top of page

 „ოტელოს“ ახლებური ვერსია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ოტელო.jpg

  გუბაზ მეგრელიძე                                         

 „ოტელოს“ ახლებური ვერსია

წლევანდელი სეზონი შექსპირის „ოტელოს“ ბენეფისი აღმოჩნდა. თავისუფალმა თეატრმა (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი), ოპერისა და ბალეტის თეატრმა (დამდგმელი ნ. ანანიაშვილი) და ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრმა (რეჟ. დ. ხვთისიაშვილი) დიდი ინტერესით განახორციელეს. ძნელია თქმა რამ გამოიწვია ესოდენ ერთდროული ინტერესი, მაგრამ დ. ხვთისიაშვილს დადგმის მიზანი თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა. სპექტაკლი მიეძღვნა დიდი კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150-ე, სცენოგრაფ პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115-ე და თავად კ. მარჯანიშვილის „ოტელოს“ დადგმიდან 90-ე წლისთავს. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთი სპექტაკლი სამ დიდ თარიღს აერთიანებდეს. ამიტომაც, სცენოგრაფიაც გამიზნულად შეირჩა დიდი მხატვრის ესკიზების მიხედვით. სპექტაკლის ფორმად კი რეჟისორმა და ქორეოგრაფმა გია მარღანიამ თოჯინებისა და მსახიობთა სინთეზით გადაწყვიტა, რადგან შექსპირის ტრაგედია მთლად მოზარდთათვის არ არის გამიზნული და მსახიობებიც მთლად ვერ გაართმევდნენ თავს. შეთავაზებული ფორმა კი ყველასთვის მისაღები და რაც მთავარია, მაყურებლისთვის გასაგები აღმოჩნდა. ხუთმოქმედებიანი ტრაგედია ერთ საათში ლაკონიურადაა გადმოცემული, ისე, რომ მთავარი სიუჟეტური ხაზი შენარჩუნებულია. ამასთანავე, სცენიდან ისმის ივანე მაჩაბლის მიერ დიდებული თარგმანი, რაც სპექტაკლს ემოციურ მუხტს მატებს. მართებულია, რომ დამდგმელებმა უარი თქვეს გმირთა გრძელ მონოლოგებზე და მხოლოდ მოკლე დიალოგებით შემოიფარგლნენ, რაც მოქმედებას დინამიკას უნარჩუნებს და თოჯინური სპექტაკლის ფორმატიდან გამომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორისა და ქორეოგრაფის ერთობლივი ნამუშევარი სრულად ასახავს მსახიობთა თამაშსა და თოჯინების ტარების სინქრონს. კიდევ ერთი სიახლე ის გახლავთ, რომ პიესაში მასხარა ოტელოს მსახურია, მაგრამ ამ პერსონაჟისთვის რეჟისორებს დღემდე ყურადღება არ მიუქცევიათ. იგი პიესაში სულ ორჯერ გამოჩნდება - პირველად, როდესაც  მუსიკოსებს დასცინის, კასიოს მიერ მათთვის მუსიკის შეკვეთისას. მეორედ, როდესაც კასიო მასხარას გზავნის დეზდემონას პირისფარეშთან, მის ქალბატონთან შეხვედრის დასანიშნად,ხოლო მესამედ როდესაც დეზდემონა მასხარას კასიოს მოსაძებნად აგზავნის.

 სპექტაკლში კი ნიღბიანი მასხარა (ნ. ფაიქრიძე) წამყვანად და ამბის მთხრობლად გვევლინება, რომელიც ეპიზოდებისა და შინაარსის ერთ სინქრონში მოქცევა აკისრია. იგი გადმოგვცემს თუ რას განიცდიან, ან რა სიტუაციებში აღმოჩნდებიან პერსონაჟები. თუმცა მასხარას შენაცვლება თოჯინა-სენატორის, დეზდემონას მამისა და მოსამართლის როლებით არ არის გამართლებული, ვინაიდან მასხარას მნიშვნელობა ფერმკრთალდება. იგი ცალკე პერსონაჟი უნდა იყოს, რომელიც მოქმედებას გარედან ხედავს და აფასებს. ანდა, უფრო მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამასხარავებული საზოგადოების ჩვენება... სიმართლის ძიებისადმი ირონიული დამოკიდებულება, თუ სხვა რამ, რაზეც დამდგმელებს ყურადღების გამახვილება სურდათ.         

 

აღსანიშნავია მსახიობთა  მეტყველება-თამაშისა და თოჯინების ტარების სინქრონიზაცია, რასაც წარმატებით არწევენ:  შალვა ანთელავა, ნიკა ფაიქრიძე, ვანო დუგლაძე, ნიკა ნანიტაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, თამარ ცქვიტინიძე, ხატია მელქაძე, რატი გოგუაძე, გია მარღანია, დევი რეხვიაშვილი, გიორგი ჯიქურიძე (თოჯინების შემქმნელი - ვახტანგ ქორიძე). მათი მეტყველება თოჯინების მოძრაობასთან შესატყვისია და მათ ურთიერთობებს სულს შთაბერავს - განცდას მსახიობი გადმოსცემს მოქმედებას კი თოჯინა აგრძელებს. ასეთ ვითარებაში სრულიად ზედმეტად გამოიყურება მოქმედებაში დიქტორის ტექსტის ჩართვა, როცა საუბარია ცხვირსახოცის თილისმაზე და დეზდემონას საწოლ ოთხში ჩაწერილი ხმა იუწყება, რომ უყვარს ოტელო. მსახიობთა რეალურ გარემოში ჩაწერილი ხმის შემოჭრა ზედმეტია და დისონანსი შემოაქვს მოქმედებაში. 

მოქმედება ზღვის ხმაურით იწყება. დეკორაციის ფონზე მასხარა გამოჩნდება და მსჯელობს ღალატის შესახებ - ცოლების ღალატი ქმრების ბრალია, ან ცოლები ღალატს რატომ ჩადიანო... ვფიქრობ, ეს ტექსტი გათამაშებული ამბის რეალობას არ ასახავს. იგი ხომ მოგონილი ღალატისა და ადამიანთა სიფლიდის შემცველია და განსჯა ღალატის არსსა და მოტივებზე მაყურებლისთვის დამაბნეველია. შესაძლოა შინაარსის არასწორი გაგებისკენაც გადახაროს. მასხარას თვალებს უხვევენ. იაგო სასამართლოს წინაშე დგას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეტროსპექტივა იწყება.  მასხარა ჰყვება ოტელოს მიერ დეზდემონას მოტაცების ამბავს, რა დროსაც დეზდემონა სხვადასხვა შუქთა ფონსა და ცისფერ კაბაში გამოჩნდება. ამით ხაზგასმულის მათი სიყვარულის სიწმინდე და ფაქიზი ურთიერთობა. მათი ცეკვაც პლასტიკური ნახაზით პოეტურ-რომანტიკულია. მხატვრულ-ემოციურად წარმოსახული ეს სცენა უპირისპირდება იაგოს ზრახვებს და კონტრასტს ქმნის, თუ რა სილამაზის სიყვარული დაინგრა.

ამ ზღაპრულ სამყაროს უპირისპირდება შავ სამოსელში გამოწყობილი იაგოს ზრახვები, რასაც იგი თითებზე თოკის თამაშით გადმოსცემს - გეგმავს მათი დალაგებული ცხოვრების აბურდვასა და განცალკევებას. შემდეგ თოკებზე აკრობატივით დახტის. მისი მოძრაობის მოქნილობა და გონებრივი სისხარტე სწორედ ამ მოძრაობებით გადმოიცემა. იგი სხვების ბედს ხლართავს, მათ გრძნობებს მზაკვრულად ეთამაშება და საკუთარი ამბიციები ამ უზნეო ფიქრები ილეთებით გამოხატოს, რაც ოტელოს დასარწმუნებლად უპირატესობას აძლევს. ეფექტურია იაგო თოჯინას „სეირნობა“ მსახიობ ოტელოს ხელებზე, მხრებსა და თავზე, - ყოველი მხრიდან რომ უჩურჩულებს  მეუღლის ღალატზე. ასეთი ალეგორიული გამოხატვა ჩვეულებრივ სპექტაკლში შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ თოჯინასა და მსახიობის შერწყმით რეალური გახდა. შალვა ანთელავას ფიქრებში წასული ოტელო არ უკვირდება იაგოს მოძრაობებს, მისი მიმნდობი ბუნება სხვა სამყაროში გადადის და ნელ-ნელა იძაბება. საინტერესოა სცენა, სადაც იაგო (ვ.დუგლაძე, ნ. ნანიტაშვილი) მსახიობს ხელში უჭირავს თოჯინა ოტელო, როგორც სიმბოლო მისი ხელში ჩაგდებისა. ვერ ამჩნევს როგორ დაიპყრო იაგომ მისი სხეული და სული, როგორ დაეუფლა მის გონებასა და სულში ჩაუძვრა... და აი, მსახიობი იაგოს ხელში ჰყავს თოჯინა ოტელო - დეზდემონას ცხვირსახოცით კასიო (რ. გოგუაძე) პირს იწმენდდაო... და მის მკერდზე ფეხის დადგმისას აკრობატივით ჰაერში კიდია (რაც კ. მარჯანიშვილისეული ცნობილი სცენაა). 

ეფექტურია ოტელოს ეჭვიანობის სცენაც, სადაც დეზდემონა განათების სხივთა ფონზე ტრიალებს, ან საქანელაზე ქანაობს. ეს არის ოტელოს წარმოსახვაში დანახული სატრფო, რომელიც უყვარდა და გასხივოსნებულად წარმოუდგება. აქ ოტელოს საკუთარ თავთან და გრძნობებთან ჭიდილია, თუმცა  დეზდემონას მოკვლის გადაწყვეტილებას არ ცვლის.  ამ დროს, ოტელოს განცდას მსახიობი შ. ანთელავა გადმოსცემს, ხოლო მოქმედებას კი თოჯინა ოტელო განაგრძობს. მსახიობებისა და თოჯინების სიტყვიერ-მოქმედებითი მონაცვლეობა, ამდიდრებს და სახიერს ხდის სპექტაკლის მხატვრულ სახეს, სადაც გმირთა განცდა და მოქმედება სინქრონულად ვითარდება.

ფინალში ისევ სასამართლო სცენას ვხედავთ,სადაც იაგო თავს იმართლებს - მე ვთქვი და ოტელომაც დაიჯერაო... ზღვის ხმაურის ფონზე მასხარა ამბობს - ოტელო დიდბუნოვანი კაცი იყო, არა მოჩანს რა, ღელვაა დიდი...  ფარდა იხურება...

bottom of page