top of page

პაროდია ფსევდორომანტიკულობაზე თეატრში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258081755_948948229376514_5305151941416055211_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

პაროდია ფსევდორომანტიკულობაზე თეატრში

 

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ფილიპ დიუმანუასა და ადოლფ ფილიპ დენერის რომანტიკული კომედიის „დონ სეზარ დე ბაზანის“ პრემიერა შედგა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. მათ ეს ამბავი დაწერეს ლიბრეტოდ ჟიულ მასნეს ოპერისთვის „დონ სეზარ დე ბაზანი“. სპექტაკლი მიეძღვნა ქართულ თეატრში დონ სეზარების როლების შემსრულებლებს - გიორგი გეგეჭკორს, რევაზ თავართქილაძეს და კოტე მახარაძეს.

 

ვრცელი ნაწარმოები, რომელიც 21-ე საუკუნეში ქართულ თეატრში პირველად დაიდგა, საკმაოდ ადაპტირებულია თანამედროვე მაყურებელზე (მაქსიმალურად „შეკრეჭილია“ სიუჟეტი და შემოკლებულია ტექსტი, ადაპტაციაზე ანანო მირიანაშვილმა და დიმიტრი ხვთისიაშვილმა იმუშავეს).

 

დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმა არის ერთგვარი ირონია და პაროდია ფსევდო რომანტიკულობაზე თეატრში. მსახიობები მიმართავენ გროტესკს და უტრირებენ თითოეულ ფრაზასა და მოძრაობას. პაროდირებულია ცეკვებიც, რომელიც გია მარღანიამ დადგა. მოქმედებებს და მოვლენებს ფონად გასდევს ჟიულ მასნეს ორიგინალური მუსიკა  (მუსიკალური თემები შეარჩია ალექსანდრა ლორთქიფანიძემ), რომელიც დინამიკურ სანახაობას მრავალფეროვნებას სძენს.

 

პანდემიის ფონზე მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გადაწყვიტა ხუმრობითა და ოხუნჯობით მოეთხრო ამბავი ვნებებზე, სასიყვარულო თუ სასახლის კარის ინტრიგებზე. ჩვენ ვნახეთ წარმოდგენა, რომელიც ჟანრობრივად ერთგვარი მიქსია კომიკურ დრამასა და ოპერეტას შორის. რეჟისორი და მსახიობები თამაშის მანერითა და სტილით გაიძულებენ არასერიოზულად აღვიქვათ ამბავი, რომელიც სპექტაკლში ვითარდება. ამიტომაც ვხვდებით პლაკატურ და კარიკატურულ რეალობას: ციხე ციხე არ არის, სიკვდილით დასჯა სიკვდილით დასჯა არ არის, ინტრიგა ინტრიგა არ არის, ვნება ვნება არ არის, ქორწინება ქორწინება არ არის, ოპერეტაც კი ბოლომდე ოპერატა არ არის.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, რეჟისორი ამბის თხრობისას მიმართავს უკიდურეს ირონიას. იყენებს მულტიპლიკაციურ ხერხს გმირთა ხასიათების გამოსაკვეთად. თავდაპირველად სპექტაკლის ეს ფორმა მაყურებელს ამბნევს, შემდეგ კი აცნობიერებს, რომ რეჟისორმა პრინციპულად გამოიყენა წარმოდგენის კარიკატურულ-გროტესკულ-მულტიპლიკაციური ფორმა. მსახიობები უტრირებულად საუბრობენ და უტრირებულად მოძრაობენ. სპექტაკლი საროსკიპოს სცენით იწყება, რომელიც ამსტერდამის წითელი ფარნების კვარტალს მოგაგონებთ თავისი ვიტრინებით, რომელშიც სექსმუშაკები არიან გამოფენილები. პირობითი ვიტრინები მულტიფუნქციურ დანიშნულებას იძენს სპექტაკლში, რომელიც ხან ციხის საკანია, ხანაც ჯებირი.

როსკიპთა შორისაა მარიტანა (მარიამ ჩუხრუკიძე), რომელიც ესპანეთის მეფის კარლოს მეორეს (გიორგი ჯიქურიძე) ყურადღების ცენტრში მოექცევა და შეუყვარდება კიდეც. მარიამ ჩუხრუკიძე თავისი მომხიბვლელობით არა მხოლოდ ესპანეთის მეფეს, არამედ მაყურებელსაც აოცებს თავისი ვოკალური შესაძლებლობებით. ის ცოცხლად ასრულებს მარიტანას არიას „სევილიანა“ ჟიულ მასნეს ოპერიდან „დონ სეზარ დე ბაზანი“. მარიამ ჩუხრუკიძის მარიტანა თოჯინასაც ჰგავს (წითელსა და შავ ფერში გადაწყვეტილ კოსტუმში), როგორც ვიზუალურად, ისე იდეური თვალსაზრისით.

 

მაყურებელს უტრირებული, გროტესკული და კარიკატურული თამაშის მანერით ამახსოვრდება ვანო დუგლაძის (დონ ხოზე), ნიკოლოზ ფაიქრიძის (მარკიზ დე მონტეფიორი), ნიკა ნანიტაშვილის (დონ სეზარ დე ბაზანი), ქეთი ჩაჩუას (მარკიზა დე მონტეფიორი), გიორგი ჯიქურიძის (მეფე კარლოს მეორე), მარიამ ჩუხრუკიძის (მარიტანა) მიერ შექმნილი გროტესკული ტიპაჟები, რომლებიც საუბრისას იყენებენ რეჩიტატივს, დიალოგებში ისინი წამღერებით, ფსევდო რომანტიკული თეატრისთვის დამახასიათებელი პათეტიკითა და მანერით საუბრობენ, თამაშობენ არტისტულობას, პათეტიკურობას, რომანტიკულობას... ეპიზოდები მათი მონაწილეობით იუმორითაა გაჯერებული და შესრულების ეს მანერა მაყურებელში, შემოთავაზებული ხერხის გაცნობიერებამდე, ჯერ უხერხულ, ხოლო შემდეგ გულიან სიცილს იწვევს. მსახიობები მეორე მოქმედებაში გაცილებით ორგანულად პაროდირებენ „ძველ თეატრს“. ეპიზოდები ვიზუალური და შინაარსობრივი თვალსაზრისით კომიქსებსაც ჰგავს. ვფიქრობ, თამაშის ეს მანერა  (რომელიც მეორე მოქმედებაში უფრო ლოგიკური და ორგანული გახდა) უკეთესი იქნება, თუ მთელი სპექტაკლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული და მსახიობები პირველივე მოქმედებაში შეძლებენ ჟანრის გრძნობას ჩავლებას. აღსანიშნავია, ქეთი ჩაჩუას შესრულება. მსახიობი სულ რამდენიმე დეტალით ხატავს მარკიზა დე მონტეფიორის ტიპაჟს, რომელიც გარეგნულად ფრანგულენოვანი არისტოკრატია, მაგრამ აღელვებისას, ის კარგავს ხელოვნურ საბურველს (იმიჯს) და მდაბიო და უხეშ ქალად გადაიქცევა. მსახიობი ამას რამდენიმე წამით ხმის და ინტონაციის შეცვლით ახერხებს. გროტესკული და მულტიპლიკაციური პერსონაჟია ნიკოლოზ ფაიქრიძის მიერ შექმნილი მარკიზ დე მონტეფიორი. მსახიობი უტრირებული ჟესტიკულაციით, მიმიკითა და სხეულის მოძრაობით ქმნის მიამიტი, სულელი, გაიძვერა და მარიონეტი არისტოკრატის ტიპაჟს (მარიონეტად ქცევის ილუსტრირებასაც კი გვიჩვენებს). საინტერესო ტიპაჟია მეფე კარლოს მეორე, რომელსაც გიორგი ჯიქურიძე ასრულებს. მსახიობს გმირის შესაქმნელად არ აკლია არც სცენური მომხიბვლელობა და არც ქარიზმა, რითაც ის მარიტანას მოხიბვლას ახერხებს. არანაკლებ სახასიათო ტიპაჟია ვანო დუგლაძის მიერ შექმნილი დონ ხოზე. მსახიობმა ზუსტად ჩაავლო ისტორიად ქცეული თამაშის მანერასა და სტილს, რომლის ილუსტრირებასაც ის ნათლად ახდენს. ღიმილს იწვევს ნიკა ნანიტაშვილის დონ სეზარ დე ბაზანი. მსახიობი სცენური სიყალბით, უტრირებული ჟესტიკულაციით ქმნის ფსევდო გმირის მხატვრულ სახეს. ამაში მას ხელს კოსტუმიც უწყობს. იუმორისტული და სასაცილო სცენაა მკვდრების შეხვედრა საიქიოში (ვანო დუგლაძე (დონ ხოზე) და შალვა ანთელავა (კაპიტანი), რომელიც ორჯერ ვიხილეთ საიქიოში, მაწყევარი და გაბრაზებული). მულტიპლიკაციური პერსონაჟია ლაზარილიო, რომელსაც ლევან ხვთისიაშვილი ასრულებს. პატარა „მსახიობი“ სპექტაკლის საერთო გადაწყვეტესა და სტილისტიკაში ორგანულად ჩაეწერა. ფინალში, ვფიქრობ ირღვევა ლოგიკური ჯაჭვი, როცა ესპანეთის მეფეს ასე იოლად გადაუყვარდება მარიტა და უარს ამბობს საყვარელ ქალზე.

 

სპექტაკლში მასიურ სცენებსა და ცეკვებში მონაწილეობენ: სანდრო ლელუაშვილი, გიორგი ოქრუაშვილი, რატი გოგუაძე, არჩილ სულაქველიძე, ხატია მელქაძე, ნინო შუშიაშვილი, სალომე წურწუმია, თამარ ჭანუყვაძე. 

სერიოზულად უმუშავია მხატვარს მანანა გუნია რომანოს, რომელმაც სპექტაკლის სცენოგრაფიაც შექმნა და კოსტუმებიც. მან ერთი მხრივ, ეპოქის ავთენტური კოსტიუმები შექმნა, ხოლო მეორე მხრივ, ის სტილისტურად თანამედროვე შტრიხებითაც შეფუთა. ამავდროულად კოსტიუმები ორგანულია სპექტაკლის იმ საერთო გადაწყვეტის, რომელიც რეჟისორმა შემოგვთავაზა. სცენაზე წითელი და შავი ფერი დომინირებს. შავის ფონზე - ცეცხლოვანი წითელი ეფექტურად აღიქმება და მეტად აახლოებს პერსონაჟებს ესპანურ ტემპერამენტთან და ვნებებთან. რაც შეეხება სცენოგრაფიას, მხატვარმა საკმაოდ მოსახერხებელი სივრცე შექმნა მსახიობთათვის, რომელიც მნიშვნელოვანი დეტალებითა და შტრიხებით შეავსო.

 

სპექტაკლი „დონ სეზარ დე ბაზანი“ განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური დახმარებით.

bottom of page