top of page

„პირველი ავტოგრაფის“ საფესტივალო დღეები: „ბაკულას ღორები“ და „სათაგური“ - ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

261335847_133640909041019_401726538757249262_n.jpeg

მარინა მითაიშვილი

„პირველი ავტოგრაფის“ საფესტივალო დღეები: „ბაკულას ღორები“ და „სათაგური“ - ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ პირველი საკონკურსო სპექტაკლია, რომელიც საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“ გახსნის მეორე დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ნახა მაყურებელმა. იგი ბათუმის პირველი საჯარო სკოლის (დირექტორი - ნატალია მგელაძე) დასმა „სარკე“ წარმოადგინა. ზოგადად, საკმაოდ საფრთხილოა ბავშვების შემოქმედების შეფასება, ისინი ხომ ჯერ მხოლოდ ყალიბდებიან როგორც პიროვნებები, მით უფრო პროფესიონალიზმისგანაც ჯერ შორს არიან და საერთოდ, ვინ იცის, გადაწყვეტენ თუ არა, ხელოვანის გზას დაადგნენ. თუმცა „სარკის“ „ბაკულას ღორებზე“ საუბარი მიადვილდება, რადგან აქ ნაკლოვანებები არც დამინახავს, მათ შელამაზებაზე რომ მეფიქრა.

მართლაც, ეს ნამდვილი სპექტაკლია თავისი ჩანაფიქრით, სათქმელით, ფორმით და შინაარსით. დინამიკურად იწყება და ასევე გრძელდება ბოლომდე. პერსონაჟები დარბაზიდან შემოდიან, ყველას ერთი ფერის (თეთრი), მაგრამ სხვადასხვანაირად შეკერილი სამოსი აცვია, რითაც რეჟისორი - დიანა ჩახუნაშვილი (ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი), შესაძლოა, საზოგადოების ერთფეროვნებაზე, მისი წევრების ერთ ყალიბში ყოფნაზე მიგვანიშნებს. მოქმედება, რომელიც ნაწარმოებში კლდიაშვილის თანამედროვე პერიოდში ვითარდება, ისე ორგანულადაა გადმოტანილი ჩვენს რეალობაში, არანაირი ნაძალადეობა არ იგრძნობა. მოქმედი გმირები სცენაზე ადიან და რეპეტიციისთვის სამზადისს განასახიერებენ, რომლის დროსაც ტემპერატურასაც უმოწმებენ მონაწილეებს, რაც დღევანდელობის თანმდევი აუცილებლობა გახდა კოვიდთან დაკავშირებული ციებ-ცხელების გამო, შემდეგ კი ფეხდაფეხ მისდევენ სიუჟეტს, თუმცა ჩვენი დროის შესაფერისი ინტერპრეტაციით. მოგეხსენებათ, ღორებს ამ საუკუნეშიც ისევე შეუძლიათ ნათესების განადგურება, როგორც წინათ, თუმცა ამ „ღირსშესანიშნავ“ და ყველა მომდევნო ფაქტს ავტორი კი არ გვიყვება, არამედ ტელერეპორტიორი ოპერატორთან ერთად „აშუქებს“ ჩვენთვის კარგად ნაცნობი გულმოდგინეობით. დაჩაგრული, უფრო ცოლის, ზენათის, საყვედურებით აწრიალებული გალაქტიონი სამართლიანობის აღსადგენად სასამართლოს კი არა გერმანიის საელჩოში (მაზრის სამმართველოს ნაცვლად) მომუშავე ცოლის ნათესავს  მიადგება. სწორედ ამ თანამედროვე საქმიანმა ქალბატონმა, თავისი გერმანელი ზემდგომითურთ (რუსი ვასილ ივანიჩის მაგივრად) თავისი სტუმრობით უნდა დაუფრთხოს ანგელოზები გალაქტიონის „მტერ“ ბაკულას.

მოზარდ მსახიობებს (ანი კუპრაძე, ნინი ქათამაძე, ნუცა წულუკიძე, ნუცა დობორჯგინიძე, ლანა გუგუნავა, ნანა გუგუნავა, მარი ბარამიძე, ნატა ქიქავა, სანდრო რუსია, ალექსი ბურჭულაძე, ამიკო გოგიჩაიშვილი, გიგი გოგიტიძე, იესე ჯინჭველეიშვილი, მართა კუპრაძე, ბარბარე გაბაიძე) გააზრებული აქვთ თავიანთი სცენური ამოცანები და მომსყიდველი გულწრფელობით გვიხატავენ პერსონაჟთა ხასიათებს. აქ ვხედავთ ბრძოლისუუნარო გალაქტიონს, სოფლელ დიასახლის ზენათს, „საზოგადოებრივად აქტიურ“ ნინოს, უცხოელს, რომელსაც გალაქტიონის (გადატანითი მნიშვნელობით - საქართველოს) სატკივარის გულთან მიტანა არც უფიქრია... და ვხედავთ სოფლის მცხოვრებთ - გალაქტიონის მეზობლებს, რომლებიც რეჟისორმა შემოიყვანა სპექტაკლში (ლიტერატურულ პირველწყაროში მათ ტექსტი არა აქვთ). მასპინძლებთან და ერთმანეთთან მათ დიალოგებში ჩანს, რომ კეთილმოსურნეობისაგან შორს არიან. დათაფლულ ინტონაციებში ირონიისა და სარკაზმის ჩაქსოვასაც ახერხებენ პატარა არტისტები. მათი ყოველი მიხვრა-მოხვრა, პლასტიკა გააზრებულია, სიტყვები -  არაერთაზროვანი. ისინი, მართლაც, კლდიაშვილისეული გმირები არიან და სცენაზე საქართველოს მიკროკლიმატს ქმნიან.

დავით ტაკიძის სცენოგრაფია მარტივია (სცენის ზედა ნაწილში გამოფენილი ფერადი თავსაფრები) და სიმბოლურად პერსონაჟთა სოციალურ წარმოშობაზე, ხასიათების ნაირფერობაზეც მიგვანიშნებს. სპექტაკლის დინამიკას ტონს აძლევს ტარიელ კიკვაძის მუსიკალური გაფორმება, ხოლო ქორეოგრაფ ნინო კვიტაიშვილისა და  ლოტბარ მამუკა კუპრაძის ნამუშევრები - მოქმედ პირთა მიერ შესრულებული ცეკვა-სიმღერა ლაღი და ლამაზი იმერეთის ძველ სურათს ისე გვიხატავს, რომ სცენურ ქსოვილში ხელოვნურად მიმაგრებულ საკონცერტო ნომერს კი არა, სპექტაკლის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს, სიხარულით გვავსებს, რომ ახალი თაობა ამ ლამაზ სამყაროს ეზიარა.

ცხადია, გალაქტიონის გეგმას წარმატება - ბაკულას და მისი ღორების დაფრთხობა არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ფინალში, „სარკისეული“ ინტერპრეტაციით - შავ სამოსში გამოწყობილი, ბატონკაცური მიხვრა-მოხვრის ბაკულაც გამოჩნდება, რომელსაც გერმანელი „შემშინებელი“ ანგარიშს აბარებს...  სათქმელით ასე დატვირთული, კლდიაშვილისეული ტრაგიკომიკურობით გაჯერებული,  თანამედროვეობასთან მრავალმნიშვნელოვანი პარალელებით სავსე ამგვარი სპექტაკლი, ვფიქრობ, ბევრ პროფესიულ სცენასაც დაამშვენებდა. სულ ბოლოს სცენის კიდეზე ჩამომსხდარი სპექტაკლის ყველაზე პატარა მონაწილეები (მომავალი თაობა )მრგვალი სარკეებით მზის ნაცვლად პროჟექტორის შუქს ირეკლავენ და მაყურებელს თვალებში ანათებენ... დიახ, სწორედ ასეთია თვალისმომჭრელი სიმართლე, რომელსაც თეატრი ისევე ირეკლავს, როგორც სარკე სინათლეს, ამგვარად, დასმა კიდევ ერთხელ გაგვააზრებინა თავისი სახელწოდების („სარკე“) მნიშვნელობაც და თეატრის დანიშნულებაც, გვითხრა, რომ სცენაზე მოქმედ გმირებში საკუთარი ნაკლოვანებებიც დავინახოთ. ყველაზე კარგი, რაც ზემოხსენებული სპექტაკლიდან დავასკვენით, ისაა, რომ ბავშვები აქ, მართლაც, ეზიარნენ თეატრალურ ხელოვნებას.

29 ნოემბერს დრამატული თეატრის სცენაზე კიდევ ერთი წარმოდგენა გაიმართა - მაყურებლის წინაშე წარსდგა ბათუმის სკოლის „ევრო 2000“  (დირექტორები - მარინა ცივაძე, ანზორ აბუსერიძე) დასი „სახილველი“ სპექტაკლით „სათაგური“ ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. დიდი მწერლის ეს საშობაო მოთხრობა, რომელიც სასწავლო პროგრამაში შედის, დიდი ხალისითა და მონდომებით გააცოცხლეს პატარებმა. იოლი არ იყო სკოლის მოსწავლისთვის წამყვანის, მოწიფული ასაკის ძია ესტატეს თუ ეფემიას, ასევე სხვადასხვა ხასიათის თაგუნებისა და სხვა პერსონაჟების განსახიერება, მაგრამ ნორჩ მსახიობებს (ნიკო ქათამაძე, დემეტრე ბეჟანიძე, მართა პაიჭაძე, სანდრო დევაძე, ნატალი ბაკურიძე, დათო ბერიძე, თემო ბერიძე, მათე ძნელაძე, ანდრია ქონიაძე, ანდრია დუმბაძე, ლაზარე სიხარულიძე, ალექსანდრე თხილაიშვილი, დავით ბერიძე, ნინი გოგიტიძე, თაზო ბერიძე, ალექსანდრა კნიშოვა) ცდა არ დაუკლიათ და ღირსეულად შეძლეს მათზე მინდობილი ამოცანების შესრულება. თაგუნები, რომელთა სვლა განჯინაში მოთავსებული სანუკვარი კაკლის ლებნისკენ, დადგმის რეჟისორის  და მუსიკალურად გამფორმებლის (ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელი თამარ ფირცხალაიშვილი) ჩანაფიქრით, ცეკვით გამოხატეს შემსრულებლებმა. ისინი „ხორუმის“ რიტმით მიიწევდნენ დამღუპველი სათაგურისკენ, საიდანაც სატყუარა კაკალი სტაცებდათ თვალს. ქორეოგრაფ მანანა სახელაშვილის მიერ დადგმული  საცეკვაო ნომრები („მთიულური“, „კეკელა და მარო“, „კინტაური“ და სხვ.), ასევე სიმღერები („25-სა დეკემბერსა, „ქალაქური მრავალჟამიერი“...) სანახაობის სამკაულად იქცა. მოკლედ, ყველამ იცის „სათაგურის“ სიუჟეტი -  თაგუნია ფიცხელას მახეში გაბმის ამბავი და ისიც, როგორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი მეგობრების ერთიანობა გასაჭირში ჩავარდნილი მოძმის გადასარჩენად, ასევე - ვინ და რატომ გადაწყვიტა ფიცხელას გათავისუფლება. მთავარია, რომ მოზარდებმა გენიალური მწერლის ნაწარმოები უფრო ღრმად გაიაზრეს, როცა მის გასცენიურებაზე მუშაობდნენ. თამარ ფირცხალაიშვილი, რომელმაც ლიტერატურული პირველწყარო („სათაგური“) კარგად მოარგო სცენას (სცენური ადაპტაციაც სწორედ მისია), სწორად შეარჩია წამყვანის ტექსტიც და აშკარაა მისი ძალისხმევა მონაწილე მოზარდების სასცენო მეტყველებისთვისაც. დარბაზში, ძირითადად, საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა მათი ყოველი სიტყვა. ცხადია, ბავშვებთან ერთად მან დიდი შრომა გასწია ამ წარმოდგენის შესაქმნელად, ეცადა იგი პატარა მონაწილეების ვოკალური და საცეკვაო შესაძლებლობებით გაეჯერებინა. საბოლოო ჯამში გამოვიდა ხალისიანი სანახაობა, რომელმაც სიამოვნება მიანიჭა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას და შესაბამისი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ფესტივალის მეორე და მესამე დღეს საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ ფარგლებში მაყურებლის სამსჯავროზე  წარსდგნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის (დირექტორი - მერი დიასამიძე) თეატრალური დასი „ჩირაღდანი“ სპექტაკლით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით (რეჟისორი - მადონა ქათამაძე), ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის (დირექტორი -  რამინ ხინიკაძე) დასი „დვრიტა“ სპექტაკლით „ერთხელ სალონში“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი - ნაზი კოჩალიძე), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის (დირექტორი - შორენა ბერიძე) დასი  „ჩემი ოცნების სცენა“ სპექტაკლით „ჩხიკვთა ქორწილი“ ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით (რეჟისორი და ინსცენირების ავტორი - მელანო ჭელიძე), შუახევის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის (დირექტორი - ნუგზარ ქამადაძე) დასი „მთიები“ სპექტაკლით „მიწის ყივილი“ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით. THEATRELIFE.GE ფესტივალის მონაწილე არცერთ დასს არ დატოვებს უყურადღებოდ და ყოველი სპექტაკლის შესახებ გამოხმაურებას შემოგთავაზებთ.

bottom of page