პირში მოხლილი სასტიკი რეალობა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
მაკა ვასაძე
პირში მოხლილი სასტიკი რეალობა
ირლანდიური წარმოშობის ბრიტანელი დრამატურგი მარტინ მაკდონა, სარა კეინთან და პატრიკ მარბერთან ერთად, 90-იან წლებში დაბადებული თეატრალური მოძრაობის „In-yar-face“ (პირში მოხლილი) ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ალექს სიერჟის მოსაზრებით (ტერმინის „In-yar-face“ შემომტანის) მსგავსი დრამები აუდიტორიას საყელოში სწვდება და იმდენხანს აჯანჯღარებს, სანამ მასთან არ მივა გზავნილი - აზრი, მნიშვნელობა იმისა, რაც მის გარშემო ხდება. თავად დრამატურგი კი ამბობს: „მინდა დავწერო პიესები, რომლებიც ცოტათი შეაძრწუნებენ ხალხს“.
მაკდონას პირველი პიესა „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ 1996 წელს რვა დღეში დაიწერა. „თანამედროვე თეატრის სასწაული“ - ასე უწოდა პრესამ, თეატრის კრიტიკოსებმა და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ჯილდო - ლოურენს ოლივიეს პრემია მიანიჭეს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაკდონას პიესებმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. მის დრამებში კომედია და ტრაგედია იმდენად ოსტატურადაა გადაჯაჭვული, რომ სიცილისა და თანაგრძნობის ცრემლები ემოციურად ერწყმის ერთმანეთს. მისი თითოეული პიესა აერთიანებს - მძაფრ ინტრიგას, მოულოდნელ სიუჟეტურ განვითარებას, მახვილგონივრულ დიალოგებს, „შავი იუმორს“ და ღრმა ფსიქოლოგიზმს.
მაკდონას პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიო სათეატრო სივრცეებში, მათ შორის საქართველოშიც. ახალგაზრდა რეჟისორმა დავით თარბამ ქალაქის თეატრის სცენაზე მაკდონას „ლინეინის სილამაზის დედოფლის“ საინტერესო ინტერპრეტაცია განახორციელა. ეს არის სამსახიობო ანსამბლზე აგებული წარმოდგენა, სადაც ყველაფერი: რეჟისურა, მხატვრობა, განათება, მუსიკალური გაფორმება მსახიობთა მიერ პერსონაჟთა ხასიათების გამოძერწვას და წარმოჩენას ემსახურება. მაკდონას ტექსტის თარგმანზე და სცენურ ვერსიაზე ქეთევან სამხარაძემ და ანა გოგიშვილმა იმუშავეს. რეჟისორმა დრამატურგიული მასალა თითქმის უცვლელად გადაიტანა სცენაზე.
აჩიკო შამახიას დეკორაცია „დაქცეული“ ბინის ასოციაციას იწვევს. სამზარეულო-სასადილოს გაჭვარტლული კედლები, სიძველისაგან მონჯღრეული მაგიდა, სკამები, სავარძელი, რადიო, ტელევიზორი, სამზარეულოს ნიჟარა და თაროები. ოთახს, სადაც ადამიანური დრამა გათამაშდება ზევიდან შავი ჭერი ადგას, რომელიც შეიძლება აღიქვა შავი ყორნის ფრთებად, ანდა, ღამურების საბუდებელ ადგილად. მოკლედ გარემო, რომელშიც მოვლენები ვითარდება მაყურებელზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს და ამძაფრებს ამბის დრამატულობას.
დავით თარბას სპექტაკლი ისევე როგორც მაკდონას პიესა გაუკუღმართებულ ადამიანურ ურთიერთობებზეა, საზოგადოებაზე, რომელშიაც ადამიანები გაუცხოვდნენ, აღარ ესმით ერთმანეთის, უფრო მეტიც უახლოეს ადამიანებს შორის (დედა-შვილი) სიყვარულის და პატივისცემის მაგივრად, ზიზღმა დაისადგურა და გამუდმებით იმას ცდილობენ ერთმანეთს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციონ.
ქეთი ცხაკაიას მეგ ფოლანს რეჟისორმა და მსახიობმა ორმაგი დატვირთვა მიანიჭეს, ე. წ. „შავი იუმორი“ პერსონაჟის გარეგნობაშიც ასახეს, უტრირებული სიმსუქნე სპეციალურად შექმნილი კოსტიუმით (კოსტიუმები: გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო მარგველაშვილი), ავადმყოფი და უსუსური ადამიანის იმიჯს ქმნის, რომელსაც მარტო დარჩენის ეშინია. ამავდროულად ეს არის ვამპირი, რომელმაც შვილს სიცოცხლე გაუმწარა, საკუთარ მონად აქცია. მსახიობის პლასტიკა, ჟესტიკულაცია, მიმიკა, მეტყველების მანერა, ხმის ტემბრი მოვლენათა განვითარების მიხედვით იცვლება. ქეთი ცხაკაია ოსტატურად, ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავს პერსონაჟს. ხან მიამიტი, ბუნჩულა, უსუსური არსებაა, ხან კეკლუცი ქალი, რომელიც საკუთარი შვილის კავალერს ეკეკლუცება, ხან კი გაიძვერა, ყველაფერზე წამსვლელი მოხუცი, ოღონდ კი მის კომფორტს არაფერი დაემუქროს. დროზე მირთმეული სუპი, ფაფა, ჩაი, საყვარელი სერიალების ყურება, რადიოთი ძველი სიმღერების მოსმენა - მეგის ცხოვრების არსს წარმოადგენს. სულ არ ედარდება, რომ ორმოც წელს მიღწეულ მის ქალიშვილს მხოლოდ ორჯერ აქვს კაცისთვის ნაკოცნი, საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია, მომავალშიც არაფერი სასიკეთო არ ელის. მეგისთვის მორინი საშუალებაა ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად ამისა, მორინს გამუდმებით ეკამათება, საკუთარი ფეკალიების სამზარეულოს ნიჟარაში ჩაცლასაც არ იშლის და ნერვებს უშლის ქალიშვილს. მშვენივრად ესმის, რომ მორინის წასვლის შემთხვევაში მოხუცთა თავშესაფარში გამოკეტვა ელის, სადაც მის საყვარელ ცხიმში ჩაწყობილ თევზს, რომელსაც მორინი ასე გემრიელად ამზადებს, არავინ მიართმევს. სწორედ ამიტომაც, მორინის ცხოვრებაში ერთადერთ ნათელ მოვლენას, პატო დულის გამოჩენას, სასტიკად ეწინააღმდეგება, მისგან მორინისადმი მიწერილ წერილებს ანადგურებს, ცეცხლს უკიდებს, მორინმა რომ არ წაიკითხოს. პატო დულის ჩამოსაშორებლად ყველაფერზე წავა, მორინის ფსიქიკური აშლილობის შესახებ საბუთს ანახებს პატოს. განა მან არ გამოიყვანა მორინი საგიჟეთიდან? მეგი თვლის, რომ მორინი მისი მადლიერი უნდა იყოს და ვალდებულია მთელი ცხოვრება ემსახუროს. ქეთი ცხაკაიას პერსონაჟისადმი ორმაგი გრძნობა გიჩნდება, თან გეცოდება ეს ცხოველად ქცეული არსება და თან ბრაზდები, მეორე ადამიანისადმი, უფრო მეტიც, შვილისადმი უზურპატორული მოპყრობის გამო.
ანი იმნაძის მორინ ფოლანი ტრაგიკული ბედის მქონე ქალია. ამ ადამიანს თითქოს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის რომ სრულყოფილად ეცხოვრა: გარეგნობა, ჭკუა, გამჭრიახობა, შრომისუნარიანობა. სამწუხაროდ ყველაფერი პირიქით მოხდა: ლონდონში მუშაობისას ირლანდიელობის გამო იმდენად ამცირებდნენ, რომ მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. საკმაოდ ლამაზმა და მიმზიდველმა ქალმა ორმოც წელს ისე მიაღწია, რომ არასდროს ჰქონია მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობა. ახლა კი, გარე სამყაროს მოწყვეტილი მისი ცხოვრება და საქმიანობა მოხუცი, უზურპატორი დედის მოვლით შემოიფარგლება. ანი იმნაძე სამსახიობო ოსტატობით, პროფესიონალიზმით ძერწავს კომპლექსებით აღსავსე პერსონაჟის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. მსახიობი ახერხებს თავისი გმირის შინაგანი ემოციური მუხტი მინიმალისტური ხერხებით გამოხატოს. უკიდურესად აღელვებულიც კი გარეგნულად საკმაოდ თავშეკავებულია. პლასტიკით, მიმიკით, ხმის ტემბრით, მეტყველების მანერით, მსახიობი ზედმეტად გამოხატული ემოციურობის გარეშე პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას ოსტატურად გადმოსცემს. დედაზე გაბრაზებულიб ხან ნერვიულად ხეხავს შარდის სუნით აყროლებულ სამზარეულოს ნიჟარას, ხან მაგიდას წმენდს, ხან თაროებს ალაგებს და ხანაც ფაფას უმზადებს მეგის. მის უღიმღამო ცხოვრებაში უეცრად გამოჩენილი პატო დული ის ნათელი წერტილია, რომელსაც უნდა ჩაეჭიდოს, მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრება ულმობელია. შემთხვევითობა (სახლში არ ყოფნა იმ დროს როდესაც რეი წერილს მოიტანს პატოსგან) და უზურპატორი, ეგოისტი დედა მის შესაძლო ბედნიერებას ჩაშლიან. რეჟისორს და მსახიობს ნელ-ნელა მივყავართ ტრაგიკულ ფინალამდე, წერილის შესახებ სიმართლის გაგების შემდეგ მორინი ცხელ ზეთს გადაასხამს მეგის და სადგურზე გარბის პატოსთან შესახვედრად, მეგი კვდება. მორინს ფსიქიკა ეშლება, ჰგონია რომ პატოს შეხვდა, სინამდვილეში კი ვერ შეხვდება, ხოლო როდესაც რეისგან გაიგებს, რომ პატო ამერიკელ გოგონაზე დაინიშნა, მეგის სავარძელში ჩაჯდება და სერიალის ყურებას იწყებს. ალბათ, მორინი მეგის უაზრო, ცხოველურ ინსტინქტებამდე დაყვანილ ცხოვრებას გააგრძელებს.
ირაკლი ჩხიკვაძის პატო დული ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მამაკაცია. მას მართლა მოსწონს მორინი, მასთან დაქორწინება და ემიგრაციაში წასვლა სურს. მორინს ლინეინის სილამაზის დედოფალს უწოდებს და ამ ბედისგან დაჩაგრულ არსებას თავს ქალად აგრძნობინებს. ყოველგვარი სიყალბის და პათეტიკის გარეშე, მსახიობი ლაღი, სიმპათიური, მშრომელი, ცხოვრების მიზნის მქონე პერსონაჟს ქმნის. იგი სწორად და რაციონალურად აფასებს მის მშობლიურ მხარეს, სადაც ნორმალურ სამსახურს ვერ იშოვი, სადაც ადამიანებს მართალია ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ზედმეტად ერევიან ერთმანეთის ცხოვრებაში და განსჯიან. ირაკლი ჩხიკვაძის პატო არ ოცნებობს ოქროს კოშკებზე, მას ადამიანური ცხოვრება სურს და გჯერა, რომ მიაღწევს კიდეც დასახულ მიზანს.
ნიკოლოზ ჯაფარიძე პატოს ძმას, რეის განასახიერებს. მსახიობი ახალგაზრდა, დაუღვინებელ, სულსწრაფ პერსონაჟს ქმნის, რომელსაც ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეუძლია. სწორედ ამ დაუდგრომლობის გამო, პატოს დანაბარებს ხელიდან-ხელში გადასცეს მორინს წერილი (პატომ იცის, რომ მეგი დაუმალავს მორინს წერილს) რეი არ შეასრულებს, რაც საბედისწერო აღმოჩნდება დედა-შვილისთვის. ნიკოლოზ ჯაფარიძის რეი ცოტათი მოსულელო, ეგზალტირებული არსებაა.
შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა სპექტაკლი თანამედროვე, დაუნდობელ სამყაროზე, სამყაროზე სადაც ადამიანები გაუცხოვდნენ, სადაც უახლოესი ადამიანები (დედა-შვილი) ერთმანეთისადმი დაუნდობლები გახდნენ, სადაც ბატონობს შური და ეგოიზმი. ეს ყველაფერი კი ანგრევს მათ ცხოვრებას, ოცნებებს, მიზნებს. სპექტაკლში დავით თარბა მოვლენებისა და ქმედების განვითარებისას ოსტატურად აერთიანებს მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს, „შავი იუმორს“ და ღრმა ფსიქოლოგიზმს. სამსახიობო ანსამბლი, ნიკა კოხრეიძის მუსიკალური გაფორმება, ანასტასია ონიანის განათება, გიორგი ტიელიძის ქორეოგრაფია ხელს უწყობს რეჟისორის ჩანაფიქრის წარმოჩენას და ორსაათიანი სპექტაკლის ყურებისას სცენაზე განვითარებული მოვლენები მაყურებელს ერთი წუთი მოდუნების საშუალებას არ აძლევს.