქმული, განსაკუთრებით, ამ სფეროში არსებული ხალხისგან, მით უფრო მაშინ, როცა ,,სწორად აღქმა’’ კვლავ დიდ პრობლემად რჩება, რაც კიდევ უფრო უცნაურია მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი საქმე აღქმებზე მუშაობაა...

თეატრი, ყოველმხრივი გამოვლინებით - ბრწყინვალებით თუ ბნელი ჯურღმულებიდან ამოსული ვნებებით, დაუცხომელი ამბიციების და აუხდენელი ოცნებების ბუდე, სადაც ტყუილ-მართალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უტყუარი ჭეშმარიტება - ,,აქ და ახლა’’, რომელიც ისეთივე გაუფასურებულია, როგორც თავად თეატრის არსებობა ჩვენს ყოფიერებასა და ცნობიერებაში... მისი არსებობა მხოლოდ პერსონალური ვნებების დაკმაყოფილებით ვლიდება, თეატრალურ ინტელექტუალთა წრე კი იმდენად ზედაპირულია, რომ მასთან ინტეგრირების არავითარი შინაგანი სურვილი არ გაგიჩნდება; ისინი მხოლოდ ახალი ფორმების მოძიებაზე და ავტორის არარასებობაზე ლაპარაკობენ, სინამდვილეში კი სძულთ თეატრი და ვერაფრით ელევიან უცხოეთში ნანახი სპექტაკლებიდან მიღებული პროვინციული აღფრთოვანებით ტკბობას. ამასობაში კი ჩვენ - თეატრზე ტოქსიკურად შეყვარებული ახალბედები,  უპერსპექტივობის განცდით ვიტანჯებით, ავტობუსებში გაჭყლეტილები და თეატრების შესასვლელთან უიმედოდ მდგარნი, რომ ოდესმე ვინმე შეგვამჩნევს, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით...

არც თუ დიდი ხანი გავიდა რაც აქ ვართ, თუმცა უკვე მოვასწარით მეტწილად გავრკვეულიყავით სად ვარ და რა არის საჭირო აქ ყოფნისთვის და ეს აღმოჩენის პროცესი იმაზე უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო, ამას დაემატა სფეროში არსებულ შემოქმედებით კრიზისებთან შეჩეხება, რომელიც დამწყებმა, და არა მხოლოდ მხოლოდ დამწყებმა, არტისტებმა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ჩვენ იმდენად გადავიღალეთ ქვეყნის ბედზე დარდით და სფეროს მიღმა არსებული სპექტაკლების გარჩევით, რომ დაგვავიწყდა მთავარი - შემოქმედება.

მართალია, ჩვენ არ ვიცით როგორი შეიძლება იყოს იდეალური თეატრი, მაგრამ ის ზუსტად ვიცით, რომ ისეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, როგორიც ახლაა - მკვეთრად პათეტიკური, ზედაპირული, ღარიბი და უიმედო. თეატრი საკუთარი ვნებების დაკმაყოფილების სივრცე არ არის, ჩვენ მისი სახალხო მნიშვნელობის მტკიცედ გვჯერა; გვჯერა, რომ თეატრი, აუცილებლად უნდა იყოს ავტონომიური, მას უნდა ჰქონდეს მასშტაბური ადამიანური, მატერიალური და ფიანანსური რესურსი, ახლა კი არ აქვს; თეატრს უნდა ჰქონდეს უფრო დიდი, სწორი და შესაბამისი მხარდაჭერა, ვიდრე ახლა აქვს, თეატრი უნდა იყოს ქვეყნის კულტურის განვითარების პრიორიტეტებში - თეატრს სჭირდება დასი და მისი პროფესიული გაზრდის ხელშეწყობა, თეატრს სჭირდება სწორი სარეპერტუარო პოლიტიკა, სჭირდება სისხლის გადასხმა ახალგაზრდული ენერგიით, რადგან თეატრი, მით უფრო იდეალური, სჭირდება ხალხს!

თუმცა! საჭიროა მოტივაციის არსებობის აუცილებლობა, განსაკუთრებით შემოქმედებითი მოტივაციების, რომელიც ხშირ შემთხვევაში სფეროში არსებული, თუნდაც ლოკალური სახელოვნებო პროდუქტების შეფასებით, გადააზრებით და მათგან  წამოღებული შეგრძნებების ხარჯზე იბადება; ეს მოტივაცია ახლა აღარ არსებობს... აღარ არსებობს ე.წ ეიფორია, აღრფთოვანება, აღტყინება, გნებავთ - ბურძგლი, ჟრუანტელი და შეგრძნება, რომ აქ რაღაც ძალიან მაგარი რაღაც კეთდება და შენც აუცილებლად გინდა ამ ,,მაგარი რაღაცის’’ ნაწილი იყო. ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია, რომ სურვილი რაიმე შექმნა - გამქრალია, რომ ამ ტოტალურმა დაღლილობამ ლამისაა წაგვლეკოს, რომ უიმედობის განცდამ ლამისაა დაგვანაწევროს - დაგვანაწევროს ისე, რომ ქმნადობის  სურვილი  საერთოდ განდევნოს ჩვენგან. და რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მოციქცეთ რომ  ვიგრძნოთ, ვიგრძნოთ ან თუნდაც, თუნდაც დავიჯეროთ, რომ ვიგრძენით, რომ კიდევ ვინმესთვის, კიდევ რამისთვის საჭირონი ვართ?!

მაგრამ აქ ჩვენი ბრალეულობაცაა;  ჩვენ რომ გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რა გვინდა და როცა ვფიქრობთ და როცა აღმოვაჩენთ რეალურ სურვილს, მის ასრულებას სულ გავურბივართ, რადგან გულწრფელობის გვეშინია და  მარცხთან კიდევ ერთხელ შეხვედრის, ან თუნდაც ბრძოლის და ან თუნდაც თავგანწრივის; არადა, ხელოვანის ცხოვრება მარცხის და მასზე გამარჯვების გარეშე წარმოუდგენელია.

აი, ესაა სიმპტომი, თეატრის ავადმყოფობის სიმპტომი - რომ არ გვინდა ახალგაზრდებს, გესმით? აღარაფერი აღარ გვინდა... მათ შორის, აღარც თეატრი; თეატრი, მისი ყოველმხრივი გამოვლინებით - ბრწყინვალებით თუ ბნელი ჯურღმულებიდან ამოსული ვნებებით...

bottom of page