top of page

პატარა ქვეყნის სიმართლე არავის აინტერესებს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

3.jpg

თამთა ქაჯაია

პატარა ქვეყნის სიმართლე არავის აინტერესებს

რა ხდება მაშინ როდესაც პატარა ქვეყნის სიმართლე არავის აინტერესებს? ამ თემაზე მარიამ ბექაურმა წიგნი დაწერა  „ანას მომენტი“, საბა ასლამაზიშვილმა კი ფოთის თეატრში სპექტაკლი დადგა, რომლის პრემიერა 1 ივნისს გაიმართა. წიგნი წარდგენილი იყო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“. მარიამ ბექაური თანამედროვე ქართველი მწერალია, რომელიც ლიტერატურულ ასპარეზზე 2008 წელს გამოჩნდა, მისი მოთხრობები თარგმნილია რამდენიმე ენაზე და დაბეჭდილია ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

1992-1993 წლებში საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტი მძიმე/სულისშემძვრელი დანაშაულებით, არის ცნობილი. სამხედრო კრიმინალით, სამოქალაქო მოსახლეობის დახოცვა, წამება, სექსუალური ძალადობა და მათი საკუთრების განადგურება. კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი დევნილი გაჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის გაერო და ეუთო მოითხოვდნენ მონაწილე მხარეებისგან ადამიანის უფლებების დაცვის ნორმების შესრულებას...

ყოველთვის აღვნიშნავ, თუ რა მნიშვნელოვანი და საჭიროა ქართველი დრამატურგებისა თუ მწერლების პიესების/ნაწარმოების გაცოცხლება თეატრის სცენაზე. გამონაკლისი არც „ანას მომენტია“, რომლის პრემიერას მწერალი დაესწრო და ნახა მის მიერ შექმნილი -  განსხეულებული, ცოცხალი პერსონაჟები. მთავარ პერსონაჟს - ანას, (ნინო გოშაძე) საკმაოდ რთული მისია დააკისრა რეჟისორმა, რასაც მსახიობმა მეტ-ნაკლებად გაართვა თავი.

ნარატივი ახალგაზრდა ქალის, ანას გარშემო ვითარდება, საკმაოდ წარმატებული და ცნობილი მწერალი მეხსიერებას კარგავს. სპექტაკლში პერფორმანსი გარედან იწყება. ეზოში, მაყურებელს შორის მყოფი მსახიობი შეუმჩნევლად მიუჯდა იქვე მდგომ როიალს და დაიწყო დაკვრა. რეჟისორმა და მსახიობმა ამ ეპიზოდით შექმნეს მოლოდინის „მომენტი“.

სპექტაკლშიც და მოთხრობაშიც ანა აღმოჩნდება დაკითხვაზე პოლიციელთან (გიორგი სურმავა), რომელიც ცდილობს მისი ვინაობის დადგენას. დიალოგში ანა მოითხოვს სარკეს, რომ საკუთარი სახე დაინახოს - „ქალი საკუთარი თავის დანახვაზე ძალიან ნერვიულობდა და იწყებს ისტერიულ სიცილს (სიცილს და არა ტირილს)!. არასდროს უტირია, მძაფრი ემოციების განცდისას (მაგალითად გაბრაზებისას) იცინოდა, რაც ემოციების გამოხატვის დარღვევაზე მიუთითებს“. სარკის სიმბოლოს რამდენიმენაირი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. სიმბოლურად იგი გამოხატავს საკუთარი თავის თვითშემეცნების პროცესს. მითოლოგიაში სარკე განიხილება როგორც კარი სხვა სამყაროში გადასასვლელად სადაც, ასახულ რეალობას აქვს განსხვავებული კანონები. რომანში არსებული რემარკები და საგანი (სარკე) მიგვითითებს პერსონაჟის მენტალურ პრობლემებზე და გვამზადებს მთავარი ამბის განვითარებისთვის. ანას ზოგადი ყველაფერი ახსოვს, პირადი - არაფერი. მისი განათლება და ინტერესები დეტალურად განვრცობილია რომანში. გამომძიებელი და ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ანას  პიროვნული აშლილობა აწუხებს. ნაწარმოებში ვხედავთ პიროვნება გაორებულ ქალს, რომელიც რაღაც მიზეზით კარგავს მეხსიერებას - თანმიმდევრულად ვითარდება მოვლენების ჯაჭვი. ირკვევა, რომ მეხსიერების დაკარგვის მიზეზი - ომში დანაშაულის, წამების ამსახველი კადრების ნახვის შემდგომი ფსიქოლოგიური შოკით არის გამოწვეული.

ნინო გოშაძის ემოციური მდგომარეობა არ შეესაბამება გმირის ტრაგედიასა და განცდას. პერსონაჟის მიერ შექმნილი სახე ხელოვნურია, არადამაჯერებელია. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს - სამსახიობო ტექნიკა, გამოცდილების არ ქონა. დასაწყისში სანამ გმირი ტექსტს წარმოთქვამს, კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკის ფონზე (ატმოსფეროს შემქმნელი) გადის გზას, სადაც ანა ამბობს: „დავიკარგე, აღმოვჩნდი პარკში“... ნინოს  ხმაში და ტემბრში იგრძნობა გაღიზიანება და გაბრაზება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სპექტაკლში შექმნილ ემოციურ განწყობას, ქმნის კონტრასტს - სრულიად სხვა რეალობაში გვაბრუნებს.  პოლიციელთან შეხვედრისას ანას პერსონაჟი არა ნაკლებად დამაჯერებელია, თითქოს იგი სრულიად სხვაგანაა, მისი მოქმედება - მაგიდიდან ჭიქის ფეხის კვრა ხელოვნურია, მსახიობის ფსიქოემოციური განწყობა ფიზიკურ ქმედებასთან შეუთავსებელი იყო. თუმცა, კონკრეტულ ეპიზოდებში ნინო გოშაძე ქმნის ატმოსფეროს და  ხატავს გმირის ხასიათის დეტალებს.

მუსიკა სპექტაკლში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ის არა მხოლოდ ატმოსფეროს ქმნის არამედ ემოციების გამოთქმის ერთ-ერთი საშუალებაა - ნარატივს განვითარებაში ეხმარება. სპექტაკლის დასაწყისში კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა დროისა და ადგილის, ანას პერსონაჟის ცვლილებების სიუჟეტურ ხაზს აძლიერებს. სპექტაკლის მარგალიტად მივიჩნევ აღნიშნულ კომპოზიციას, რომელიც წარმდგენისთვის შეიქმნა. გამოვყოფ სცენოგრაფიას, რომლის ავტორიც გიორგი უსტიაშვილი გახლავთ. უსტიაშვილის დეკორაცია ყოველთვის გამოირჩევა სისადავით, ქმნის ატმოსფეროს, სივრცეს, რომელიც აძლიერებს სპექტაკლის სიუჟეტსა და ემოციებს. სცენოგრაფიას პიანინო, შავი მაგიდა, სკამები და მუქი, ტყავის სავარძელი წარმოადგენს. საბა ასლამაზიშვილი გიორგი უსტიაშვილთან და კოტე ეჯიბაშვილთან ერთად პირველად არ ქმნის სპექტაკლს - „ქარიშხალი“, რადიოთი შელოცვა“. პირველი მოქმედება ნინო გოშაძის პარტერიდან გასვლით მალევე სრულდება, ანა გადის თეატრის ეზოში და იკარგება.

მეორე მოქმედებაში კედელზე ვხედავთ ნინო გოშაძის ჩანაწერს, სადაც იგი ფსიქიატრიულ კლინიკაშია,  გადაჭრილი ვენებით ჩანს მისი მენტალური მდგომარეობა. ამ ფონზე გიორგი სურმავა ყვება ომის საზარელ ფაქტებს, რაც  ნაწარმოებშიც და სპექტაკლშიც უმძიმესი მოსასმენია. ჩანაწერის ბოლოს ვხედავთ ჩამქრალ შუქს და იდენტურ დეკორაციას სცენაზე, რაც ცხადყოფს მსახიობის ცოცხალ შესრულებას. ვფიქრობ, მხოლოდ ამ ეფექტური სცენით მართლდება კედელზე გაშვებული პროექცია. აღნიშნული მიზანსცენებით რეჟისორმა ამბავს და მოქმედებას დროის განზომილება შეუცვალა, წარსული  აქცია აწმყოდ.

რამინ კილასონია (ფსიქიატრი - ვაჟა ფოფხაძე) გოლფის კოსტიუმში გვევლინება. მისი გმირი ნაწარმოებშიც  და სპექტაკლშიც მოხსენიებულია, როგორც ხისტი, აგრესიული და პირდაპირი ფსიქიატრი. ცნობილია გოლფის თამაში ხელ უწყობს კონცენტრაციას, აერთიანებს ფიზიკურ აქტივობას, სტრატეგიას და მენტალურ ჩართულობას, კოსტიუმმა განსაზღვრა პერსონაჟის ხასიათი.

ფსიქოლოგი - ნინი სებისკვერაძე (თამუნა აბშილავა-კობახიძე) ანას პირადი ფსიქოლოგია, რომელიც იკვლევს პაციენტის მდგომარეობას. მას ერთ-ერთ სცენაში, სურათის ცარიელი ჩარჩო უჭირავს ხელში,  რაც შესაძლოა დაკარგულს, გამქრალს აღნიშნავდეს -  მაყურებელს აძლევს საშუალებას თავად წარმოიდგინოს და შექმნას საკუთარი ინტერპრეტაცია. მსახიობის შესრულება ხელოვნურია, ის არ არის სრულად ჩართული გმირის ემოციურ და ფსიქოლოგიურ სიღრმეებში - მის შესრულებაში  თამაში ჩანს.

აღსანიშნავია ჟურნალისტი - ჯეინ სმიტი (ნიარა ჭიჭინაძე)  და ფსიქოლოგი ლოგბტომი (გენა შონია), მათ ეპიზოდური  მაგრამ მნიშვნელოვანი როლი აქვთ სპექტაკლში.მსახიობების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გააზრებული და დამაჯერებელია, გათავისებული აქვთ გმირების სათქმელი.

საბა ასლამაზიშვილმა მთავარ ნარატივად ადამიანში ღმერთის,სიკეთის, რწმენის არსებობის საკითხი წამოწია. დეტალურ აღწერას შეგნებულად ვარიდებ თავს და არ განვიხილავ.

რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური თანხვედრა, მნიშვნელოვანი კომპონენტია გემოვნებიანი სპექტაკლის შესაქმნელად. თუმცა, ვფიქრობ, დრამატურგიული ხაზი და მსახიობების შესრულება ამ სპექტაკლის სუსტი მხარეა. ფორმა რომელიც რეჟისორმა შემოგვთავაზა უდაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია.

და მაინც, რატომ გადაწყვიტა საბა ასლამაზიშვილმა მარიამ ბექაურის - „ანას მომენტის“ სცენაზე გაცოცხლება? ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა. რეჟისორმა რომანიდან წამოწია მისთვის მნიშვნელოვანი თემები, მესიჯები, ტექსტი დაამონტაჟა, რამაც შთაბეჭდილება შემიქმნა, რომ სპექტაკლში მსახიობები კონკრეტულ ფრაზებზე იყვნენ კონცენტრირებულები. მაგალითად: „პატარა ქვეყნის სიმართლე არავის აინტერესებს“, „ძველი ბერძნები, ამბობდნენ, რომ მონა არის ადამიანი, რომელმაც სიკვდილისთვის თავი ვერ გაიმეტა“, „თქვენ თქვენი ტანსაცმლით განისაზღვრებით“.

bottom of page