„პატრიარქი ჩვენზე ჭკვიანია“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„პატრიარქი ჩვენზე ჭკვიანია“
„ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ. ვინაიდან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“; და კიდევ: „ მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა“. ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ ორი ან სამი მოწმე არ იქნება. შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში“. - პავლე მოციქულის წერილი 1 ტიმოთეს მიმართ 5:17-20 [1]
ხუცესების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არ უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ ორი ან სამი მოწმის მიერ არ დამტკიცდება. დამნაშავე ხუცესების საჯარო მხილება სხვათა გაფრთხილებას ემსახურება. [2]
დასაწყისში უპირველესად საკუთარ თავს და შემდეგ თითოეულ თქვენგანს მინდა პიესიდანვე ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა შეგახსენოთ: „ყველაფერზე პირდაპირ და ღიად ილაპარაკე, განსაკუთრებით - იმაზე, რაზეც ყველაზე მეტად არ გინდა“.
მიუხედავად იმისა, რომ სათეატრო სივრცე ერთი შეხედვით არ სდუმს და სიტყვის, გამოხატვის, სიმართლის მხილების მომხრეა და თითქმის ყველა პრობლემას ეხმიანება, არც თუ ისე რთულად მოიძებნება საკითხები, რომლის გაჟღერებაც ცენზურისა თუ გარკვეული სანქციების გამო კვლავ მიჩქმალულია. იმედია, არ შეურაცხყოფ არავის გამბედაობას თუ ვიტყვი, რომ დღეს არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, რომლებზეც ხმამაღლა დისკუსიის ცოტა არ იყოს გვეშინია, რადგან მეტწილად გაბატონებულია აზრი, რომ რიგითმა მოქალაქემ არ უნდა ისაუბროს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკლესიის პრობლემები, ფანატიზმი, ფარისევლობა, ფსევდო სასულიერო პირთა მოღვაწეობა და ა.შ.
საკმაოდ დიდი ხანია თეატრს ხმა არ აუმაღლებია ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად დამღუპველი ინსტიტუციის წინააღმდეგ, რადგან მნიშვნელოვანთან ერთად, ტაბუირებულია თემა თუ რა ხდება საპატრიარქოში, ეკლესიის კულისებში. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ აინტერესებთ ან არ აწუხებთ, რადგან ცალსახაა, რომ სწორედ აღნიშნულ ინსტიტუციაში არსებული პრობლემები ხელს უწყობს ქრისტიანი მრევლის დაკარგვას და უფრო ცუდ შემთხვევაში მათ დეგრადაციას. ფარისევლობისა და ფსევდო სასულიერო პირების მოწინააღმდეგე დრამატურგი ჰენრიკ იბსენი თავის პიესაში „ბრანდი“ ამბობს, რომ „ადამიანის სული დაკნინდა, იმის გამო, რომ ჰქონდა არასწორი შეხედულება ღმერთზე“. ახლა არ ვისაუბრებ მორწმუნე ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ საზოგადოების თვალში ყოველი სასულიერო პირი და შექმნილი გარემო, სწორედ ღმერთისა და რწმენის დამოწმებაა. მოკლედ, ამ საკითხზე დუმილი ძალიან სახიფათოა. თავად ბიბლიაში ვკითხულობთ: „... მკაცრად ამხილე ისინი, რათა საღნი იყვნენ რწმენაში“. - პავლე მოციქულის წერილი ტიტეს მიმართ 1:13 [3]
ამ დიდი გულისტკივილისა და სამწუხარო მოვლენებისა თუ სავალალო მდგომარეობის ფონზე საბედნიეროდ სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარში გამოჩნდა სპექტაკლი „წმინდა ნაწილები“, რომლის ავტორიც ვალერი ოთხოზორია გახლავთ. პიესა შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ ქართულ ანტიკლერიკალურ ნამუშევრად (თუმცა ქართველ თანამედროვე დრამატურგებს მეტ-ნაკლებად აქვთ მცდელობა. მაგალითად გუგა მგელაძის მონოპიესა „მღვდელი“, რომელიც უშუალოდ სასულიერო პირების მანკიერებას ამხელს) დრამატურგს ძალიან თამამად, სწორად და მწვავედ აქვს საკითხები დასმული და ამასთანავე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტექსტი ერთდროულად რამდენიმე ჟანრს აერთიანებს: დრამა, კომედია, ფარსი, სატირა, ტრაგედია... მთელი სპექტაკლი გამსჭვალულია ირონიით. ეს არის შემთხვევა, როდესაც განსხვავებული ჟანრები ერთმანეთთან თანხვედრაშია. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ გადაჭარბებულ ცინიზმსაც ვხვდებით, მაგრამ ამ ფაქტორის გამართლება იმ მარტივი მიზეზით შეიძლება, რომ რთულია აღნიშნულ საკითხზე სრული სერიოზულობით საუბარი, ასე რომ ვთქვათ: „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. გარდა იმისა, რომ ვალერი ოთხოზორია თემატურად სიახლეს გვთავაზობს, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პიესა ქართულ დრამატურგიაში სიახლეა, თავისი ტექსტუალური ელემენტებით, სტრუქტურით, ფორმითა თუ დრამატურგიული განვითარებით. და აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრამატურგს გააზრებული აქვს სახარებისეული სიუჟეტები, რაც სიფრთხილითა და მინიშნებებით ჩანს მის პიესაში. თანაც, ყოველივე ამის კომედიითა და კომიზმით გადმოცემა საინტერესოსთან ერთად მოულოდნელიცაა, რომ თეატრი მსგავს მწვავე თემასთან დაკავშირებით სწორედ ბუფონადის ელემენტებითა და კომედიით იმაღლებს ხმას.
მინდა მოვიშველიო XVIII საუკუნის განმანათლებლის, დენი დიდროს მოსაზრება, რომ „თეატრი არის ტრიბუნა რევოლუციური იდეების საქადაგებლად“. [4] სპექტაკლის ნახვისთანავე აგიჩნდებათ აზრი, რომ პიესაც და სპექტაკლიც უეჭველად მოჰყვება მწვავე კრიტიკისა და განსჯის ქარცეცხლში, ოღონდ არა სპექტაკლის მხატვრული ფორმის, ან სტრუქტურის, ან რაიმე წუნის მიზეზით, არამედ სწორედ თემისა და პრობლემასთან გამოხმაურების გამო. შესაბამისად სპექტაკლზე მისულს, პარტერში გამართული წარმოდგენა არ გამკვირვებია, როდესაც რამდენიმე ადამიანმა ერთი წინადადებით შემსრულებელნიც და მაყურებელიც დეგრადირებულებად მოიხსენიეს, დემონსტრაციულად და განგებ ხმაურიანად (კარის მიჯახუნებით) დატოვეს დარბაზი. ამდენად, სამეფო უბნის თეატრმა აღნიშნულ მწვავე საკითხზე პოლემიკა დაიწყო და რეჟისორმა ილია ქორქაშვილმა ფაქტობრივად ღიად არამხოლოდ ამხილა, არამედ დუელში გამოიწვია და ბრძოლა გამოუცხადა ყველაზე დიდ ინსტიტუტებს პოლიციასა და საპატრიარქოს.
რეჟისორმა ილია ქორქაშვილმა სპექტაკლზე დათა თავაძესთან (დადგმის ხელმძღვანელი) ერთად იმუშავა. ტექნიკური რეჟისორი- მაია სალთხუციშვილი, სცენოგრაფია ეკუთვნის ქეთი ნადიბაიძეს, მუსიკა- ზუკა ბაბუნაშვილს, კოსტიუმებისა და პოსტერის დიზაინერი თამრი ოხიკიანი გახლავთ. სპექტაკლში რვა მსახიობი მონაწილეობს: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა, ქეთა შათირიშვილი.
სპექტაკლში ყველა კომპონენტი ერთმანეთთან თანხვედრაშია და შერწყმულია ისე, რომ მკაფიოდ ჩანს, რომ თითოეული ემსახურება ერთ ამოცანას. ანალოგიურად მსახიობებიც, ილტვიან ერთი მიზნისაკენ და თითოეულს გააზრებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა. შესაბამისად რთულია ვთქვათ, რომ რომელიმე მსახიობი მეტად ან ნაკლებად გამოირჩევა სპექტაკლში. თითოეული მათგანი, დღევანდელი საპატრიარქოსა თუ პოლიციის წევრების ანარეკლია. კრებითი სახეები არიან იმ ამორალური საზოგადოების, რომლებიც დღევანდელ პრობლემატურ გარემოს ქმნიან. აქედან გამომდინარე, მათ უწევთ ზუსტად, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე წარმოაჩინონ პერსონაჟთა სახეები, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩანს თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი.
„შეეშვი ამ მონასტერს, სახლში დაბრუნდი!“
პოსტერზე (ავტ. თამრი ოხიკიანი) ვხედავთ დედა ნაზის (მაგდა ლებანიძე). სპექტაკლის ავტორებს ნაზის პერსონაჟით იმ სასულიერო პირების მანკიერებების გამოაშკარავება სურდათ, რომლებიც თავიანთი ცრურწმენებით საზოგადოებაზე გავლენას ახდენენ და ამავდროულად აბინძურებენ კულისებს, ანუ საკურთხეველს. საზოგადოებას დღემდე ჰყავს კერპები და დღემდე სჯერათ, რომ „დედა ნაზი“ სასწაულმოქმედი ქცევით განკურნავს.
„მითხრეს დედა ნაზი ფეხზე დაგაფურთხებს და უკეთ გახდებიო. ცოდო ხარ, სწორად სიარული არ შეგიძლია, თანასწორობის ბედნიერებას შენც იმსახურებო. მეც დავიჯერე და დედა ნაზის ფეხზე დავაფურთხებინე“. „სანამ დედა ნაზი თვალში ფურთხებას დამიწყებდა, სრულიად ბრმა ვიყავი. მან თვალი ამიხილა“. ამ ყოველივეს კი მხოლოდ ერთი ფრაზით შემიძლია ვუპასუხო: „არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ“ - გამოსვლა 20:4 ვინაიდან არანაირ ადამიანურ ძალისხმევას არ ძალუძს ღვთის გამოსახვა, ღმერთმა აკრძალა მისი ხატების შექმნა, როგორც პირდაპირი, ისე კონცეპტუალური სახით. [5]
თუმცა დედა ნაზის შემთხვევაში საქმე უფრო მძაფრადაა, რადგან დიდი ძალაუფლების მქონე ინსტიტუციას ნაკლებად აინტერესებს ნაზის წახდენილი ცოდვები, მკვლელობები თუ სხვა დანაშაულები, რადგანაც ნაზი მხოლოდ საფრთხის შემქმნელად იქცა, რომელიც ეკლესიის კულისებს ამხელს. საბოლოოდ კი მონაზონი დედა ნაზი მსხვერპლია, რომელიც სიმართლის მხილების თავდაუზოგავი მცდელობებით მარცხდება.
„ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო..“
„სადაც ჩვენ ჭვრიტეს ვხედავთ, პატრიარქი დირეს ხედავს...პატრიარქი ჩვენზე ჭკვიანია“.
ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სპექტაკლის კულმინაციური ეპიზოდი აღმოჩნდა, სადაც მომაკვდავი პატრიარქი (კატო კალატოზიშვილი) აბაზანაში წევს და ელოდება „ყოვლისშემძლე“ დედა ნაზის. „ვიცი ეს ჩვენი შეხვედრა არ არის, ჩვენი დუელია“. პატრიარქისა და ნაზის შეხვედრა დედა ნაზისადმი ზიზღის ამოფრქვევაა, დიალოგის ბოლოს დედა ნაზი პატრიარქს რკინის ჯვრით ახრჩობს. ამ პროცესს კი დამსწრე სამღვდელოება აუღელვებლად უყურებს, თუმცა სიკვდილის შემდეგ თითოეული სვამს კითხვას თუ „ვინ იქნება ახალი პატრიარქი?“ . „რა თქმა უნდა, ეს ბოზი. ხალხს ხომ ეს უყვარს“ - ამბობს მღვდელი. ეს მიზანსცენა ზუსტი ანარეკლია ბოლო პერიოდში მომხდარი სავალალო მოვლენებისა, ამაზე კი თუნდაც ის მიუთითებს, რომ დაუნდობელი ბრძოლა ცხადდება პატრიარქის ადგილის დასაკავებლად.
სცენოგრაფია სპექტაკლისთვის ძალიან ზუსტად და მინიმალურადაა შექმნილი. შენობის შიშველი და შეულამაზებელი კედლები წარმოდგენას ავთენტურობას სძენს. ამასთანავე უცხო არ ყოფილა (რადგან აქამდე გვინახავს „პრომეთეში“) ნაგავსაყრელის იმიტაცია. „ყველგან ჭუჭყია. მთელი ქვეყანა ნაგავსაყრელად იქცა“. ყოველივე ამ სიბინძურის ყვავილებით დაფარვა კი მწარე და ირონიით გაჯერებული მეტაფორული გადაწყვეტა გახლავთ. ისევე როგორც კოსტიუმები, სადაც თითოეული დეტალი თითქოს მიგვანიშნებს, კონკრეტულ პირებზე. ვფიქრობ, ქეთი ნადიბაიძისა და თამრი ოხიკიანის ნამუშევრები ერთმანეთთან ძალიან ორგანულადაა შერწყმული, იმდენად, რომ სანამ აფიშაზე არ ამოვიკითხე, ვერ დავუშვი, რომ სცენოგრაფია და კოსტიუმების მხატვრობა სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევარი იქნებოდა. ორივე მათგანი პირობითობას ირჩევს და ამავდროულად, მათი პირობითობა ხელს უწყობს რეალობის ასახვას. აქვე, კიდევ ერთხელ დავესესხები დენი დიდროს, რომელიც ამბობს, რომ სინამდვილე და ცოცხალი ბუნება ხელოვნების პირველი მოდელია. [6]
„ჯვარი ისე უნდა გეჭიროს, ჯვარს ჰყავდე დაჭერილი და არა პირიქით“
რეჟისორმა ისე შემოსა სპექტაკლი, რომ მაყურებელს თან აცინებს, მაგრამ ამავდროულად მოდუნების საშუალებას არ აძლევს და მნახველს მინიშნებებით ამოაცნობინებს კრებით სახეებში მოქცეულ კონკრეტულ პირებს.
ვალერი ოთხოზორიას, ილია ქორქაშვილისა და დათა თავაძის სპექტაკლი „წმინდა ნაწილები“ გახლავთ ზუსტად პოდნოსით მორთმეული მწარე რეალობა მიწაში ჩადებული ეკლესია, მიწაში ჩადებული მთავრობა, პოლიცია და მიწაში ჩადებული საზოგადოება.
[1] „ბიბლია კომენტარებით“ - გამომცემლობა „პარადიგმა“, თბილისი, 2015 გვ.2051
[2] „ბიბლია კომენტარებით“ - გამომცემლობა „პარადიგმა“, თბილისი, 2015 გვ.2051
[3] „ბიბლია კომენტარებით“ - გამომცემლობა „პარადიგმა“, თბილისი, 2015 გვ.2068
[4] დენი დიდრო „პარადოქსი აქტიორზე“
[5] „ბიბლია კომენტარებით“ - გამომცემლობა „პარადიგმა“, თბილისი, 2015 გვ.126
[6] დენი დიდრო „პარადოქსი აქტიორზე“
სტატიაში გამოყენებულია ფოტოები სამეფო უბნის თეატრის Facebook გვერდიდან