პროფესიული კრიტიკა და საშემსრულებლო ხელოვნება
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
ანი ცხვედაძე
პროფესიული კრიტიკა და საშემსრულებლო ხელოვნება
*ონორე დომიეს კარიკატურა
ყველანაირ კრიზისულ მოცემულობაშიც კი, ყოველთვის სასიხარულოა - ალტერნატიული პროცესის წამოწყებისკენ გადადგმული ნაბიჯები, როგორც პროფესიულ კრიტიკაში, ისე საშემსრულებლო ხელოვნებაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა დამოუკიდებელი წამოწყებები (პროექტები) ემსახურება არსობრივად ახლის შექმნას, ერთგვარად <სისხლის გადასხმას> და არა დომინანტური, მკვდარი სქემატურობის „მოდელირებას“., რისი მიღწევაც ურთულესია რეალურად!
გლობალურ მასშტაბში გაანალიზებისგან რომ თავი შევიკავოთ და მხოლოდ ლოკალურად, ჩვენი ქვეყნის რეალობის ნიმუშზე განვიხილოთ - სტატიის სათაურად გამოტანილი ორი ნიშანდობლივი სახელდების - <კრიტიკისა და საშემსრულებლო (სათეატრო) ხელოვნების> ურთიერთ-მიმართების საკითხი, უმთავრესად გაისმის ავტომატურად ლოგიკური კითხვები: რისთვის არის საჭირო კრიტიკა?! და პროფესიული კრიტიკის გარეშე რატომ არ შეიძლება იარსებოს ხელოვნებამ?!
ან რა როლს ასრულებს კრიტიკა საშემსრულებლო ხელოვნების ფუნქციონირებისა და პრაქტიკული განვითარების საქმეში?! ახდენს სასიკეთო გავლენას თუ ტრაფარეტული ნიშა უჭირავს?!
იმ პირობებსა და მოცემულობაში, როცა თეატრალური ხელოვნება - საზოგადოებრივ-სოციალური ცხოვრების ფორმირებაზე უმნიშვნელო გავლენასაც კი არ ახდენს(!), ცხადია, ერთი მხრივ, რთულია დისკურსის წარმოება „კრიტიკის მნიშვნელობაზე“ სფეროში...
თუმცა, მეორე მხრივ, მსგავსი დისკურსი თუ არასდროს წამოიჭრა, სტაბილურ ბუნდოვანებაში გააგრძელებს არსებობას თავად დარგი, რამდენი პროგრესული წელიც არ უნდა გავიდეს!
ერთგვარი ფერწერული სურათის ანარეკლი რომ შევქმნათ, დაახლოებით ამგვარი ვარიანტებია კრიტიკის გაგებისა თეატრალურ საზოგადოებებში, უფრო სწორად კი, ცალკეულ თეატრალურ კლანებში. (თითოეულ თეატრს, იქნება ეს დიდი მოცულობის, მომცრო თუ საშუალო ზომის, ხომ ლეგიტიმურად ტრადიციული კლანური სისტემა აქვს!):
ვარიანტებს ძალიან პირობითი ნუმერაციით დავყოფ, შესაბამისად თითოეული ნუმერაცია შეიძლება იყოს ქრონოლოგიურად ნებისმიერი.
პირველი: -> როცა დადებითი გამოხმაურებაა კონკრეტულ სახელოვნებო პროდუქტზე - შემოქმედებით ჯგუფს ეს უხარია თავისთვის ჩუმად, ან იგნორს მიმართავს ან (უიშვიათესად გამონაკლისი გულწრფელი მადლობების გარდა!) სასხვათაშორისო/ეტიკეტურ „მადლობას“ იხდის...
მეორე: -> როცა კრიტიკის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებაა კონკრეტულ ‘ნაწარმოებზე’, იქნება ეს, პუბლიკაციის სახით, ზეპირსიტყვიერი, უმსუბუქესი კრიტიკული რეპლიკა თუ სხვა. - ამ დროს, თითქმის ყველა თეატრალურ კლანს, გარდა იმ ჯგუფისა, ვისაც პირდაპირ ეხება უარყოფითი გამოხმაურება - უხარია, ერთთავად აღტაცებას განიცდიან და მიმართავენ კოლექტიურ ბულინგს (დაცინვა, „ტრივიალური ღადაობები“ და მისთანები;), რაც რასაკვირველია, ცდება, როგორც პროფესიული, იმდენად ეთიკური ნორმის გამოხატვის დემოკრატიულ ჩარჩოებს!..
მესამე: -> როცა აბსოლუტურად უადგილო და გაუგებარია კრიტიკის არსებობის საჭიროება სფეროში. (სამწუხაროდ!) ეს გამოიხატება, ერთმანეთისგან აბსოლუტურ გაუცხოებაში მყოფ, სტატიკური სიცოცხლის მქონე პროფესიული კრიტიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების მაგალითზე, როცა ერთი სეგმენტი თავისთვის მიემართება და მეორე თავისთვის, მათ შორის არ არის ბუნებრივად საგნობრივი ბმა-კავშირი, არანაირი სინერგიის ნიშნები...
ამ სურათის რუდიმენტული სათავე, პირველ რიგში „თეატრალური უნივერსიტეტია“, რამეთუ ორივე პროფესიის წარმომადგენლებს უნივერსიტეტი უშვებს ყოველ წელს, როგორც დიპლომირებულ სპეციალისტებს.
ამჟამად კი, უნივერსიტეტის ბაზაზე დაკანონებული სილაბუსების განრიგის მიხედვით, თეორეტიკოსები (და მე აქ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ თეატრმცოდნეებს, მეტი რელევანტურობისთვის...) და დრამის ფაკულტეტის სტუდენტები არ იკვეთებიან ერთმანეთთან არცერთი აკადემიური სასწავლო წლის მანძილზე., რაც ჩემი მოკრძალებული აზრით, გახლავთ უდიდესი შეცდომა, რადგან გაუცხოება, მიუღებლობა ერთმანეთისადმი ამ პროფესიის ხალხს შორის, სწორედ აქ არის ფოკუსირებული… ცალკე რომ არაფერი ვთქვათ, ორივე კონცენტრაციის პროფესიული განვითარების ეტაპების უპერსპექტივობაზე.
თეატრმცოდნეების ჯგუფები, რომლებიც ისე ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, რომ უშუალო თვითმხილველნი არ არიან, არ იცნობენ - იმ საქმიანობის პრაქტიკული განხორციელების გზებს, მეთოდებსა და ეტაპებს, რისი თეორეტიკოსებიც არიან, ვერანაირად ვერ იქნებიან სამომავლოდ ობიექტურად სამართლიანები და მხრებში გამართულები, ისევე, როგორც ყოველი მომავალი მსახიობი და რეჟისორი, რომელსაც არანაირი შეხება, კავშირი არ ექნება თეატრმცოდნეების ჯგუფებთან, ვერასდროს გაიგებს, (რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს!) თეატრმცოდნის აუცილებლობის საჭიროებას, მისი, როგორც რეჟისორისა თუ მსახიობის პროფესიული სიცოცხლისუნარიანობის გადარჩენის თვალსაზრისით.
ამგვარი პრაქტიკა აქამდე ხელს უწყობდა რეალურად არავის ინტერესის არეალში მყოფი - დამწყები ენთუზიასტი თეორეტიკოსების ‘ჰობად ქცეული’ პროფესიის ლატენტურ, ამავე დროს ფორსირებულ კვდომას. სამომავლოდ რა ბედი ელის ამ ყველაფერს - ამას დრო უკეთ აჩვენებს, ამაზე წინასწარ მსჯელობა არასწორი მგონია...
საბოლოოდ, ყველანაირი მიგნების, აღმოჩენის, შექმნის საწინდარია - პრაქტიკისა და თეორიის ცოცხალი კორელაცია,. და არა ტომებად ქცეული მეთოდების, სტილების და დოგმების ორთოდოქსული მიმდევრობა!..
გულის სიღრმეში ყველა პრაქტიკოსს გადასარევად კარგად ესმის, თუმც ცალკე თემაა რამდენად აღიარებენ ხმამაღლა; - რომ ოჯახის წევრების უპირობო აღფრთოვანების, მეგობრების გულისამაჩუყებელი აპლოდისმენტების მიღმა - სჭირდებათ (ანუ უნდათ) პროფესიული შეფასება-ანალიზი - ნებისმიერი ტიპის სახელოვნებო „პროდუქტზე“.
ჩემი მოკრძალებული ხედვით, შთაბეჭდილება მაქვს, რომ თეატრმცოდნის, როგორც ასეთის, თეატრის კრიტიკოსის როლი და არა თეატრის ისტორიკოსის (არსებითად სხვადასხვაა) - დიდწილად ნიველირებულია, და ეს მხოლოდ პროფესიული ბანალური „ვერ რეალიზების“ ბრალი არაა, ამის მიზეზი მეტწილად თავად სფეროში არსებული არაჯანსაღი ატმოსფერო, ორმაგი სტანდარტები, დისკრედიტაციული მიდგომები და საკმაოდ მარგინალური მუდმივმოქმედი კომპლექსური ჯაჭვური სისტემაა, რამაც შესანიშნავი სარბიელი მისცა თავად სფეროს არადემოკრატიული გარემოს გენერირებისთვის!
ძალიან ხშირად ვსვამთ კითხვას, როგორც ქვეცნობიერში, ისე ცნობიერში - საერთოდ რა საჭიროა ეს საქმიანობა? ხშირად გვეზედმეტება კიდეც, (უმთავრესად კი საკუთარ თავს ვგულისხმობ აქ!) თავად ამ პროფესიის ხალხს, რაოდენ სევდიანიც არ უნდა იყოს ამის, როგორც ფაქტის კონსტატირება...
კარგად რომ დავფიქრდეთ, შესაძლოა სფერომ ამ ვიწრო პროფესიული სეგმენტის გარეშეც დიდად არაფერი დაკარგოს, რადგან, კვლავაც, როგორი სახის კრიზისული სიტუაცია არ უნდა შეიქმნას, საშემსრულებლო ხელოვნება ყოველ ჯერზე გადატრანსფორმირდება ერთგვარად და მიეცემა სიცოცხლის შესაძლებლობა, რამენაირი რეალიზაციის ფორმებს მაინც გამოძებნის... იმ დროს, გულწრფელები რომ ვიყოთ, არავის გაახსენდება და სინამდვილეში არც არავის აინტერესებს პროფესიული კრიტიკის ფუნქციონირების სიხშირე თუ ინტერვალი; - ვინაიდან ტაშის დამკვრელი ხელოვნებას მუდმივად ეყოლება!
თუკი ინტენსიური, კონსტრუქციული და საგნობრივი კრიტიკა პოზიტიურ, გნებავთ სასარგებლო გავლენას არ ახდენს მთლიან საშემსრულებლო პროცესზე, თუ რაკურსებს არ უცვლის პრაქტიკული განხორციელების გზებს, მაშინ კრიტიკის არსებობის დიდ აუცილებლობას მაინცდამაინც ვერ ვხედავ.
თეატრის ისტორიკოსს, მკაცრი ქრონოლოგიური სიზუსტით, სპექტაკლებისა და პერფორმანსების რაოდენობრივი ნუსხის აღრიცხვა შესანიშნავად შეუძლია... რათა ისტორიას შემორჩეს ყოველი დადგმა, როგორც მშრალი, დოკუმენტური ფაქტი.
კრიტიკას, რაშიც მე მოვიაზრებ - მთელ რიგ რეფლექსიურ პროცესებს, გაცილებით რთული, საპასუხისმგებლო მისია აკისრია...
დღეს ნამდვილად აღარ კმარა ენთუზიასტების გაერთიანებით მოპოვებულ სივრცეებში ვნებადაცლილი ახალგაზრდული სულისკვეთება! დღევანდელი მაყურებელი, ტექნოკრატიული პროგრესის საპირწონედ მეტად მომთხოვნია, და შესაბამისად, მარტო სახელმწიფო თეატრებისგან განსხვავებულ ლოკაციებში (მოდად ქცეული!) გათამაშებული სანახაობით თვალს ვერავინ, ვერავის აუხვევს... თუკი იდეურ-კონცეფციური, თვალშისაცემი სხვაობა და ხელშესახები მოდიფიკაცია არ იქნება - სათქმელის, შემოთავაზებული ენის, გამოხატვის ფორმების დემონსტრირების თვალსაზრისით. დამოუკიდებელი-თვითინიცირებული პროექტების ფინანსური შესაძლებლობები, (დამეთანხმებით) მაყურებელს ნამდვილად არ აინტერესებს, როცა სანახაობის საყურებლად დროს უთმობს კონკრეტულ დასს (ჯგუფს)...
უახლესი პერიოდის მაგალითი რომ მოვიყვანოთ შემოთავაზებული დისკურსის გასამყარებლად: სახელმწიფო თეატრების ჩაკეტილ სივრცეებს გავუსვათ ხაზი, სადაც ჩარაზული კარის მიღმა არავინ უშვებს მომავალ თეატრმცოდნეებს საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელის შეწყობის მიზნით... რაც თავად თეატრების ესთეტიკური ევოლუციის კვდომის უპირობო ნიშანიცაა ამავდროულად! მაგრამ 2014 წელს იყო - ნახევრად ინერტული და გამოვიდა რომ ირონიულიც ყოფილა - მცდელობა (მუნიციპალური თეატრის) სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე ჩამოყალიბებული „თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“ ინიციატივის მიხედვით - დრამატურგების, რეჟისორებისა და თეატრმცოდნეების ინტეგრირებული ჯგუფების მიღების დაანონსება, რომელმაც დასაწყისშივე ობსტრუქცია განიცადა და დღემდე ხსენებული სახელოსნო მხოლოდ დრამატურგებისა და რეჟისორების მცირე ჯგუფებს იღებს. რასაკვირველია, ესეც კიდევ ერთი მაგალითი უახლესი ქართული თეატრის ისტორიის სინამდვილიდან.
იმის საფრთხე ყოველთვის იარსებებს, რომ ყოველი ‘ალტერნატიული პროცესის შექმნის’ მცდელობა - დროთა განმავლობაში არ იქცეს - ‘ტრადიციული მკვდარი სტრუქტურის’ მქონე მიკრო მოდელად.
დაშტამპული სქემატურობისგან დისტანცირების პროცესი ყოველთვის ურთულეს გამოწვევად დარჩება სახელოვნებო სფეროს ყველა დარგისთვის!..