პიანინოს მიერ მოთხრობილი ამბავი
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
პიანინოს მიერ მოთხრობილი ამბავი
ანტონ ჩეხოვის პიესებში ყოველი საგანი ან ნივთი დიდი სიმბოლური დატვირთვას იღებს: გინდ ეს იყოს მკვდარი თოლია, კარადა „ალუბლის ბაღიდან“, რომლიდანაც გოგი მარგველაშვილის სპექტაკლში (მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობის თეატრი) შარლოტა (რუსუდან ბოლქვაძე) გადმოდიოდა ან ლეონიდ ტრუშკინის სპექტაკლი ტატიანა ვასილიევა რანევსკაის როლში, სადაც ფარდის ახდის შემდეგ ავანსცენიდან დაწყებული მთელ სცენაზე დიდი კარადა იდგა, რომლის კარი იღებოდა, შორს ალუბლის ბაღი მოჩანდა და მთელი სპექტაკლი ამ კარადაში მიმდინარეობდა. ეს ის კარადაა, რომელსაც მგზნებარე სიტყვებით მიმართავს გაევი.
ან თუნდაც კუბო, რომელიც წარმოდგენის დასაწყისიდან შუა სცენაზე იდგა დავით დოიაშვილის მიერ განხორციელებულ „სამ დაში“ (მარჯანიშვილის თეატრი), თუმცა ტუზენბახს მხოლოდ სპექტაკლის ბოლოსკენ კლავდნენ. ეს საგან-სიმბოლოები ხშირად ისეთ დატვირთვას იღებენ, რომ უტყვ პერსონაჟებად გვევლინებიან. ჩემი აზრით სწორედ ასეთი ფუნქცია მინიჭა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა იმ პიანინოს, რომელსაც დასაწყისში ტრეპლევი (გივიკო ბარათაშვილი) წინ გამოაგორებს და მასში ჩაძინებულ მაშას (ნანკა კალატოზიშვილი) აღმოაჩენს. ამ პიანინოზე მიმდინარეობს ის ულამაზესი პლასტიკური (ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე) სცენა, რომლის დროსაც ტრეპლევში უიმედოდ შეყვარებული მაშა და კოლია სასიყვარულო „პასაჟებს“ ასრულებენ. ნინა ზარეჩნაიაში (ანასტასია ჭანტურაია) შეყვარებული ტრეპლევი ამაოდ ცდილობს მაშას აკვიატებული „გრძნობების“ დაოკებას. ეს პიანინო მუდმივად სცენაზე და თავისთავად და სორინის (ალექსანდრე ბეგალიშვილი) მამულში, ამ სოფელში მიმდინარე პროცესების მოწმე და მონაწილეა. მასზე უხსნის სიყვარულს კოსტია ნინას, მასზე ჩამოსხდებიან ირინა არკადინა (ბუბა გოგორიშვილი) და ბორის ტრიგორინი (დავით ბეშიტაიშვილი), მასზე და მის უკან ცდილობს „შეაცდინოს“ ექიმი ევგენი დორნი (ტატო ჩახუნაშვილი) პოლინა ანდრეევნამ (ნანა ბუთხუზი), მასზე მღერის და აქვე კვდება ძალამიხდილი სორინი, მასზე ხდება სოფელში დაბრუნებული ნინა ზარეჩნაის და ტრეპლევის ბოლო შეხვედრა და ნინას განწირული: „მე თოლია ვარ!, არა... მე მსახიობი ვარ“.
ეს რეჟისორული სვლაა, ასე ვთქვათ ერთგვარი „ეშაფოტი“, რომელზედაც ინგრევა ოცნებები, იბადება ნიჰილიზმი და უიმედობა, ვლინდება ღალატი. ეს აღსარების საკანიცაა, სადაც ერთმანეთს საიდუმლოებებს უმხელენ და ცოდვებს აღიარებენ.
მაშასა და მედვედენკის (დევი ბიბილეიშვილი) ინტერმედიული დიალოგიც ამ პიანინოსთან მიმდინარეობს, იკვეთება მედვედენკოს ვნებათა ღელვა და მაშას ინდიფერენტულ-ნიჰილისტური განწყობა, რომელიც ბოლომდე თან სდევს ამ პერსონაჟს - იგი სულ ნასვამია და სადღაც არის მისვენებული - ხან პიანინოზე ხან იატაკზე. მხოლოდ ერთხელ „გამოდის“ მძაფრი და გულისამაჩუყებელი სიტყვით ტრიგორინთან საუბრისას და მასთან „ლოთობის“ დროს.
ტრეპლევი აღგზნებულია, ჯერ ნინას დაგვიანება აღიზიანებს, შემდეგ სპექტაკლის მზადების მომენტი. თითქოს წინასწარ გრძნობს იმ კრახს, რომელიც მის პიესას ელოდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ანტონ ჩეხოვი ისე აწყობს პიესის კონსტრუქციას, რომ ამ პიესის კრახი ერთგვარი წინასიტყვაობაა იმ უბედურების, რომელიც ნინასა და კოსტია ელოდება - მოსალოდნელი დღესასწაული არ შედგა იმიტომ, რომ მათ სიყვარულს ასეთი დასასრული უნდა ჰქონდეს.
კოსტიას სორინი გამოჰყავს, რომელიც სავარძელზე მიჯაჭვული და მხარზე ქათამი უზის. მას, რომელიც ორგანულად ვერ იტანს სოფელს, თუმცა ბედმა აქ ცხოვრება და აქ სიკვდილი არგუნა - მხარზე შემომჯდარი ქათმით და იმ დაბმული ძაღლის ყმუილის მოთმენით, რომლის აშვება არაფრით უნდა ილია შამრაევს (ბადრი ბეგალიშვილი). მხოლოდ ერთხელ არკადინას გამგზავრების წინ გამოეწყობა თეთრ ფრაკში და ჟილეტში, ხელჯოხით ხელში რომ ქალაქში გაჰყვეს მათ, მაგრამ აქაც გაუცრუებენ იმედს - მისი ადგილი აქ სოფელში. მოგვიანებით „გედის სიმღერას“ - ფრანგული რომანსს ასრულებს პიანინოზე შემომჯდარი და აქვე მიიცვლება დამსწრენი კი დროულად ვერც შეამჩნევენ მის სიკვდილს, ისეთი ვნებათაღელვაა ამ მომენტში - ყველანი ლოტოს თამაშით არიან გართული.
ყველა შავ კოსტიუმებშია - ცოტა ხნის წინ კინაღამ ტრაგედიაა დაატყდათ თავს, კოსტა თვითმკვლელობას ცდილობდა, კოსტია, არკადინა, ნინაც, რომელიც გვიან შემოდის, თეთრ კაბაზე შავის მოსასხამი შემოუცვამს. კოსტია მაღალ პლატფორმაზეა, (სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი) ზევიდან დაჰყურებს მოთამაშეებს: მის წინ ჩამოკიდული კასრების გრძელი რიგი, ლოტოს კოჭები ჰკიდია, ძლიერად ურტყამს მას, ეს ის ციფრებია, რომელიც მაშას ლოტოს პარკუჭიდან „ამოაქვს“. თამაში დიდხანს გრძელდება: ყველაზე აქტიური არკადინაა - ეს თამაში მას ამშვიდებს და ამავე დროს სიამოვნებას ანიჭებს - დრო გადის!
ნინა ზარეჩნაის (ანასტასია ჭანტურაია) პირველი გამოჩენა ერთნაირად ახალისებს სორინსაც და ტრეპლევსაც. მასში შეყვარებული კოსტია ვერ ხვდება რომ ნინა თითქოს თანაუგრძნობს, მაგრამ მისი გრძნობები არაა გულწრფელი. მას არ სჯერა არც მისი ტალანტის და პიესის: „მასში ცოცხალი სახეებია არაა“ აკრიტიკებს ნაწარმოებს - და არც იმის სჯერა რომ თავისი თამაშით არკადინას მოხიბლავს. ნინას მთავარი მიზანი სცენაზე მოხვედრა და წარმატებული სამსახიობო კარიერაა. (აქ ალბათ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პიესა ავტობიოგრაფიულია და ტრეპლევი თვითონ ჩეხოვია, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა მსახიობ ლიკა მიზინოვას ღალატი მწერალ პოტაპენკოსთან). ამდენად ავტორი ამ ორი ქალის ნინას და ირინას დაპირისპირებაში ვერ იქნება ზარეჩნაიას მხარეზე, თუმცა არ არკადინაა მისთვის იდეალი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ „პაექრობაში“ მაინც ირინა არკადინა იმარჯვებს ეს ჩეხოვის ერთგვარი „შურისძიებაა“ ნინა ზარეჩნაია - ლიკა მიზინოვაზე.
დათო დოიაშვილის სპექტაკლში ცალსახად იკვეთება ერთი მხრივ დაღუპვისთვის განწირული კოსტია, რომელმაც თვითმკვლელობის უკვე მეორე მცდელობაზე მიაღწია საწადელს და მეორე მხრივ ორი ქალის ახალგაზრდა, ახალი თაობის მსახიობთა წარმომდგენლის ნინა ზარეჩნაიას და პროვინციელი პრინადონას ირინა არკადინას დაპირისპირება, რომელთაგან არც ერთს არ უყვარს დამწყები მწერალი, დედისთვის ის მხოლოდ უცნაური ახალგაზრდაა -„ხომ არ იცით რა დაემართა კოსტიას?“ და მეორისთვის კი საშუალება საკუთარი სამსახიობო კარიერისთვის. კოსტია კი ეს შექსპირისეული ჰამლეტი უბედურია თავიდანვე: ერთი მხრივ ვითომ მიზანდასახული, მეორე მხრივ კი დაბნეული თავის გრძნობებსა და ეჭვიანობაში. ირინასა და კოსტიას ურთიერთობა გამუდმებული სიტყვიერი კინკლაობით რომ გამოირჩევა - მხოლოდ გერტრუდა - ჰამლეტის დაპირისპირება არაა, რეჟისორი უფრო შორს მიდის - იგი ტრეპლევში ოიდიპოსის კომპლექსსაც ხედავს. ყოველ შემთხვევაში დივანზე მიმდინარე სცენაში, სადაც ირინას სისხლისფერი წითელი გრძელი კაბა აცვია (კოსტიუმების მხატვარი ანანო მოსიძე) და მას კოსტია სთხოვს სახვევი შეუსწოროს, ვლინდება დედის მიმართ მისი ვნება, რომელიც თითქმის მასზე სექსუალურ ძალადობად გადაიქცევა, სხვა არაფერია თუ არა ამ კომპლექსის გამოვლინება: „რატომ ჩააყენე ჩვენს შორის ეს მამაკაცი?“ - ეს კითხვა აწუხებს ახლა ტრეპლევს. ჩემი აზრით ეს სცენა ციტატაა ლუკინო ვისკონტის ფილმიდან „ღმერთების დაღუპვა“ ინგრიდ ტურინისა და ჰელმუტ ბერგერის შესრულებით.
ირინა (ბუბა გოგორიშვილი) უცბად გონს მოეგება, გაშეშდება, ხელში ანთებული სიგარეტი შერჩება და შორს დარბაზში იყურება - ბოლოსდაბოლოს მიხვდება თუ „რა დაემართა კოსტიას?“ და მიიღებს პასუხს კითხვაზე, რომელსაც ხშირად სვავს სპექტაკლის მიმდინარეობისას.
ტრიგორინის (დავით ბეშიტაიშვილი) სოფელში ჩამოსვლა ნონასთვის კიდევ ერთი ახალი საშუალებაა საკუთარი წინსვლისთვის. კოსტიას პიესით იმედგაცრუებული ახლა ცნობილ ბელეტრისტზე იწყებს იერიშს. ამაოა კოსტიას მცდელობა „გამოაფხიზლოს“ ნინა: - ცივ წყალსაც კი გადასხამს თავზე (ამ სცენას რეჟისორი ორჯერ იმეორებს, ერთხელ ტრეპლევის პიესის დემონსტრირების დროს და მეორედ კი დასასრულში, ნინას აღსარების და კოსტას თვითმკვლელის წინ). ნინა მაინც მიექანება იმ უფსკრულისკენ რაც საბედისწერო ხდება მისთვის.
ირინა არკადინა - პროვინციელი ვარსკვლავია, რომელსაც მხოლოდ ხარკოვის მსგავს პერიფერიულ ქალაქებში თუ აქვს წარმატება, თუმცა ქალაქური პრიმადონას თვისებებით „სარგებლობს“. უკვე ასაკში მყოფს მაინც შერჩენია მომხიბვლელობადა დიდი გავლენა მამაკაცებზე. ტრიგორინი, რომელსაც გული ახალგაზრდა ნინასკენ მოიწევს, სულ ტყუილად ცდილობს ირინას ხელიდან გაუსხლტეს - ასე ადვილი არაა არკადინას „ბრჭყალებიდან“ თავის დაღწევა. ირინა დროებით პატიოებს ღალატს, მაგრამ ბოლოს მაინც ერთად რჩებიან.
ავტობიოგრაფიულობა ვახსენე ზემოთ და კიდევ მინდა დავამატო: ტრიგორინის განცდები ბელეტრისტის შრომაზე, რომელსაც იგი ნინას უზიარებს არაა შორს თვით ჩეხოვის სამწერლო მოღვაწეობიდან. ავტორი ამ პიესაში ხან ტრეპლევია და ხანაც ტრიგორინია. ტრეპლევი, რომელიც ახალ თეატრალური სკოლის შექმნაზე, ახალი ფორმებზე ოცნებობს და ტრიგორინი, რომლისთვისაც წერა ხანდახან „კატორღაა“. თუ ტრეპლევი გარეგნულად არ ჰგავს ჩეხოვს, ტრეგორინი ახლოსაა მასთან.
რეჟისორი და სცენოგრაფი ოსტატურად იყენებენ მთელ სასცენო სივრცეს. მაგალითად კოსტიას პიესის დემონსტრაციისასა აგარაკის მცხოვრებლები და სტუმრები რამპაზე განლაგდებიან დარბაზთან ზურგით და ისინიც „თოლიას“ მაყურებლებთან ერთ სიბრტყეში აღმოჩნდებიან. სპექტაკლზე მოსული დარბაზში მჯდომი მაყურებელი ერთდროულად ორ სპექტაკლის მოწმენი ხდებიან და რა მარტო ნინა ზარეჩნაიას თამაშს აკვირდებიან, არამედ ყველა დანარჩენი მონაწილებისაც. „ეს რაღაც დეკადენტურია“ - აწყვეტინებს პირველ რიგში მჯდომი ირინა არკადინა ნინას მონოლოგს და ჩვენც ვიზიარებთ ტრიგორინის პიესის კრახს.
ირინა არკადინას ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო უხამს (пошлячка) ქალად თვლიდა - მსახიობი ქალი, თითქოს მაღალი იდეალებით უნდა ხელმძღვანელობდეს. ბუბა გოგირიშვილის არკადინა მხოლოდ ყოველდღიურობით ცხოვრობს. მისი სული ვერ თანაუგრძნობს ახალგაზრდებს და ვერც განიცდის მათ გასაჭირსა და უბედურებას. ყოველგვარი მაღალი ზნეობრივი შეგრძნებები დაკარგული აქვს. შემაღლებულზე შემდგარი ცდილობს გარშემო შეკრებილთა ყურადღება მიიქციოს: „ნახეთ რა ლამაზია“, ამბობს და ჰორიზონტზე მიუთითებს, თუმცა გრძნობათა მისი ეს გამოვლენა სრულად ყალბია, თამაშობს და ძალიან ცუდად. არკადინას „განცდები“, მისი ყოფა ფარისევლურია, ურთიერთობა ძმასთან, თანმხლებ პირებთან, ექიმ დორნთან, მაშასთან და პოლინასთან მხოლოდ ის გარემოა, სადაც მას უწევს ცხოვრება. ყალბია მასში თითქმის ყველაფერი, თვით სილამაზის აღქმაც კი. მაშათან დიალოგში აღიარებს რომ სულ მუშაობს, სულ ფუსფუსსა ფა ფაციფუცშია, რაც ახალგაზრდობას უნარჩუნებს - და მართლაც მისი ცხოვრება ცრუ ფაციფუცია და მეტი არაფერი - შეგრძნებებ-გრძნობებ გამოცლილი.
კოსტია ტრეპლევი (გივიკო ბარათაშვილი) - არ მახსენდება „თოლიის“ სხვა დადგმებს ასეთი მსგავსი ყოფილიყოს ჰამლეტის, როგორც დავით დოიაშვილთანაა. რეჟისორი და მსახიობი აღწევენ ამ ეფექტს და ჩვენს წინაშეა ჰამლეტი-დრამატურგი, რომელსაც გამუდმებული კონფლიქტი აქვს მსახიობ დედასთან, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ შორის ტრიგორინია, არამედ იმიტომაც, რომ ახალი ფორმების მაძიებელ დრამატურგს არ მოსწონს ირინა არკადინას შემოქმედება, მის მიერ შესრულებული როლები და საერთოდ ყველაფერი ის რასაც ის აკეთებს სცენაზე და მისი მიღმა - ეს უხამსობა რაც ამ ქალს ახასიათებს. ეზიზღება ტრიგორინისა და არკადინას რომანი, რომელთაც ასე საქვეყნოდ გამოაქვთ- ეს მოპასანისებრივი სასიყვარულო ურთიერთობები ყველას დასანახად, ტყუილად არ კითხულობს არკადინა ნაწყვეტს მოპასანის მოთხრობიდან ვირთხებზე - მას არ მოსწონს ეს წიგნი, ვინაიდან ხვდება რომ ამ ტექსტის მიღმა მისი ყოველდღიურობა იკითხება.
კოსტია ბუნებით მეამბოხეა, ვნებიანი, მაგრამ ეჭვიანი და ყოველგვარ მატერიალურ სახსრებს მოკლებული - ტყუილად სთხოვს დედას ფულს, მაინც ვერაფერს მიიღებს. იგი განწირულია სასიკვდილოდ და მისი ყოველი ქმედება უკანასკნელი გაბრძოლებაც კი გადარჩენისთვის ამაოა. უარყოფილი შეყვარებულის მიერ და მისი აღსარება, - რომ ნინას ტრიგორინი ახლა უფრო უყვარს ვიდრე ადრე, მას შემდეგ თუ როგორ მოექცა იგი ნინას , სამუდამოდ დაასამარებს მის ოცნებებს და განცდებს. თუ პირველი თვითმკვლელობა მხოლოდ ლიტერატურული მოღვაწეობის კრახის გამო ჩაიდინა, მეორედ მისი ეს ნაბიჯი მორალური კრახის შედეგია.
ტრიგორინი თავს იკლავს, იმიტომ, რომ ვერ იპოვა გამოსავალი, ვერ ხედავს საკუთარ მომავალს.
ახალი ფორმებთან და ახალ თაობასთან ბრძოლაში ისევ ძველი, დრომოჭმული და დაობებული სამყარო და საზოგადოება იმარჯვებს. ტრიგორინ-არკადიანას წყვილი ამ ეტაპზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ტრეპლევ-ზარეჩნაიასი, ორივენი „ფარ-ხმალს“ ყრის ამ ბრძოლაში - ტრეპლევი თავის მოკვლით, ნინა პროვინციაში დაბრუნებით სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად.
ირინა და ტრიგორინი კი ვალსს ცეკვავენ, მხიარულება გრძელდება, იმის მიუხედავად რომ სადღაც ახლოს საბედისწერო დამბაჩა გავარდა...
რეჟისორი ქვეტექსტების ამოკითხვის ოსტატია და ამ ქვეტექსტების შესაბამისი სწორი აქცენტების დასმა ეხერხება, რაც დრამატულ ნაწარმოებში ხშირად მხოლოდ ერთი სიტყვითაა გამოხატული - მაგალითად მოპასანის მოთხრობა, შავ ყუთში მოთავსებული თოლიის ფიტული, საკუთარი შუბლი მიჭედებულ ლურსმანზე რომ ჩამოკიდებს ტრეპლევი, ან ნინას ბოლო მონოლოგი: „მე თოლია ვარ“.
გივიკო ბარათაშვილი -კოსტია ჰამლეტის, ტრეპლევის და ოსვალდის (ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“) კრებსითი სახეა, რომლების დედისგან მიტოვებულნი მარტოობაში გაიზარდნენ. აქედან ყველა ის კომპლექსი, რომლებიც მათ შეიძინეს - ჰამლეტი სპექტაკლს დგამს, რომ გერტრუდასა და კლაუდიუსს აჩვენოს თუ რა ჩაიდინეს, კოსტიაც სპექტაკლს დგამს, რომ არკადინას მასზე ახალგაზრდა ნიჭიერის მსახიობი წარუდგინოს, რათა დაარწმუნოს რომ პროვინციელი „პრიმადონას“ დრო წავიდა. რაც შეეხება დედებს - გერტრუდა თავის ჩადენილ დანაშაულს ეწირება, არკადინი კი ისეთივე გულცივი და უგრძნობი რჩება, მასზე ამ პერიპეტიებმა გავლენა საერთოდ არ მოახდინა. ფრუ ალვინგი დარჩენილ ცხოვრებას ოსვალდის საწოლთან გაატარებს- ყველასგან მიტოვებული.
ამ პერსონაჟებს შორის ყველაზე „მგრძნობიარე“, ერთგული და გულახდილი მაინც პოლინა ანდრეევნაა ( ნანა ბუთხუზი). მიუხედავად იმის რომ მთელი სულითა და სხეულით მზადაა ქმარს უღალატოს, თავის საქციელში იგი ყველაზე გულწრფელია. ერთგულია თავისი ქალბატონის და მზადაა ყოველთვის გვერდით დაუდგეს და ააცილოს ბევრი განსაცდელი. მთელი გულით განიცდის ტრაგედიას რომელიც დაატყდათ.
ექიმი ევგენი დორნი (ტატო ჩახუნაშვილი) ყოველთვის ელეგანტური, გამჭრიახი ჭკუის, ნეიტრალური, საზრიანი, ერთგვარი „მომრიგებელი“ დაძაბული მომენტების, ოჯახის მკურნალი და კეთილისმსურველი.
ილია შამრაევი (ბადრი ბეგალიშვილი) - კოლორიტული, ენერგიული, ცოცხალი იუმორის პატრონი, ცდილობა არ შეიმჩნიოს ცოლის მისდამი გულგრილი დამოკიდებულება, მაგრამ მაინც მის გავლენის ქვეშაა, ვერაფრით ვერ ახერხეს შვილზე, მაშაზე გავლენის მოხდენას, თუმცა არ ძალიან აღელვებს ეს.
და კიდევ ერთხელ - პიესის ავტობიოგრაფიულობიდან გამომდინარე ავტორს განსაკუთრებული პრეტენზიებს უყენებდა ქალთა მთავარი როლების შემსრულებლებს: ირინა არკადინას და ნინა ზარეჩნაიას. ცნობილია, რომ მას არც ერთი შემსრულებელი (ვერა კომისარჟევსკაია, ინნა სავინა, ლიდია იავორსკაია, ლიკა მიზინოვა) და მხოლოდ ბოლოსკენ ოლგა კნიპერ-ჩეხოვაზე შეაჩერა თავისი ყურადღება. არ მოსწონდა არა მსახიობები, არამედ ის თუ როგორ ესმოდათ მათ პერსონაჟის გრძნობათა ბუნება, რომელთაც ასახიერებდნენ.
ჩემი აზრით ბუბა გოგიშვილი და ანასტასია ჭანტურაია, ისევე როგორც ნანაკა კალატოზიშვილი და ნანა ბუთხუზი ზუსტად შეესაბამება ავტორისეულ ჩანაფიქრს, თუნდაც იმიტომ, რომ ის კომედიური და გროტესკული გარემოა, რომელიც მათ შექმნეს სპექტაკლის უმეტეს ნაწილში სწორედ შეესაბამება პიესის ჟანრს, რაც სხვათა შორის დღემდე კამათის საფუძველია. ეს პერსონაჟები, ტრეპლევის გამოკლებით მართლაც რომ კომიკურებია არიან, რადგან იმდენად „დამიწებული“ და ყოფითი პრობლემებით ცხოვრობენ, რომ აქ მაღალ ზნეობასა და მაღალ მატერიებზე საუბარი სრულიად ზედმეტია. ნინას სწრაფმა წარმატებული კარიერისთვის ტრეპლევის სიყვარულის სანაცვლად, არკადინას შიში, რომ ცნობილმა ბელეტრისტმა არ მიატოვებს, საკუთარ შვილზე ზრუნვისა და მასზე სიყვარულის ნაცვლად, ტრიგორინის მცდელობა საკუთარი „პრესტიჟით“ შეინარჩუნოს ირინას კეთილი განწყობა, ეს ის გარემოა, სადაც ანტონ ჩეხოვმა თავის პერსონაჟებს მიუჩინა ადგილი. ამ გარემოში თითქმის არავის თანაუგრძნობ, ახალგაზრდა ტრეპლევის გარდა, რომლის ფაქიზმა სულმა ვერ გაუძლო ამდენ უზნეობას.
ფოტო: ბექა ცირეკიძე