top of page

პათეტიკური მონოლოგების ტყვეობაში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

431173127_17994686837565242_2463179147163946435_n.jpg

ვალერი ოთხოზორია

პათეტიკური მონოლოგების ტყვეობაში

 

თემო რეხვიაშვილის (პიესის ავტორი) და ილია ქორქაშვილის (რეჟისორი) „პათეტიკური მონოლოგები“ ის პატარა ციხესიმაგრეა, რომელიც პრინცესად ქცეულ კონკიასავით ატყვევებს მაყურებელს და უჩენს შიშს, რომ სპექტაკლის დასრულებისთანავე ისევ კონკიად გადაიქცევა, და ფაეტონი, რომლითაც გასეირნება ეღირსა, კვლავ გოგრად შეეცვლება. და შესაძლოა, ეს სწორედ ასეა, რადგან პიესა და სპექტაკლი ამგვარ მოჯადოებულ წრეზე - (ქართველი) „თეატრალების“, თუმცა „თეატრალებისა“ ფართო გაგებით, მიანიშნებს.

და მაინც, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს ძალიან კომიკური, პრაქტიკულად უნაკლოდ აგებული წარმოდგენა, ნაჯერი სევდითა და ზედაპირულობით, რიტუალების თვალთმაქცობით, სიყვარულისა და ერთგულების ფერებით მოქარგული ეგოიზმითა და მკზაკვრობით? იმიტომ, რომ ესაა იმ თაობის - ახალი თაობის! - ნამუშევარი, რომელიც წინა თაობების კომუნიკაციის ენას გაემიჯნა და მის მიმართ ერთგვარი გულისრევა ასახა იმგვარად, როგორც სარტრმა აქცია ზურგი მეტაფიზიკას, თითქოს ნაციზმისა და მეორე მსოფლიო ომის საშინელება იყნოსაო...

როგორია ამ ახალი თაობის გადაფასების ენა? ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ენა არააგრესიულია, პირიქით, ისაა კეთილი, იუმორისტულად ჰუმანური, პოეზიით სავსე, და - გულწრფელი.

თემო რეხვიაშვილის პიროვნების სათნო ბუნების არეკვლაა ეს ტექსტი. ის აგრძელებს ჩვენი დიდი, გულთბილი ჰუმანისტების - ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის და სხვ., იმედიანი განთიადის ენერგეტიკასა და ჩამავალი მზის ელეგიას.

„პათეტიკური მონოლოგები“ რეჟისორ ილია ქორქაშვილის მეორე, „წმინდა ნაწილების“ შემდეგ, გახმაურებული დადგმაა. მარტივი, უშუალო, ფაქიზად ნაქსოვი ტილო, რომელიც არასოდეს კარგავს დინამიკას და არც ზედმეტებში გადადის. სპექტაკლი ჰგავს ანიმაციურ წარმოდგენას თავისი ბუნებით, და ისეთივე ტკბილ-მწარე სიამოვნებით გავსებს, როგორც დისნეის მულტფილმების ყურება ბავშვობაში. მწარე - იმიტომ, რომ, რაც უფრო მაღალი ხარისხისაა მხატვრობა, მით უფრო მძაფრია კონტრასტის შეგრძნება ეკრანსა და იმ გარემოს შორის, რომლის ნაწილიც ხარ...

სპექტაკლის სცენოგრაფია, სადაც წითელი ფერი დომინირებს, სრული ჯადოქრობაა მხატვარ ქეთი ნადიბაიძისგან. ქეთის შთამბეჭდავი სცენოგრაფია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის მიღმაც ხიბლავს მაცქერალთ, მაგრამ „პათეტიკური მონოლოგების“ გაფორმება მაინც საოცრად შთამბეჭდავია! წითელი თითქოს არასოდეს ყოფილა ამდენად წითელი!... ესაა აგრესიის ფერი, დაცინვისაც, ეროტიკის ფერიც (უნდა ითქვას, შეკავებული, ალაგმული, და სულ სხვა ფორმით, გლოვა-გოდებით გამოხატული ეროტიკის...) და ნარცისიზმისაც (ქედმაღლური პრეტენზიულობის, კოკეტობის); მაგრამ ესაა, ამავე დროს, იმ ფუჭი ფაციფუცის, ამაოების ფერი ამ სპექტაკლში, რომელი ამაოებაც განსხეულებულა კონკრეტულ პერსონაჟებად, და ცოცხალ-მკვდარი გვამის სახით, იმ გვამისა, რომელსაც საბოლოო გარდაცვალებას არაფრის დიდებით ანებებენ...

სპექტაკლი გვიჩვენებს განსვენებული მსახიობის - არჩილის დაკრძალვის ცერემონიას. მისი ოჯახის წევრების, კოლეგების, და თვით კულტურის მინისტრის მიერ პირად-საზოგადო ჭირის გაზიარებას.    

ცოცხალ-მკვდარი არჩილის როლს ჩვეული ვირტუოზულობით ასრულებს მსახიობი ვანო თარხნიშვილი. „მეფე ლირის“ მასხარას შემდეგ, არანაკლებ „მასხრულია“ მის მიერ შესრულებული არჩილი. დაუვიწყარია კუბოში მწოლიარე ცხედრის ალაგ-ალაგ ჩაღიმებანი და მოულოდნელად, „მკვდარი სხეულიდან“ ნატყორცნი ჟესტები, გამუდმებით რომ იგერიებს იმ „სიცოცხლის ბუზს“, რომელიც მას საბოლოო სიკვდილისათვის ვერაფრით იმეტებს. ჩვენი, ქართული ყოფის სპეციფიკაც ხომ ესაა: საბოლოო სიკვდილისთვის ვერგამეტება. გამუდმებული გლოვა და ჭორაობა გარდაცვლილზე, რითაც ცოცხლები ცოცხლობენ, ვიდრე გარდაცვლილის როლს თავად იტვირთავენ...

მსახიობ სოფო გვიმრაძის ანტიგონე არ ასვენებს გარდაცვლილ არჩილს და დამარხვის წინაც აიძულებს იყოს კრეონი... ნატალია გაბისონიას „გლოვაი სარკვირველი“ სიცილის შოკში აგდებს და ამყოფებს მაყურებელს... ნატალია, რომლის შესრულებული როლები მაყურებელს ცოცხალ სურათებად მიჰყვება, „პათეტიკურ მონოლოგებში“ თავად პათეტიკის ზღვარს ჰორიზონტის ხაზს მიღმა გადასწევს... აქ ნატალია უბრალოდ დაუვიწყარზე მეტია... არის შემთხვევა, როცა მსახიობი არა მხოლოდ თამაშობს, არამედ თავად თამაში შთანთქავს მას, აქცევს იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება... როგორც დიდებული პოეტი ამბობს - „მე ლექსს არა ვწერ, ლექსი თვითონ მწერს“, სწორედ ასეთი პერფორმანსი აქვს ნატალია გაბისონიას, განუმეორებელი პერფორმანსი, რომელიც - რაღაც ჯადოქრობით - ყოველ სპექტაკლზე მეორდება... ნატალია ტრანსში გადადის... და გადაჰყავს მაყურებლები, მთელი დარბაზი, სიცილის ტრანსში... ეს გადასვლა მაყურებლის მხრიდან დიდი თანაგანცდაა. მახსენდება ომლეტის შეწვის ის მეთოდი, ორი ჩხირით ტაფაზე დასხმულ კვერცხს რომ წვის პროცესში წრეზე დაახვევენ, სწორედ ასე იხვევს პუბლიკას ნატალია გაბისონია თავის „პათეტიკურ მონოლოგში“...

ბექა ხაჩიძის გმირი სიტუაციის მართვას ცდილობს... ზედმეტობების მოთოკვას, გაყვანა-შემოყვანას, მითითებას, შენიშვნას, ჯერარსად ყოფნას... ისიც მსახიობია, მსახიობი, როგორც მსახიობი... წელში მოხრილი, სპორტულ ფორმაში, „ვაჟნი“ - ზედგამოჭრილი სიტყვა ამ პერსონაჟისთვის...

გიორგი რაზმაძის სცენის მუშა და განსაკუთრებით - თბილისის ანძა, პოეტურობის კომედიური ნიმუშია, რომელიც ფარსის ვიბრაციას მთაწმინდის პანთეონიდან რადიოტალღების დონეზე აღამაღლებს... ჯერ არასდროს არ ყოფილა თბილისის ანძა ასეთი ნაზი... განსაკუთრებით მთაწმინდის პანთეონიდან დიდთა გარდაცვლილთა სულების მსჯელობისა თუ დისკუსიის ფონზე...

გვანცა ენუქიძის პარკინგის არიის (sic!) შემდეგ, რომელიც არტისტიზმისა და მუსიკალობის ოქროვარაყით რთავს სპექტაკლის ჩარჩოს, სრულიად არაჩვეულებრივი გამოსვლით ადგამს მთავარ გვირგვინს შესანიშნავ დღესასწაულს (sic!) ლაშა-გიორგი ლაშხის კულტურის მინისტრის „პარტია“...

კულტურის მინისტრის ფიგურა სპექტაკლის მთავარ გამოწვევად უნდა ჩაითვალოს, რომელიც წარმატებით გადაწყდა. მთავარ გამოწვევად, იმიტომ, რომ „პათეტიკური მონოლოგების“ კულტურის მინისტრი არც ქალია, არც ერთპარტიული, არც ცალსახად მიკერძოებული, ის პირში ახლის ყველა მხარეს თავიანთ სარკულ ანარეკლებს, ეს არაა ცარიელი და ზედაპირული გმირი, კულტურის მინისტრი ყველაზე ღრმა დრამატული პერსონაჟია ამ სპექტაკლში, რომელიც იტანჯება წინააღმდეგობებით და გულის სიღრმეში არ სურს იყოს ისეთი, როგორიც არის... ლაშა-გიორგი ლაშხის შესრულება ცალსახა აღფრთოვანებას იწვევს...

„პათეტიკური მონოლოგები“ სიტყვისა და ქმედების, დრამატურგიისა და რეჟისურის საშური ტანდემის ნიმუშია. წერა არ წყდება არც სპექტაკლის შექნის შემდეგ. დრამატურგი პერმანენტულ თვითირონიას მიმართავს საკუთარ ნამუშევარზე კომენტირებით, რომელიც ამავე დროს მწარე ნესტარია კრიტიკის მიმართ. ამის ბრალი ხომ არაა ის, რომ აქამდე, „პათეტიკურ მონოლოგებზე“ რეცენზია არ დაწერილა?!...

უნდა აღინიშნოს, რომ „პათეტიკური მონოლოგების“ სახით შეიქმნა რაღაც ახალი, რაღაც ძალიან თეატრალური, როგორც „კარგად დავიწყებული ძველი“, ერთდროულად ზედაპირული, ფრივოლური და ამავე დროს არსებითი, არა თითიდან გამოწოვილი, ნამდვილი ხელოვნების ქმნილება. არ შემიძლია არ ვიყო პათეტიკური და არ ვთქვა, რომ „პათეტიკური მონოლოგების“ სახით ამ წლის პრემია „თავისუფალის“ რეალური კანდიდატი გამოიკვეთა, გნებავთ საუკეთესო რეჟისურის, გნებავთ საუკეთესო სცენოგრაფიის მხრივ...

რამდენად დამატყვევებელია პათეტიკა, და თანაც ამდენად „პათეტიკური“...

ფოტო თეატრალური კომპანია „ჰარაკის“  გვერდიდან

bottom of page