top of page

პრემიერა სოხუმის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

341005693_3329982423933906_5101515504901083103_n.jpeg

მანანა თევზაძე

პრემიერა სოხუმის თეატრში

 

2023 წლის 6 აპრილს, სოხუმის დრამატულ თეატრში, მაყურებლის წინაშე სოხუმის თეატრის დასის თერთმეტი მსახიობი ქალი წარსდგა. მათ გაითამაშეს სპექტაკლი მარადიული სიყვარულისა და ბედის ძალთა შესახებ, ჩემი აზრით, პროვოკაციული სახელწოდებით „ვთამაშობთ კაბუკის“.

კაბუკის თეატრი, ერთ-ერთი ტრადიციული იაპონური თეატრია, რომელიც მე-17 საუკუნიდან არსებობს. მისი დამაარსებელი ტაძრის მოცეკვავე ქალი იზუმო ოკუნია, რომლის მეთვალყურეობითაც გამოდიოდნენ მსახიობი ქალები სცენაზე. მათი წარმოდგენები იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში, რომ აკრძალვის მიუხედავად, ხშირად სამურაებიც მალულად ესწრებოდნენ. მსახიობი ქალებით მოხიბლულ თაყვანისმცემელთა შორის ხშირად იმართებოდა დავა და ჩხუბი, ამიტომ სცენაზე მათი ადგილი მამაკაცებმა დაიკავეს, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭებსაც გამოუჩნდნენ მამაკაცი თაყვანისმცემლები და საბოლოოდ, მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს დართეს თეატრის სცენაზე გამოსვლის ნება. დიდი ხნის მანძილზე კაბუკის პიესების თემა ლეგენდებს ეყრდნობოდა, მაგრამ ამასობაში კლასიკურ რომანზე - „გენძი მონოგატარის“ ნოველებზე დაფუძნებული დრამატურგიაც შეიქმნა. 

რაც შეეხება, კონკრეტულად სოხუმის თეატრში განხორციელებულ  სპექტაკლს „ვთამაშობთ კაბუკის“, იგი რეჟისორ დავით პაპავას მიერ ქართულად თარგმნილი პიესა „აბრეშუმის ფარანია“. ეს პიესა მეოცე საუკუნის უცნობმა ავტორმა მინის ეპოქის ჩინური ჯადოსნური ნოველის „პიონის ფარნის“ საფუძველზე შეთხზა. ახალგაზრდა სამურაი სინძაბუროს გოგონა ო ციუ შეუყვარდება, მაგრამ გოგონა თურმე აჩრდილია, ანუ ოდესღაც მცხოვრები გოგონას სული. მიუხედავად იმისა, რომ სამურაის აფრთხილებენ საშიში ურთიერთობის შესახებ, რომელიც შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს, ის მაინც გადაწყვეტს, რომ გოგონასთან დარჩეს.

ავტორის პიესა შეიძლება პოპულარული სიუჟეტის ერთ ვარიანტად  მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ძველი სიუჟეტების ახლებური გადამღერება, კაბუკის ტრადიციულ დრამატურგიაში ფართოდ გავრცელებული ხერხი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დრამატურგმა  ნაცნობ სიუჟეტს ფილოსოფიური სიღრმე მისცა - პერსონაჟთა დიალოგებში მოვლენები ბუდისტური სულისკვეთებითაა განხილული - ადამიანის ბედი  გარდაუვალი ბედისწერითაა განსაზღვრული.

მისტიკური კომედია ლამაზი და პოეტური ენითაა დაწერილი. ეტყობა სწორედ ამან მოხიბლა ქართველი რეჟისორი და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ არა მხოლოდ თარგმნა, არამედ დადგა კიდეც იგი.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლი ექსპერიმენტულია - იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესის ქართული ვერსია. მან თავდაპირველი კაბუკის თეატრი დააბრუნა და მამაკაცი მსახიობების მაგივრად ყველა როლი ქალ მსახიობებს: ნანკა გვარიშვილს, სანათა ძაძამიას, მარიამ სარდანაშვილს, ქრისტინე ჩხიკვაძეს, ეკატერინე არჩაიას, მარინა სოლომონიას, ჯულიეტა პაკელიანს, ვერიკო კალანდიას, ლონდა კაციას ათამაშა. სპექტაკლში სოხუმის თეატრის დასის ახალი წევრების, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მედიაპროექტის „გოგონები აფხაზეთიდან“ ბლოგერების - მილენა აჟიბასა და ნინო პაპავას დებიუტიც შედგა.  

კაბუკის თეატრში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა გრიმსა და კოსტუმს, სადაც თითოეულ ფერს, შტრიხს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და სხვადასხვაგვარი შეთანხმებით სხვადასხვა აზრს იძენდა. დავით პაპავამ სპექტაკლში უხვად გამოიყენა ფერადი კოსტიუმი და გრიმი, ვარცხნილობა, სამკაული; მსახიობმა გოგონებმა სცადეს მათი სხეულისათვის უცნობი პლასტიკა აღმოეჩინათ, დამახასიათებელი მოძრაობები შეესწავლათ. განვითარებული ამბის უკეთ აღსაქმელად რეჟისორმა გამოიყენა ვიდეო ჩანართები, მუსიკალური ინსტრუმენტები. ქორეოგრაფი - ნათია ბუნტური, მუსიკალური გაფორმება კი დავით საყვარელიძისაა.

სპექტაკლი, სოხუმის თეატრმა თეატრალურ ჯგუფ „ჯეოლაბთან“ ერთად წარმოადგინა, რომელიც ასევე დავით პაპავას მიერაა დაარსებული.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ორი მხატვარი, რუსი ცოლ-ქმარი, რომელთაც მშვენიერი სახიერი ჩარჩო მოუძებნეს სპექტაკლს. ესენი არიან ფსევდონიმ Molu-ს ამოფარებული ალექსანდრ მოხოვი და მარია ლუკკა. სწორედ მათ ეკუთვნით დეკორაცია და კოსტუმები.

შავიატაკიანი სცენა ორ ნაწილადაა გაყოფილი და მასზე მოძრავი ორი ოთხკუთხაჭრილიანი პლატფორმა პერიოდულად ენაცვლება ერთმანეთს. ისინი სამოქმედო ადგილს განმარტავენ და მოქმედი გმირები შემოჰყავთ. პერსონაჟები კი სპექტაკლში მრავლადაა: ფარნებით მოვაჭრენი, შეყვარებულები და მათი მსახურები, ფარნიანი გოგონები  საკმაოდ ვრცელი ტექსტები რომ აქვთ წარმოსათქმელი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცი, მათ ჰქონდათ მეტყველების ნაკლი თუ დარბაზს - აკუსტიკური პრობლემები, დიალოგები კარგად არ ისმოდა და აზრიც იკარგებოდა.

ავანსცენაზე ოდნავ შემაღლებულ პლატფორმაში წყლის შროშანები ამოწვდილან, სცენის თავზე ოთხკუთხედ ჭრილებში დრო და დრო იაპონური პეიზაჟები, ბაზრის სცენები, ეროტიკული სურათები ამონათდება... შეყვარებულთა დიალოგს შეშლილი მამის შეძახილები არღვევს, ფარნებით მოვაჭრე გოგონათა სცენას სამი წითელქუდიანი ქალბატონის ნარნარი ცეკვა ენაცვლება... ისმის შეძახილი - უფრთხილდი გარდაცვლილთა სამყაროს! სცენა კვამლით იბურება და ფინალში, მაღლა, თეთრ ფონზე დახატული ორი ფიგურა ჩნდება, რომლებიც წეროებად გადაიქცევიან და მიფრინავენ კიდეც... თითქოს ყოველივე ხიროსიგეს მინიატურას ჰგავს... რეჟისორის ჩანაფიქრით, შეყვარებულთა  სულები სამოთხეში შეხვდებიან ერთმანეთს!...

ვერ ვიტყვი, რომ მონაწილენი არ ცდილობდნენ, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც ისეთი დამრჩა, თითქოს გამოუცდელ, დამწყებ მსახიობთა პირველ სპექტაკლს ვუყურებდი.

სპექტაკლს, იმ დღეს, საკმაოდ წარმომადგენლობითი მაყურებელიც ჰყავდა: საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა და იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე რიოსეი სუგინაკა. მათი რეაქციები მაინტერესებდა და რამდენჯერმე გავხედე კიდეც, მაგრამ იაპონელებს ძნელად თუ შეატყობთ სახეზე რაიმე ემოციას, ძალიან ძუნწად გამოხატავენ საკუთარ აზრს, თუმცა, ამავე დროს უკიდურესად ზრდილობიანები არიან! იაპონური ლიტერატურა ღრმად სწვდება ადამიანურ ვნებათა ფსიქოლოგიას, ასევეა მათ თეატრალურ ხელოვნებაში, სადაც ცდილობენ ადამიანის სულიერი მოძრაობის პლასტების ამოხსნას. კლასიკურ თუ თანამედროვე იაპონურ ლიტერატურასთან შეხებისას, ყოველთვის გაოცებთ იაპონური მსოფლმხედველობის განსხვავება ევროპულისაგან, მაგრამ იაპონელები ევროპელებზე უფრო მშვიდად  ხვდებიან სიკვდილს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ღირსების შენარჩუნება და ღირსეულად სიკვდილია. ყველა ვერ ახერხებს ბუდას გზით სიარულს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს.

ვფიქრობ, რომ ხელოვანმა, რომელიც ეცდება იაპონურ დრამატურგიასთან მიახლოებას, კარგად უნდა გაიაზროს, როგორ მასალასთან ექნება საქმე.

დავინტერესდი თავად რეჟისორ დავით პაპავას შემოქმედებითი ბიოგრაფიით, გავეცანი მის მიერ მოწოდებულ მასალებს: დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის კლასი. შემდეგ მსახიობის ოსტატობის კურსი გაიარა ВГИК -ში ალექსეი ბატალოვის სახელოსნოში. მე-5 კურსზე ის ლონდონში ერთ-ერთ თეატრალურ პროექტში მიიწვიეს და საბოლოოდ იქ 10 წელიწადს დარჩა, სადაც 20-მდე სპექტაკლი დადგა, მათ შორის რეზო გაბრიაძის, ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები და ქართული პოეზია. სტაჟირება გაიარა პარიზში პიტერ ბრუკთან, ლონდონის სხვადასხვა თეატრში დადგმული აქვს 27 სპექტაკლი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთა შორის განსაკუთრებულია ბოგოტაში დადგმული გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წლის“ ინსცენირება. საზღვარგარეთ გურჯის ფსევდონიმით მოღვაწეობს. მიუხედავად დავით პაპავას ვრცელი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ბიოგრაფიისა, რეჟისორის  შემოქმედებას  ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მარჯანიშვილის თეატრში დადგმული არისტოფანეს „ფრინველები“, რეჟისორის თქმით, მცდელობა იყო,  საზოგადოებაში დაგროვილ აქტუალურ თემებზე ღიად საუბრისა.

დავით პაპავას ასევე ეკუთვნის ფრაზა, რომელიც კარგად გამოხატავს მის შემოქმედებით კრედოს:

- მაყურებელი ყველგან სხვადასხვანაირია. ალბათ, ყველაზე მომთმენი და კეთილმოსურნე - ბრიტანეთში, მცოდნე და გამოცდილი - რუსეთში, ყველაზე კრიტიკული კი - საქართველოში. ლათინელები სპექტაკლს ბავშვური მხიარულებით აღიქვამენ, შეუძლიათ დარბაზიდანვე შეეხმიანონ მონაწილე მსახიობებს, ხანდახან კი ცეკვა-სიმღერაში აჰყვნენ მათ.

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველა წარმატება, თუ პირიქით, წარუმატებლობა, აღმაფრენა და ძირს დანარცხებაც ჩვენს სულიერებაში მომხდარი პროცესების გამოძახილია, ასე რომ ბევრი რამ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. თანდაყოლილი ბედისწერით ვიბადებით, მაგრამ მისი შეცვლა ყოველთვის შეგვიძლია... ეს ძველთაძველი  და ჭეშმარიტი ცოდნაა!

bottom of page