top of page

პიესა ხომ წავიკითხე?  რისთვის მოვედი?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

331521946_955028502327828_1899525490372376611_n.jpeg

თამთა ქაჯაია

პიესა ხომ წავიკითხე?  რისთვის მოვედი?

 

რამდენიმე წლის წინ, ბათუმის მონოდრამის ფესტივალზე გაიმართა პაატა ციკოლიას „ზიპოს“ პრემიერა, რომელიც არ მინახავს. თუმცა სამეფო უბნის თეატრს 5 მარტს ვესტუმრე, სადაც იგივე სპექტაკლის ჩვენება შედგა. სპექტაკლზე წინასწარმა გამოხმაურებამ და სპექტაკლის პოსტერმა (ივა ქიმერიძე) კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია. ტექსტის ავტორი თავად რეჟისორი გახლავთ. ამბავი, რომელიც ზიპოს გარშემო ვითარდება ცამეტი ქვეთავისგან შედგება და თითოეული ამბავი მოქმედებაში ლოგიკურად არის ახსნილი. ვფიქრობ, შემთხვევითი არაა ტექსტში რიცხვების რაოდენობა და იძლევა რამდენიმე ინტერპრეტაციის საშუალებას. ჩემთვის მაინც 1776 წლის მოვლენები მიესადაგება, როდესაც ბრიტანეთის 13 კოლონიამ ჩრდილოეთ ამერიკაში, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას და ოფიციალურად ბრიტანეთის იმპერიის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ამ მოვლენებმა კი ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა და ომი დამოუკიდებლობისთვის გამოიწვია. ზიპოს ამბავიც ხომ ერთგვარი ამბოხია და რიცხვიც  თანამედროვე მოვლენებთან პირდაპირ კავშირშია, ერთგვარად სიმბოლურია.

მეგი კობალაძე ერთადერთი მსახიობი გახლავთ სცენაზე. მას უწევს იმ რთული მისიის შესრულება, რასაც მონოსპექტაკლის კონცეფცია გულისხმობს. ხმა, მსახიობის შესრულების ტექნიკა და ტექსტის მნიშვნელობა ერთიანობად უნდა იქცეს, რომ კონსტრუქციამ ესთეტიკური შთაბეჭდილება და ემპათია გამოიწვიოს. ხელოვნური სცენაა, (10 ქვეთავი) სადაც მეგის უწევს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზიპოს განსახიერება, ტრივიალურია მისი შესრულება რადგან მსახიობი ვერ განიცდის პერსონაჟის მდგომარეობას და შესრულება ზედაპირულია. აღარ მოვყვები დანარჩენი ქვეთავების განხილვას, რადგან ხშირად მომიწევს განმეორება და რეცენზიაც სპექტაკლის (მოსაწყენად) იდენტურად იქცევა. საბოლოო ჯამში მეგი კობალაძე ვერ ახერხებს გარდასახვას და სტატიკურად ერთ ხაზს მიყვება. წარმოდგენა, რომელიც მხოლოდ სამოც წუთს გრძელდება მოსაწყენ პერფორმანსად იქცევა, რომელსაც სპექტაკლს ვერ ვუწოდებ.

რეჟისორი ფაქტობრივად, არ ცვლის სპექტაკლში არაფერს, მიყვება ორიგინალ ტექსტს, ქმედებას არ ტვირთავს არანაირი მიზანსცენებით და რჩება მხოლოდ წაკითხული შინაარსი და ამბის მოყოლა. ორიგინალი პიესის წაკითხვისას ასოციაციურად ორჰან ფამუქის „მე მქვია წითელი“ გაგახსენდებათ. მოყოლის  და გადმოცემის ტექსტუალური სტილი ფაქტობრივად იდენტურია. მაგალითად: „ახლა მე მკვდარი ვარ - ერთი გვამი, რომელიღაცა ჭის ფსკერზე დაგდებული. კარგა ხანია, სული ამომხდა, გულიც გამიჩერდა მაგრამ ეს არავინ იცის“... - ასე იწყება ფამუქის ნაწარმოები, ხოლო პაატა ციკოლია იწყებს - „გაინტერესებთ ჩემი ამბავი? გაინტერესებთ როგორია, როცა მკვდარი ხარ და საბარგულში ზეთის სუნი აგდის?“ - ეს ფრაზა ლაიტმოტივად გასდევს სპექტაკლს. მსგავსი იდენტობები მაშინ იქნებოდა საინტერესო თუ რაიმე ახლის მომცემი იქნებოდა.

სცენაზე თეთრი დიდი ნაჭერია გადმოკიდებული, რომელზეც ზიპო წერია, კედელზე გაკრულია ტყვიის ქაღალდი და რეკვიზიტს მხოლოდ მატრასი წარმოადგენს. გარემო სიცარიელის, მარტოსული ადამიანის სამყოფლის ატმოსფეროს ქმნის. მთლიანი ფოკუსი მსახიობზეა მიმართული. სცენის უკანა სივრცეში შავებში შემოსილი მამაკაცი ზის, რომელიც სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებს. ის თითქოს დირიჟორობს პიუპიტრთან მდგომ მსახიობს.

მსახიობის სამოსი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა. ცხადია, ამით რეჟისორმა პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ზიპო რომელ გარემოშიც, ბაზრობაზე, მუშაობს იქცა უსქესო არსებად, რომელიც მხოლოდ თვითგადარჩენისთვის იბრძვის. საინტერესო პასაჟია, როდესაც მას ეკითხებიან  - „და უცებ, შენ ბიჭი ხარ თუ გოგო?“.. ამით რეჟისორმა ერთგვარი პასუხი გასცა ზემოთ წამოჭრილ საკითხს.  ერთადერთი კითხვა რაც სპექტაკლზე მისულს გამიჩნდა იყო შემდეგი: - „პიესა ხომ წავიკითხე?, რისთვის მოვედი?“

ვფიქრობ, მონოდრამის ფესტივალზე, ზიპო, მოცემულ დროსა და სივრცეში გაცილებით ეფექტური იქნებოდა, ვიდრე სამეფო უბნის თეატრში. ეს არ არის წარმოდგენა, რომელიც სპექტაკლად უნდა გარდაქმნილიყო, ეს უფრო მცდელობაა სათქმელის გადმოცემისა. სპექტაკლის დასასრულს რეჟისორი ზიპოს ნამდვილ ფოტოს გვაჩვენებს, მეტი დამაჯერებლობისთვის.

დასარულს მინდა მოვიყვანო პოლონელი რეჟისორის, (რომელმაც 1955 წელს დააარსა ექსპერიმენტული თეატრი) ტადეუშ კანტორის პერიფრაზი, რომელიც ზუსტად მიესადაგება „სპექტაკლის“ არსს. „თეატრი ლიტერატურული ტექსტების დასადგმელი ადგილი არ არის, თეატრი ავტონომიური ხელოვნებაა“.

გამოყენებულია ივა ქიმერიძის პოსტერი სპექტაკლისთვის „ზიპო“ და ფოტო სამეფო უბნის თეატრის Facebook გვერდიდან

bottom of page