top of page

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

119156534_3399756823473600_7074492601272

გუბაზ მეგრელიძე

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი

ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა, თუმცა ამჟამად პანდემიის გამო საკმაოდ მოკრძალებულად. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა თეატრმა 10 სპექტაკლი წარმოადგინა. ფესტივალის ჩატარება ამ მძიმე პირობებში მნიშვნელოვანი იყო, რათა არსებული ტრადიცია არ დარღვეულიყო. თეატრმცოდნეებსა და საზოგადოებას საშუალება მიეცათ ენახათ ბოლო პერიოდში განხორციელებული დადგმები. ფესტივალის ორგანიზატორთა მოთხოვნაც სწორედ ეს იყო, რომ თეატრებს ახალი დადგმები წარმოედგინათ, რაც სამომავლოდ აუცილებელ მოთხოვნად იქცევა. წლევანდელი ფესტივალის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ორგანიზატორებს მისი ჩატარება მოკლე ვადაში მოუწიათ. ამას გარდა, პრობლემური იყო ღია გარემოს შერჩევა, სადაც ხმის მაყურებლამდე წვდომის საკითხი იდგა და სცენოგრაფიასაც ფაქტობრივად ბუნებრივი გარემო ცვლიდა. ფესტივალი მოერგო ასეთ სივრცეს და ამისთვის შესაფერისი სპექტაკლები შეირჩა. საყურადღებოა, რომ სენაკში ფესტივალი პირველად ჩატარდა (მხოლოდ ორი დღე) და მასში, ასევე პირველად, სენაკის თეატრის სპექტაკლიც მონაწილეობდა. შემდეგ ფესტივალი ტრადიციულად ფოთში გაგრძელდა. სამომავლოდ ფესტივალის ორგანიზატორები რეგიონური თეატრების ახალგაზრდა მსახიობების მუშაობის ხელშეწყობაზედაც იზრუნებენ.

ფესტივალის მნიშვნელობას ისიც განაპირობებდა, რომ მთელი თეატრალური სეზონის განმავლობაში თეატრები პანდემიის გამო გაჩერებული იყო და ამ ფესტივალზე მიეცათ მაყურებელის წინაშე თამაშის შესაძლებლობა. ფესტივალმა გამოაცოცხლა სენაკის საზოგადოებრივი ცხოვრება. Aაქვე აღვნიშნავთ, რომ სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრს, ცნობილი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა. ამ საზეიმო შეკრებაზე სიტყვებითა და მოგონებებით გამოვიდნენ სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, მსახიობები ნუგზარ ყურაშვილი და თენგიზ გიორგაძე, მწერალი და დრამატურგი გურამ ბათიაშვილი. დასასრულს დ. ჯაიანის შვილიშვილმა, გიორგიმ, და შვილმა, ჯაბამ, საზეიმოდ გახსნეს მემორიალური დაფა. სასურველი იქნებოდა, აფხაზეთის ა/რ მთავრობას (რომლის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა) ან ადგილობრივ ხელისუფლებას ფესტივალზე დიმა ჯაიანის სახელობის პრიზიც დაეწესებინა.

თეატრალური ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი `დღეს” (დამფუძნებელი ნ. ჭანკვეტაძე, ფესტივალის დირექტორია თ. ხუხია, ორგანიზატორები არიან: ნანა თუთბერიძე, ბექა ჯუმუთია, ნათია გოგოჭური, შიო აბრახამია, ირინა აბჟანდაძე, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი). ფესტივალს მხარს უჭერდნენ ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიები.

 წლევანდელი ფესტივალი 1-6 სექტემბერს ჩატარდა საგანგებოდ შერჩეულ ადგილებზე. ფესტივალი გაიხსნა ნოქალაქევის ისტორიულ ნანგრევებში, რომლებიც დეკორაციის ფუნქციასაც ასრულებდა. სწორედ ამ გარემოს საოცრად მოერგო სოხუმის თეატრის სპექტაკლი `მთვარის მოტაცება” კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით. ფესტივალი გახსნეს ნ. ჭანკვეტაძემ და თ. ხუხიამ. სპექტაკლის შემდეგ ფესტივალს მიესამლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

სპექტაკლის დამდგმელმა გოჩა კაპანაძემ და ინსცენირების ავტორმა თამაზ გოდერძიშვილმა ამ რომანიდან ის პასაჟები აიღეს, რომლებშიც ნათლად ჩანს მთავარი სათქმელი _ დღეს, როდესაც ევროპული `სტანდარტებით” ვცდილობთ ცხოვრებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობა, რითაც ასე მდიდარია ქართველი ერი. გმირებს დიდი სულიერი ქარტეხილებისა და ტკივილების გავლით უწევთ საკუთარი პიროვნული თვისებების, გაუტეხლობისა და ეროვნული იდელების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ამ პატრიოტ ადამიანებს არ აკლიათ არც განათლება და არც არისტოკრატიზმი, მაგრამ შექმნილ რევოლუციურ სიტუაციაში მიუღებელნი არიან, ვინაიდან ისინი არ აყვნენ ბოლშევუკური ცხოვრების ახალ წესს, მასების ნებასა და მოწოდებებს. მათ აერთიანებთ ქრისტიანული სარწმუნოება, ჰუმანურობა და სიყვარულის განცდა, რითაც გარშემომყოფი მასისგან გამორჩეულად დგანან. ასეთივე ვითარებაა დღესაც, ვინაიდან ბრმად გააზრებული `ევროპული სტანდარტები” მიმართულია ქართული ტრადციციების, პატრიოტიზმის წინაარმდეგ, რისთვისაც დასავლეთი დიდ თანხებს არ იშურებს არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და ქართული ყოფისთვის მიუღებელი ნორმების დამკვიდრებას ცდილობენ. სწორედ ახლა გვჭირდება კ. გამსახურდიასეული გმირები ეროვნული სულისკვეთების შესანარჩუნებლად.

სპექტაკლი შთამბეჭდავად იწყება. თარაში (ნ. წერედიანი) და არზაყანი (ჯ. იზორია) თითქოს ვერ იყოფენ, თავისკენ ექაჩებიან საპატარძლოდ გამოწყობილ თამარს (ა. მატუაშვილი). სწორედ ამ სამეულის გარშემო მიმდინარეობს მოქმედებაც, რომელიც მათ სულიერ, კლასობრივ და სოციალურ ბრძოლაში მიმდინარეობს. თარაში და თამარი გრძნობენ არსებული ვითარების სირთულეს, რომელიც შეიძლება მათ საბედისწეროდ შემოუტრიალდეთ, მაგრამ თავიანთ ეროვნულ შეხედულებებსა და ტრადიციებს არ თმობენ. მათ ფიზიკურად არ ძალუძთ ბოლევიკების გამკლავება, მაგრამ თავიანთი დამოკიდებულებითა და მოქმედებით მაქსიმალურად ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას. საინტერესოა რესტორნის სცენა, სადაც თარაშისთვის უცხოა ის გარემო, სადაც თამარს შეჭრილი თმითა და მოკლე კაბით ხედავს. მას თამარი ასეთ ფორმაში ვერ წარმოუდგენია და ამ დროს დედასთან (ჯ. პაკელიანი) დიალოგი მისთვის სულიერი შვებაა. დედა გრძნობს შვილის სულიერ შფოთვას და ამიტომაც საუბარს თამარზე ჩამოუგდებს. ის განიცდის შვილის მარტოობას, დარდობს მის უსაფრთხოებაზე.

ჯ. იზორიას არზაყანი ცდილობს ხელისუფლების სადავეები გამოიყენოს როგორც პოლიტიკურად, ასევე პირადი მიზნებისთვის - თამარის ხელში ჩასაგდებად. იგი განიცდის, როდესაც თამარი მის გრძნობას ცივად პასუხობს. ამით არზაყანის პატივმოყვარეობა ილახება, ფიზიკური ძალა თამარის გრძნობებს ვერ ერევა. ბოლოს სულიერად გატეხილ არზაყანს მისსივე მეგობარი ბოლშევიკები ტყავის ქურთუკს აცმევენ, რაც მისი მრწამსის სიმბოლური გამოსახულებაა. არზაყანში მხოლოდ ბოლშევიკური სულისკვეთება რჩება და ამიტომაც ცაბუნისთან (ს. ძაძამია) ხელისმოწერას გადაწყვეტს. ჯ. იზორია კარგად გადმოსცემს გმირის სახეცვლილებას, რომელიც სამომავლოდ მისთვის მიუწვდომელ არისტოკრატიას ტერორს მოუწყობს. საინტერესოდ გადაწიყვიტა მერაბ ყოლბაიამ ლუკაია ლაბახუას სახე. მისი გმირი თითქოს უძლური და დამთმობი ადამიანია, მაგრამ ფიზიკურ სიძლიერეს ამჟღავნებს, როდესაც არზაყანს ხანჯალს ართმევს თამარის დასაცავად. ეფექტურია მისი და ბოლშევიკების სცენა, როდესაც ისინი დასცინიან ლუკაიას მორწმუნეობას, მაგრამ შეეშინდებათ ზარების ხმის გაგონების, რასაც ლუკაიას სიტყვები მოჰყვება: `ღმერთო დაგვიფარე ამ ურჯულოებისგან”. მ. ყოლბაიას გმირი რწმენის, ზნეობის, პატიოსნების დამცველია და განიცდის საზოგადეობის ღმერთისგან განდგომას. სპექტაკლის გარემოში საინტერსო ადგილი უჭირავს კაროლინას. მსახიობი ლ. შარაბიძე არსებული გარემოს სრულიად ეწინააღმდეგება. ამიტომ ქართული გარემო ეუცხოვება. იგი სულიერად დაცლილია, თავს მარტო გრძნობს და ეროვნულ ღირსებებს დამცინავად აღიქვამს. აქაც კარგად ჩანს ეროვნული და ევროპული ცხოვრებისეულ წესებს შორის დაპირისპირება. ფინალიც ამ სულისკვეთების გამომხატველია, როდესაც თარაში წარმოსახვით ხელში იყვანს თამარს და სცენიდან გადიან _ ორივენი სულიერად გადარჩნენ, მაგრამ ფიზიკურად დაიღუპნენ.

ფესტივალზე რამდენიმე თეატრმა თოჯინური სპექტაკლი წარმოადინა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უჩვენა `ყველა თაგუნას უყვარს ყველი” (რეჟისორი გ. გელაძე). მხატვრულად კარგად დამზადებულმა თოჯინებმა, მსახიობთა თამაშმა ბავშვებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. თოჯინებს ოსტატურად ათამაშებდნენ მსახიობები: ვ. მაღლაკელიძე, ს. დოლიძე, მ. ბულეიშვილი, თ. ტუღუში, მ. ჩომახიძე, ს. ცაგურია, რ. ხოფერია. სპექტაკლს არ აკლდა იუმორი. დადგმის შინაარსი ეხება თეთრ და რუხ თაგვთა ოჯახების შორის დაპირისპირებას, ერთობლივ თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. უფროსთა კონფლიქტის დროს შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დახმარებას სხვენზე მცხოვრებ `ჯადოქარ” კატა პასკალს სთხოვენ, რომელიც ბოლოს გადაცმული თაგვი აღმოჩნდება. იგი მოდავეებს არწმუნებს, რომ  მათ ბევრი საერთო აქვთ _ ყველის სიყვარული და კატის შიში და, ფერთა სხვაობის მიუხედავად, მაინც თაგვებად რჩებიან.

ზუგდიდის თეატრმაც თოჯინური სპექტაკლი `მარიტა” (რეჟისორი ე. მაცხონაშვილი) წარმოადინა, რომელიც გ. ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დაიდგა. მოქმედება აგებულია მარიონეტი თოჯინებისა და მსახიობთა თანამონაცვლეობაზე. ამდენად, სხვაობა თოჯინასა და რეალურ ადამიანს შორის არ აღიქმება და ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. ამიტომაც მოქმედებას ბუნებრივად ერწყმიან მსახიობები: მ. კაკალია, რ. ჯოჯუა, მ. ჩარგაზია, გ. გუგუჩია, ირ. სამუშია, ლ. ფიფია, თ. ცინცაძე, კ. მანტკავა, ნ. კვირკვია, ქ. შონია. სპექტაკლის ემოციურ ფონზე პოეტურად ნაჩვენები სიყვარულის უძლეველობის იდეა უპირისპირდება თანასოფლელთა დოგმატურ აზროვნებას. მარიტასა და გედიას გულწრფელ სიყვარულს უპირისპირდება შეთესა და მარიტას უსიყვარულო, მაგრამ ტრადიციების დაცვით გადახდილი ქორწილი. ამის შედეგად კი ჩაიქოლა ნამდვილი გრძნობა, რასაც შედეგად მოჰყვა სოფლის სულიერად დაცლა, უსიცოცხლო და სიყვარულის გარეშე ცხოვრება, რაც ადამიანებს გამხმარ ბალახს ამსგავსებს.

სენაკის თეატრმა კვლავ ელ. მაცხონაშვილის ინსცენირებითა და დადგმით წარმოადგინა `წარსული ჩემი პროლოგი.” იგი დიდ მსახიობის აკაკი ხორავას დაბადებიდან 125 წლისთავს მიეძღვნა. შინაარსი აგებულია აკ. ხორავას მოგონებების მიხედვით. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება თოჯინების გამოჩენისთანავე იკარგება, ვინაიდან აკ. ხორავას თოჯინა სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირ. ადამიას პროტოტიპია, ხოლო დიდი მსახიობის მეუღლის ნინა მესხიშვილის სახეც გაურკვეველი პორტრეტია. ასეთ გაშარჟებულ ფონზე აკ. ხორავას დრამატულ ბიოგრაფიაზე საუბარი უხერხული და არასერიოზულია. მით უმეტესს, როდესაც ბიოგრაფიაც ზუსტად არ არის გაგებული და გააზრებული. დარღვეულია ქრონოლოგია, ფაქტები არასწორადაა შეფასებული. ბაქოს კონფლიქტი რატომღაც სომხეთშია გადატანილი. რუსთაველის თეატრის კონფლიქტიც უფერულად, გაუაზრებლადაა მოყვანილი. გაუგებარია მეუღლეთა სიყვარულის საკმაოდ გაწელილი პროლოგი (რომლის შესახებაც თავადვე არ საუბრობდნენ), რომელსაც შემდგომი გაგრძელება არა აქვს. თვალშისაცემია ამ სპექტაკლისა და `მარიტას” ზოგიერთი მხატვრული ხერხის განმეორება. თუ გედიასა და მარიტას სიყვარული მათი აღმაფრენითაა გამოწვეული, იგივე გადაწყვეტა უკვე სრულიად უადგილოდ გამოიყურება აკ. ხორავასა და მისი მეუღლის მიმართ. ალბათ, ელ. მაცხონაშვილს კარგად უნდა შეესწავლა მასალა, გარკვეულიყო მის არსში და შემდგომ დაედგა სპექტაკლი. ფინალში მაყურებელი ანთებს ასანთს, რომელიც მას სკამზე ხვდება. ეს მომენტი გამოყენებულია იმ მოვლენის მიხედვით, როდესაც აკ. ხორავამ შექსპირის იუბილეზე ოტელოს მონოლოგი წაიკითხა და აღფრთოვანებულმა მაყურებელმა პატივისცემის ნიშნად ასანთი აუნთო. Uუფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსახიობის ჩანაწერების მოსმენა, რამაც სპექტაკლის შთაბეჭდილება გააქარწყლა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ სენაკის თეატრის საოცრად კარგი ფერისცვალება, რესტავრირებული შენობა და ტექნიკური სრულყოფა. სამწუხაროდ, ბიუჯეტი 200 ათასი დარჩა, რაც გათბობას ვერ უზრუნველყოფს. თეატრს შტატში არ ჰყავს კაპელდინერი, სცენის მუშა, მსახიობთა მაქსიმალური ხელფასი 400 ლარია. ეს და სხვა პრობლემები სეზონის გახსნამდე აუცილებლად მოსაწესრიგებელია.

დმანისის თეატრმა პროფესიულ ფესტივალზე თეატრთან არსებული სტუდია `ეტიუდის” მოსწავლეთა პერფორმანსი-აქცია `1. 800 000 წლის წინ” წარმოადგინა. ეს არის თინეიჯერთა დოკუმენტური კომპოზიცია, რომელიც დმანისის პრობლემებს ეხება. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მიხედონ ქალაქს, იაქტიურონ მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი არ არის პროფესიონალიზმსა და მხატვრულ სახეებზე. ეს გახლავთ ახალგაზრდების გულისტკივილი ცენტრალური ხელისუფლებისგან რაიონისადმი უყურადღებობზე, მათ შრომით უპერსპექტივობაზე. სრულიად გასაგებია პოზიცია, რომელიც დმანისის მერიის წინ უნდა გათამაშებულიყო და არა ფოთის ფესტივალზე.

ყველა დიდი ინტერესით ელოდა რეჟისორ პ. ციკოლიას დამოუკიდებელ პროექტს `მედეა”, რომელმაც საკამათო შთაბეჭდილება დატოვა. სპექტაკლი გაიმართა მალთაყვის პლაჟზე არსებულ დაუსრულებელ შენობაში და მაყურებელიც ქვიშაში ჩაფლულ სკამებზე იჯდა. სპექტაკლის ფორმა იმეორებს ფრანგი რეჟისორის ივან ვან ჰოვეს `კომედი ფრანსეზში” დადგმულ სპექტაკლს, რომელიც განხორციელდა ლუკინო ვისკონტის კინოფილმის `ღმერთების დაღუპვის” მიხედვით. ორივეგან გამოყენებულია კინოეკრანი, რომელზედაც აისახება სცენაზე მიმდინარე მოვლენები და მსხვილი კადრით ჩანს მსახიობთა განცდები. უფრო საგანგაშო მდგომარეობა გამოჩნდა გმირთა დიალოგებში ყოვლად გაუმართლებელი უწმაწური ტერმინოლოგია, რომელთა მოხმარება მოქმედების აუცილებლობისგან არ გამომდინარეობს. რეჟისორი ხარკს უხდის ვითომ `თავისუფალ” აზროვნებას და სცენაზე გარყვნილებას ამკვიდრებს. სამწუხაროდ, ეს გაუმართლებელი ტენდენცია ფართოდ გავრცელდა ქართულ თეატრსა და კინოში. არავინ ფიქრობს მოზარდთა აღზრდის ეთიკაზე და საერთოდ ელემენტარულ ზრდილობაზე. თეატრი ხომ აღზრდის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი კერაა, რომელიც ქუჩის ბირჟას ემსგავსება `ცხოვრების რეალურად” ჩვენების საბაბით. მთელ მოქმედებას თან სდევს ქორეოგრაფიული ჯგუფი, მაგრამ ისინი უშუალოდ ჩართულნი არ არიან მოქმედებაში, არც მისი იდეური ჩანაფიქრის (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) ჩვენებას უწყობს ხელს.

სპექტაკლის შინაარსიც საკმაოდ ეკლექტური და ბოლომდე გაუგებარია. ფესტივალის ბუკლეტში ვკითხულობთ, რომ ეს სანახაობა `ერთგვარი პროვოკაციაა სატელევიზიო სერიალებით საზოგადოების უახლეს გატაცებაზე”. ვითომ რომელიღაც სერიის, რომელიღაც ეპიზოდი თამაშდება. მსგავსი ტენდენცია ამ გაუგებრობაში არ შეინიშნება. ერთ ეპიზოდში, როდესაც აიეტი შეიტყობს მედეას მიერ იაზონის დახმარებასა და მამის ღალატს, საიდუმლო ბრძანებით მის დასჯას ვხედავთ. ეს `დასჯა” კი მედეას გაუპატიურება ყოფილა... სრული ქაოსია, როდესაც მობილური ტელეფონების გამოყენების, ქრისტიანული ეკლესიების, ტურისტული ინდუსტრიის გვერდით მსხვერპლშეწირვის რიტუალები იმართება, ჯარისკაცები შუბებითა და ხანჯლებით ომობენ. უფუნქციოდ რჩება მოქმედების ადგილიდან დაშორებული ნავი. მედეას მიზანიც თურმე კოლხეთის სამეფოს დამხობა ყოფილა და არა იანზონისადმი სიყვარული. ამაშია ციკოლიას ორიგინალობა? სამწუხაროდ, რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ მსახიობები გია ბურჯანაძე, ეკა დემეტრაძე და სანდრო სამხარაძე, რომელთა გმირების `სახეები” საეჭვო `მხატვრულობით” ხასიათდება. კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა, საგაზეთო ფორმატი რომ არ გვზღუდავდეს.

ქუთაისის თეატრმა ფესტივალს უჩვენა მაკა კუკულავას პიესა `გადაუღებლად წვიმს 13. 06” (რეჟისორი ლ. ბურბუთაშვილი). სპექტაკლი თითქოს ეძღვნება თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის ტრაგიუკულ ღამეს, მაგრამ ამ თემიდან მოქმედება შორს დგას, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურად შემოსულ წვიმის ხმას. დაშორებული ცოლ-ქმრის ბოლო საღამოს ეს მოვლენა არაფრით უკავშირდება და სრულიად განყენებულად ჩანს. ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ სპექტაკლი ფოთის შუქურას ტერიტორიაზე გაიმართა (სადაც მისასვლელი გზა ხუთ წელზე მეტია დანგრეული და მიუხედავია) და სრულყოფილი ჩვენებისთვის ბევრი რამ აკლდა: განათება, შესაფერისი გარემო, მაგრამ მსახიობებმა: დათო როინიშვილმა და ენდი ძიძავამ ფსიქოლოგიური სახეების შექმნა მაინც მოახერხეს. ენდი ძიძავას ანა ბინაში თავიდანვე ირონიული განწყობით შემოდის. ახსენდება განვლილი ურთიერთობები და პრობლემები, რომლებმაც დაღალა, ხვდება, რომ გარეგნულ ყალბ ოჯახში გულწრფელი გრძნობები დაიკარგა. ოჯახზე კონცენტრირებული ანა ითმენდა ქმრის სახლიდან წასვლა-დაბრუნებას, არ იცოდა რა ექნა. ახლა კი, თავისუფლება და სხვაგვარი ცხოვრება სურს. იგი უფრო პრინციპულია, რადგან მეუღლე ვერ უგებდა მის სულიერ მდგომარეობას. ირკვევა, რომ სანდრო ეჭვიანობდა მის ადრინდელ შეყვარებულზე, რომელთანაც სერიოზული არაფერი ჰქონია. ამიტომაც არ ენანება ოჯახის დანგრევა და სანდროსთან სამუდამოდ დამშვიდობება.

დათო როინიშვილის სანდრო, უფრო განიცდის გაყრას. იგი თავს დამნაშავედ გრძნობს და მეუღლის შენარჩუნებას ცდილობს. წვიმის გამო შუქის ჩაქრობას სანდრო ურთიერთობის დათბობისთვის იყენებს და ანას ეხუტება. საუბრისას ყოველთვის დათმობაზე მიდის, რომ როგორმე გული მოუბრუნოს. იმასაც ხვდება, რომ მეუღლისადმი ეჭვიანობა რეალურ საფუძველს მოკლებული იყო, მაგრამ მდგომარეობის შეცვლა აღარ ძალუძს. სპექტაკლში მეზობლის ეპიზოდურ როლს ზაზა კილასონია ასრულებს. თავიდანვე დაბნეულია ცარიელი ბინის დანახვით, ცდილობს გაანეიტრალოს მეზობლების დაძაბული ურთიერთობა, ხან თავისთან იწვევს მათ, ხან თავის სამსახურს სთავაზობს, განიცდის ოჯახის დანგრევასა და ბინის გაყიდვას. ფინალში შამპანურით შემოდის და სანთელს ანთებს, რომ თავისი დამოკიდებულებით მათი მიღებული გადაწყვეტილება გადაათქმევინოს. მსახიობი გულწრფელად გადმოსცემს თავის დამოკიდებულებასა და ემოციას. ბოლოს ანა და სანდრო ფანჯრებს აღებენ _ წვიმამ გადაიღო, მაგრამ საშინელი ტრაგედიის შეგრძნება არ ჩანს, თითქოს ჩვეულებრივი დილა დადგა და ამიტომაც სპექტაკლის სათაური მოქმედების შინაარსში არ აისახება. აღსანიშნავია წარუმატებელი მუსიკალური გაფორმება. მომღერალ სალომე კორკოტაშვილის სიმღერა `ვარსკვლავები და ცისარტყელა” სრულიად შეუფერებელია გათამაშებული დრამისთვის, ვერ გამოხატავს გმირთა სულიერ მდგომარეობასა და განცდებს.

გორის თეატრმა ფესტივალს უჩვენა პაულო ჯენოვისის სცენარის მიხედვით `იდეალური უცნობები” (რეჟისორი დ. ჩხარტიშვილი). ეს სპექტაკლიც მალთაყვას პლაჟის დაუმთავრებელ შენობაში გაიმართა და მის სრულფასოვან სახეზე ვერ ვიმსჯელებთ. მსახიობები ზ. ცარუაშვილი, ა. მატუაშვილი, ო. ბექაური, მ. შალიკაშვილი, კ. კოპაძე, თ. მარჯანიშვილი, ს. მგალობლიშვილი ცდილობდნენ გმირთა ფსიქოლოგიური განცდებისა და დრამატული ვითარების შექმნას. მეგობრები მთვარის დაბნელების სანახავად შეიკრიბებიან, თუმცა კუთხეში დადგმული ტელესკოპი ბოლომდე ხელუხლებელი რჩება და მთავარი ყურადღება დროს გასაყვანად მობილურებზე შემოსულ ზარებზე ხმამაღლა პასუხს გადაწყვეტენ. ისინი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და თითქოს საიდუმლო არაფერია, მაგრამ ერთმანეთზე ახალ ამბებს იგენენ. ამ უჩვეულო ვითარების გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესი, მოულოდნელობის განცდა, მსახიობთა მცდელობის მიუხედავად, ნაწილობრივ აღწევდა მაყურებლამდე, თუმცა სცენაზე ბევრად საინტერესო იქნებოდა.

თელავის თეატრში ნიკა რამიშვილის `Covid-19 ანუ შეზღუდვები ქართულად ”, მხოლოდ პირობითად თუ ვუწოდებთ პიესას. პანდემიის თემა თითქოს სარკასტულადაა ნაჩვენები, მაგრამ ხასიათებსა და სცენურ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია. ერთი ოჯახის სიტუაციის გათამაშება ვერ ტოვებს მხატვრულ შთაბეჭდილებას. იგი უფრო `კომედი შოუს” სუსტი ვარიაციაა, რაც პროფესიული თეატრისთვის შეუფერებელია.

სპექტაკლის შემდეგ ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. სიტყვით გამოვიდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გ. კურდღელია, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გ. გეგეჭკორი, რომელმაც ნ. ჭანკვეტაძეს საჩუქრად დიდი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის, პორტრეტი ელისაბედ დედოფლის როლში გადასცა. თელავის თეატრის წამყვანმა მსახიობმა ვანო იანტბელიძემ ტრადიციულად მის მიერ დაარსებული პრემია `ალალე” თელავის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს დათა ხუნაშვილს გადასცა.

თეატრმცოდნეთა გჯუფმა: ლ. ჩხარტიშვილმა, მ. ვასაძემ, ლ. ოჩიაურმა, დ. ბუხრიკიძემ, გ. ყაჯრიშვილმა, მ. ტურიაშვილმა. მწერალმა და დრამატურგმა გ. ბათიაშვილმა და ამ წერილის ავტორმა ფესტივალი შეაჯამა. სიტყვით გამოვიდნენ: ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნ. ჭანკვეტაძე, ფესტივალის დირექტორი თ. ხუხია, ოზურგეთის, ბათუმის, ზესტაფონის, სენაკის, თელავის, გორის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები: ვ. ჩიგოგიძე, ა. ენუქიძე, ნ. ლიპარტელიანი, ირ. ადამია, პ. გულიაშვილი, დ. ჩხარტიშვილი, ჭიათურის თეატრის დირექტორი ნ. წერეთელი, თელავის თეატრის მსახიობი ვ. იანტბელიძე, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გ. გეგეჭკორი. საუბარი შეეხო რეგიონული თეატრების პრობლემებს. ახალგაზრდა კადრების ნაკლებობის გამო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მიზნობრივი ჯგუფების აღდგენას. ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას მატერიალური ბაზის გასაძლიერებლად. პრობლემა შეეხება რაიონული ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას თეატრების შენობებისადმი, ვინაიდან სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად დარბაზის უფასოდ გამოყენებას მოითხოვენ. ამასთანავე, არ უნდა შემცირდეს თეატრების რაოდენობა, რომელთა არსებობა რეგიონის საზოგადოებას აყალიბებს და კულტურას უნარჩუნებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღიძრას შუამდგომლობა ხელისუფლებასთან, რომ მსახიობებმა ხელფასთან ერთად პენსიაც მიიღონ, რაც სხვა პროფესიებთან მიმართებით დაშვებულია. დასახვეწია კანონი `თეატრების შესახებ”, რომელიც თეატრებისთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია და სხვა კანონებს ეწინააღმდგება. პრაქტიკული ზომებია მისაღები თეატრებში ბილწსიტყვაობის აღსაკვეთად, რაც რეჟისორთათვის თვითმიზნად იქცა და რყვნის ახალგაზრდობას. თეატრბმა დაივიწყეს საქართელოს პრობლემები და გადავიდნენ `ზოგადსაკაცობრიო” საკითხებზე, რომლებიც თითქოსდა ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. სერიოზულ პრობლემად რჩება ქართული დრამატურგია, რომლის მხატვრული დონის ამაღლების საჭიროება ფესტივალმა წარმოაჩინა. არ შეიძლება იდგმებოდეს უსუსური პიესები, რომლებიც აზიანებენ თეატრების შემოქმედებით პოტენციალს და მათ მხატვრულ სახეს უკარგავს. ყველა გამომსვლელი ერთსულოვანი იყო ფესტივალის ჩატარების საჭიროებაში, რომელმაც ქვეყანაში ფესტივალის კულტურის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

bottom of page