ფრთხილად, ირგვლივ ფარისევლები დააბიჯებენ
ლაშა ჩხარტიშვილი
ფრთხილად, ირგვლივ ფარისევლები დააბიჯებენ
მსოფლიოში სახელგანთქმული ლიტველი რეჟისორის ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლი მოლიერის „ტარტიუფი“ ავინიონის ფესტივალისა და ლიეტუას ნაციონალური თეატრის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერა ლიეტუას ნაციონალურ თეატრში 2017 წლის 27 სექტემბერს გაიმართა, ხოლო 2018 წელს ლიეტუელები მოლიერის სამშობლოში ავინიონის ფესტივალზე ყველაზე კრიტიკული მაყურებლის წინაშე წარსდგა, მაგრამ ბევრისთვის გასაკვირად, ავინიონის ზედმეტად პრეტენზიული მაყურებელი კი არ აღმოჩნდა კრიტიკული, არამედ პირიქით, კორშუნოვასის და მისი მსახიობების კრიტიკის ობიექტად ავინიონის ფესტივალის პუბლიკა და ზოგადად ელიტარული საზოგადოება იქცა. კორშუნოვასმა დასცინა ყველა მლიქვნელს და ფარისეველს დაწყებული პოლიტიკოსიდან, რიგითი მოქალაქით დამთავრებული.
ოსკარას კორშუნოვასის „ტარტიუფი“ მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისელმა მაყურებელმაც ნახა. თავად ამ მოვლენის მნიშვნელობასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომელშიც მთავარი „დამნაშავე“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილია. მან შეძლო და მოახერხა „ტარტიუფის“ ჯერ კიდევ პრემიერამდე გაწერილ მსოფლიო საფესტივალო-საგასტროლო გრაფიკში გარკვეული ცვლილებების შეეტანა. ასე გაჩნდა „ტარტიუფის“ საგასტროლო რუკაზე თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის 2019 წლის პროგრამა სწორედ კორშუნოვასის ამ მნიშვნელოვანმა წარმოდგენამ დაასრულა. ლიეტურ-ფრანგულმა „ტარტიუფმა“ ფაქტობრივად იხსნა ფესტივალი ერთგული მაყურებლის მკაცრი კრიტიკისგან, ვინაიდან წლევანდელი საერთაშორისო პროგრამა ვერ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ამ ფესტივალის მაყურებელია მიჩვეული. „ტარტიუფმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყოველთვის სჯობს ფესტივალებმა აქცენტი მაღალ მხატვრულ სტანდარტზე გააკეთონ, ვიდრე საშუალო ხარისხის თანამედროვე თეატრის მრავალფეროვნებაზე. „ტარტიუფი“ კი ის სპექტაკლია, რომელიც მაყურებელს დიდხანს ემახსოვრება.
1664 წლიდან მოყოლებული მოლიერის „ტარტიუფის“ ასობით (შესაძლოა ათასობით) სცენური ვერსიაა შექმნილი. ამ მრავალსაუკუნოვან ინტერპრეტაციათა ისტორიაში კორშუნოვასის ვერსია გამორჩეულია, ვინაიდან რეჟისორმა მოლიერის კომედია არა მლიქვნელ ადამიანებზე თუ მათ მსხვერპლებზე, არამედ ფარისევლობაზე დადგა. რეჟისორმა XVII საუკუნეში დრამატურგის მიერ დასმული პრობლემები არა მხოლოდ თანამედროვე სამყაროს აქტუალურ თემებს მოარგო, არამედ თანამედროვე სათეატრო ხერხებით გააცოცხლა. სპექტაკლის პერსონაჟები გმირები კი არ არიან, არამედ ყველა თანაბრად თვალთმაქცები და ფარისევლები. კორშუნოვასმა წაშალა ზღვარი პირობითად დადებით და უარყოფით პერსონაჟებს შორის, რითაც ამ პერსონაჟების ხასიათებს მეტი სიღრმე და აზრი შესძინა. ხშირად ავიწყდებათ (მკითხველს, მაყურებელს და რეჟისორებსაც), რომ მოლიერის „ტარტიუფს“, მეორე სათაურიც აქვს - „ფარისეველი“. კორშუნოვასი კი სწორედ არა ფარისეველ ტარტიუფზე აგებს თავის წარმოდგენას, არამედ ფარისევლობაზე, როგორც მარადიულ, დაუმარცხებელ და დაუძლეველ საზოგადოებრივ მოვლენაზე. სწორედ ფარისევლობაა მთავარი პრობლემა, რომლითაც მოწამლულია არა მხოლოდ ტარტიუფი, არამედ პიესის ყველა გმირი და იმდენად მძლავრია ეს სენი, რომ მასში მაყურებელიც ჩათრეულია. ამიტომაც შექმნა კორშუნოვასმა სცენაზე ერთგვარი ლაბირინთი, რომელშიც ირევა და არ იკარგება ყველა. პირიქით, ბევრი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.
სცენაზე აბსტრაქტული და პირობითი გარემოა შექმნილი. ეს სივრცე ერთდროულად წარმოადგენს ორგონის სასახლის ლაბირინთულ ბაღს და ამავე სასახლის შიდა ინტერიერს (სცენოგრაფი - ვიტაუტას ნარბუტასი). სპექტაკლში მეორე სივრცესაც ვხვდებით - კულისებს, რომელშიც მნიშვნელოვანი ამბები წყდება/ხდება და რომელზედაც წვდომა აქვს მაყურებელს. სპექტაკლის ოფიციალურ დასაწყისამდე, მაყურებელი თვალ-ყურს ადევნებს კულისებში მსახიობ-პერსონაჟებს და კონტაქტი მათთან სპექტაკლის დასრულებამდე არ წყდება. სპექტაკლის მთავარ მოქმედ გმირად და ატრიბუტად იქცა კამერა, რომელიც პირდაპირი ეთერის პრინციპით მუშაობს მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ისე როგორც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ცოცხალი მუსიკალური აკომპანიმენტი (კლავესინის ჟღერადობით). ჟორის სოდეიკა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში კლავიშთან ზის, სრულ აკომპანიმენტს უწევს სცენურ გმირებს, რომელიც ნამდვილი ოსტატია. კომპოზიტორ გინტარას სოდეიკას მუსიკა და მუსიკალური ხმაურები წარმოდგენის მსვლელობისას მუდმივად ჟღერს, რომელიც მაყურებელს ამახსოვრდება და ზუსტად გამოხატავს იმ განწყობას, რასაც სცენაზე ვხედავთ და ვუსმენთ ტექსტის საშუალებით. მუსიკის მსგავსად, ყველგანაა კამერა, რომელიც მაყურებელს დაფარულ და მიუწვდომელ ადგილებშიც შეახედებს, რათა არც ერთი დეტალი არ გამორჩეს მაყურებელს, რომელიც მას ამ პერსონაჟების ხასიათების გამოკვლევაში ეხმარება, ერთგვარად უწყობს ხელს.
ოსკარას კორშუნოვასი არ ერიდება ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია თანამედროვე პოლიტიკოსების მიმართ. ისე როგორც, თავის დროზე მოლიერმა ამხილა საფრანგეთის მზე მეფე - ლუი XIV, ასე კორშუნოვასმა არ დაინდო პუტინი და ტრამპი და სპექტაკლის ერთ ეპიზოდში ორივე პოლიტიკური ლიდერი ვიხილეთ თუ როგორ კოცნიან ისინი ტუჩებში ერთმანეთს. ამისთვის რეჟისორმა ცნობილი ლიეტუელი არტისტის მინდაუგას ბონანუს ფრესკა (Street art) გამოიყენა, რომლის ირიბ ანალოგებად ტარტიუფი და ორგონი მოიაზრა, რომლებიც სწორედ კონფლიქტის დროს იქცევიან სექსუალურ პარტნიორებად.
კორშუნოვასის ვერსიაში ფარისეველია ყველა, მათ შორის, თავად ორგონი, რომელიც თანამედროვე „კეთილი“ პოლიტიკოსის იმიჯით დააბიჯებს ქალაქის ქუჩებში. ის იმდენად არის საკუთარ გადაწყვეტილებებში დარწმუნებული, რომ არ აინტერესებს განსხვავებული მოსაზრება, მით უმეტეს, არც ითვალისწინებს მათ. კორშონოვასი ილაშქრებს ოლიგარქი პოლიტიკოსების, გაფარისეველებული სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში მრავლად არიან. რეჟისორი არღვევს დროს და ეპოქების ლაბირინთში ამოგზაურებს მაყურებელსაც, მაგრამ ცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ ეს ამბავი ხდება დღეს, აქ და ახლა.
კორშუნოვასი ირონიული არისტოკრატიული, სნობური საზოგადოების მიმართაც. ეს ირონია არა მხოლოდ მიზანსცეებსა და ტექსტში გამოსჭვივის, არამედ თითქოს უმნიშვნელო დეტალებსა და აქსესუარებში, რომელსაც პერსონაჟები თან დაატარებენ დაწყებული ყავარჯნებით, დამთავრებული სანადირო ჯიშის ძაღლის ტაქსას (რაც არ არის შემთხვევითი) ფორმის ხელჩანთით.
მიუხედავას იმისა, რომ რეჟისურა კორშუნოვასის „ტარტიუფში“ დომინანტია, თანაბარ მხატვრულ სიმაღლეზე დგას სცენოგრაფია, მუსიკა და არტისტული ანსამბლი სპექტაკლში. ეპიზოდებშიც კი თითოეული მსახიობი შთამბეჭდავია და დასამახსოვრებელი და თამაშის ხერხი, რომლითაც მსახიობები ხან გმირებად, ხანაც მსახიობებად იქცევიან, არ იწვევს დაბნეულობას, როცა ისინი არა მოლიერის, არამედ საკუთარ ტექსტს წარმოთქვამენ. მონაცვლეობის ეს პრინციპი არ არღვევს და არ კარგავს მთავარს - ჟანრის შეგრძნებას. კორშუნოვასი და მისი გუნდი მკაცრად ინარჩუნებენ კლასიკური კომედიის პრინციპებს, რომელსაც ხშირად კარგავენ ხოლმე რეჟისორები მოლიერის „ტარტიუფის“ სცენური ინტერპრეტაციისას. განსაკუთრებით მაღალი სასცენო ოსტატობთ გამოირჩევიან ტარტიუფის, ორგონის, ქალბატონი პერნელის და ელმირის როლის შემსრულებელი მსახიობები: გიედრიუს სავიცკასი, სალვიუს ტრეპულიუსი, ეგლე მიკულიონიტე და ტომა ვაშკიავიჩიუტე.
ოსკარას კორშუნოვასი გვაფრთხილებს, რომ კარგად შევაფასოთ ჩვენი გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, რადგან ტარტიუფები ჩვენს გარშემო არიან და მათ ყოველ დღე ვხედავთ, ვხვდებით ქუჩასა და თეატრში, როგორც ხალხზე მზრუნველ პოლიტიკოსებს. სწორედ ამიტომაც დააბიჯებდა გედრიუს სავიცკასი (ტარტიუფი) თბილისის ქუჩებში როგორც სიკეთის განსახიერება (ამ ყველაფერს მაყურებელი ეკრანზე ხედავს, ისე როგორც უამრავ ეპიზოდს კულისებიდან) და მერე მას მაყურებელი დარბაზში ოვაციით ხვდება, როგორც ჩვენს პოლიტიკოსებს ხვდებიან. ასე აღმოჩნდა მაყურებელი გაიძვერა ტარტიუფის პარტიის ყრილობაზე. ასე, რომ ფრთხილად, ირგვლივ ფარისევლები დაბიჯებენ.