PERMANENT
WATERPROOF INK
„უსიყვარულოდ“ სიყვარულით
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
PERMANENT WATERPROOF INK
„უსიყვარულოდ“ სიყვარულით
„აღვნიშნავ, რომ თეატრი ბევრად აღემატება რაციონალურ და ლოგოცენტრულ („დრამატულ ტექსტს“) მოქმედებებს. მკითხველს შევახსენებ, რომ დადგმის სამყარო შედგება ოთხი საკვანძო სფეროსგან: გართობა, რიტუალი, მკურნალობა და განათლება. თანამედროვე დასავლური ორთოდოქსული თეატრი გართობასა და განათლებას (პოლიტიკური თეატრი) უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე რიტუალსა და განკურნებას. თუმცა, ეს თავისთავად გამორიცხავს ბევრი ისეთი დადგმის შექმნასა თუ ხელახლა აღმოჩენას, რომლებიც წინ წამოსწევს რიტუალსა და განკურნებას.“
რიჩარდ შეხნერი, „გარემოს თეატრი“ (მთარგმ. ქეთევან გრძელიძე).
ხორბალაძე ის რეჟისორია, რომელიც თავის ხელოვნებას გვაწვდის უპირატესად ორი მოდუსით: რიტუალი და მკურნალობა. მკურნალობა, ანუ თერაპია, მოიცავს აღსარებას, ტანჯვასა და გაზიარებას, ანუ სხვასთან (პუბლიკა, სხვები) კომუნიკაციას. ამასთან, ეს სხვა დისტანცირებული სხვაა, ე.წ. ჯანსაღი სხვა, რომლისგანაც ემოციურ-იდეოლოგიური კონტამინაციის საფრთხე მინიმალურია. ვფიქრობ, მაყურებელი გარკვეულ თერაპიულ ან პალიატიურ პროცესს გადის ხორბალაძის სპექტაკლზე დასწრებით. თუმცა, გაცილებით რთულია, მიხვდე, რა აწუხებს მაყურებელს, ვიდრე ის, რა აწუხებს, ან რა სჭირს რეჟისორს. რადგან რეჟისორის მდგომარეობა, მსოფლმხედველობრივ-კულტურულ-პერსონალურ-პროფესიული ანამნეზის სახით მოცემულია სპექტაკლის დენად-გამჭვირვალე მატერიაში. მაყურებელს, შესაძლოა, უფრო მეტად რიტუალი და მასში მონაწილეობა, დასწრება ხიბლავს, ხოლო რეჟისორს უფრო მეტად - თვითთერაპია გარკვეული ექსგიბიციონიზმით, ანდა ამ თერაპიის შეუძლებლობა, რაც განაპირობებს იმას, რომ ის სახელოვნებო პროდუქტს ქმნის. ხორბალაძე ის რეჟისორია, რომლის ფოკუსში მოცემულია პიროვნება, როგორც „სოციალური ცხოველი“, ესე იგი სოციალური (და პოლიტიკურიც) კონტექსტი სურვილთან დიალექტიკაში, მათი შეერთებისა თუ გადაკვეთის წერილები კი აღინიშნება ტექსტისა და იმიჯის პოეტურ-მელანქოლიური ამალგამით.
ნამდვილად, ხორბალაძის სპექტაკლი გამოირჩევა რიტუალურობით. ეს ითქმის „ანმემორიზე“ [Unmemory] ისევე, როგორც „ანლავზე“ [Unlove]. ეს არ არის რიტუალი, აღებული ფოლკლორიდან, არც პრეისტორიული ეპიზოდებიდან, არც ხალხურობა და არც გამოქვაბული. რიტუალია თავად ის ქსოვილი, რომელსაც მთლიანი სპექტაკლი წარმოადგენს: ნელი, ჩამთრევი, ერთდროულად დენადი, მაგრამ თავის არსში ციკლური. მისი პერსონაჟები ერთდროულად დრამისა და რიტუალის პერსონაჟები არიან, ამ ორიდან ვერცერთ მომენტს ვერ მოგლეჯ ერთი-მეორეს. რაც შეიძლება სპექტაკლს გარეთ სკაბრეზად ან უხამსობად ჩანდეს, სპექტაკლში ავთენტური და ორგანულია, რამდენადაც რიტუალის ელემენტებია. და რიტუალურია იმიტომ, რომ არსად არაა ხაზგასმული, არც ნახსენები რიტუალი, მხოლოდ დრამა, მხოლოდ ტანჯვა და აღსარება, მანიფესტაცია შინაგანის და გარეგანის, რამაც შემოქმედის აღქმაში გაიარა და თავისი გამოქვაბულები დატოვა, უფრო სწორად - „ღრმულები“, დინოზავრის ნაკვალევივით: „წერილია ზოგიერთი დასასრული მხოლოდ. ცეცხლი. ღრმული. ნაფეხური უკანასკნელი დინოზავრის.“
„Unlove“ სრულიად შთამბეჭდავი, მომნუსხველი და ჩამთრევი წარმოდგენაა. რადგან დღეს, ჩვენ სიყვარულზე მეტად გვჯერა უსიყვარულობის და სიყვარულზე მეტად ვენდობით მის წინასწარ დამარცხებულობას, განწირულობას, უსიყვარულობის მდგრადობას. დღეს, ჩვენ გვჯერა, რომ მეტი სიმართლეა უსიყვარულობაში - სიმართლის ფესვები სწორედ მასშია, ამიტომაც მივყვებით იმას, ვინც ამ ფესვებს უღრმავდება და იძიებს, - ვიდრე სიყვარულში. სწორედ ამ თაობისთვის შეიქმნა ეს სპექტაკლი, შექმნილი ამ თაობის წარმომადგენლისგან. ესაა შიშველი თაობა, რომელიც თავის შიშველ სხეულს ბერძნებივით ღვინის ლარნაკზე როდი ახატავს, არამედ გლოვობს დამსხვრეულ ლარნაკებს და დამსხვრეულ სარკეებს, თავის დამსხვრეულ ანარეკლებს. „საყვირების ხმა. თაიგულები ტრიალებს. ვარდები ლპება. მატლები იკვებებიან. იზრდებიან. შემოდის 0 კომპიუტერითა და მაგიდით ხელში.“
რას ნიშნავს ბეჭდვა სამყაროში, სადაც საყვირების ხმა ისმის, ვარდები ლპება, თაიგულები ტრიალებს და ჭიები იზრდებიან? 0-ის - სანდრო სამხარაძის მაგიდით შემოსვლა - მე ვიტყოდი „შემოტანტალება“ - დაუვიწყარია ისევე, როგორც მანამდე, მაშველის (გიორგი გიორგანაშვილი) შემოსვლა, წითელი სახანძრო ბალონითა და შიშველი ასოთი... ასო, რომელიც სპექტაკლის განმავლობაში პერმანენტულად ფიგურირებს, არ არის უბრალოდ ასო... ესაა ის სიბრტყე, როგორც კედელზე მიკრული ბანანი, სადაც სიყვარული უაზრობისთვის განწირული მსხვერპლია, სხეული კი პირდაპირი ექსპლუატაციის (და ფეტიშის) საგანი; სამყაროში, სადაც უსასრულო ინფლაციას განიცდის სიტყვა და ასო-ნიშანი, სწორედ სიტყვა და ასო-ნიშანი, ასოს წინააღმდეგ, იძენს უშუალო რეზისტენტულობას, როგორც პალიატიური შრატი პროგრესირებადი ვირუსის წინააღმდეგ. „ყველაფერს დავწერ, რასაც მეტყვი. შენი მონა ვარ. შენი ჩრდილი. არ მიმატოვო.“
„0 ჯდება და იწყებს ბეჭდვას. PERMANENT WATERPROOF INK“. წყალგამძლე მელანი - ის, რაც უძლებს მარტოობას, ეწინააღმდეგება მარტოობას, როგორც უფრო მეტი, ვიდრე მარტოობა, უფრო ძლიერი, ვიდრე მარტოობა. „Unlove“ ამტკიცებს ძალას, დემონსტრირებს ძალას, ესაა, უდავოდ, აგრეთვე ძალმომრეობის აქტი - ეს არაა უბრალოდ სპექტაკლი -, რამდენადაც ძალადობა სავალდებულოა. ესაა ძალა იმისა, ვისაც ის არ აქვს, ვინც ძალისაგან დაცლილია, ძალმომრეობა უძლურისგან. „Unlove“ როგორც მანიფესტური სპექტაკლი, რომელიც შორსაა ანალიზისგან, რამდენადაც ესაა აღსარება, ანალიზი ყალბია და არავალიდური. ანალიზს ფასი არ აქვს, რადგან საქმე ეხება გადარჩენას. „უნდა გადაარჩინო. [...] უნდა იბრძოლო. ეს მნიშვნელოვანია.“
სპექტაკლი თითქმის ფიზიოლოგიურ დონეზე. ანტი-თეატრი, როგორც ფიზიოლოგია. „შეგეცი ნებისმიერ შემთხვევაში. [...] შეგეცი გულისრევამდე.“ ახალი მომავლის პოტენციისკენ მქროლი კურიერი კუნძებით სავსე ტყეში კვდება, ის კი მისი ბოიფრენდისგან მიდის, ქალაქს ციდან მტრედები აჯვამენ და დილის 6 საათზე მამაკაცები თავიანთ მანქანებს ჭავლმტყორცნით აპრიალებენ... გამოტყორცნილ ჭავლზე მეტი ირონია ფეთქავს ამ სიტყვაში: „ჭავლმტყორცნი“. ამ ქალაქში, ამ პარადოქსულ ქალაქში - თუმცა, ქალაქი თავისი არსით პარადოქსულია, როგორც წინააღმდეგობათა ჰარმონია, - ის შეპყრობილია სექსით და შოპინგით. „დაკარგული ნარცისი ღამის ქუჩებში დადის, არ ახსოვს სად მიდის...“
„Unlove“, ანუ მზერა, ვისთვისაც „ყველაფერი ახლა სხვაა და უმნიშვნელო“, ვისაც ხიდის მოაჯირი ხელისგულს უსერავს და ვინც „მდუღარე მტკვარს გადაჰყურებს“. „Unlove“ ძალიან ჰგავს თანამედროვე თბილისს, სადაც ერთმანეთს ერთვის წმინდა და უწმინდური, ნაგავი და ბრილიანტები, და მათ შორის დისტანცია არარსებულია. თითქოს, თავად თბილისი იქცა ავტორად და საკუთარი, მოკლე მონოლოგი ირაკრაკა. „Unlove“ ძალიან ჰგავს თანამედროვე თბილისს, სადაც ნივთები თითქმის საკრალურად მნიშვნელობენ. ნივთები საოცრად ეგზოტიკურები არიან ამ ქალაქში, და ამ სპექტაკლშიც: ნივთები უსასრულოდ იმარხავენ ეგზისტენციალურ ნაკადებს - ჩაფხუტი, ბალიში, ლაბადა, სათვალე...
მას სურს გაქცევა, მაგრამ გაქცევა უტოპიაა. „Helicopter Helicopter. Melancholy without conveying nostalgia.“ თუკი დადგება დრო, როცა ქართველები არსებულით ფუნდამენტურად დაინტერესდებიან, მაშინ ხორბალაძის ამ ტექსტს ჩათვლიან, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიყვარულის ახსნას ქალაქისადმი, როგორც ნიშანთა სისტემისადმი, ესე იგი ცხოვრებისადმი. რადგან შეუძლებელია გადმოსცე ეს - Helicopter Helicopter, - შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება ანუშკა ჩხეიძის და დავით ხორბალაძის. აბსოლუტურად დაუვიწყარი სცენოგრაფია ანა გურგენიძის, რომელიც მასტერკლასს აჩვენებს „ანმემორიდან“ მოყოლებული (და კოსტუმები ლევაუ შველიძის).
გაწელილი მოგეჩვენებათ სპექტაკლი, სასმენად ძნელი და ბოლოში შეუძლებელი - დაღლილობისგან. არ მოგბეზრდებათ იმიჯები, თუმცა რიტუალურობა 2/3-ის შემდეგ გაიცრიცება და ფინალის წყურვილი შეგიპყრობთ. პოლიტიკური ტრაფარეტული ლანძღვა-გინება მთავრობისა ვერ მოგხიბლავთ, თუნდაც თქვენ იყოთ, ვინც ბარიკადებთან დგას და დროშებს აფრიალებს. ქალებს (გვანცა ენუქიძე, თამარა ჩუმაშვილი), მიუხედავად შესანიშნავი ძუძუებისა და დამბანგავი ხმისა, დაჩრდილავენ მამაკაცები, რადგან ეს მამაკაცების სიმღერაა, მასკულინიზმის, თუმცა ინვერსიულის, ზენიტი. მაგრამ იცოდეთ, ცრემლები, რომლებმაც ბალიში დაალბო, იმ სიყვარულის ღვრაა, ასე უსულგულოდ რომ იწელება, იტვირთება (იხუნძლება), და ასე ძალიან ჰგავს ქალაქს. ვის ტყავზეც თბილისია, ის ამ წარმოდგენას ძალისხმევის გარეშე მოირგებს. თბილისს გარეთ, ვფიქრობ, რაღაცას მიხვდებიან, როცა ნახავენ, მაგრამ უცხო იქნება მათთვის.
ხორბალაძეს არ აღიარებენ, თუმცა აფასებენ, და სწორედ ასე - არაღიარებით უხსნიან სიყვარულს, გულგრილი მზერით, დასწავლილი მზერით. ეს თავად თბილისის მზერაა, ციკლოპის თვალი, „მდუღარე მტკვარის“ გულგრილობა. ცხადია, არსებობენ რეჟისორები და დრამატურგები, რომლებიც საყურადღებო ნამუშევრებს ქმნიან, მაგრამ შესაძლოა, ხორბალაძე იმ უმცირესობაშია, რომლებიც სიყვარულით ქმნიან. შესაძლოა, ხორბალაძე, ამ მხრივ, ერთადერთი რეჟისორია: დეფიციტური, მარგინალური.
ფოტო დავით მესხი