პასუხი ბატონ ვ-ს, ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში 2
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
ანი ცხვედაძე
პასუხი ბატონ ვ-ს, ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში 2
ბატონ ვ-ს, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი სახელი მას შემდეგ გავიგე, რაც კონკრეტულ თეატრალურ საგანმანათლებლო სახელოსნოში მიიღეს, აქვეყნებს წერილს ჩემი მისამართით სახელწოდებით - „პასუხი ქალბატონ ა-ს, ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში“ო. მას შემდეგ რაც ბატონი ვ, ქართული ხელოვნების ყველაზე გრძელ თეატრალურ დინასტიას შეუერთდა, თამამდება კიდეც და რიგითი უცნობი ავტორისადმი, რომლის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, აქვეყნებს საკმაოდ კადნიერ წერილს, რჩევა-დარიგებებით სავსეს, თან გამაფრთხილებელს, რომ „მორალისტობას თვით ასკეტებიც კი უფრთხიანო“, ხოლო თავად კი ამ ყველაფერს გაორმაგებული ძალით აკეთებს და ჩემდამი წერილს თავისი „ათი მცნებით“ ასრულებს. ამისთვის ნამდვილად ბრავო და დიდება ბატონ ვ-ს!
ბატონ ვ-ს წერილს თუკი გულდასმით წავიკითხავთ - შემდეგნაირ დასკვნებს გამოვიტანთ:
ბატონ ვ-ს ჰყავს ცალკეული კულტები, რომლებსაც თაყვანს სცემს, როგორც ამ ქვეყნიდან დიდი ხნის წინ წასული ინტელექტუალური კულტები, (და თან რატომღაც ჰგონია, რომ მარტო მას და მის მეგობრებს აქვთ წაკითხული ეს ავტორები) მაგ., - ფუკო, სადი, იმანუელ კანტი, შოპენჰაუერი... (ყველა ამ ავტორს ასევე პატივს ვცემთ სხვა მოკვდავებიც, თუმცა თაყვანისცემის რიტუალებს არ ვუმართავთ!) ამავე დროს, ჩვენი დროის, ჩვენს გვერდით ფიზიკურად მყოფი ადამიანები ჰყავს გაკულტებული, მაგალითად, ბ. გიორგი მაისურაძე, რომელთანაც თურმე ყველა ავტორი, მკვლევარი, თუ მეცნიერი უთუოდ უნდა მეგობრობდეს და ის თუ გვეტყვის „სიტყვა-ყოფიერება არ გამოიყენო, არ გინდაო“-ჩვენც უნდა დავუჯეროთ და მივდიოთ მორჩილი ნებით... მაინც ვერ გავიგე ამ ყოფიერებას რას ერჩით ბატონო ვალერ და ბატონო გიორგი? ხან ყოფიერებას გამოიყენებს ზოგიერთი, ხან კიდევ სინონიმით ჩაანაცვლებს, (მაგ, მე ბევრჯერ გამიკეთებია ეს) და ალბათ, ონტოლოგია მეტად სასიამოვნოდ ჟღერს ხომ?.. კიდევ აკულტებს თავისი წერილის მიხედვით დათა თავაძეს, რომელსაც რეცენზიის სახით პანეგირიკსაც კი უძღვნის, ვით სუბორდინაციულ ბმაში მყოფი - მისი ვასალი დრამატურგი და აწ, უკვე თეატრის კრიტიკოსი ბატონი ვ.
„ჭკუას კი, ქალბატონი ა. ნამდვილად გვარიგებს, გვასწავლის რა და როგორ ვთქვათ, ვინ რაზე წეროს და ვინ რა დადგას, და ზოგადად, რას უნდა ესწრაფოდეს ხელოვნება, ნამდვილი ხელოვნება და არა - ფუჭი... ერთობ ბევრი და მნიშვნელოვანი რამ სცოდნია ქალბატონ ა-ს და რა ბედნიერებაა, რომ გაზიარებასაც არ დაგვზარდა!“---მაინც, რას გულისხმობთ ჭკუის დარიგებაში?! და თუ თქვენ მხოლოდ ამგვარი ინტერპრეტაციით თარგმნით ჩემს წერილს, ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი. იმავე ლოგიკით, თუ ყველას შეუძლია ის აკეთოს რაც სურს, ალბათ, თავადაც ხვდებით რომ მე ვერავის ვერასდროს ვერაფერს დავუშლი!.. ჩემს წერილში კი, უფრო სწორად, როგორც თავად უწოდებთ - „თეატრალური ესეს მაგვარ რაღაცაში“ რას დავწერ ასევე ჩემი გადასაწყვეტია, ხომ დამეთანხმებით ამაში ბატონო ვ?
„უნდა გვეთქვა „ჭეშმარიტებებსო“, რადგან ეულ ჭეშმარიტებაში ავტორის „ინტენციები“ და „იმანენტურ“ (მსგავსი ტერმინების გამოყენება უყვარს და ჩვენც მივბაძოთ) აზრთა ღვარი ნამდვილად ვერ ეტევა!“--- აი, აქ კი კომენტარი არ მაქვს, თქვენ ჩემს ლექსიკურ ტერმინებზე თუ დაიწყებდით ქილიკს, ამხელა მასშტაბს შეჭიდებული მეცნიერი ბატონი ნამდვილად არ მეგონა, კარგით ბატონო ვ, ესეც გასაგებია.
პოლიფუნქციურობასთან დაკავშირებით წერთ:
„კარგი, კიდევ უფრო გავამარტივოთ... ზედმეტი თავის მტვრევა არ გვინდა. მოდი, ასე ვთქვათ: რატომ დაასკვნა ავტორმა, რომ დარგი მრავალფუნქციურია? საიდან მოიტანა ეს აზრი? რატომ დაებადა? ის ფიქრობს, რომ დრამატურგიას სათეატრო ტექსტების, პიესების შექმნის გარდა, კიდევ ბევრი რამ ევალება? ფიქრობს, რომ თეატრის რეჟისურის ამოცანა თეატრალური წარმოდგენის დადგმის გარდა, კიდევ ბევრი რამაა? ეს ქალბატონი ახლა აშკარად უკრაინაში იბრძვის... ბრძოლის ველიდან გვწერს თავის წერილს, ორი აზრი არ არსებობს!“--- საიდან ასკვნით, რომ ეს უკანასკნელი ტერმინი სწორედ იმიტომ გამოვიყენე წინადადებაში, თითქოს თითოეულ დარგს ერთბაშად რამდენიმე რამ ევალებოდეს, რა თქმა უნდა არა, ეს ნახევრად ირონიული ნათქვამია და სწორედ იმას უსვამს ხაზს, რითაც წერილი დავიწყე, <უმჯობესია რეჟისორმა დადგას და რეცენზიების წერას შეეშვას, ხოლო კრიტიკოსმა კი სპექტაკლების დადგმისგან თავი შეიკავოს მეთქი.> - აი, ამ აზრს ავითარებს <პოლიფუნქციურობის> ირონიული გაგება ბატონო ვ, თქვენ რომ ასე ძლიერ აგაღელვათ.
ხოლო, შემდეგი აბზაცი, ავტორის პერსონალური რესანტიმენტის გარდა ჩემდამი, დამაკნინებლადაც მიმაჩნია, რადგან ავტორს, ანუ ბატონ ვ-ს ჰგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ მან იცის, გაუგია, უნახავს, წაუკითხავს და პლუს, ამას ეპისტოლარულად დეკლარირებს ზედმიწევნით დამრიგებლური ტონით! კიდევ ერთხელ, დიდება ბატონ ვ-ს და მისი კალმის მახვილივით მოქნილობის დიდებულ უნარს! „ქალბატონო ა, მოდით, მე თქვენ ერთ, პატარა სიმართლეს გაგიმხელთ: მრავალი მსახიობია, რომელიც რეჟისორი გამხდარა, მრავალი დრამატურგია, რომელიც რეჟისორი გამხდარა, მრავალ რეჟისორს პიესების წერა დაუწყია და ა.შ. კაცობრიობა არ განადგურებულა ამით, ქალბატონო ა! მოდი, ჯერ ქართული მაგალითებით დავიწყოთ: გსმენიათ თუ არა, რომ დათა თავაძე თავიდან მსახიობი იყო, მერე კი რეჟისორი გახდა? ილია ქორქაშვილი თუ იცით, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც ასევე, მანამდე, მსახიობი იყო? დათა თავაძე რომ პიესებს წერს, ესეც თუ გსმენიათ? თუკი დათა თავაძემ გადაწყვიტა, თავის, ან სხვის სპექტაკლში ითამაშოს, როგორც მსახიობმა, თქვენ ამას დაუშლით? კარგით. ალექსანდრ ეკმანი თუ გსმენიათ, ქალბატონო ა? იცით, რომ ეს გენიოსი ჯერ მოცეკვავე იყო, წლების მანძილზე, მერე კი თანამედროვე ბალეტის რეჟისორი გახდა? კარგით!“
ბატონო ვ, მოდით ერთ სიმართლეს მეც გაგიმხელთ, სამყაროში არსებობს ძალიან ბევრი რამ, რაც მომხდარა და სხვადასხვა სიხშირით კიდევ განმეორდება, მაგ, ფაქტები/მოვლენები, მაგრამ ასევე არსებობს ამ მოვლენებსა და მომხდარ ფაქტებზე განსხვავებული, ანტიპოდური-(ეს ტერმინი გაგეგებათ ხომ?) მოსაზრებები.., ამიტომ ჩემი წერილი, კი არადა, ‘ესეს მაგვარი რაღაც’, სწორედ ამის ერთი მაგალითია... თუკი რაიმე მომხდარა, სულ არ ნიშნავს რომ ყველა აპრიორულად ეთანხმებოდეს, ან არგუმენტად მოჰყავდეს, იმიტომ რომ თავისუფალი ინტერპრეტაციის სივრცე ყველას კანონზომიერად გვერგო ბატონო ვ, <ონტოლოგიურად> ასევე! იქნებ, ახლა მაინც ოდნავ დაწყნარდეთ ბატონო.
მოდით, თავის მოკატუნება მართლა არ გვინდა პატივცემულო ბატონო ვ, პირდაპირ გეტყვით რომ, თქვენ ძალიან ცდებით, თუკი ჩემი წერილის ადრესატი პერსონალურად თქვენი თავი გგონიათ, გნებავთ, <დისტოპიის> საკითხში, ან <სქესობრივი აქტის საკუთარ თავთან სიმულაციის> პროცესში, თუ საკუთარ თავს გულისხმობთ, ეს მხოლოდ თქვენი პრობლემაა და მე სრულებით არ მეხება!.. ნამდვილად არა!.. ამიტომაც არ მგონია, რომ ამხელა კადნიერების უფლება გქონდეთ პერსონალურად მომმართოთ, და კიდევ უარესი, „რესანტიმენტს ჰყავხართ შეპყრობილიო“ ღმერთმანი! კიდევ ერთხელ, დიდება ბატონო ვ-ს.
„თქვენ წერთ არა ცოდნით, არა მეცნიერებისაკენ ლტოლვით, არა სიკეთის სურვილით, არამედ - ბოღმით, სიძულვილით, სხვისი არსებობის აუტანლობითა და ბოროტებით! და იცით, რატომ? იმიტომ, რომ რესანტიმენტს ჰყავხართ შეპყრობილი; იმიტომ, რომ „ჩაანალიზებისგან“ ამოვარდნილი ხართ და სამყაროში ადგილს ვერ პოულობთ!“
ბატონო ვ. აკი წერილს იწყებთ სიტყვებით „არ ვიცნობო“ და სათეატრო ესეს მაგვარ რაღაცით როგორ ასკვნით, რომ ბოროტებით და ბოღმით ვწერ?! - ხომ არ ფიქრობთ რომ, მცირე სივრცე მაინც უნდა დაგვიტოვოთ, რათა, რაც გვინდა ვწეროთ, თავისი ქვეტექსტებითა და თუნდაც თქვენისთანა მკითხველებისთვის ერთბაშად ამოუცნობი <კოდებით>. ა, უფრო სწორად, მორზეს ანბანის იეროგლიფური ენით...
ბატონო ვ, ფილოსოფია, ხელოვნება, პირველ რიგში თავისუფალი ინტერპრეტაციის სივრცეს იძლევა - რაციონალურ ლაბირინთებს თამამად გულისხმობს. აი, თქვენ კი აგიჩემებიათ მხოლოდ ეს სქემატური და ლიტონი სიტყვები <ცოდნითა და მეცნიერებითო> რომ ამბობთ, არ გიცდიათ თვითრეფლექსიისთვის მიგემართათ „ეპოქების ჩაანალიზების“ კვალდაკვალ და აღმოგეჩინათ რომ ინტელექტუალური სნობიზმისკენ ხართ მიდრეკილი, ცალკეული <მეტრების> აზრებში გახლართულხართ და მათი პრიზმიდან ცდილობთ თქვენი კალკი შექმნათ ონტოლოგია-ონტიკურობაში...(!)
რაც შეეხება <უკრაინაში მიმდინარე ომს> - ჩემს მიერ ერთ მცირე აბზაცში მოქცეული აზრი თქვენი დისკურსის ირონიულ და დამცინავ ‘ლაიტმოტივად’ აქციეთ! მაგალითად მოგყავთ უახლოეს წარსულში წარმოებული ომები და ფიქრობთ, რომ თქვენს მიერ მოყვანილი „არგუმენტაცია“ აბათილებს ამჟამინდელ ომს (ზოგადად ომებს) თუ რა ხდება?!.. იცით რა? მე ნამდვილად არ მგონია ომის თემა იმსახურებდეს ქილიკს - ტრაგიკულობის ყოვლად გაუმართლებელი მასშტაბის გამო...(!)
„ავიღოთ თქვენ მიერ ციტირებული შოპენჰაუერი. ეს ციტატა მთელს თქვენს მსჯელობას (რომელსაც ამ სიტყვით მხოლოდ პირობითად მოვიხსენიებ) ეწინააღმდეგება და ანგრევს, გესმით ეს თქვენ? არ გესმით. ვეცდები გაგაგებინოთ.
შოპენჰაუერი ამ ციტატაში მუსიკას გამოარჩევს ხელოვნების სხვა დარგებისგან, რომლებიც მხოლოდ წარმოდგენაზე არიან ორიენტირებულნი, მუსიკა კი თავად სამყაროს, როგორც ნებას, გამოხატავს, მას წარმოადგენს. რისთვის მოგყავთ თქვენ ეს ციტატა?”
ბატონო ვ, ფილოსოფიით ასე დაინტერესებულ პიროვნებას, გაგკვირვებიათ, გნებავთ მუსიკისა და თეატრის თანაარსებობის საკითხი?!..
როგორც ჩანს, თქვენ ფილოსოფიას მეტისმეტად ფილოსოფიური პარადიგმით უყურებთ, ზედმეტად სტერეოტიპულად და არავის უტოვებთ აზროვნების პროცესში თავისუფალი ინტერპრეტაციისთვის არეალს... კიდევ ერთხელ, რა სამწუხაროა ამხელა დოზით სქემატურობა და ინტელექტუალურ შტამპში ჯდომა, ბატონო ვ., საბოლოოდ, მცირე რეზიუმეს სახით, მინდა გითხრათ რომ, ინვექტივას უფრო დაემსგავსა თქვენი წერილი ბატონო ვ, და არა მეცნიერული კვლევისკენ მიდრეკილ რაიმე, თუნდაც უსუსურ მცდელობას.
და კიდევ, თქვენი თქმის არ იყოს: „ მე რომ შემეძლოს, ყველაზე ცოტა, ათი წელი მაინც გამოგკეტავდით „კარცერი-ლუქსში“, რათა მთელი ეს დრო მეთოდურად გემეცადინათ და პროფესიული სინდისით გამოსულიყავით იქიდან.“არც თქვენ გაწყენთ, მინიმუმ ორი ათეული წელი მაინც კარცერი-ლუქსში რომ გამოიკეტოთ და შემდეგ ინტელექტუალური სნობიზმისგან ჩაწყნარებული, შედარებით დამშვიდებული გამოხვიდეთ იქიდან, თან პლუს თქვენი ‘პროფესიული სინდისიც’ გაავარჯიშოთ.
მიუხედავად უარყოფითი და თითქმის დანის პირზე მიყვანილი პერსონალური შეურაცხყოფის ირიბი ფორმისა, რასაც თქვენი წერილი მოიცავს ჩემი მისამართით, მე მაინც მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და სიხარულს ცხოვრების რთულ ლაბირინთში.
<ეპოქების ჩაანალიზების პარალელურად> კი ეცადეთ საკუთარი თავი მთლად არ დაკარგოთ.