top of page

პაატა ციკოლიას მედეა s01e06

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

jud_3854___kopie-jpg.webp

ანა ბაქრაძე

პაატა ციკოლიას მედეა s01e06

მედეა, როგორც ცალკეული პერსონაჟი უამრავ კითხვის ნიშანს და გადააზრების მრავალ შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კოლხი ქალის ამბავი მუდამ აქტუალური იქნება, ნებისმიერ დროსა და სოციუმში. მედეა სახეცვლილია არა დროსთან მიმართებით, ან ლოკალურად წარმომავლობით განსაზღვრული იდეოლოგიით, არამედ სამყაროს აღქმის გამოცდილებით, ამიტომ, თუ ადრე მედეას ამბავი ჩემთვის რომანტიული დრამა იყო, დროდადრო ის იცვლიდა სახეს, მიზნებს, მოტივებს, ფუნქციებს და მიუხედავად ამისა, მაინც გაურკვეველ ქალად დარჩა ჩემთვის. ამიტომ, ნებისმიერი შესაძლებლობა, თუნდაც ერთი პასუხისთვის, იმ მრავალ პასუხგაუცემელ კითხვათა შორის, ჩემთვის ძალიან მნივნელოვანია.

მედეას თავისებურად დაგვანახა პაატა ციკოლიამ, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე, მისი პერსპექივიდან მედეა ის არის ვინც/რაც გარემომ შექმნა, ეს საკმაოდ ლოგიკური აზრია, თუმცა ერთია განზრახვა და მეორე შედეგი.

თეთრი მასიური ქსოვილი, სცენაზე განლაგებული თეთრი გეომეტრიული ფიგურები და პანის ოქროსფერი  ნიღაბი შეშლილი გამომეტყველებით, რომელსაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით რამდენიმენაირი სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს. პოზიტიური პერსპექტივიდან, პანი სიმბოლურად გამოხატავს ბერძნების კავშირს   ბუნებასთან და მათ წარმოდგენას ყოფიერების ციკლური ხასიათის შესახებ. პანი განიხილებოდა, როგორც უდაბნოს მცველი, რომელიც იცავდა როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანებს მოსალოდნელი ზიანისგან. თუმცა, ნეგატიური პერსპექტივიდან, პანის თაყვანისცემას ასევე ჰქონდა თავისი ბნელი ასპექტები. პანი ხშირად ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან და სექსუალობასთან, მისი თაყვანისცემის ზოგიერთი რიტუალი მოიცავდა ლაციურ და არაჯანსაღ ქცევას. ღმერთის ველური და არაპროგნოზირებადი ბუნება ასევე შეიძლება ჩაითვალოს ძველი ბერძნებისთვის შიშისა და გაურკვევლობის წყაროდ. მაგალითად პლატონი პანს ხედავდა, როგორც ყოფიერების დუალისტური ბუნების წარმოდგენას, სადაც ქაოსი და წესრიგი თანაარსებობენ ჰარმონიაში. ირა შენგელიას დახვეწილი მხატვრობა ქმნის გარემოს,რომელიც მიუხედავად მისი სისადავისა,  მისი ათვისების პერეპექტივის წინათგრძნობას ამძაფრებს , მითუმეტეს რომ სპექტაკლი სავსეა ქორეოგრაფიული ელემენტებით, თუმცა პირველი მნიშნელოვანი იმედგაცრუება სწორედ ქორეოგრაფიული ნაწილის დაწყების დროს ჩნდება. ქორეოგრაფილი ეპიზოდები პერიოდულად რამდენიმე წუთიც გრძელდება, შინაარსს მთხრობელი ყვება, ხოლო ქორეოგრაფია დაცლილია ყოველგვარი აზრისგან, არც რაიმე სიმბოლური დატვირთვა იგრძნობა, არც  ემოციური თვალსარისით ამდიდრებს სცენას და ამასთან არც ვიზუალურადაა მომხიბლავი, სინქრონზე რომ არაფერი ვთქვათ, დისტანციაც კი არაა დაცული მოცეკვავეებს შორის.

 სპეტქაკლი იწყება თეთრ ქსოვილზე პროექტორის საშუალებით გამოსახული წარწერებით და პატარა ანიმაციით, რომელიც ყველა შემდეგ მოქმედებას წინ უძღვის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი საინტერესო, დახვეწილ იუმორს, სარკაზმს და მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს, უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე გამართულია , რაც მაყურებლისთვის დამატებით დისკომფორტს წარმოადგენს.

სპექტაკლს ხსნის გია ბურჯანაძის პერსონაჟი ეპოპე, თავის დროზე აიეტის დაცვის უფროსი და მთავარ ამბავს 40 წლის შემდეგ იხსენებს. აღსანიშნავია, რომ მისი პირველი და მომდევნო მონოლოგები, როგორც ცალკეული ეპიზოდები დამაჯერებელია, თუმცა საგრძნობლად სცდება  იმ სტილს, რომელშიც სხვა ეპიზოდებია გადაწყვეტილი, ეს განსხვავება კი სპექტაკლის პირველი რეპეტიციის შთაბეჭდილებას ქმნის და არა სრულყოფილების.

უდაოდ აღსანიშნავია სანდრო სამხარაძე უფლისწული აბსირტოს როლში, რომელიც პარტერიდან აკვირდებოდა მოვლენებს და სცენაზე ასვლამდე ყურადღების ეპიცენტრში მოექცა თავისი არაადეკვატური ქცევებით, ავადმყოფური გამომეტყველებით და ხმამაღალი რეპლიკებით. რეჟისორის ჩანაფიქრის იდეალურად განხორციელება, აბსირტოს პერსონაჟის სახით კულტურის სიბინძურე დაგვენახა, სწორედ სანდრო სამხარაძის შეუფასებელი თამაშის დამსახურებაა  და თამამად შეიძლება ითქვას რომ სპექტაკლის ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ ისაა. ხანდახან ზღვარგადასული კონტაქტი მაყურებელთან, რომელიც შეიძლება გამაღიზიანებელი ყოფილიყო, იმდენად ორგანული იყო მსახიობისთვის, რომ იმ დისკომფორტის მიზეზს, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი  საკუთარ თავში ვეძებდი და არა მასში, სწორედ ეს მგონია მისი მიზანიც და წარმატებაც.

რაც შეეხება ეკა დემეტრაძის განსახიერებულ მედეას, საგრძნობლად აკლდა დამაჯერებლობა, შეუვალ ხმის ტემბრს, დამაჯერებლად წარმოთქმულ მონოლოგებს თითქოს მიმართულება საერთოდ არ ჰქონდა. პაატა ციკოლიას პიესის მთავარი ნიშა სწორედ მედეაა, და უცნაური იყო რომ პიესასა და სპექტაკლს შორის, სწორედ მედეას სახე იყო განსხვავებული, შესაბამისად განწყობიდან და ტექსტიდან ამოვარდნილი, ეკა დემეტრაძის მედეა საერთოდ არ გავდა ქალს, რომელიც პიესაში ხსენებული მოტივებით, საკუთარ პატარა ძმა ეგალეს მამის თვალწინ სიცოცხლეს  ასალმებს. პაატა ციკოლიას მედეაში პროცენტულად უფრო მეტი ევრიპიდე იყო,  ვიდრე თვითონ ავტორი, რის გამოც მთლიანობაში შთამბეჭდავი საერთოდ არ აღმოჩნდა მედეა.

განვმეორდები და ვიტყვი, რომ სპექტაკლის მხატვრობა საკმაოდ საინტერესო და მომხიბლავი იყო, აგრეთვე აღვნიშნავდი მუსიკას და განათებას, რომელმაც განწყობა ჯერ კიდევ სპექტაკლის დაწყებამდე შექმნა და საკმაოდ კარგად შეასრულა დაკისრებული როლი.

სპექტაკლის დაწყებისთანავე მარტივი მისახვედრი იყო, რომ რეჟისორი ბრმად მისდევდა პიესას, მიუხედავად იმისა, რომ პიესის ავტორი თავად პაატა ციკოლიაა, მომეჩვენა, რომ ის არ არის გათვლილი სცენისათვის, ყოველშემთხვევაში ამგვარი თხრობით. დასაწყისი 40 წლის შემდეგ მთავარი ამბიდან, მომდევნო ეპიზოდები წარსულიდან, ალაგ-ალაგ არც ისე წარსულიდან და ალაგ-ალაგ არც ისე აწმყოდან, სულ მცირე საჭიროებს ისეთ ტექნიკურ გამართვას, რომ ნებისმიერი მაყურებლისთვის არ იყოს დამღლელი, თუმცა როგორც მკითხველისთვის პიესა ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა. ეს მოლოდინიც სპექტაკლის მსვლელობისას გამიჩნდა, რომ თუ ის ზედმიწევნით აღიბეჭდებოდა ფურცელზე, იქნებოდა ბევრად უფრო სრულყოფილი და საინტერესო, შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი მოლოდინია, რომელიც რეჟისორზე დავამყარე და გამართლდა. თამამად აღვნიშნავდი, რომ დრამატურგი და პიესა იმსახურებს ყურადღებას, თუმცა რეჟისორი და სპექტაკლი ნაკლებად.

bottom of page